ნანა ვერულაშვილი
ხელოვნებათმცოდნე,
თბილისის №51 საჯარო სკოლის
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
მასწავლებელი
სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური განათლების მდგომარეობის შესწავლა მნიშვნელოვანი და დროული საკითხია. ცნება „არაფორმალური განათლება“ ქართულ კანონმდებლობაში, 2005-2007 წლებში, განათლების სისტემაში გატარებული რეფორმების შემდგომ გაჩნდა. სხვადასხვა კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ უმეტესი წილი, ფორმალური განათლების პარალელურად, სწორედ არაფორმალური გზით მიღებულ განათლებაზე მოდის. შესაბამისად, მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი თანხმდება იმაზე, რომ მოსწავლისთვის, ფორმალურ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს კარიერულ წინსვლასა და ინტერესების უკეთ წარმოჩენაში.
თუ ფორმალურ განათლებაში პროგრამა წინასწარაა განსაზღვრული, არაფორმალური განათლება მთლიანად ინდივიდის მოთხოვნებზეა აგებული და მოსწავლეს აძლევს საშუალებას, მკვეთრად გამოავლინოს შინაგანი შესაძლებლობები, იმავდროულად, კავშირშია პროფესიულ განათლებასთან, რაც მოსწავლეს ეხმარება კარიერის დაგეგმვაში, მნიშვნელოვანი რგოლია განათლებასა და შრომის ბაზარს შორის.
არაფორმალური განათლება მოსწავლეში ხელს უწყობს ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, რაც მოსწავლეს განუვითარებს შემდეგ უნარებს: ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სოციალური და თანამშრომლობითი, სისტემური აზროვნების. სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც იძენს.
არაფორმალურად მიღებული განათლება მოიცავს არაფორმალური სივრცის არსებობას. სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს არაფორმალური სივრცის შექმნა, სადაც მოსწავლეებისთვის სახელოვნებო გარემო იქნება. მსგავს გარემოს ქმნის სასკოლო კლუბები.
ვინაიდან სკოლა ადრეულ ასაკშივე უნდა უყალიბებდეს მოსწავლეს პროფესიული/სახელოვნებო განათლების მიმართ ინტერესს, ის უნდა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე. ამ მიზანს კი მოემსახურება თავისუფალი გაკვეთილები, განახლებული სასწავლო პროგრამები.
დაახლოებით 10 წელია ვმუშაობ მოზარდებთან. მათთან ერთად ვახორციელებ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს. ყველა დაგეგმილმა აქტივობამ აჩვენა, რომ არაფორმალური განათლების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში მაღალი აკადემიური მოსწრების და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები თანაბარი ინტერესით ერთვებიან.
თუ აკადემიური მოსწრების მოსწავლე მიიჩნევს, რომ მისთვის სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა საინტერესოა, ამავე დროს, აცნობიერებს, რომ მისი ჩართულობით დაგეგმილი ღონისძიებაც პროდუქტიული იქნება. დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლისთვის კი მსგავსი შეთავაზება წარმატების საწინდარია. მოსწავლე იძენს თვითდაჯერებულობის უნარს და მეტად მოტივირებული ხდება.
პირისპირ და დისტანციური სწავლების დროს, მოზარდ საზოგადოებას მეტი შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობები სჭირდება, რათა მათი ინტერესები სწორად წარიმართოს.
არაფორმალური განათლების მიმართულებით, სკოლაში დავგეგმე მოსწავლეთა შემოქმედებითი ხელოვნების ფესტივალი, სახელწოდებით — „მე შემოქმედი“. ფესტივალის მიზანი იყო, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, კლასების მიხედვით, შეექმნათ ხელოვნების სხვადასხვა დარგების ნიმუშები. ფესტივალმა ისეთი დარგები გააერთიანა, როგორიცაა: სახვითი ხელოვნება, გამოყენებითი ხელოვნება, ლიტერატურა, კინოხელოვნება. გაიმართა ონლაინ გამოფენები, მასტერკლასები, შეხვედრები, სადაც მოსწავლეებმა მშობლებს და მოწვეულ სტუმრებს საკუთარი და მეგობრების ნამუშევრები გააცნეს. ფესტივალმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ერთმანეთზე ზრუნვისა და თანაგრძნობის გამოხატვას, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და გაძლიერებას.
ხელოვნების ფესტივალი „მე შემოქმედი“ დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. ფესტივალის თემები და მიმართულება კლასების მიხედვით დაიყო.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფიის კონკურსში, აქტივობაში — „მიწერე ბარათი მეგობარს“; გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით განხორციელებული აქტივობისას კი შექმნეს ხელნაკეთი სათამაშოები.
V კლასის მოსწავლეებისთვის დაიგეგმა აქტივობები კინოხელოვნების მიმართულებით. მათ გადაიღეს ფილმები მეგობრობაზე, გაეცნენ კინოხელოვნების ისტორიას, სინემატოგრაფიიდან კინოხელოვნებამდე.
VI კლასის მოსწავლეებისთვის კი ჩატარდა მოსწავლეთა შემოქმედებითი კონფერენცია, სახელწოდებით — „ხელოვნებაა თავად უკვდავება“. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემის პირობა იყო — ეპასუხა კონფერენციის სახელწოდებისთვის.
თავდაპირველად, ვშიშობდი რამდენად გაამართლებდა დისტანციურად დაგეგმილი ღონისძიებები. ერთი წლის ანგარიშმა აჩვენა, რომ ყველა იმ აქტივობის, ღონისძიების თუ პროექტის განხორციელების მიზანი იყო ერთმანეთზე ზრუნვისა და თანაგრძნობის გამოხატვა, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაძლიერება-გამოვლენა. ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ყველა შეთავაზებას, ინაწილებდნენ ორგანიზატორის როლს.
პანდემიის პერიოდმა ცხადყო და უფრო მეტად გაამყარა მოსაზრება, რომ არაფორმალური განათლების მიღებით მოსწავლეს ეხსნება გზა წარმატებისკენ.