9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

აკადემიური სწავლების პარალელურად, „KIU კაპელა“ როგორც მუსიკის სამყაროში გადასვლის შესაძლებლობა

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო დირიჟორობის კურსდამთავრებული და ეროვნული საგუნდო კონკურსის 3-გზის ოქროს მედალოსანი ზურა კაჭარავა, ამავე უნივერსიტეტში დაფუძნებულ „KIUკაპელას“ ხელმძღვანელობს და პროექტის კოორდინატორიაცაა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ევროპულმა სტანდარტებმა და კამპუსზე დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობამ ზურას მოტივაცია გაუჩინა, სწავლა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტში, KIU-ში გაეგრძელებინა. „აკადემიური სწავლების დატვირთულმა რუტინამ, კამპუსზე ცხოვრების გამრავალფეროვნების სურვილმა და უნივერსიტეტში გაცნობილი ადამიანების სხვადასხვა სფეროში წარმატებამ შთამაგონა მეც ჩემი პატარა წარმატების ისტორია შემექმნა“ – ასე ჩაეყარა საფუძველი „KIU კაპელას“

სტუდენტი ამბობს, რომ KIU-ში საკმაოდ დატვირთული სწავლის დაწყების შემდეგ, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ენატრებოდა თავისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი – მუსიკა, სწორედ ამიტომ დაიწყო კაპელას პროექტზე მუშაობა. თავდაპირველად, იდეა KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ყოველსემესტრულ ღონისძიებაზე – „პოდკასტის ჩემპიონატზე“ გააჟღერა. ამ ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტ სპიკერებს შესაძლებლობა აქვთ, პოდკასტების, ანუ 10-წუთიანი მოხსენებების საშუალებით, თავიანთი გამოცდილება, შეხედულებები გაუზიარონ მსმენელებს და ესაუბრონ ღირებულებებზე, პირად წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე. პროექტი ორიენტირებულია კრეატიული იდეების ფორმირების, კვლევის, ახალი ცოდნის შეძენის, საკუთარი აზრის გადმოცემისა და აუდიტორიის დარწმუნების უნარების განმტკიცებაზე. იდეის პრეზენტაციაც ზურამ სწორედ „პოდკასტის ჩემპიონატზე“ გადაწყვიტა. კონკურსზე ჟიური და სტუმრები აამღერა და სტუდენტების ინტერესიც მაშინვე გამოიწვია. შემდეგ კი, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად, სარეპეტიციო სივრცე და შესასრულებელი ნაწარმოები შეარჩია, დირიჟორობაც გაიხსენა.

კაპელა, უკვე, სხვადასხვა გამოცდილების, პროფესიის და ინტერესების მქონე, 35 წევრს აერთიანებს, ყველას ერთად კი, კვირაში ორჯერ, რამდენიმე საათით – მუსიკის სიყვარული.

კაპელაში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია: „ნახევარმა გუნდმა სიმღერა ყველანაირი გამოცდილების გარეშე დაიწყო. ახლა ეს ადამიანები გაცილებით უკეთ მღერიან. ვაფასებთ დამოკიდებულებასაც, პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ყველა საქმეს,“ – ამბობს ზურა.

იმისათვის, რომ კაპელა განვითარებულიყო, რეპეტიციები კი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამხდარიყო, ზურამ, თავის გუნდთან ერთად, „KIU კაპელას“ სტუდენტურ პროექტზე დაიწყო მუშაობა. მიზანსწრაფულმა ახალგაზრდამ პროექტის განვითარებისთვის დაფინანსება სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამიდან მიიღო, რომლის ფარგლებშიც, უკვე 20-ზე მეტი პროექტია KIU-ში დაფინანსებული.

თანამოაზრეებთან ერთად შექმნილი პროექტი, უნივერსიტეტში მეორე სემესტრია, რაც წარმატებით ხორციელდება. საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, უნივერსიტეტს სხვადასხვა დირიჟორები სტუმრობენ და წევრებისთვის მასტერკლასებს ატარებენ. პირველ წარმატებასაც მიაღწიეს – „საქართველოს საგუნდო საზოგადოების“ მიერ ჩატარებულ ეროვნულ საგუნდო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და 90 ქულით მეორე ტურში გადავიდნენ, რომელიც სექტემბერში გაიმართება.

კაპელას რეპეტიცია არ არის მხოლოდ სწავლა და სიმღერა. კაპელას წევრების ჯანსაღი ურთიერთობები კამპუსზე სამაგალითოა. ხშირად ეკითხებიან, რას აკეთებთ ასეთს კაპელაზე, რომ რეპეტიციიდან ყველა ამაღლებული განწყობით და გაღიმებული გამოდიხართო,“ – ამბობს ზურა. ამ მიმართლებით განვითარება მის უახლოეს სამომავლო გეგმებშიც შედის და უნივერისტეტის დამთავრებამდე აპირებს მიჰყვეს ამ საქმეს და განავითაროს. მისი მიზანი, რომ კაპელა ყოფილიყო მუსიკის მოყვარული ადამიანების ჯადოსნურ სამყაროში გადასვლის შესაძლებლობა – მიღწეულია.

კაპელას მსგავსად, საკუთარი იდეის განხორციელების შესაძლებლობას KIU ყველა სტუდენტს აძლევს, სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამის განხორციელებით, რაც,ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. 2020 წლიდან, პროგრამის ფარგლებში, 135000-მდე ლარით 20-მდე სტუდენტური პროექტი დაფინანსდა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მუსიკალური ოთახი, სპორტული კლუბები, ელექტროინჟინერიის კლუბი, ტარდება ინტელექტუალური ჩემპიონატები, ჰაკათონები, ფესტივალები და სხვა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები