23 ნოემბერი, შაბათი, 2024

აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები და ვადები განისაზღვრა

spot_img

2022 წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდა, რომლის შესახებ გამარტებებს აკეთებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე  ლაშა მარგიშვილი:

  1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მხოლოდ აკრედიტაციის გზით დაიმატოს ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. შესაბამისად, ავტორიზაციის გზით პროგრამის დამატება აღარ არის გათვალისწინებული. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ახალი სუბიექტი, რომელიც გაივლის ავტორიზაციას, თუ პროგრამებზე აკრედიტაცია არ მოიპოვა, ვერცერთ პროგრამას ვერ განახორციელებს;
  2. აკრედიტაცია სავალდებულო გახდა ყველა სახისა და საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის. არააკრედიტებული პროგრამები, რომლებიც ავტორიზებულ რეჟიმში ხორციელდება, ამ პროგრამების განხორციელების ვადა დაუკავშირდა კლასტერული აკრედიტაციის ვადებს. მაგალითად, თუკი, დაწესებულება არააკრედიტებულ რეჟიმში ახორციელებდა მენეჯემენტის პროგრამას, ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი იქნება 2024 წლამდე, რადგან ადმინისტრირების პროგრამების კლასტერს აკრედიტაციის ვადა ეწურება 2024 წელს. აკრედიტაციის სავალდებულოობა ასევე გულისხმოს, რომ თუკი, პროგრამას უარი ეთქმევა ან გაუუქმდება აკრედიტაცია, მისი განხორციელების უფლება დაწესებულებას აღარ ექნება, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც აკრედიტაციის საბჭო, სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, მიმდინარე სასწავლო წელს/სემესტრს მათ ასრულებინებთ;
  3. ახალ და მოქმედ პროგრამას, ორივეს აკრედიტაცია მიენიჭება 7 წლის ვადით;
  4. პირობითი აკრედიტაციის ვადა შეიცვალა და არის არაუმეტეს 4 წელი;
  5. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის დროს, აკრედიტაციის საბჭოს მიერ მოხდება ამ პროგრამაზე სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა. შესაბამისად, კანონმდებლობაში გაჩნდა ახალი პროცედურა – დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე;
  6. ცენტრს მიეცა შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთ განახორციელოს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ან საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებები.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

♦ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები და სწავლის სფეროების მიხედვით განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადების გადანაწილება 2022-2028 წლებზე.

♦ ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადები 2022-2028 წლების განმავლობაში.

♦ აღსანიშნავია, რომ ხელახალი აკრედიტაციის ვადები არ გავრცელდა იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მინიჭებული ჰქონდათ პირობითი აკრედიტაცია ან აკრედიტაცია მინიჭებული ჰქონდათ ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაციის მიერ.

ბრძანება სწავლის სფეროების განაწილების თაობაზე და ბრძანების დანართი სწავლის სფეროების მიხედვით 2022–2028 წლებში ხელახალი აკრედიტაციის გავლის ეტაპების შესახებ.

 ბრძანება პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე

2022-2028 წლებზე გადანაწილებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები