ეკა უჩანეიშვილი
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის №178 საჯარო სკოლის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი
არაფორმალური განათლება – მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილია, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა ახალი ცოდნის, უნარის, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლობის შეძენას. ასევე, სასკოლო ცხოვრებაში, ხელს უწყობს მოსწავლის ინდივიდუალური მიდრეკილებების გამოვლენას, ქმნის პირობებს პრაქტიკული და ანალიტიკური, სისტემური აზროვნებისა და სოციალურ-თანამშრომლობითი უნარების განვითარებისათვის.
ფორმალურისაგან განსხვავებით, განათლების აღნიშნული ფორმა არ არის ორიენტირებული, სასკოლო სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და განმსაზღვრელ შეფასებებზე. არაფორმალური განათლება სრულად ორიენტირებულია მოსწავლის მოთხოვნებზე, საშუალებას აძლევს მას, გაააქტიუროს შინაგანი ძალები და გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. ხელს უწყობს საერთო ინტერესების მქონე მოსწავლეთა გაერთიანებას, მათ შორის, ცოდნის გაცვლის კულტურის, დამოუკიდებელი მუშაობის, სიახლეების ძიების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, მოსწავლეთა ჩართულობას და მოტივაციას. აქ მოსწავლე თავისუფალია, უვითარდება 21-ე საუკუნის გამჭოლი კომპეტენციები – დაგეგმოს პროფესიული მომავალი და ჩამოყალიბდეს პროფესიონალად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის №178 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის შეხვედრაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სკოლაში ეკოკლუბის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, მოსწავლეთა სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც მხარდაჭერილ იქნა დირექტორის მიერ. კლუბური მუშაობა თითოეულ მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების გამოვლენის საშუალებას აძლევს. თავისუფალ და კომფორტულ გარემოში მოსწავლეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას, სწავლობენ თანამშრომლობას სოციუმთან. არაფორმალური განათლება ეხმარება მოსწავლეს, განსაზღვროს საკუთარი ინტერესები და დამოკიდებულებები. მოსწავლეები, ეკოკლუბებში მუშაობისთვის, იყენებენ არასაგაკვეთილო დროს, იგეგმება და წარიმართება წამახალისებელი, მოტივაციის ასამაღლებელი, სახალისო და საინტერესო აქტივობები.
ჩვენი სკოლის ეკოკლუბის ,,მწვანე ნაკვალევი“ მიზანია: მოსწავლეებში
- გარემოსდაცვითი უნარების, ღირებულებების ჩამოყალიბება და ეკოლოგიური განათლება;
- სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა გარემოსდაცვით აქტივობებში;
- მოსწავლეზე ორიენტირებული შემოქმედებითი გარემოს შექმნა.
ესგ-ის მიხედვით, გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის – ეს არის მიდგომა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სასკოლო საზოგადოებაში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას, გარემოსდაცვით კონტექსტზე დაფუძნებით, რაც გულისხმობს მოსწავლეებში ეკოცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობას დედამიწის, როგორც საერთო სასიცოცხლო სივრცის, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. სკოლა, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების ფარგლებში, ამუშავებს პრიორიტეტულ თემებს, რომელიც ხელს უწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას. ეკოკლუბის წევრი მოსწავლეები ჩემი, როგორც კურატორი მასწავლებლის, ხელმძღვანელობით ახორციელებენ პროექტებს, პრიორიტეტული თემის ფარგლებში, როგორიც არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და გარემოს დაცვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ქართველ და ევროპელ მასწავლებლებთან ერთად, ვახორციელებთ პროექტებს, რომელიც ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს. ეკოკლუბის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ითანამშრომლონ და გამოცდილება გაუზიარონ ევროპელ თანატოლებს. ცოდნის გაზიარება, საინტერესო და სახალისო აქტივობებით, მოსწავლეებში ავითარებს მოხალისეობრივ უნარებს, ეუფლებიან კომუნიკაციის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების კომპეტენციებს.
დასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა, რომ ეკოკლუბის მუშაობა საშუალებას გვაძლევს, სასკოლო საზოგადოებისა და თემის წევრებში გავაძლიეროთ გარემოსდაცვითი აქტივობები მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე. მოსწავლე უკეთ გააცნობიერებს პირად და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, გაიაზრებს მდგრადი განვითარების მნიშვნელობას, ჩამოუყალიბდება სწორი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, განუვითარდება ეკომეგობრული უნარ-ჩვევები, გაუჩნდება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი. სკოლა, თავისი მისიიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს გლობალურად მოაზროვნე, კანონმორჩილი ახალგაზრდების ჩამოყალიბებას.