2009 წლის ზაფხულში მონაწილეობა მივიღე კონკურსში „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“, 600 მონაწილეთაგან 50 გამარჯვებულს შორის მეც აღმოვჩნდი.
დაგვეწყო ტრენინგები. გვამზადებდნენ აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში სამუშაოდ. როცა ტრენინგები დასრულდა, გასაუბრების მსგავსი პროცედურა ჩაგვიტარეს. გვეკითხებოდნენ, თუ სად, რომელ (აზერბაიჯანულ თუ სომხურ, ახლო თუ შედარებით შორეულ) სკოლებში ვისურვებდით მუშაობას. მე გამოვთქვი სურვილი, თუ შესაძლებელი იქნებოდა, თბილისთან ახლომდებარე აზერბაიჯანულ სკოლაში ვიმუშავებდი, ვინაიდან თბილისში ჩემი ქალიშვილი სწავლობდა და მისი რეგულარული მონახულებისათვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ჩემთვის. გამანაწილეს დმანისის მუნიციპალიტეტის უკიდურეს სოფელ ირგანჩაიში, სომხეთის საზღვართან, თბილისიდან 125კმ-ის დაშორებით.
გავემგზავრეთ მე და ჩემი ვაჟი, ბექა მოდებაძე, რომელმაც 2005 წელს, ერთდროულად, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი (სპეციალობა: დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია — წარჩინებით) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სპეციალობა: სახელმწიფო მართვის მოხელე) დაამთავრა და იმ დროისათვის უმუშევარი იყო.
სოფელი ირგანჩაი დმანისის მუნიციპალიტეტიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, მთაში, ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1750მ-ის სიმაღლეზე. შეიძლება ხატოვნად ითქვას, როცა ჩვენი მისალმება — „გამარჯობა!“ გაიგონა, მთელმა სოფელმა გაოცებით მოგვხედა. ცოტა ხნის შემდეგ მეზობლის პატარა ბავშვი მშობლებს სთხოვდა, „გამარჯობასთან წამიყვანეთო…“
ვიქირავეთ საცხოვრებელი ოთახი და დავიწყეთ მუშაობა. ბავშვებს ხან ჟესტიკულაციით, ხან მიმიკით „ვესაუბრებოდით“ და თანდათან ავაწყვეთ ურთიერთობა. სკოლის პედაგოგიური საბჭოს პირველსავე სხდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელობისაგან გაფრთხილებული ვიყავი, არავითარ შემთხვევაში არ წამომეწია წინ ნაციონალური საკითხი, განვაცხადე: „კატეგორიულად გამაფრთხილეს, რომ ამიერიდან სკოლის მთელი დოკუმენტაციის წარმოება ქართულ ენაზე უნდა გადმოვიდეს“, თან პედსაბჭოს წევრთა რეაქციას ვაკვირდებოდი. არავის გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი… ზედმეტად მიმაჩნია იმის დაწვრილებით აღწერა, რამდენი სიძნელე შეგვხვდა ამ გზაზე. ძირითად საქმიანობასთან ერთად, საქმის მწარმოებლის მოვალეობასაც ვასრულებდი.
პირველი, 2009-2010 სასწავლო წელი, ასეთ „ძიება-მიგნებებში“, სწრაფად გავიდა და ახალ, 2010-2011 სასწავლო წელს უკვე ჩემი მეუღლე, მარინა ხარშილაძეც, შემოგვიერთდა, რომელმაც ამ დროს დატოვა ჭიათურის მაშინდელი მე-9 საჯარო სკოლა, სადაც ის 1983 წლიდან (მე კი — 1981 წლიდან) მუშაობდა.
2010 წლის მარტში, როცა სკოლის დირექციამ მომავალი პირველკლასელების რეგისტრაციისათვის განცხადების გამოქვეყნება დააპირა, მე მივმართე სკოლის დირექტორს: „ბატონო …, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება, ამ განცხადებას უნდა დაემატოს ერთი აბზაცი, შემდეგი შინაარსით: „აირჩიეთ სექტორი: აზერბაიჯანული ან ქართული.“ ამ დროისათვის მე უკვე მქონდა გაგზავნილი განათლების სამინისტროში შესაბამისი ინფორმაცია, სადაც, სკოლის დირექციის სახელით, ვითხოვდი თანხმობას ქართული სექტორის გახსნის თაობაზე.
მუშაობის პროცესში არაერთ ფარულ თუ აშკარა წინააღმდეგობას ვაწყდებოდით სკოლაში მომუშავე ზოგიერთი პედაგოგის მხრიდან. საილუსტრაციოდ მოვიყვან ერთ ასეთ ეპიზოდს: სკოლის პირველ კლასში, სადაც ქართულ ენას მე ვასწავლიდი, ერთი გოგონა, რომლის ბებია და ბაბუაც ამ სკოლის პედაგოგები იყვნენ, ჩემს გაკვეთილებზე არ შემოდიოდა იმის გამო, რომ ჩემი ეშინოდა, როგორც ექიმის, რომელიც მას ნემსის გაკეთებას უპირებდა. ერთ-ერთმა პედაგოგმა ქალბატონმა სცადა, ეს ბავშვი ძალით შემოეყვანა საკლასო ოთახში. უნდა გენახათ გოგონას გააფთრებული წინააღმდეგობა და, რომ არა ჩემი უმკაცრესი გაფრთხილება: „რას სჩადით, ბავშვს შეიძლება, გული გაუსკდეს, ახლავე თავი დაანებეთ!…“, შეიძლება ეს შემთხვევა ძალიან ცუდად დასრულებულიყო. გოგონა საკლასო ოთახიდან გაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ ვესაუბრე ამ ბავშვის ბებიას (პედაგოგს), ვთხოვე, აეხსნა ბავშვისათვის, რომ მე არ ვარ ექიმი და ნემსის გაკეთებას არ ვუპირებ, შემოვიდეს გაკვეთილზე და, ეს რომ ასეა, ამაში თვითონ დარწმუნდეს-მეთქი. მეორე დღეს ეს ბავშვი შემოვიდა საკლასო ოთახში და დაესწრო გაკვეთილს. დაძაბული იჯდა. მე ყოველი მხრიდან ვხედავდი ამ ბავშვს, მაგრამ არ ვამჩნევინებდი, თითქოს სულ სხვა მხარეს ვიყურებოდი და სხვებთან ვურთიერთობდი…
გაკვეთილმა მშვიდობიანად ჩაიარა.
სულ მალე ეს გოგონა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი გახდა. ახლა იგი საბაზო საფეხურის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. მისი ბებია და ბაბუა (სამწუხაროდ, ბაბუა რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა) სრულიად საპირისპიროდ შეიცვალნენ ჩვენ მიმართ და არაერთხელ საჯაროდ გამოხატეს ჩვენდამი მადლიერება.
სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე, დავაარსეთ „ქართული ენის შემსწავლელი კლუბი“ და „ქართული ენის კაბინეტი“, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის სასურველი ინფორმაციისა თუ დახმარების მიღება.
სკოლაში ჩვენი მოსვლისას სოფელში ერთი სტუდენტიც კი არ იყო. პირველი აბიტურიენტი ჩემმა ვაჟმა, ბექამ, მოამზადა (რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ). დღეს იგი ექიმია და გერმანიაში იმაღლებს კვალიფიკაციას. სტუდენტების რაოდენობამ უკვე 60-ს გადააჭარბა, ისინი სწავლობენ თბილისისა და სხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში. რამდენიმე მათგანმა უკვე დაამთავრა სწავლა, მშობლიურ სკოლას დაუბრუნდა და ახლა ჩვენი წარმატებული კოლეგები გახდნენ.
უკვე მე-13 წელია, რაც ამ სკოლაში ვართ, ვასწავლით ქართულს, როგორც მეორე მშობლიურ(!) ენას და თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, წასვლას არ ვაპირებთ.
ცალკე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ჩვენს მოსვლამდე, სკოლის მოსწავლეთა შორის, საერთოდ არ არსებობდა საქართველოს, როგორც სამშობლოს, განცდა (სამწუხაროდ, სოფლის მოსახლეობის ზრდასრული ნაწილის დიდ უმრავლესობაში დღესაც ასეთი მდგომარეობაა), რაც ჩვენი მოსვლის შემდეგ სასიკეთოდ იცვლება. ამის საილუსტრაციოდ ისიც კმარა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები აზერბაიჯანში საცხოვრებლად აღარ მიდიან და საქართველოში, სამშობლოში ცხოვრებას ამჯობინებენ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩემი მეუღლის, მარინა ხარშილაძის, მიღწევები. ყოველი წლის შემოდგომაზე მასთან მოდიან სკოლის კურსდამთვრებულები, უკვე სტუდენტები, მოიკითხავენ, უყვებიან თავიანთი წარმატებებისა თუ სიძნელეების შესახებ და უზომო მადლიერებას გამოხატავენ მის მიმართ. ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა, ვალეხ ახმედოვმა, როცა ის მე-8 კლასში იყო, ასეთი სტროფი უძღვნა მარინა მასწავლებელს:
Yar yolunda sızıldaram, göynərəm,
Pünhan – pünhan çırpınaram, döynərəm,
Ay, Marina müəllim, siz müəllimim olarsınız,
Elə söyünərəm kasıbın əlinə var düşən kimi!…
ჩემს თარგმანში ეს სტრიქონები ასე ჟღერს:
როგორც მიჯნურის ძებნაში დაღლილი, გაწამებული,
ვიყუჩებ მალულ ტკივილს და
ვიმშრალებ ცრემლებს დადენილს,
თუ მეყოლებით მეგზურად, მარინა მასწავლებელო,
ჩავთვლი, რომ უღატაკესმა უთვალავ განძს მივაგენი!…
მოგეხსენებათ, რომ სკოლაში მუშაობა მარტო საგაკვეთილო პროცესი არ არის. ბევრია ღირსშესანიშნავი თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, მათში მონაწილეობა, სხვადასხვა აქტივობა თუ პროექტი, მაგრამ მე აღვნიშნავდი ერთ განსაკუთრებულ რამეს:
სოფელში არის ძველი სასაფლაო, შემოუღობავი, დაუცველი და დანაგვიანებული. როცა მოსწავლეებს ვესაუბრებოდი ჩვენი ქვეყნის გმირი აზერბაიჯანელის, ხუდია ბორჩალოელის („ბორჩალო“, მოგეხსენებათ, შაჰ-აბას პირველმა უწოდა ქვემო ქართლის ტერიტორიას) შესახებ, რომელმაც ერეკლე II-ს, ქართლ-კახეთის 75 წლის გმირ მეფეს, წარუდგინა ეროვნებით აზერბაიჯანელი 1000 ვაჟკაცი და სთხოვა, გამოეყენებინა ისინი აღა-მაჰმად ხანის წინააღმდეგ საბრძოლველად (როგორც ცნობილია, ამ ვაჟკაცებიდან სახლში ცოცხალი არავინ დაბრუნებულა), დამებადა აზრი, ხომ შეიძლება, ამ მიტოვებულ სასაფლაოზე განისვენებდეს იმ გმირების თუნდაც ერთი შთამომავალი, რატომ არ უნდა მივხედოთ და მოვუაროთ ამ სასაფლაოს? იდეას მხარდამჭერები გამოუჩნდნენ და უკვე სამი წელია, გაზაფხულზე, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მივდივართ და ვასუფთავებთ სასაფლაოს. ბუნებრივია, ამის გამო სოფლის მოსახლეობა განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს. ვიმედოვნებთ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაც დაგვეხმარება სასაფლაოს შემოღობვისა და დაცვის მამულიშვილურ საქმეში. ჩვენ (ჩემი მეუღლე, ჩემი ვაჟი და მე) კი ვმადლობთ უფალს, რომ მოგვცა უფლება და საშუალება, თუნდაც მცირედით მაინც, ვემსახუროთ სამშობლოს ინტერესებს.
სკოლის დირექტორი, ბატონი შაქირ ჩერპანოვი აღნიშნავს, რომ ჩვენი ჩამოსვლის შემდეგ სკოლაში ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა: „მოსწავლეებში ამაღლდა ქართული ენის შესწავლის მოტივაცია; დღეისათვის ჩვენი სკოლიდან სტუდენტების რიცხვი სამოცდაათს აღწევს; მოსახლეობა თქვენი მადლიერია იმის გამო, რომ ყოველთვის ეხმარებით საჭირო საქმიანი ქაღალდების (განცხადება, აქტები, ცნობები…) შედგენაში… ჩვენ ვფიქრობთ, თქვენი ოჯახი ღმერთმა გამოუგზავნა ჩვენს სოფელს.“
ვაზირ ალიევი, პედაგოგი, სასწავლო ნაწილის გამგე: „ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ თქვენი მოღვაწეობით; სკოლაში, ქართულთან ერთად, სხვა ენებიც ისწავლება, მაგრამ მოსწავლეებში ქართული ენა უფრო პოპულარულია, რაც თქვენი დამსახურებაა.“
გიულნაზ სადიგოვა, პედაგოგი, რუსული ენის მასწავლებელი: „თქვენთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რადგანაც თქვენგან მოდის გულწრფელი სურვილი და მზადყოფნა, აღმოგვიჩინოთ თანადგომა ნებისმიერ სიტუაციაში.“
რასიმ მუსტაფაევი, პედაგოგი, ჩვენი ყოფილი მოსწავლე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული: „მახსენდება ჩემი და სოფლის მოსახლეობის პირველი გაცნობა ერით ქართველ, ქართული ენის მასწავლებელთან… ბატონ ზურაბ მოდებაძესთან.
2009 წელს, როდესაც უკვე მე-9 კლასში ვიყავი, მაშინ გავიგე, ქართული ენა სინამდვილეში როგორი ყოფილა. მოსწავლეებს ქართულად არაფერი გვესმოდა. წერა-კითხვა კი ვიცოდით, მაგრამ წაკითხული ტექსტის გააზრება, მოსმენა და ლაპარაკი თითქმის შეუძლებელი ჩანდა პირადად ჩემთვის. მჯერა, როგორც ჩვენთვის იყო ძნელი, ისე ზურაბ მასწავლებლისთვისაც არ იქნებოდა ადვილი ჩვენთვის სწავლება. გასაგები იყო, რომ ბევრი შრომა მჭირდებოდა, სახლში უფრო მეტ დროს ვუთმობდი ქართულ ენას, ბევრს ვკითხულობდი, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარზე მეტი არ მესმოდა.
დროთა განმავლობაში შეიცვალა ყველაფერი…
მალე სკოლაში მოვიდა მარინა მასწავლებელი, ზურაბ მასწავლებლის მეუღლე. ახლა იგი მასწავლიდა ქართულ ენას.
უკვე ისე შემიყვარდა ქართული ენა და, რაც ყველაზე მთავარი იყო, ზურაბ და მარინა მასწავლებლები… ვოცნებობდი, მათნაირად მესაუბრა ქართულად… მე-3 წელია, რაც კოლეგები ვართ, ერთად ვმუშაობთ, ერთმანეთთან დავდივართ და, რაც მთავარია, ერთ ენაზე ვსაუბრობთ…
მინდა, ზურაბ, ბექა და მარინა მასწავლებლებს უსაზღვრო მოთმინებისთვის, დიდი გულისხმიერებისა და თანაგრძნობისთვის გულწრფელი მადლობა გადავუხადო!..“
დასასრულ, მინდა, ჩემს კოლეგებს, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში აგრძელებენ მოღვაწეობას, წარმატებები ვუსურვო, სიყვარული და დაფასება ამ ნამდვილად მამულიშვილურ საქმიანობაში, ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ზურაბ მოდებაძე – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი