27 იანვარი, ხუთშაბათი, 2022

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები

spot_img

12 იანვარს ათასწლეულის ფონდმა, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები დაასახელა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებული გახდა გუნდიელფები“ (ELVES). გამარჯვებულ გუნდს პრიზად ერგო აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში მონაწილეობა.

გუნდის წევრები არიან: ანასტასია ჩალაგაშვილი (მე-6 საავტორო სკოლა), პანტელეიმონ კობახიძე (აია-GESS), მარიამ მიქაძე (აია-GESS), მარიამ მაღრაძე (აია-GESS), გეგა ხაჩიძე (ვ. კომაროვის №199 საჯარო სკოლა).

ბოლო პერიოდში, კოვიდ პანდემიის გამო, ძალიან აქტუალური გახდა იონიზატორის მოწყობილობები. ჩვენ გამოვიკვლიეთ და ძიებამ გვაჩვენა, რომ უკვე არსებულ იონიზატორებს აქვთ რამდენიმე ნაკლი და გადავწყვიტეთ ამაზე მუშაობა. ჩვენი იონიზატორი არის კომპაქტური და ბევრად უფრო ეფექტური. ამ ყველაფერს ვახერხებთ კარბონის ნანოძაფების დახმარებით“.

მეორე ადგილზე გასული გუნდია „MEMORY EFFECT“, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრიზით დაჯილოვდნენ  – აშშ-ში, სილიკონ ველზე STEM საზაფხულო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.

გუნდის წევრები არიან: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე, სანდრო ღლონტი, ლიზა სორდია (ვ. კომაროვის თბილისის №199 საჯარო სკოლა).

 „სმარტ კოსტუმს – NBSG- შეუძლია სამედიცინო რეაბილიტაციაში ადამიანების დახმარება, რომლებსაც გადატანილი დაავადების ან ტრავმების შედეგად შეზღუდული აქვთ ფიზიკური შესაძლებლობები. NBSG შესაძლოა ჩაერთოს ამ პროცესში და მექანიზმის დაპროგრამებით შეგვეძლება დამხმარე ძალის რეგულირება და რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება“.

მესამე ადგილი 2021 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში წილად ხვდა გუნდს „GOAL DIGGERS“, რომლის წევრები არიან; ნუცა ჭულუხაძე (გორის №4 საჯარო სკოლა), ზურაბ რეზესიძე (მესტიის სოფელ ფარის საჯარო სკოლა), ვიტალი რევიშვილი (ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“), ლევან ჭანტურია (სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია).

გუნდის თითოეულ წევრს საქპატენტის პრიზი – პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.

„ჩვენ შევქმენით 2 სახის რობოტი, რეალური და ვირტუალური, რომელიც გამოიყენება, როგორც მასწავლებლის დამხმარე. რობოტის გამოყენება სასწავლო პროცესში მარტივი და სახალისოა. ის მოწავლეს ეხმარება შეისწავლოს ანბანი, ფერები, გეომეტრიული ფიგურები და პირობითი ნიშნები, ასევე შეამოწმოს თუ რა ისწავლა მან და აძლევს შესაბამის უკუკავშირს.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების გარდა, ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიც  დასაჩუქრდნენ კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ –  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, თიბისი ბანკი, ჯეოლაბი და აკადემია „ლეტერატო“. კონკურსის ტრადიციული მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კონკურსში მონაწილე თერთმეტმა ფინალისტმა გუნდმა წარმოადგინა მათ მიერ შექმნილი პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; რობოტექნიკა; მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები; გარემოს დაცვა; ჯანდაცვა და კვება.

ღონისძიებაზე მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აშშ-ის საელჩოს და კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ქელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს კონკურსი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების მთვარობამ შეასრულოს კატალიზატორის როლი, რომ კრეატიულ ქართველებს ხელი შეუწყოს მათი იდეების ცხოვრებაში განხორციელებაში. „ამ კონკურსის მიზანია ხელი შევუწყოთ მეცნიერების, ტექნოლოგიების, მათემატიკის განვითარებას საქართველოში და ასევე ხელი შევუწყოთ აზრთა გაცვლა-გამოცვლას, რაც დაეხმარება ქართველ სტუდენტებს საკუთარი იდეების ცხოვრებაში განხორციელებაში. ის, ძირთადად, ფოკუსირებულია 13-დან 18-წლამდე ასაკის ქართველ მოსწავლეებზე და როგორც ვნახეთ, ზოგიერთ მათგანს შესანიშნავი იდეა აქვს, რომელსაც კომერციული პოტენციალი გააჩნია.“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „ძვირფასო მოსწავლეებო, გამომგონებლებო, გილოცავთ გამარჯვებას! ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის და პროფესორისთვის, ორმაგად სასიხარულოა, რომ ვხედავ ამდენ ახალგაზრდას, რომლებიც დაინტერესებული არიან მეცნიერებით. სწორედ თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი საქართველოში კონკურენტუნარიანი ახალი პროდუქტების, აპლიკაციების, საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნა.

მოგეხსენებათ, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპერების გაძლიერებას. მთავრობისა და ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ რომ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარება გახლავთ. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკის საელჩოს, ამერიკელ ხალხს, პირადად ელჩს – მის აღმატებულება კელი დეგნანს და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისათვის, აგრეთვე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ხელშეწყობისათვის.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ათასწლეულის ფონდსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის მიღმა თქვენ ახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც საქართველოში მომავალი თაობის – თანამედროვე ტექნოლოგების, ინჟინრებისა და გამომგონებლების ხელშეწყობას ემსახურება.

ახალგაზრდებო, კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას!“

♦♦♦

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეშვიდედ ჩატარდა. 2020-2021 წლის კონკურსში მონაწილეობა 300-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსის პირველ ეტაპზე, ჯამში, 64 განაცხადი შევიდა, საიდანაც 45% – თბილისიდან, ხოლო 55% – რეგიონის სკოლის მოსწავლეებისგან იყო წარმოდგენილი. კონკურსის ფინალურ ეტაპზე თერთმეტი გუნდი გადავიდა თბილისის, გარდაბნის, გორის, რუსთავის, მესტიის, ქუთაისის და სენაკის სკოლებიდან.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას.  დღეისათვის კონკურსში 2 000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

პროფესიული

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები