27 ივლისი, შაბათი, 2024

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70  პროფესიული განათლების განვითარებისთვის მილიონი დოლარი  გამოყო

spot_img

საქართველოში პროფესიული განათლებისა ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 70 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

სექტორული განვითარების პროგრამა – თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აზიის ბანკის ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა და საქართველოს განათლების სისტემაში ADB-ის პირველი ინვესტიციაა. პროგრამა მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

2013 წლის შემდეგ პროფესიული განათლება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად ჩამოყალიბდა და, ევროკავშირის დახმარებით, 2018 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი პროფესიული განათლების შესახებ. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მხრიდან  პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას; მხარს დაუჭერს სფეროში მიმდინარე რეფორმებს, კერძოდ კი, კერძო-საჯარო პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით, სისტემის მოწყობისა და მართვის ახალი მოდელის დანერგვას და შრომის ბაზარზე მორგებული კვალიფიკაციების მიწოდებას.

კოვიდ-19-ის გამოწვევების გათვალისწინებით, სექტორული განვითარების პროგრამა იმ დარგების გასაძლიერებლადაა შექმნილი, რომლებიც პანდემიასთან გამკლავებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ან ეკონომიკურ გაჯანსაღებაში შეაქვთ წვლილი, მაგალითად, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება.

პროექტი ასევე დააფინანსებს უნარების განვითარების ორი ინოვაციური ჰაბის შექმნას ქუთაისისა და თელავის არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც ხელი შეეწყობა ისეთ პრიორიტეტულ დარგებს, როგორებიცაა: ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება, მოდა და დიზაინი, წყლის ინჟინერია, ავეჯის წარმოება და სადურგლო საქმე და მომსახურება (მასპინძლობა და ტურიზმი).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდის კომპონენტი, რომელიც პროგრამის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოეწყობა თანამედროვე სახელოსნოები და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას  სხვადასხვა პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა მიეცემა.

ევროკავშირისა და სხვა დონორთა მხარდაჭერასთან ერთად, აღნიშნული პროგრამა უდიდეს წვლილს შეიტანს პროფესიული განათლების რეფორმის მასშტაბის გაზრდაში და აისახება ახალგაზრდებისა და ზრდასრული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების პროცედურები უახლოეს მომავალში დასრულდება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები