3 მაისი, პარასკევი, 2024

აკა­კი წე­რეთ­ლის „გამ­ზ­რ­დე­ლის“ სწავ­ლე­ბი­სათ­ვის

spot_img

ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი

ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 საჯარო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

 

ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე თუ უბ­რა­ლოდ მხატ­ვ­რუ­ლი სიტყ­ვის მოყ­ვა­რუ­ლი მკითხ­ვე­ლი, ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა, რომ „გამ­ზ­რ­დე­ლი“ აკა­კის შე­მოქ­მე­დე­ბის მწვერ­ვა­ლია იდე­უ­რი თუ ეს­თე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ნა­წარ­მო­ებ­ში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კა ზო­გად­სა­კა­ცობ­რიოა და ამი­ტო­მაც უძ­ლებს დროს, თა­ო­ბებს. დღემ­დე პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი კითხ­ვაა, რა უფ­რო დიდ როლს თა­მა­შობს ადა­მი­ა­ნის ზნე­ობ­რივ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, აღ­ზ­რ­და თუ გე­ნე­ტი­კა. აკა­კიმ ამ გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მა­ზე კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვა­ფიქ­რა და თა­ვი­სე­ბუ­რად, ერ­თი ამო­სუნ­თ­ქ­ვით, „სიტყ­ვის ერ­თი მოს­ხ­ლე­ტით“, დი­დი თავ­სა­ტე­ხი გაგ­ვი­ჩი­ნა. ჩვე­ნი ვა­ლია, ამ მა­რა­დი­ულ სა­კითხებ­ზე ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბიც და­ვა­ფიქ­როთ, მაგ­რამ რო­გორ? წი­ნამ­დე­ბა­რე ნაშ­რომ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ჩე­მე­ულ გზა­სა და მე­თოდს „გამ­ზ­რ­დე­ლის“ სწავ­ლე­ბი­სა. გან­ვი­ხი­ლავ სა­თა­ნა­დო ლი­ტე­რა­ტუ­რულ პა­რა­ლე­ლებს და იმ საკ­ვან­ძო მო­მენ­ტებს, რომ­ლებ­ზეც, ვფიქ­რობ, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მახ­ვილ­დეს ყუ­რადღე­ბა პო­ე­მის სწავ­ლე­ბი­სას.

მე-11 კლა­სში, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი აკა­კის შე­მოქ­მე­დე­ბას შე­ის­წავ­ლი­ან, მათ უკ­ვე გავ­ლი­ლი აქვთ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ისე­თი ნი­მუ­შე­ბი, რო­გო­რი­ცაა „ცხოვ­რე­ბა გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლი­სა“ (ზე­ნო­ნის ეპი­ზო­დი) და „სიბ­რ­ძ­ნე-სიც­რუ­ი­სა“ (სა­მე­ფო კა­რი­სა და უფ­ლის­წუ­ლის აღ­ზ­რ­დის ეპი­ზო­დე­ბი). ვფიქ­რობ, ამ ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და ემო­ცი­უ­რი ფო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა „გამ­ზ­რ­დე­ლის“ არ­სის წვდო­მა­შიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. რაც მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლე­ებ­მა უკ­ვე იცი­ან „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, რუს­თ­ვე­ლი­სე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მე­გობ­რო­ბის კონ­ცეფ­ცია. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „გამ­ზ­რ­დე­ლის“ სწავ­ლე­ბით გარ­კ­ვე­ულ ნი­ა­დაგს შევ­ქ­მ­ნით ყაზ­ბე­გის „ხე­ვის­ბე­რი გო­ჩას“ გა­აზ­რე­ბი­სათ­ვის.

ნა­წარ­მო­ე­ბი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გმი­რის, ბა­თუს საცხოვ­რი­სის აღ­წე­რით იწყე­ბა. მას­წავ­ლე­ბელ­მა ყუ­რადღე­ბა უნ­და შე­ა­ჩე­როს პირ­ველ­სა­ვე სტრი­ქო­ნებ­ზე: „მთის მწვერ­ვალ­ზე, ცის მახ­ლობ­ლად“. მთის სიმ­ბო­ლი­კის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­ებ­მა უკ­ვე იცი­ან. იცი­ან, რომ მთას საკ­რა­ლუ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს (მთა­ზე ეჩ­ვე­ნა მო­სეს უფა­ლი და მის­ცა წმინ­და მცნე­ბე­ბი, მთა­ზე აც­ვეს ჯვარს მაცხო­ვა­რი და ა.შ.). ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც მთა ხში­რად გა­აზ­რე­ბუ­ლია, რო­გორც უფალ­თან სი­ახ­ლო­ვის, ზნე­ობ­რი­ვი ამაღ­ლე­ბუ­ლო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, ამი­ტო­მაც აკა­კის „გამ­ზ­რ­დელ­ში“ ბა­თუს პერ­სო­ნა­ჟის სათ­ნო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ისიც, რომ იგი „მთის მწვერ­ვალ­ზე, ცის მა­ხლობ­ლად ცხოვ­რობს“. მი­სი ფაცხა, რომ „ზამ­თარ თბი­ლი და ზაფხულ გრი­ლია“, ეს ღვთის­გან ბო­ძე­ბულ ნე­ტა­რე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

ბა­თუს ზნე­ობ­რი­ვი პორ­ტ­რე­ტის შემ­დე­გი შტრი­ხია ის, რომ „რთულ ცხოვ­რე­ბის უარ­მ­ყო­ფი და მცი­რე­დით კმა­ყო­ფი­ლია“. ვფიქ­რობ, ამ მო­მენტს ბავ­შ­ვე­ბი სწო­რად გა­ი­გე­ბენ, რად­გან ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შეს­წავ­ლის შემ­დეგ მცი­რე­დით კმა­ყო­ფი­ლე­ბის თე­მა უცხო აღა­რაა, თუმ­ცა, თუ­კი მა­ინც გა­ახ­სენ­დე­ბათ ილი­ას სიტყ­ვე­ბი „კმა­ყო­ფი­ლე­ბა კა­ცის მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი სე­ნიაო“, აქ მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­თა­ნა­დო კო­მენ­ტარს აუცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებს, ამი­ტომ ამა­ზე აღარ შევ­ჩერ­დე­ბით.

ბა­თუს სახ­ლი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ლი­კი „მიხ­ვე­უ­ლი, მოხ­ვე­უ­ლი“ და „სა­ცალ­ფე­ხოა“, მტკი­ცე გუ­ლის მქო­ნე გამ­ვ­ლელს სა­ჭი­რო­ებს. ეს ბი­ლი­კი, სიმ­ბო­ლუ­რად, ზნე­ობ­რი­ვი სრულ­ყო­ფი­სა­კენ მი­მა­ვალ გზას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს და კი­დევ ერ­თხელ შეგ­ვახ­სე­ნებს, რა­ო­დენ რთუ­ლია ამაღ­ლე­ბა, უფალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა.

ბა­თუს ღვთი­სა­გან რჩე­უ­ლო­ბას აგ­ვირ­გ­ვი­ნებს ის, რომ თა­ვი­სი „სუ­ლის ტო­ლი“ თა­ნა­მეცხედ­რე უპო­ვია. ესაა ნა­ზიბ­რო­ლა, „მოწყ­ვე­ტი­ლი ცით ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი“ და „ედემს ალ­ვად ასუ­ლი“ ქა­ლი. მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად შე­ნიშ­ნა­ვენ, რომ ამ მე­ტა­ფო­რუ­ლი ფრა­ზე­ბით ნა­ზიბ­რო­ლას სუ­ლი­ერ სი­მაღ­ლეს ეს­მე­ბა ხა­ზი. „მაგ­რამ ხან­გ­რ­ძ­ლივ ეს სო­ფე­ლი გა­ა­ხა­რებს ვინ­მეს გა­ნა?“ავ­ტო­რის ამ რი­ტო­რი­კუ­ლი შე­კითხ­ვის პა­თო­სიც სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბი და ნაც­ნო­ბია, რად­გან მოს­წავ­ლე­ებს ახ­სოვთ რო­გორც რუს­თ­ვე­ლი­სე­უ­ლი, ისე გუ­რა­მიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი სამ­დუ­რა­ვი წუ­თი­სოფ­ლი­სა. თა­ნაც ეს სტრო­ფი ერ­თ­გ­ვა­რად შემ­ზა­დე­ბაა მკითხ­ვე­ლი­სა მოვ­ლე­ნა­თა იმ­გ­ვა­რად გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, რაგ­ვა­რა­დაც ამას მე­ო­რე თავ­ში ვნა­ხავთ.

„ბნე­ლა ისე, რომ აღარ ჩანს, თი­თი, თვალ­თან მი­ტა­ნი­ლი!“, „ცა მრის­ხა­ნებს, ქა­რი ზუ­ის გულ­საკ­ლა­ვად“ – ცხა­დია, ეს სტრი­ქო­ნე­ბი, პე­ი­ზა­ჟის აღ­სა­წე­რად, შემ­თხ­ვე­ვით არაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სიბ­ნე­ლე, სიმ­ბო­ლუ­რად, სი­კე­თის ნაკ­ლე­ბო­ბაა, ბო­რო­ტე­ბაა, ავის მო­მას­წა­ვე­ბე­ლია (აქ­ვე შეგ­ვიძ­ლია გა­ვახ­სე­ნოთ მოს­წავ­ლე­ებს ილი­ა­სე­უ­ლი შე­პი­რის­პი­რე­ბა დღი­სა და ღა­მი­სა, ღა­მის ილი­ა­სე­უ­ლი აღ­წე­რა). ქა­რიც კი „გულ­საკ­ლა­ვად ზუ­ის“, შემ­ზ­რა­ვი, ცის შემ­რის­ხა­ვი რამ უნ­და მოხ­დეს.

„ამ დროს ხოლ­მე თვით ეშ­მა­კიც ეძებს ძრწო­ლით თავ­შე­სა­ფარს“ – წერს აკა­კი და ზუს­ტად ამ ვი­თა­რე­ბა­ში მო­ად­გე­ბა აფ­ხაზის კარს „ვი­ღაც მგზავ­რი“ – სა­ფარ-ბე­გი. პერ­სო­ნა­ჟის გა­მო­ჩე­ნა ნა­წარ­მო­ებ­ში ეშ­მა­კის ხსე­ნე­ბას მოჰ­ყ­ვა, მოს­წავ­ლე­ებ­ში ეს ფაქ­ტი აუცი­ლებ­ლად შექ­მ­ნის გარ­კ­ვე­ულ გან­წყო­ბას, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელს მი­სი აღ­ნიშ­ვ­ნა არ უნ­და და­ა­ვიწყ­დეს. ხუმ­რო­ბაც კი წა­უხ­და სტუ­მარს მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე (ისე­ვე, რო­გორც წა­უხ­დე­ბა საქ­ცი­ე­ლი), რთუ­ლია, სა­ფარ-ბეგ­ში რა­მე ამაღ­ლე­ბუ­ლი და­ი­ნა­ხო, აკი თა­ვად­ვე უკ­რა ხე­ლი ვახ­შამ­ზე ძი­ძიშ­ვილს და გა­ნაცხა­და „მე სხვა მა­და მაქვს აშ­ლი­ლი სხვა­ნა­ი­რი გუ­ლის­თ­ქ­მი­სო…“. მომ­დევ­ნო ეპი­ზოდ­ში სხვა­ნა­ი­რი გუ­ლის­თ­ქ­მის არ­სიც ცხა­დი გახ­და.

სა­ფა­რის სტუმ­რო­ბის მო­ტი­ვა­ცი­აც სულ­მ­დაბ­ლუ­რია. ის გა­ნა მო­ნატ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რის სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლა, არა­მედ ცხე­ნის მო­სა­პა­რად. მე­რე ვი­სი გუ­ლის­თ­ვის? სხვი­სი და­მო­ნე­ბის სურ­ვი­ლით შეპყ­რო­ბი­ლი „ჯა­დო­სა­ნი“ ქა­ლის გუ­ლი­სათ­ვის. ეს ქა­ლი ზია-ხა­ნუ­მია, არა­ფე­რი არაა თქმუ­ლი მის სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე. ასე­თი ქა­ლის „შემ­ყ­ვა­რე­ბე­ლიც“ დი­დი ვე­რა­ფე­რი კა­ცი უნ­და იყოს. ამ ყვე­ლა­ფერს ისიც ემა­ტე­ბა, რომ სა­ფა­რი მშვი­დად გა­და­ა­ბა­რებს თა­ვის შე­სას­რუ­ლე­ბელ საქ­მეს მე­გო­ბარს. იმ ბი­წი­ერ საქ­ცი­ე­ლამ­დეც კი, რა­საც ეს კა­ცი ჩა­ი­დენს, მას­ზე ცუ­დის მე­ტი არა­ფე­რი გვეთ­ქ­მის. ერ­თა­დერ­თი, რაც მის ზნე­ობ­რივ პორ­ტ­რეტს „ალა­მა­ზებს“ იმ ფაქ­ტის შეგ­რ­ძ­ნე­ბაა, რომ ქურ­დო­ბის უკად­რი­სო­ბას აც­ნო­ბი­ე­რებს: „სხვა გზა არ მაქვს: მო­პარ­ვაა მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი ღო­ნე, თუმც-კი სხვა დროს არ იკად­რებს ამას კა­ცი თავ­მომ­წო­ნე“. სიტყ­ვა „თავ­მომ­წო­ნეს“ ხაზს ვუს­ვამ, რად­გან სა­ფარს, ამ­პარ­ტავ­ნე­ბი­სა და თავ­მოთ­ნე­ო­ბის გა­მო, ემ­ძი­მე­ბა მო­პარ­ვა (ან კი­დევ იმი­ტო­მაც, რომ ეს აღ­ზ­რ­დით შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნაა). რაც შე­ე­ხე­ბა მის ბუ­ნე­ბას, აქ სხვაგ­ვა­რად გვაქვს საქ­მე, მას ოდ­ნა­ვა­დაც არ ებ­რა­ლე­ბა ცხე­ნის დამ­კარ­გა­ვი. მე­ო­რე თავ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად შე­ნიშ­ნა­ვენ ხოლ­მე, რომ ბა­თუ ავ­თან­დილს ჰგავს: სა­ფა­რის შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე იკის­რა, აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ სიყ­ვა­რულს უნ­და შე­უ­წო­ნოს ყვე­ლა­ფე­რი, მე­გობ­რი­სათ­ვის კი თა­ვი შეს­წი­როს, ხო­ლო სა­ფა­რი ტა­რი­ე­ლის ან­ტი­პო­დია: არც კი უც­დია სატ­რ­ფოს გუ­ლის მო­გე­ბა თა­ვად, არც ის შერ­ცხ­ვა, რომ მის საქ­მეს სხვა აკე­თებს (შდრ., ტა­რი­ე­ლის რე­აქ­ცია ქა­ჯე­თის ცი­ხის აღე­ბა­ზე თათ­ბი­რი­სას).

მე­სა­მე თა­ვის და­საწყი­სი, ნა­ზიბ­რო­ლას მინ­გ­რე­ულ-მონ­გ­რე­უ­ლი ქვე­შა­გე­ბის ხილ­ვა, სა­ბო­ლო­ოდ და­არ­წ­მუ­ნებს მკითხ­ველს სა­ფარ-ბე­გის ზნე­და­ცე­მუ­ლო­ბა­ში. ხო­ლო მი­სი უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლი ძი­ლი ცეცხ­ლის პი­რას ამ პერ­სო­ნა­ჟის ამაზ­რ­ზე­ნო­ბის მწვერ­ვა­ლია. სა­პი­რის­პი­რო აზ­რის გა­მოთ­ქ­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ფა­რი ნა­ძი­რა­ლაა. გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი იმას ფიქ­რობს, „ქალს ნა­მუ­სი შე­უ­ნა­ხავს“ და „ჩემს საქ­ცი­ელს სა­მარ­ცხ­ვი­ნოს, ვინ გა­ი­გებს, ვინ დამ­ზ­რა­ხავ­სო“. იმის შეგ­ნე­ბაც, რომ სა­მარ­ცხ­ვი­ნო რამ ჩა­ი­დი­ნა, სა­ფარ­ში გა­რე­დან მო­დის (ალ­ბათ, აღ­ზ­რ­დით, ზნე­ობ­რი­ვი კა­ნო­ნე­ბის დას­წავ­ლით. გა­ნა ცო­ტა ახ­სოვს ლი­ტე­რა­ტუ­რას ისე­თი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნუ­ლად იცავს ეთი­კურ ნორ­მებს, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად გულ­ქ­ვაა, ცი­ვი), ში­ნა­გა­ნად მას არც ნა­ზიბ­რო­ლას ტრა­გე­დია ანაღ­ვ­ლებს და არც მე­გობ­რი­სა, არც სა­კუ­თა­რი სუ­ლის, მათ შო­რის.

მე­სა­მე თავ­ში კი­დევ ერ­თხელ ვრწმუნ­დე­ბით, რომ ბა­თუ ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა, ის ად­ვი­ლად ვერ გა­ტე­ხა მო­უ­ლოდ­ნელ­მა უბე­დუ­რე­ბამ. ბა­თუს ჯერ კი­დევ შერ­ჩა გო­ნე­ბით გან­ს­ჯის უნა­რი, ამი­ტო­მაც ცოლ­თან იგი კვლავ მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით აღ­სავ­სე, ოპ­ტი­მის­ტი პი­როვ­ნე­ბაა („მი­ვი­და და უთხ­რა მტი­რალს: „ჩუ, ნუ სტი­რი, გე­ნაც­ვა­ლე! რაც გი­ნა­ხავს – სიზ­მა­რია, და­ი­ვიწყე ისევ მა­ლე“). სა­ფარ-ბეგ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას კი ჩანს მი­სი თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბა, გმი­რუ­ლი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი და შემ­წყ­ნა­რებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თი. გმი­რუ­ლი ნე­ბის­ყო­ფის ნი­მუ­შად, მოს­წავ­ლე­ე­ბი იხ­სე­ნე­ბენ ხოლ­მე ზე­ნო­ნის მი­ერ მრის­ხა­ნე­ბის ჩახ­შო­ბის მო­მენტს „გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის ცხოვ­რე­ბი­დან“, თუმ­ცა ბა­თუს ტკი­ვი­ლი, ალ­ბათ, კი­დევ უფ­რო მძი­მეა, ვიდ­რე ზე­ნო­ნი­სა: ზე­ნო­ნის და აც­დუ­ნეს, ბა­თუს ცოლ­ზე იძა­ლა­დეს, ზე­ნო­ნის და უცხო კაც­მა აც­დუ­ნა, ქო­ნე­ბა გას­ტა­ცა, ბა­თუს ცო­ლი კი მის­მა უახ­ლო­ეს­მა მე­გობ­რა­მა შე­უ­რაცხ­ჰ­ყო, ნა­მუ­სი ახა­და.

ში­ნი­დან გა­მოს­ტუმ­რე­ბის შემ­დ­გომ, ბა­თუს მი­ერ სა­ფა­რის პირ­შა­ვო­ბის მხი­ლე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის საკ­ვან­ძო მო­მენ­ტია. ეს მო­მენ­ტი დი­დად ვე­რა­ფერს ცვლის ბა­თუს პი­როვ­ნე­ბა­ში, ის ისევ ზნეს­რუ­ლია, ამაღ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, მი­სი ქმე­დე­ბა მა­ინც სა­თა­ნა­დო ანა­ლიზს ითხოვს: ბა­თუ სწო­რად მო­იქ­ცა, პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ მოყ­ვა­სის სის­ხ­ლ­ში არ გა­ის­ვა­რა ხე­ლი და ცოდ­ვა არ და­ი­დო, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ – ამ შენ­დო­ბით, უფ­რო მე­ტად და­სა­ჯა სა­ფა­რი. ალ­ბათ, სა­ფა­რი­სათ­ვის შენ­დო­ბა ტყვი­ა­ზე უფ­რო დი­დი სას­ჯე­ლი იყო, რად­გან ტყვი­ას ელო­და, მი­ტე­ვე­ბას კი – არა. ბა­თუს მი­ერ სა­ფა­რის ცოდ­ვის „მი­ტე­ვე­ბა“ გა­მო­ი­ხა­ტა იმით, რომ მან უვ­ნებ­ლად გა­მო­უშ­ვა „მე­გო­ბა­რი“. თუმ­ცა, არა­ვინ და­ვობს იმა­ზე, რომ ეს ბო­ლომ­დე შენ­დო­ბა არაა, რად­გან „არის ზო­გი შე­ცო­დე­ბა, რომ სათ­ქ­მე­ლად საძ­ნე­ლოა, არც შენ­დო­ბა უხერ­ხ­დე­ბა“. თა­ნაც, იმ დღი­დან, მე­გობ­რებს შო­რის „მო­ცი­ქუ­ლი“ გახ­და ტყვია.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პრინ­ცი­პია – „გიყ­ვარ­დეს მტე­რი შე­ნი“, თუმ­ცა, აბა, ვინ ახერ­ხებს მტრის სიყ­ვა­რულს?! ამ თვალ­საზ­რი­სით, ქრის­ტი­ა­ნო­ბა იდე­ა­ლის­კენ სწრა­ფუ­ლი რე­ლი­გიაა. ადა­მი­ა­ნი ამ პრინ­ცი­პის აღ­ს­რუ­ლე­ბას რო­გორ­ღაც ახერ­ხებს, თუ არ უყ­ვარს მტე­რი, არ სძულს და ებ­რა­ლე­ბა მა­ინც, სწო­რედ ამ გზით ემ­ს­გავ­სე­ბა „მა­მა სრულს“. ასეა მი­ტე­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, ქრის­ტე უსაზღ­ვ­რო მიმ­ტე­ვებ­ლო­ბას გვი­ქა­და­გებს, მაგ­რამ მა­ინც მი­წი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში კვლა­ვაა „ზო­გი შე­ცო­დე­ბა“, შენ­დო­ბა რომ არ უხერ­ხ­დე­ბა. ბა­თუ­მაც ვერ შეძ­ლო სრუ­ლი­ად (სიზ­მა­რი­ვით) და­ე­ვიწყე­ბი­ნა მე­გობ­რის მუხ­თა­ლი საქ­ცი­ე­ლი, მაგ­რამ ნო­მი­ნა­ლურ დო­ნე­ზე მა­ინც მო­ა­ხერ­ხა და შე­უნ­დო – ცოცხ­ლად გა­უშ­ვა („წა­დი ჩემ­გან შენ­დო­ბი­ლი, მაგ­რამ შორს კი… და მშვი­დო­ბით“).

ბა­თუს ქმე­დე­ბის ამ­გ­ვა­რი წარ­მარ­თ­ვით აკა­კიმ ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი ცოდ­ნაც დაგ­ვა­ნახ­, ღრმად ჩაგ­ვა­ხე­და პი­როვ­ნე­ბის შიგ­ნით არ­სე­ბულ შრე­ებ­ში. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, კაცს ცო­ლი, ოჯა­ხი შე­უ­გი­ნონ, ის, რის­თ­ვი­საც თავს სწი­რავ­და, სა­ნა­ნებ­ლად უქ­ცი­ონ და ეს კა­ცი გა­უ­ბო­რო­ტე­ბე­ლი დარ­ჩეს. ბა­თუს მრის­ხა­ნე­ბა მის მკაცრ და­ნა­ბა­რებ­ში (მოთხოვ­ნა­ში) გა­მო­ი­ხა­ტა: „წა­დი, ნა­ხე ის მოძღ­ვა­რი, ვინც შვი­ლი­ვით გა­მოგ­ზარ­და, და უამ­ბე შე­ნი პი­რით, რაც სირ­ცხ­ვი­ლი და­გე­მარ­თა!“.  ჩე­მი აზ­რით, ბა­თუს სურს, რომ სა­ფა­რი აღ­მ­ზ­რ­დელ­თან შე­არ­ცხ­ვი­ნოს და უფ­რო მე­ტად აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მე, აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს თა­ვი არა­რა­ო­ბად.

რა ით­ქ­მის სა­ფარ-ბეგ­ზე მი­სი მხი­ლე­ბის შემ­დეგ?

თუ­კი ბა­თუს პერ­სო­ნა­ჟის ზნე­კე­თი­ლო­ბა­ზე არა­ვინ და­ვობს, სა­ფარ-ბეგ­მა არა­ერთ ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხავ მო­საზ­რე­ბას მის­ცა სა­ფუძ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ში.

პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­როა, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად, გა­აზ­რე­ბუ­ლად და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად წა­ვი­კითხოთ ტექ­ს­ტი, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად:

„ეს რომ უთხ­რა, შეკ­რ­თა სა­ფარ,

გაშ­რა, ფე­რი და­ედ­ვა მკვდრის,

ჩა­უ­ვარ­და ენა პირ­ში,

გაქ­ვავ­და და აღარ იძ­ვ­რის…“ სა­ფა­რი შეძ­რა მხი­ლე­ბამ, ეს ფაქ­ტია (მი­ზეზ­ზე თა­ვად მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და იფიქ­რონ, რა­ტომ გაშ­რა და გა­ხევ­და სა­ფა­რი – იმი­ტომ, რომ რცხვე­ნია, თუ იმი­ტომ, რომ „გა­მო­ი­ჭი­რეს“?). ჩვენ ვეტყ­ვით მხო­ლოდ იმას, რაც ცალ­სა­ხაა.

„ძლივს წარ­მოთ­ქ­ვა: „მარ­თა­ლი ხარ!..

აღა­რა მაქვს მე სათ­ქ­მე­ლი!..

შე­მაც­დი­ნა თვით ეშ­მაკ­მა

და დამ­რია ცოდ­ვილს ხე­ლი!..“ – აქაც, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვად იმ­ს­ჯე­ლონ, ჩანს თუ არა სა­ფა­რის მი­ერ ცოდ­ვის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა.

„შე­ნი ტყვე ვარ!.. ჰა, ხომ ხე­დავ,

იარა­ღი და­მიყ­რია…

სა­სიკ­ვ­დი­ლოდ ჩე­მი ნე­ბით

შენ წინ თა­ვი და­მიხ­რია…“ – მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვად უნ­და გა­არ­კ­ვი­ონ, რას ნიშ­ნავს ეს ხშირ-ხში­რად ჩარ­თუ­ლი მრა­ვალ­წერ­ტი­ლი სა­ფა­რის სა­უ­ბარ­ში. თა­ვად გა­დაწყ­ვი­ტონ ეს მო­ნა­ნიე კა­ცის სიტყ­ვე­ბია თუ პირ­ფე­რი­სა.

„ჩემს სი­ცოცხ­ლეს სიკ­ვ­დი­ლი სჯობს

მომ­კალ… ტან­ჯულს რამ მიშ­ვე­ლე,

მაზღ­ვე­ვი­ნე, რაც შეგ­ცო­დე,

სი­ნი­დი­სი გა­მიმ­რ­თე­ლე!“ – მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვად უნ­და იმ­ს­ჯე­ლონ, რო­გორ კა­ცებს ურ­ჩევ­ნი­ათ შერ­ცხ­ვე­ნილ სა­ხელს სიკ­ვ­დი­ლი და თა­ვად­ვე შე­ა­ფა­სონ, რო­გო­რი კა­ცე­ბი არი­ან მზად სიკ­ვ­დი­ლი­სათ­ვის, ოღონდ კი სინ­დი­სი გა­იმ­თე­ლონ.

მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვად უნ­და შე­ა­ფა­სონ ბა­თუ­სა და სა­ფარ-ბე­გის ჯა­ხი „სინ­დი­სი­ა­ნი­სა და უნა­მუ­სოს“’ ბა­ნა­ლუ­რი, გაც­ვე­თი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაა თუ „ადა­მი­ან­ში აღორ­ძი­ნე­ბუ­ლი პა­ტი­ოს­ნე­ბის ტრა­გე­დია“ (ა. ბაქ­რა­ძე: 2004). აქ, ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ, ორი თა­ნა­ბა­რი ღირ­სე­ბის კა­ცი დგა­სო, თუმ­ცა ერთს და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, მე­ო­რეს არაო – წერს ბაქ­რა­ძე. ერ­თი შე­ხედ­ვით, შე­ფა­სე­ბა გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია. გა­ნა ბა­თუ იმას იზამ­და, რაც სა­ფარ­მა იკად­რა?! თუმ­ცა, ესეც ვინ იცის, ცხოვ­რე­ბა ხომ „თაფ­ლ­ში ურევს მწა­რე ნაღ­ველს“ და „მტრი­სას მი­სი გა­მო­ცა­ნა“, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ხომ მა­რა­დი­უ­ლი ჭი­დი­ლია ცოდ­ვი­სა და მად­ლი­სა. ახალ­მა დრომ, ახალ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რამ ხომ პი­როვ­ნე­ბის, ადა­მი­ა­ნის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ხედ­ვა მო­ი­ტა­ნა, ადა­მი­ა­ნი მრა­ვალ­შ­რი­ა­ნი არ­სე­ბაა. აკა­კის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ეს მო­მენ­ტი აშ­კა­რად ჩანს. ბა­თუს პერ­სო­ნა­ჟის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­აზ­რე­ბა პოს­ტ­მო­დერ­ნისტ ავ­ტო­რებს მი­ვან­დოთ. ჩვენ პი­როვ­ნე­ბის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვო­ბის ნა­თელ დას­ტურს ამ ტექ­ს­ტ­ში­ვე ვხე­დავთ, სა­ფარ-ბე­გის სა­ხით, ამი­ტომ გან­ვაგ­რ­ძოთ მი­სი ქმე­დე­ბე­ბის ანა­ლი­ზი. ნა­წარ­მო­ე­ბის უკა­ნას­კ­ნელ თავ­ში სა­ფა­რი გამ­ზ­რ­დელ­თან მი­დის:

„აი, სწო­რედ ამ უსუბ­თან

მი­დის ახ­ლა სა­ფარ-ბე­გი,

მორ­დუ­ო­ბის გამ­ტე­ხი და

ჩვე­უ­ლე­ბის გა­დამ­დე­გი“ – სა­ფა­რი რომ მორ­დუ­ო­ბის გამ­ტე­ხი და უარე­სის მკად­რე­ბე­ლი კა­ცია, ამა­ზე არა­ვინ და­ვობს. ეს აზ­რი მე­ორ­დე­ბა კი­დეც, ეს ზე­და­პირ­ზე დევს, მაგ­რამ უფ­რო მეტ და­ფიქ­რე­ბას ის ფაქ­ტი მო­ითხოვს, რომ სა­ფა­რი ბა­თუს და­ნა­ბა­რებს ას­რუ­ლებს, გამ­ზ­რ­დელ­თან მი­დის. აქაც მოს­წავ­ლე­ებს უნ­და მი­ვან­დოთ პერ­სო­ნა­ჟის ქცე­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის ახ­ს­ნა.

„ეუბ­ნე­ბა ყო­ვე­ლი­ფერს,

უნე­ბუ­რად რაც შე­ემ­თხ­ვა;

ცრემ­ლე­ბი სდის და ეჩ­რე­ბა

ბურ­თად ყელ­ში მწა­რე სიტყ­ვა. – მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ა­ფა­სონ ყელ­ში ბურ­თად გაჩხე­რი­ლი სიტყ­ვე­ბი სა­ფა­რის სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს თუ გულ­წ­რ­ფელ სი­ნა­ნულ­ზე? სა­კუ­თა­რი არა­რა­ო­ბის შეგ­ნე­ბა­ზე?

„ყურს უგ­დებ­და ჰა­ჯი-უსუბ,

სა­ხე მო­ი­ნაღ­ვ­ლი­ა­ნა:

სი­დი­ა­დე ამ მუხ­თ­ლო­ბის

თვალ­წინ გა­ი­სიგ­რ­ძე­გა­ნა.

ოხ­ვ­რით ჰკითხა: „მერე? მე­რე?

რომ გა­ი­გო, რა სთქვა ქმარ­მა?“

– „მაპა­ტი­ვა შე­ცო­დე­ბა,

რო­გორც ძმამ და მე­გო­ბარ­მა!..“ – სა­ფა­რი ერ­თი ზედ­მე­ტი სიტყ­ვი­თაც კი არ შე­ა­ლა­მა­ზებს მომ­ხ­დარს. არც კი ფიქ­რობს, რომ ბა­თუ­საც მოს­ცხოს რა­ი­მე ჩირ­ქი, რომ მის ფონ­ზე ასე­თი მდა­ბა­ლი აღარ ჩან­დეს. სა­ფა­რი არ ცრუ­ობს! ეს სა­ყუ­რადღე­ბო მო­მენ­ტია, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ა­მახ­ვი­ლოს მას­ზე ყუ­რადღე­ბა. მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ თა­ვად იმ­ს­ჯე­ლონ, რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და ასეთ დროს სრუ­ლი­ად ნირ­წამ­ხ­და­რი ადა­მი­ა­ნი.

„მხო­ლოდ ის-კი და­მა­ვა­ლა:

ნა­ხე შე­ნი გამ­ზ­რ­დე­ლიო

და მაგ შე­ნი საქ­ცი­ე­ლის

პა­სუხს მის­გან მო­ვე­ლიო!

— მეს­მის, მეს­მის და პა­სუ­ხიც

ჩე­მი მხო­ლოდ ის არიო,

რომ ნა­მუ­სის გა­საწ­მენ­დად

ჩე­მი ხე­ლით სისხლს დავ­ღ­ვ­რიო!..

შე­ა­ყე­ნა ზე­და ფეხ­ზე

მან დამ­ბა­ჩა და­ტე­ნი­ლი;

მორ­ჩი­ლე­ბით გულ-მკერდს უშ­ვერს

სა­ფარ, მი­სი გა­მოზ­რ­დი­ლი.“ – და­ტე­ნი­ლი დამ­ბა­ჩის წინ მკერ­დ­მო­ღე­ღი­ლი კა­ცის დგო­მა პირ­ფე­რო­ბაა თუ გა­აზ­რე­ბუ­ლი ლო­დი­ნი სას­ჯე­ლი­სა? სა­ფარ­მა იცის, რომ გამ­ზ­რ­დე­ლი არ მოკ­ლავს და ამი­ტო­მაა თა­მა­მი თუ შეპყ­რო­ბი­ლია ცოდ­ვის გა­მოს­ყიდ­ვის მცდე­ლო­ბით? თუ უფიქ­რია სა­ფარს იმა­ზე, რომ ცოდ­ვის გა­მოს­ყიდ­ვაც სხვი­სი ხე­ლით სურს? რა­ტომ არ მო­იკ­ლა თა­ვი? – ეს ის კითხ­ვე­ბია, რო­მელ­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­მენ­ტის გან­ხილ­ვი­სას დავ­ს­ვამ­დი, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, თი­თო­ე­ულს წი­ნა კითხ­ვის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შემ­დ­გომ. ამ კითხ­ვებს ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მო­საზ­რე­ბე­ბი ბა­დებს, ამი­ტომ, ვფიქ­რობ, დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის გარ­კ­ვე­ვა­ში.

ახ­ლა სა­ფა­რის ქცე­ვა ნა­წარ­მო­ე­ბის უმ­თავ­რეს პრობ­ლე­მა­ტი­კას­თან და­ვა­კავ­ში­როთ: აღ­ზ­რ­და თუ ბუ­ნე­ბა, რა უფ­რო დიდ როლს თა­მა­შობს ადა­მი­ა­ნის ზნე­ობ­რივ პი­როვ­ნე­ბად სრულ­ქ­მ­ნა­ში? რო­გორც ვნა­ხეთ, ნა­წარ­მო­ე­ბის და­საწყი­სი­დან­ვე, სა­ფა­რის მზაკ­ვ­რულ ბუ­ნე­ბას ეს­მე­ბო­და ხა­ზი და აღ­ზ­რ­დით შე­ძე­ნი­ლი სიქ­ვე­ლე ოდ­ნავ თუ გაკ­რ­თე­ბო­და ხოლ­მე. ური­გო არ იქ­ნე­ბა, თუ სა­ფა­რის ბუ­ნე­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბელ მი­ზე­ზებ­ზეც გა­ვა­კე­თებთ კო­მენ­ტარს და მოს­წავ­ლე­ებს „კო­ლექ­ტი­უ­რი არაც­ნო­ბი­ე­რის“ ფსი­ქო­ლო­გი­ურ თე­ო­რი­ას გა­ვაც­ნობთ. მო­ვუს­მი­ნოთ ლი­ტე­რა­ტუ­რის თა­ნა­მედ­რო­ვე მკვლე­ვარს, მაია მე­ნაბ­დეს: „აუცი­ლებ­ლად უნ­და ვახ­სე­ნოთ ბა­ტონ­ყ­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მო­რი­გი სა­მარ­ცხ­ვი­ნო ფურ­ცე­ლი ის­ტო­რი­ი­დან, რო­ცა ბა­ტო­ნე­ბის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ლა­მის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო და ყმე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბი­სას პირ­ვე­ლი ღა­მის უფ­ლე­ბა­საც არა­იშ­ვი­ა­თად თვი­თონ იტო­ვებ­დ­ნენ ხოლ­მე. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის „გლა­ხის ნა­ამ­ბო­ბიც“ უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ, სა­დაც აღ­წე­რი­ლია, „მო­სიყ­ვა­რუ­ლე“, ერ­თად გაზ­რ­დი­ლი ბა­ტო­ნი­სა და ყმის ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ რო­ცა ქალ­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, და­ვი­თი (ბა­ტო­ნი) მა­შინ­ვე ივიწყებს ყვე­ლა­ფერს ღი­რე­ბულს, რაც გა­ბოს­თან (ყმას­თან) აკავ­ში­რებს და რო­ცა მო­სამ­სა­ხუ­რე ეუბ­ნე­ბა, რომ ის ქა­ლი, რომ­ლის მოყ­ვა­ნა­საც თხოვს, გაბ­რი­ე­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, ოდ­ნავ შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი ეუბ­ნე­ბა: „მეწყი­ნა, ეგ რომ მითხა­რი, მაგ­რამ არა უშავს-რა. შენ, რაც გითხა­რი, ისა ჰქე­ნი, მე და გაბ­რო მოვ­რიგ­დე­ბით“. ილია იმა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებს „ოთა­რა­ანთ ქვრივ­ში“, რო­ცა არ­ჩი­ლი და კე­სო გი­ორ­გის ტრა­გე­დი­ას აანა­ლი­ზე­ბენ, რომ ბა­ტონ­ყ­მო­ბა კი გა­და­ვარ­და, მაგ­რამ მენ­ტა­ლი­ტე­ტი იგი­ვე დარ­ჩა.

სა­ფა­რიც ბე­გია, მბრძა­ნე­ბე­ლი, ბა­ტო­ნი და სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით, გე­ნე­ტი­კუ­რად მი­ღე­ბულ­მა სწო­რედ ამ თა­ვა­დურ­მა მენ­ტა­ლი­ტეტ­მა, თა­ვა­დურ­მა ავ­ხორ­ცო­ბამ ჩა­ა­დე­ნი­ნა სა­ფარს ის სულ­მ­დაბ­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლი და ასე­ვე გე­ნე­ტი­კუ­რად თა­ვა­დურ­მა უზ­რუნ­ვე­ლო­ბამ და სა­კუთ­რე­ბის გან­ც­დამ წა­მო­აწ­ვი­ნა სინ­დი­სა­უმ­ღ­ვ­რევ­ლად, ბა­თუს მო­ლო­დინ­ში, კე­რას­თან. ასე­თი აზ­როვ­ნე­ბის­თ­ვის ბევრს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ბა­თუ მი­სი ყმა კი არა, ძი­ძიშ­ვი­ლია.

მა­ინ­ც­და­მა­ინც ვერ და­ვაბ­რა­ლებთ სა­ფარს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს გა­აზ­რე­ბუ­ლად და შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თებს, რო­გორც თა­ვა­დი. მაგ­რამ, ალ­ბათ, უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ფსი­ქი­ატ­რი­სა და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის, კარლ გუს­ტავ იუნ­გის, სა­ინ­ტე­რე­სო ცნე­ბას თუ მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ – კო­ლექ­ტი­უ­რი არაც­ნო­ბი­ე­რი. ეს არის „შე­ხე­დუ­ლე­ბა­თა და ტი­პურ რე­აქ­ცი­ა­თა სის­ტე­მა, რომ­ლე­ბიც შე­უმ­ჩ­ნევ­ლად გან­საზღ­ვ­რა­ვენ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას. თან­და­ყო­ლი­ლი პროგ­რა­მე­ბი­სა და უნი­ვერ­სა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ ექ­ცე­ვა არა მხო­ლოდ ელე­მენ­ტა­რუ­ლი ქცე­ვი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი, არა­მედ ასე­ვე აღ­ქ­მა, აზ­როვ­ნე­ბა და წარ­მო­სახ­ვა.“

ამის შემ­დეგ კი მკვლე­ვარს შე­მო­აქვს ტერ­მი­ნი „თა­ვა­დუ­რი არაც­ნო­ბი­ე­რი“ და სა­ფა­რის ქცე­ვის მო­ტი­ვა­ცი­ის ახ­ს­ნა­საც აღ­ნიშ­ნულ ფე­ნო­მენ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცდი­ლობს. „ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, სწო­რედ ეს თა­ვა­დუ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტია ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ის „ბუ­ნე­ბა“, გე­ნე­ტი­კუ­რად რომ მი­ი­ღო სა­ფარ­მა და წვრთნა რომ ასე გა­ა­უ­ფა­სუ­რა“  (მ. მე­ნაბ­დე, 2017).

სა­ფა­რის შეც­დო­მა სა­ბე­დის­წე­როა, „სიკ­ვ­დი­ლამ­დე საკ­ვ­ნე­სია“, მაგ­რამ ის­მის კითხ­ვა, რას ნიშ­ნავს წვრთნა გა­ა­უ­ფა­სუ­რა?

თუ­კი სა­ფარ­ზე აღ­ზ­რ­დის კვალს სა­ერ­თოდ არ უმოქ­მე­დია (თა­ნაც რო­გო­რი აღ­მ­ზ­რ­დე­ლი ჰყავს) და ის მა­ინც სრუ­ლი არამ­ზა­დაა, მას­ში არა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა, გა­მო­დის, რომ ჩვენს მა­რა­დი­ულ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი ცალ­სა­ხა ყო­ფი­ლა: „მაგ­რამ მარ­ტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუ­ნე­ბამც არ უშ­ვე­ლა“ და სა­კითხი აქ დას­რულ­დე­ბო­და, გე­ნე­ტი­კას ვერ დაძ­ლევს ვე­რა­ნა­ი­რი წვრთნა, შე­გო­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნი თურ­მე იბა­დე­ბა „გე­ნე­ტი­კუ­რად კო­დი­რე­ბუ­ლი“. რა­ნა­ი­რად მო­ვარ­გოთ ახ­ლა ეს გა­გე­ბა ქრის­ტი­ა­ნულ მსოფ­ლაღ­ქ­მას? იმ მსოფ­ლაღ­ქ­მას, რო­მელ­შიც სავ­ლე­ე­ბი პავ­ლე­ე­ბად გარ­და­ი­სა­ხე­ბი­ან? ქრის­ტი­ა­ნულ თვალ­საზ­რის­საც რომ შე­ვეშ­ვათ, ნა­წარ­მო­ე­ბის ასე წა­კითხ­ვა, არას­რულ­ყო­ფილ წა­კითხ­ვას მო­ი­აზ­რებს. მაშ რის­თ­ვის იკ­ლავს გამ­ზ­რ­დე­ლი თავს? რა მიზ­ნით უძღ­ვ­ნა აკა­კიმ ეს ნა­წარ­მო­ე­ბი თა­ვის მას­წავ­ლებ­ლებს?

ჭკუ­ი­თა და გო­ნე­ბით ცნო­ბილ­მა ჰა­ჯი-უსუბ­მა იცის, რომ პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, ბუ­ნე­ბას­თან ერ­თად, აღ­ზ­რ­და­საც დი­დი რო­ლი აკის­რია – „სა­დაც კია გვა­რიშ­ვი­ლი ყვე­ლა მი­სი გაზ­რ­დი­ლია“ და ჰა­ჯიც ამის შეგ­ნე­ბით ცხოვ­რობს. რო­დე­საც ჰა­ჯი გა­ი­სიგ­რ­ძე­გა­ნებს აღ­ზ­რ­დი­ლის სა­ში­ნელ და­ნა­შა­ულს, თავს და­ი­ღუ­პავს. ვკითხოთ მოს­წავ­ლე­ებს, ეს თა­ვის დას­ჯა უფ­როა თუ სა­ფა­რის დას­ჯა? და­ვა­ძებ­ნი­ნოთ სა­ა­მი­სო არ­გუ­მენ­ტე­ბი ტექ­ს­ტ­ში. ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცე­ვი­ნოთ ფრა­ზა­ზე: „შენ სიკ­ვ­დი­ლის რა ღირ­სი ხარ“ და ვკითხოთ, სიკ­ვ­დილ­საც დამ­სა­ხუ­რე­ბა ხომ არ სჭირ­დე­ბა?

სიკ­ვ­დი­ლით, ალ­ბათ, გამ­თელ­დე­ბო­და სა­ფა­რის სინ­დი­სი, უფ­რო ზუს­ტად კი შემ­სუ­ბუქ­დე­ბო­და სუ­ლი­ე­რი ტკი­ვი­ლი, მაგ­რამ ბა­თუ­მაც და გამ­ზ­რ­დელ­მაც სა­ფა­რი „სიკ­ვ­დი­ლამ­დე საკ­ვ­ნე­სად“ გა­ი­მეტეს. ცოდ­ვი­ლის მძი­მე ჯვა­რი მან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნ­და ზი­დოს მხრე­ბით, ამ­დე­ნად სა­ფა­რი ყვე­ლა­ზე უფ­რო ტრა­გი­კუ­ლი პერ­სო­ნა­ჟია (სა­ფა­რის ტრა­გი­კუ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი შორს წაგ­ვიყ­ვანს, ამი­ტომ კვლავ მთა­ვარ თე­მას და­ვუბ­რუნ­დეთ). გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­მო­დის, რომ გამ­ზ­რ­დელ­მა სა­ფა­რი და­სა­ჯა და არა სა­კუ­თა­რი თა­ვი.

მო­ვუს­მი­ნოთ ჰა­ჯი-უსუ­ბის ქმე­დე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ბაქ­რა­ძი­სე­ულ ახ­ს­ნას: „სას­ჯე­ლი სა­მა­გი­ე­როს მიზღ­ვა კი არ უნ­და იყოს, არა­მედ ზნე­ობ­რი­ო­ბის დე­მონ­ს­ტ­რა­ცია… სას­ჯე­ლი მა­შინ გახ­დე­ბა ზნე­ობ­რი­ვი აქ­ტი, რო­ცა იგი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა არა ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლით, არა ძალ­და­ტა­ნე­ბით, იმის მა­გა­ლი­თის ჩვე­ნე­ბით, რო­გო­რი უნ­და იყოს პა­ტი­ო­სა­ნი კა­ცის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლი­სად­მი. ჭეშ­მა­რი­ტად პა­ტი­ო­სა­ნია მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნი რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ თა­ვა­დაც აგებს პა­სუხს სხვი­სი ჩა­დე­ნი­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის გა­მო“ (ა. ბაქ­რა­ძე: 2004). ჭეშ­მა­რი­ტად პა­ტი­ო­სა­ნი ჰა­ჯი პი­რად პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­საც ხე­დავს სა­ფა­რის საქ­ცი­ელ­ში და აგ­რეთ­ვე მი­სი სა­მა­გა­ლი­თო დამ­ს­ჯე­ლი­ცაა. სწო­რედ ამი­ტომ აღ­ზ­რ­დის კომ­პო­ნენტს, პი­როვ­ნე­ბად ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში, კი­დევ უფ­რო მე­ტი რო­ლი ენი­ჭე­ბა. ჰა­ჯიმ სა­ფა­რის ცოდ­ვის გა­მო თა­ვიც კი და­ი­სა­ჯა, მაგ­რამ კვლავ თა­ვი­სი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა გა­ნაგ­რ­ძო, თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით ახა­ლი, და­უ­ვიწყა­რი ზნე­ობ­რი­ვი მა­გა­ლი­თი მის­ცა სა­ფარს, უბიძ­გა სი­ნა­ნუ­ლის­კენ.

თუ­კი გა­მოვ­რიცხავთ სა­ფა­რის პი­როვ­ნე­ბის მე­ტა­მორ­ფო­ზას ნა­წარ­მო­ებ­ში და მას ზნე­ობ­რი­ვად ისევ იმ სა­ფე­ხურ­ზე დავ­ტო­ვებთ, რო­მელ­ზეც ნა­წარ­მო­ე­ბის და­საწყის­ში იდ­გა, მა­შინ გამ­ზ­რ­დე­ლის თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც კნინ­დე­ბა და ნა­წი­ლობ­რივ, ბა­თუს მხრი­დან მი­ტე­ვე­ბი­საც. ამ პი­როვ­ნე­ბებ­მა სა­ფა­რი და­სა­ჯეს კი­დეც, მაგ­რამ თან ისე­თი ზნე­ობ­რი­ვი მა­გა­ლი­თი უჩ­ვე­ნეს, რომ მა­თი შემ­ხედ­ვა­რე ან­ტიგ­მი­რი გმი­რად გარ­და­ი­სა­ხა, ადა­მი­ან­ში გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი სინ­დი­სის სა­ხედ იქ­ცა.

ბა­თუს ვაჟ­კა­ცუ­რი საქ­ცი­ე­ლის მხილ­ველ სა­ფარ­ში ერ­თ­ბა­შად, მთე­ლი ძა­ლით იფეთ­ქა მთელ­მა იმ ენერ­გი­ამ, რაც გამ­ზ­რ­დელ­მა მას­ში ჩა­დო და სწო­რედ ამან და­ახ­რე­ვი­ნა სა­ფარს სა­მუ­და­მოდ თა­ვი ტაძ­რის კარს მიყ­რ­დ­ნო­ბი­ლი მეზ­ვე­რე­სა­ვით.

აზ­რი ეკარ­გე­ბა აღ­ზ­რ­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე სა­უ­ბარს, თუ­კი სა­ფარ­ში გაღ­ვი­ძე­ბულ სინ­დისს არ და­ვი­ნა­ხავთ. ვფიქ­რობ, აკა­კის არ სურს ჩვე­ნი გო­ნე­ბა მხო­ლოდ „მარ­ტო წვრთნა რას უზამ­სო“ ამ გა­მო­ნათ­ქ­ვამ­ზე შე­ჩერ­დეს.

სა­ბას „სიბ­რ­ძ­ნე სიც­რუ­ი­საც“ გა­ვიხ­სე­ნოთ უთუ­ოდ, კერ­ძოდ, ჯუმ­ბე­რის პა­სუ­ხი მა­მის შე­კითხ­ვა­ზე: „მო­მე­წო­ნა ეგე შე­ნი სი­კე­თე, რად იცი ესო­დე­ნი?“ მო­ახ­სე­ნა ჯუმ­ბერ: ყო­ვე­ლი­ვე ღვთი­სა­გან არს და მას გარ­და სა­მის საქ­მით მჭი­რი­ან: პირ­ვე­ლად: კარ­გი ნერ­გის ხი­ლი ვარ, მე­ო­რედ ხე­ლო­ვა­ნის მე­ბა­ღის შეწ­ვ­რ­თი­ლი, მე­სა­მედ ფრთხი­ლის შემ­ნა­ხავს ბა­რე­ბუ­ლი“. ნერ­გი – გე­ნე­ტი­კაა, ოჯა­ხია, მე­ბა­ღე – სედ­რა­ქი, შემ­ნა­ხა­ვი – ლე­ო­ნი. ჯუმ­ბე­რის მი­ერ ხსე­ნე­ბუ­ლი სა­მის სამ­ქ­მი­თა­გან“ ორი, სწო­რედ რომ, აღ­ზ­რ­დის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ეხე­ბა. თუ სა­ფარ-ბე­გის ზნე­ობ­რი­ვი აღ­ზ­რ­დის კვალ­ზე სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბას არ გა­ვა­მახ­ვი­ლებთ, ნა­წარ­მო­ე­ბის შეს­წავ­ლა ვერ იქ­ნე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი.

 

გამოყენებული ლი­ტე­რა­ტუ­რა:

ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბი სკო­ლა­ში, აკა­კი წე­რე­თე­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მაც­ნე, თბი­ლი­სი 2009;

აკა­კი ბაქ­რა­ძე 2004 – აკა­კი ბაქ­რა­ძე სკო­ლას, უნი­ვერ­სა­ლი, თბი­ლი­სი 2004;

მაია მე­ნაბ­დე 2017 – სა­ფარ-ბე­გი და „თა­ვა­დუ­რი არაც­ნო­ბი­ე­რი“ http://mastsavlebeli.ge/?p=14232

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები