თამარ კვინიკაძე
სეროფე ბენგოან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის ს/სკოლის ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი
მაშინ, როდესაც ქვეყანაში რთული სიტუაციაა, ცოტა არ იყოს, ჩემს თავზე საუბარი მეუხერხულება, თუმცა, როდესაც შენით დაინტერესდება ისეთი მნიშვნელოვანი გაზეთი, როგორიცაა „ახალი განათლება“, მინიმუმ, მადლიერებით უნდა მიიღო შემოთავაზება, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო უფალს, რომ ხარ ზუსტად იქ, სადაც ხარ და დაფიქრდე, რა არის ის, რითაც შეიძლება მოიწონო თავი, რა არის ის, რაც გიქმნის სირთულეს, რა გინდა სამომავლოდ და ა.შ.
არასოდეს ჩემი საქმიანობისთვის „მოღვაწეობა“ არ დამირქმევია, რატომღაც, ვფიქრობ, რომ მოღვაწე ცოტა სხვა კატეგორიაა… ჩემს საქმიანობას ჰქვია საყვარელი საქმის ერთგულება, თავდადება, შრომისმოყვარეობითა და კეთილსინდისიერებით პატივისცემის მოპოვება, რაც შემდგომ წარმატებული მუშაობის გარანტი გახდა.
რას ვიტყვი ახალს ჩემზე?
წინა ნომერში ვისაუბრე იმ სირთულეების, ბარიერების შესახებ, რა იყო ხელის შემშლელი ჩემს საქმიანობაში. თუმცა, როდესაც გიყვარს შენი საქმე, ადამიანები, ვისთვისაც მუშაობ, როდესაც ერთნაირად იღებ შექებასაც და შენიშვნასაც, ზრდაც გარანტირებულია და ზრდას მოჰყვება სწორედ, ბარიერების დაძლევაც. ასე დავძლიეთ მე და ჩემმა მოსწავლეებმა ენობრივი ბარიერი და არა მარტო ენობრივი, გავხდით მეგობრები… მათ იციან, რომ ჩემი იმედი ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ ისე, როგორც მე მათი.
თუმცა, ყოველთვის არის ჩვენს საქმიანობაში ისეთი რამ, რაც სირთულესთანაა დაკავშირებული და რატომღაც, ვიფიქრე, რომ ამის დაძლევის ძალა არ მაქვს, ეს უკვე აღემატება ჩემს შესაძლებლობებს, მაგრამ…
ოცნებად (არ ვიცი, ვისთვის როგორ აღიქმება ეს) მქონდა გადაქცეული პირველ კლასში ანბანის შემობრძანება ცოტა მეტად გრანდიოზულად აღმენიშნა, როგორც ამას ქართულ სკოლებში აკეთებენ, რათა, ბავშვებისთვის თავიდანვე მესწავლებინა სახელმწიფო ენის მნიშვნელობა, მაგრამ ვერ ვბედავდი, ვფიქრობდი, ისე ვერ მოემზადებოდნენ მოსწავლეები, რომ მსგავსი ტიპის გაკვეთილი ჩამეტარებინა. თუმცა, აქაც ჩემი კოლეგების, კონსულტანტ-მასწავლებლების გამოცდილება დამეხმარა, რომ ეს საქმე გამემარტივებინა. როდესაც მოვუსმინე მათ გაკვეთილებს, გაოცებული და აღტაცებული დავრჩი და ჩავთვალე, რომ, თურმე, ყველაფერი შესაძლებელია და შევეჭიდე ამ საქმეს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩემი პატარები ისეთი მონდომებით მომყვებოდნენ, რომ გაკვეთილზე, როდესაც „ანი ბანი, განი“-ს მღეროდნენ, ემოციებს ძლივს ვიკავებდი. სიხარულის ცრემლი მომდიოდა, რომ ამ პატარა, არაქართულ სოფელში, არაქართველი ბავშვები, რომლებიც ჯერ მხოლოდ 6 წლის არიან, ქართულად მღერიან, ქართულ სიტყვებს სწავლობენ და უხარიათ, როდესაც წინადადების გამართულად თქმისთვის ჩემგან შექებას იმსახურებენ… ამასთან, მიყვებიან მათ მშობლიურ ენაზე, როგორ მონდომებით მეცადინეობენ სახლში… ზოგი მათი ნათქვამი მესმის, ზოგი არა… თუმცა, მათი თვალები მეტს ამბობს და ამით ბედნიერი ვარ.
სასიხარულოა და საამაყო, რომ დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს უფროსკლასელების ლიტერატურულ ღონისძიებებში ჩართულობა, რაც ადრე რთულად მეჩვენებოდა. ახლა თვითონ მთავაზობენ რაღაც ახალი დავგეგმოთ, გავაკეთოთ, ჩემგანაც უპირობო მხარდაჭერას იღებენ და მე ამით ბედნიერი ვარ. ერთად ვუფერადებთ დღეებს ერთმანეთს.
ოცნება მაინც დამრჩა…
ჩემი ოთახი, სადაც მექნება, წიგნები, კომპიუტერი ინტერნეტში ჩართული, განათება და რაც მთავარია, სიმშვიდის ფერი, მწვანე ფერი…
იმედია, ეს ოცნებაც ამიხდება, ამბობენ, რაც ძალიან გინდა, აუცილებლად აგისრულდებაო…
ხოდა, ველოდები, ამიხდეს ეს ოცნებაც…