3 ნოემბერი, კვირა, 2024

„ათეულთა კლუბის“ საქველმოქმედო ფორუმი – უშურველი პროფესიული თანადგომა

spot_img
18 იანვარს, ქუთაისის №33 საჯარო სკოლამ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულის კლუბის“ პედაგოგების მონაწილეობით და „განათლების კოალიციის“ მხარდაჭერით, მასწავლებელთა საქველმოქმედო ფორუმს უმასპინძლა. ათეულის კლუბის წევრები, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურად, აწყობენ აქტივობებს. ამ დღესაც, ათეულთა კლუბის 13 წევრი, მასპინძელი სკოლის დირექტორისა და ამავე კლუბის წევრის, მარინა ისკაკოვას იდეის გარშემო, კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზანმა გააერთიანა. თუმცა, სხვა აქტივობებისგან განსხვავებით, ამ დღეს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საბაბიც ჰქონდა – 2017 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს “ ფინალისტის, ნინო აბულაძის თანადგომა. ფორუმმა საქველმოქმედო ხასიათი სწორედ მათი კოლეგის მხარდაჭერის გამო მიიღო.

განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ: „ასეთი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის განვითარებისთვის და ზოგადად მასწავლებლის პროფესიის, როგორც პროფესიული ერთობის, გაძლიერებისთვის. ქუთაისის 33-ე სკოლაში ჩვენ ვნახეთ თავის საქმით აღტაცებული ადამიანები, რომლებიც უშურველად უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას. მადლობა 33-ე სკოლას ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის.“

   

საქველმოქმედო ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე იმერეთის რეგიონის კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს ათეულთა კლუბის წევრებმა: უტა კილასონიამ, ლაურა გოტიაშვილმა, მანანა კაპეტივაძემ, ლადო აფხაზავამ, ნინო ჭიჭინაძემ, თემურ სუყაშვილმა, ხათუნა გოგალაძემ, თამარ გოგოლაძემ, თამარ ადამიამ, გიორგი ჭაუჭიძემ, ქეთინო მერაბიშვილმა, მელორ ცქვიტავამ, დაჩი ნანობაშვილმა.

მარინა ისკაკოვა, ქუთაისი №33 საჯარო სკოლის დირექტორი

მარინა ისკაკოვა ამბობს, რომ „განათლების კოალიციის“ მხარდაჭერით და მისი ინიციატივით, სკოლაში „ათეულთა კლუბის“ 13 წევრი მასწავლებელი ჩავიდა და სკოლის მოსწავლეებთან სამოდელო გაკვეთილები და მასწავლებლებისთვის  ვორქშოპები ჩაატარეს. აქტივობებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, ქალაქის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები დაესწრნენ. პედაგოგები, რეგისტრაციის პროცესშივე, ირჩევდნენ მათთვის სასურველ საგანს და მასწავლებელს, რომლის გაკევთილსაც დაესწრებოდნენ. „მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენმა დაანონსებულმა ღონისძიებამ.   ჯამში, სულ, 120 პედაგოგი დარეგისტრირდა. – ამბობს მარინა ისკაკოვა, – ერთი დღის განმავლობაში, 12 სამოდელო გაკვეთილი სამ სესიად მიმდინარეობდა. თოთოეულ მასწავლებელს შეეძლო ერთი სესიიდან ერთ სასურველ გაკვეთილზე დასწრება. ბუნებრივია, ბავშვებიც წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები, რომ მათ გაკვეთილს სტუმარი მასწავლებელი ჩაუტარებდა. აქტივობაში, თითქმის ყველა კლასი, ჩაერთო პირველი, მეხუთე და მეთორმეტე კლასების გარდა.

 მართალია, ღონისძიება საქველმოქმედო დღედ გამოვაცხადეთ, მაგრამ მსურველებს, რეგისტრაციის დროს, ნებაყოფლობით შეეძლოთ თანხის გადმორიცხვა. ძალიან მიხარია, რომ ბევრი მსურველი აღმოჩნდა და გარკვეული რაოდენობის თანხაც შეგროვდა.

 რაც შეეხება დარეგისტრირებულ მასწავლებლებს, ძირითადად, რასაკვირველია, ქუთაისის სკოლების პედაგოგები იყვნენ. თავდაპირველად, რეგისტრაცია მეც ასე დავაანონსე, მაგრამ ახლომდებარე რაიონის სკოლის მასწავლებლებიც აღმოჩნდნენ მონაწილეობის მსურველები, ამიტომ სტუმრები თერჯოლის, ხაშურის და წყალტუბოს რაიონების სკოლებიდანაც მყავდნენ. მასწავლებლების მხრიდან გამოხატული დაინტერესებით, რეალურად, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მსგავსი აქტივობების საჭიროება. სურვილი მაქვს, ასეთი ტიპის ინიციატივები სხვა რეგიონებშიც გადავიტანოთ და მსგავსი ღონისძიებები ჩავატაროთ. ათეულის კლუბის წევრებს გვქონდა ამაზე საუბარი და, თითქმის, ყველა თანახმაა. იმედია, ახლა სხვა რაიონებშიც დავიწყებთ. მართლაც ძალიან სასარგებლოა, როცა ასეთი ღია ტიპის გაკვეთილებთ ვუზიარებთ კოლეგებს პრაქტიკულ გამოცდილებას. მეორე მხრივ, საინტერესო იმ კუთხითაც არის, ვაჩვენოთ მასწავლებლებს, თუ როგორ ადვილად შეიძლება შეხვიდე კონტაქტში უცხო ბავშვებთან და მათთვის სასურველი სასწავლო გარემო შექმნა, რასაც ათეულის წევრებმა მართლაც საოცრად გაართვეს თავი. ამაში, ალბათ, ნებისმიერი კოლეგა დამეთანხმება. ბავშვებიც დიდი ინტერესით შეხვდნენ ამ იდეას. მთელი სკოლა მიხდის მადლობას იმისთვის, რომ მათ საშუალება მივეცი, გაეცნოთ საუკეთესო მასწავლებლები და საკუთარი თვალით ენახათ, უშუალოდ გაკვეთილზე როგორ ახორციელებენ მეთოდებს, რომლის გამოც ისინი ქვეყანამ საუკეთესო მასწავლებლებად აღიარა. 120-მა პედაგოგმა პრაქტიკაში ნახა კრიტიკულ აზროვნებასა და პრაქტიკულ სამუშაოებზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, რომელსაც საუკეთესო პედაგოგები უძღვებოდნენ.

 ერთდღიანი აქტივობა იმიტომ დაიგეგმა, რომ მარვალდღიან ღონისძიებას სხვა მოთხოვნები აქვს, რომლის საჭიროებასაც სკოლა ვერ უზრუნველყოფდა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალაქის მერიას, რომელმაც სტუმრების კვების ხარჯი თავის თავზე აიღო და „განათლების კოალიციას“, რომელმაც მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო. იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია ასეთი ტიპის პრაქტიკის გაზიარებამ მასწავლებლებში, რომ მჯერ, მომავალში ის უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.“

გიორგი ჭაუჭიძე, მარნეულის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი:

„ძალიან მიხარია და მომწონს ათეულთა კლუბის წევრობა, გარდა სხვა სიკეთისა, ერთ-ერთი ესეც არის, რომ ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა აქტივობები ერთობლივად დავგეგმოთ და განვახორციელოთ. 33-ე საჯარო სკოლაში ჩატარებულ ფორუმში სიამოვნებით ჩავერთე. ერთი მხრივ, ჩავატარე გაკვეთილი მესამეკლასელ მოსწავლეებთან და, მეორე მხრივ, მასწავლებლებთან სამუშაო ფორმატის შეხვედრა გავმართე.

 რაც შეეხება გაკვეთილს, კითხვაზე ორიენტირებულ გაკვეთილზე ჩემ მიერ შექმნილი ტქსტი გამოვიყენე – „ბოროტი მარტორქა“. ტესქტის საფუძველზე, დავამზადე სლაიდპრეზენტაცია, თავის ილუსტრაციებითა და სავარჯიშოებით. თავისთავად, გაკვეთილს კოლეგები დაესწრნენ,   დასრულების შემდეგ მათთან სამუშაო პროცესი კიდევ გაგრძელდა. ერთი გაკვეთილი პირობითი ნათქვამია, ეს უფრო აქტივობა იყო, რომელიც, დაახლოებით, ორი გაკვეთილის დროის ხანგრძლივობით გაგრძელდა.  

 მთავარი აქცენტები ჩემს გაკვეთილზე მიმართული იყო იმისკენ, თუ როგორ გავხადოთ ბავშვებისთვის საინტერესო კითხვის გაკვეთილები, როგორ ჩავრთოთ ისინი მაქსიმალურად ამ პროცესში და როგორ განვუვითაროთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.

ერთ-ერთი სასიამოვნო ფაქტი, როგორც მასწავლებლისთვის, 33-ე სკოლის მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და ის საინტერესო მსჯელობა და მოსაზრებები იყო, რომელიც ქუთაისელი მოსწავლეებისგან მოვისმინე. მე ვიტყოდი, რომ ეს ბავშვები გამოირჩეოდნენ იდეებითა და მოსაზრებებით. ერთი მხრივ, ძალიან ნასიამოვნები დავრჩი და, მეორე მხრივ, გაოცებულიც. დაგეგმილი ღონისძიება რომ ძალიან პროდუქტიული და სინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის, ეს მათი მრავალრიცხოვნობითაც დადასტურდა, ძალიან ბევრი პედაგოგი დაინტერესდა აქტივობით. მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ასეთი შეხვედრები უფრო ხშირი გახდეს. პირადად ჩემთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა აქტივობა, რადგან ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის მათი მხრიდან შეფასება – უკუკავშირი ჩემი პროფესული განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

რესურსს, რომელიც გაკვეთილზე გამოვიყენე, გარკვეული დროის განმავლობაში ვამზადებდი, ჩემი ტექსტი შექმნილია პროექტ „ჯიპრაიდის“ ფარგლებში, მაგრამ   სლაიდპრეზენტაცია ამ შეხვედრისთვის დავამზადე. ამდენად, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში პირველად გამოვცადე, ამიტომ, მართლა საინტერესო იყო ჩემთვისაც, რადგან ამ ბავშვებთან საუბრისას უფრო სხვა მხარე გამოიკვეთა. ისეთმა აქცენტებმა წამოიწია წინ, სიმართლე გითხრათ, არც ველოდი. აქედან გამომდინარე, სხვაგვარად შევხედე ჩემს ტექსტსაც და რესურსსაც, რომელიც ამ დღისთვის მოვამზადე. ერთი სიტყვით – ორმხრივად სასარგებლო აქტივობა განვახორციელეთ – ამ აქტივობის ფარგლებში, ჩემმა რესურსმა ერთგვარი გამოცდა გაიარა.“

ქეთევან მერაბაშვილი, სპს „ნუნუ ბეიტრიშვილი-პრომეთეს“ სკოლა-ლიცეუმის გეოგრაფიის მასწავლებელი:

„ქუთაისის 33-ე სკოლის დირექტორმა, მარინა ისკაკოვამ, რომელიც თვითონაც ათეულთა კლუბის წევრია, შემოგვთავაზა, მის სკოლაში ჩაგვეტარებინა იმერეთის რეგიონის მასწავლებლებისთვის მასტერკლასები. რასაკვირველია, ჩვენ ამ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდით. აქციის ფარგლებში, ბევრი საგანი მოვიცავით – ქართული, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია ინგლისური… ჩვენი კლუბის წევრმა მასწავლებლებმა ჩავატარეთ გაკვეთილები.

სკოლაში, საგნების მიხედვით, წინასწარ დარეგისტრირებული მასწავლებლები დაგვხვდნენ, მაგალითად, ჩემს გაკვეთილზე 8 პედაგოგი იყო დარეგისტრირებული, ასევე მოსწავლეები (8-10), რომლებთანაც გაკვეთილებს ჩავატარებდით.

გაკვეთილიც წინასწარ დავგეგმეთ და შევათანხმეთ იმის მიხედვით, რომელი სახელმძღვანელოთი სწავლობენ იქ მოსწავლეები ან რა თემას გადიოდნენ იმ დროისთვის. ჩემს გაკვეთილზე, სამაგიდო თამაშების გამოყენებით, აფრიკის კონტინენტი შევაჯამეთ. თამაშებით გაკვეთილის ჩატარება გამიზნულად იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემმა მოსწავლეებმა, ამ არდადეგების პერიოდში, სახლში სამაგიდო თამაშები დაამზადეს და, წინა დღებში, ჩემს კლასშიც, სწორედ მათი გამოყენებით, იგივე თემა გავიარეთ. თვითონ შემირჩიეს ქუთაისის სკოლაში წასაღები რესურსიც, რომელიც ვიზუალურადაც უკეთესი იყო და ინსტრუქციაც სწორად ჰქონდა ჩამოყალიბებული. სულ ხუთი თამაში შეირჩა, რადგან ვიცოდი, რომ გაკვეთილი 10 მოსწავლესთან უნდა ჩამეტარებინა და მათ წყვილებში უნდა ეთამაშათ. თანაც, თამაშით გაკვეთილის ჩატარება იმანაც გადამაწყვეტინა, რომ არდადეგების შემდეგი პერიოდი გავითვალისწინე და აქტივობის დღეც – შაბათი. ამიტომ, არ მინდოდა მოსწავლეები გადამეტვირთა, მინდოდა, ჩვენი შეხვედრა უფრო ხალისიანი ყოფილიყო. მოსწავლეებმა პრეზენტაციაც გააკეთეს და ამით, ერთგვარად, შეაჯამეს აქტივობა. 8 მასწავლებელი აკვირდებოდა საგაკვეთილო პროცესს. გაკვეთილის დასრულების შემდეგ მათგან ბევრი შეკითხვა წამოვიდა, რა აქტივობებს ვიყენებ, სამაგიდო თამაშების გარდა, გაკვეთილებზე. ძალიან დაინტერესდნენ ჩემი საველე გაკვეთილებით. შევეცადე, დეტალურად ამეხსნა მათთვის, როგორ ვატარებთ ამ ტიპის გაკვეთილებს და როგორ ვწერთ საველე დღიურებს. ასევე, მათ გავაცანი ახალი რესურსის – ელექტრონული რუკების (purposegames.com) გამოყენება, რაც მოსწავლეებს ეხმარება თამაშით დაისწავლონ გეოგრაფიული ნომენკლატურა. მართლა ძალიან საქმიანი და მეგობრული შეხვედრა გამოგვივიდა და, რაც მთავარია, შედეგზე გამსვლელი იმით, რომ წარმატებით შევძელით აქტივობის ორივე მიზნის შესრულება – კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარებაც და ნინო მასწავლებლის დახმარებაც.

ფორუმის მონაწილე მასწავლებლები ძალიან კმაყოფლები იყვნენ და ამბობდნენ, რომ მსგავს პრაქტიკებს თავიანთ საგაკვეთილო პროცესშიც გამოიყენებენ, იქ ჩატანილი რესურსი პედაგოგებს ნიმუშად დავუტოვე, რომ მსგავსი თავად შექმნან და დანერგონ   გაკვეთილებზე, ასევე, გამოიყენებენ საიტსაც და აწარმოებენ საველე დღიურებსაც.“

ხათუნა გოგალაძე, ქიმიის დოქტორი, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი:

„ღონისძიების მიზანი იყო, ათეულთა კლუბის წევრებს საკუთარი პედაგოგიური გამოცდილება გაეზიარებინათ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის. პრაქტიკის გაზიარებამ განსაკუთრებული სახე მიიღო, რადგან ცოცხალი გაკვეთილები ჩატარდა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კლუბის წევრები საგაკვეთილო პროცესში განსხვავებულ სწავლების მეთოდებს იყენებენ, რაც პროცესს მეტად საინტერესოს ხდის, მოსწავლეები იღრმავებენ არა მარტო საგნობრივ კომპეტენციებს, არამედ იუმჯობესებენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს. თავისთავად, ამ მხრივაც, ძალიან საინტერესო იყო ღონისძიება, რადგან კლუბის წევრებმა კოლეგებს განსხვავებული სწავლების მეთოდების გამოყენება შევთავაზეთ. მე პირადად, კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად, მედიაწიგნიერების გაკვეთილი ჩავატარე – ამნიოცენტეზი მეცხრე კლასელთათვის. გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს შეეფასებინათ მემკვიდრული დაავადებების პრენატალური დიაგნოსტირების მეთოდის გამოყენების მნიშვნელობა 21-ე საუკუნეში. მათ უნდა შესძლებოდათ მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი. გაკვეთილის დასასრულს კი, უნდა შეეფასებინათ ისტორიული პასაჟი – სპარტანული აღზრდის მეთოდი დაეკავშირებინათ გაკვეთილის ძირითად თემასთან და, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად,   დისკუსიების მსვლელობისას, მოეძებნათ არგუმენტი. მოსწავლეებს გაკვეთილი უნდა შეეჯამებინათ, ჯგუფებში საბოლოო პოსტერის წარდგენით. ვთვლი, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტი ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, არა მარტო მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, არამედ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის, რასაც „განათლების კოალიცია“ ყოველთვის მხარს უჭერს.“

 

ლალი ჯელაძე

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები