25 მაისი, შაბათი, 2024

არაფორმალური განათლება ისტორიაში

spot_img
თეა მსხვილიძე
სსიპ გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი

 

 

ბოლო პერიოდში არაფორმალური განათლების შესახებ პოზიტიური დამოკიდებულება გაძლიერდა. ამ ტიპის განათლების მთავარი განმასხვავებელი ფორმალური განათლებისაგან ისაა, რომ:

  1. სწავლება მიმდინარეობს არასაგაკვეთილო დროსა და გარემოში;
  2. კონკრეტული საკითხისადმი მოტივაცია და ინტერესი ძლიერია მოსწავლის მხრიდან;
  3. სწავლის დროს, არა მოჩვენებით, არამედ რეალურად მოსწავლე წარმოადგენს ცენტრალურ ფიგურას;
  4. ემსახურება ინდივიდის „ედუ“-მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას;
  5. მოსწავლე თავად განსაზღვრავს სად, რა, როდის, როგორ და რისთვის ისწავლოს;
  6. არ გულისხმობს მხოლოდ მასწავლებლისგან სწავლებას და ა.შ.

არაფორმალური განათლება არ უპირისპირდება ფორმალურს და ასევე, არ უნდა განვიხილოთ ალტერნატივად. პირიქით, არაფორმალური განათლება გვეხმარება საგნის სწავლების მიზნების მიღწევაში. განვიხილოთ საკითხი ისტორიის სწავლების ჭრილში.

ეროვნული სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა და ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში ისტორიის სწავლებას თავისი დანიშნულება აქვს. ესგ-ში მკაფიოდაა გაწერილი ამ საგნის სწავლების მიზნები:

  • ხელი შეუწყოს მოსწავლის ჰუმანურ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქედ ჩამოყალიბებას;
  • მოსწავლეს გაუღვივოს ინტერესი საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის შესწავლის მიმართ;
  • მოსწავლეს განუვითაროს ისტორიული (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) პროცესების ანალიზისა და მათი თანამედროვეობასთან შედარების უნარი; ისტორიული პიროვნებებისა და მოვლენების მრავალმხრივად შეფასების უნარი;
  • დაეხმაროს მოსწავლეს ისტორიული ეპოქების აღქმასა და მათი მახასიათებლების ერთმანეთთან/ თანამედროვეობასთან შედარებაში;
  • მოსწავლეს განუვითაროს ისტორიის კვლევისთვის საჭირო უნარები;
  • მოსწავლეს შესძინოს ისტორიის დარგობრივი ენით ოპერირების უნარი.

(საგნობრივი სასწავლო გეგმები – ზოგადი ნაწილი და სტანდარტები, საზოგადოებრივი მეცნიერებები, გვ.78).

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, მოსწავლემ შეიძლება გამოიყენოს არაფორმალური სასწავლო გარემო:

  • საგნობრივი კლუბი;
  • სოციალურ-ვირტუალური ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია ისტორიაზე;
  • ბლოგი;
  • სასწავლო ასოციაცია;
  • საგნობრივი წრე;
  • სასწავლო ვებგვერდები;
  • სტუდია და სხვა.

როგორც წესი, ისტორიაში არაფორმალური განათლების მისაღებად გამოიყენება:

  • ისტორიული წყაროს/წყაროების გარჩევა;
  • ვიდეომასალისა და ფილმების გარჩევა ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით;
  • მუზეუმში სტუმრობა, ისტორიული ფაქტების ჩანიშვნა, ინტერაქცია მუზეუმის თანამშრომლებთან;
  • ექსკურსია ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლების უკეთ შესწავლისა და გაცნობისთვის;
  • გამოკითხვა/კვლევის ჩატარება მიმდინარე პროცესების შესახებ რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდოლოგიით;
  • როლური თამაში – მონოსპექტაკლის და პიესის დადგმა, რაიმეს ინსცენირება;
  • ისტორიული შინაარსის შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა (სხვადასხვა ტიპის კომპლექსური დავალება);
  • საინფორმაციო-შემეცნებითი ტიპის პროექტის პროდუქტები – საგაზეთო სტატიის სერია, პლაკატი, პოსტერი, ბუკლეტი, ფლაერი;
  • ისტორიული თემატიკის ნახატის/ნაძერწის/მაკეტის შექმნა და გამოფენა.

თუ დავსვამთ კრიტიკულ კითხვას არაფორმალური განათლების როლის გაძლიერებასთან დაკავშირებით ისტორიაში, პასუხი ცალსახა და დადებითია. მესამე თაობის მიერ განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნების (სამიზნე ცნებები და საფეხურის შედეგების) გარდა ამ ტიპის განათლება ხელს უწყობს მოკლევადიანი და საშუალოვადიანი მიზნების მიღწევას. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ არაფორმალური განათლების ხელშეწყობით მოსწავლეებს უადვილდებათ კომპლექსური დავალებებისა და შემაჯამებლების შესრულება გაცილებით უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე მხოლოდ ფორმალური განათლების შემთხვევაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=309
  2. https://www.coe.int/en/web/lang-migrants/formal-non-formal-and-informal-learning
  3. https://en.wikipedia.org/wiki/Nonformal_learning#History

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები