თეონა ზუბიაშვილი
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დამხმარე მასწავლებელი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროგრამა „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა“, საქართველოს მასშტაბით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, უკვე მრავალი წელია, აქტიურად მუშაობს როგორც თემთან, ისე პედაგოგებთან და მოსწავლეებთან, საზოგადოებასთან, მათი სრული ინტეგრაციის მიზნით. ამ პროექტის შესახებ სტუდენტობის დროსაც ბევრი მსმენოდა მეგობრებისგან და გეგმაშიც მქონდა, შევერთებოდი გუნდს, რომელიც ასეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა, მით უმეტეს, რომ პროფესიაც ხელს მიწყობდა — ქართული ენისა და ლიტერატურის დიდაქტიკაში მაგისტრის ხარისხით, 2014 წელს, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016 წლიდან კი შევუერთდი პროგრამას, როგორც დამხმარე მასწავლებელი.
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლაში, აღნიშნული პროგრამით, 2011 წლიდან, აქტიურად მუშაობს პროგრამის კონსულტანტი მასწავლებელი ნარგიზ ჯაჭვაძე და ჩვენ ერთად გავაგრძელეთ მუშაობა. ჩემი, როგორც პროგრამის დამხმარე მასწავლებლის უპირველესი მოვალეობა ადგილობრივი პედაგოგების მხარდაჭერაა. ეს პროცესი გულისხმობს თანასწავლებას, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეთა უნარებსა და შესაძლებლობებზე მორგებული, საინტერესო და შემოქმედებითი გაკვეთილების დაგეგმვა-ჩატარებას. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ არაფორმალური განათლების კუთხითაც. მოსწავლეებთან და ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ერთობლივად ვგეგმავთ და ვახორციელებთ კლასგარეშე და სასკოლო აქტივობებს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, სასკოლო ღონისძიებები შემცირებულია და ვიმედოვნებთ, რომ მომავალი სასწავლო წლიდან კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას.
რა თქმა უნდა, თავდაპირველად, რთული იყო ახალ გარემოსთან შეგუება, განსხვავებული კულტურა, ენის ბარიერი. ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი ყველაფერ ამისთვის, მაგრამ მაინც გამიჭირდა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეს ყველაფერი ექვსი წელი გაგრძელდებოდა. ამ პრობლემების დაძლევა გამიადვილა პედაგოგიურმა კოლექტივმა, რომელმაც ძალიან თბილად მიმიღო და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებმა, რომლებთან განშორება ახლა ვერც კი წარმომიდგენია.
ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ ნაადრევი ქორწინების თემა ძალიან პრობლემურია აზერბაიჯანულ თემში. წლების წინ იყო შემთხვევები, როდესაც სკოლის კურსდამთავრებულები მხოლოდ ბიჭები იყვნენ და გოგონები მეთორმეტე კლასამდე თხოვდებოდნენ. ამ მიმართულებით, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, აქტიური მუშაობა დავიწყეთ. ვაწყობდით შეხვედრებს მოსწავლეებთან, ვესაუბრებოდით ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებსა და სწავლის მნიშვნელობაზე. ვხვდებოდით არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ისინი მოდიოდნენ სკოლაში, თემში; ესაუბრებოდნენ გოგონებს, ხვდებოდნენ მათ მშობლებს და, გარკვეულწილად, შედეგიც მივიღეთ. დღეს, ზემო კარაბულახის საჯარო სკოლიდან უფრო მეტი ახალგაზრდა აგრძელებს სწავლას თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ვიდრე წლების წინ და მათ შორის უმეტესობა გოგონაა. გვყავს წარმატებული სტუდენტები: ფიდან ქარიმოვა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), გუნელ ალიევა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ალთუნ ორუჯოვი (ტექნიკური უნივერსიტეტი), ჯამალადინ გაიალოვი (ტექნიკური უნივერსიტეტი), თურალ გაიალოვი (ტექნიკური უნივერსიტეტი), ზეინაბ გაიალოვა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), გუნელ მიქაილოვა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ხათირა მიქაილოვა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ემილია მიქაილოვა (ილიას უნივერსიტეტი), ლენარ მამედოვი (ტექნიკური უნივერსიტეტი).
საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება და კარიერული წინსვლა. ჩვენი აქტიური ჩართულობით, ამ მიმართულებითაც არის შედეგები. ჩვენი პედაგოგები მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობენ, მათ შორის სახელმწიფო ენის შემსწავლელ ტრენინგებს გადიან, რომელსაც პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი უძღვება. ამ ეტაპისთვის, სკოლაში, ერთი წამყვანი და 9 უფროსი მასწავლებელი გვყავს. უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე მასწავლებელი ელოდება გრძელვადიან ტრენინგს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეიცვლიან სტატუსს.
სკოლის დირექტორი, ბატონი გამლეტ ისმაილოვი და პედაგოგები ყველა ჩვენი წამოწყების აქტიური მხარდამჭერები და მონაწილეები არიან. სკოლაში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ტარდება შემეცნებითი კონკურსები, ღონისძიებები, სასწავლო ექსკურსიები.
სწორედ ამ ძალისხმევის შედეგად, წლიდან წლამდე, იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც საკუთარ თავს ამ ქვეყნის სრულფასოვან და სრულუფლებიან მოქალაქეებად მიიჩნევს. ჩვენი პროგრამის მთავარი მიზანიც ხომ ეს არის. ამ გუნდის წევრობაც ამიტომაა საამაყო.