ადგილიც შეიძლება, ცოცხალი ადამიანივით მოგენატროს

431
ეთნიკური იდენტობა 
„- მამა ამბობს, რომ იქ ჩვენი სამშობლოა, მშობლიური მიწა, დიდებული ელადა… მამა-პაპათა სისხლი გვეძახის და მოვალენი ვართ წავიდეთო…
– მერედა, რატომ არ მიჰყვები? – გულწრფელად გამიკვირდა მე.
– როგორ აგიხსნა… – თქვა ბოლოს იანგულიმ, – მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე, ქუჩაში… ჩემი სამშობლო სოხუმია, ვენეციის გზატკეცილი, ჩალბაში, კოკა, პეტია, კურლიკა, ფემა… შავი ზღვა, ჩემი ვირი, რკინიგზის ხიდი…
– კი მაგრამ ეგ რაღაა? – ვკითხე. მკერდზე ხალათი გადავუწიე და ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე ხმამაღლა.
– ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალ. სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით…“

HELLADOS

ადგილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იდენტობაზე და იდენტობის ჩამოყალიბების პროცესზე. განსაკუთრებულად კი – ეთნიკური იდენტობის. თუ მე უცხოეთში დავიბადები და გავიზრდები, გამიჭირდება, იდენტიფიკაცია მოვახდინო საკუთარ თავთან, როგორც ქართველთან. ეს იდენტიფიკაცია დღეს საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანებსაც კი უჭირთ, ამის მაპროვოცირებელი მიზეზი კი გლობალიზაცია და სოციალური ქსელებია, რაც გწყვეტს კონკრეტული ქრონოტოპიდან და მსოფლიოს ნაწილი ხდები.

კი, ადამიანი ირჩევს ეთნიკურ იდენტობას და ირჩევს იმ ადგილის მიხედვით, სადაც მას წლების გატარება უწევს. ხშირად, ადამიანები ამბობენ, რომ მათ თავიანთ სამშობლოში თავი ვერ იგრძნეს კარგად, ამიტომ წავიდნენ და ახლა სხვა სამშობლო აქვთ. ესეც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა არჩევანი თავიანთი პრიორიტეტის შესაბამისად გააკეთეს.

არსებობს კოლექტიური მეხსიერება, რომელიც ერის ისტორიას, იმ მოვლენებს მოიცავს, რომელიც ადამიანებში გარკვეულ გრძნობებს იწვევს. მაგრამ, ეს კოლექტიური მეხსიერება გენეტიკურად არ გადაეცემა, ეს არის ცოდნა, რომელიც ადამიანს დროის განმავლობაში გადაეცემა. ეს გადაცემის პროცესი ვერ წარიმართება მაშინ, თუ ადამიანი მოკლებულია რესურსს, ან იზრდება დედამიწის სხვა რეგიონში და არა საკუთარ სამშობლოში. ამის მაგალითია იანგული ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან „HELLADOS“. იანგული ვერ გრძნობს თავის რეალური სამშობლოს, ელადის სიდიადეს, რადგან მისი სიყვარული სოხუმის ქუჩებს და იქ მცხოვრებ ადამიანებს უკავშირდება.

(ადგილიც შეიძლება, ცოცხალი ადამიანივით მოგენატროს.)

თუმცა, მანამდე, 1928 წელს, მიხეილ ჯავახიშვილმა მოთხრობა „მიწის ყივილი“ დაწერა. ამ მოთხრობაში ყველაფერი დიამეტრალურად შეცვლილია – ანდრო კაიშაური ღრმა ბავშვობის ასაკიდან მოწყდა სამშობლოს, ჯერ რუსეთში გაიზარდა და იქ შექმნა ოჯახი, შემდეგ საფრანგეთში დასახლდა და ანდრე კაშორი დაირქვა. სიცოცხლის ბოლო წლებში აღარ ახსოვს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტები, სამშობლო და ენა კი ბავშვობაშივე აქვს დავიწყებული. ამ დროს ის შეხვდება ამ მოთხრობის ავტორს საფრანგეთში. ავტორს ხელში ქართული წიგნი უჭირავს, მოხუცი კი წიგნით დაინტერესდება. ნაწარმოების დასასრულს კაიშაური გაიხსენებს სახელს, გვარს, დედის, მამის და წარმოშობის ადგილის – ანანურის სახელს.

„ვერა, ვერ დავბრუნდები“ – ეს იყო მისი უკანასკნელი, სევდიანი სიტყვები.

ირჩევს თუ არა ადამიანი იდენტობას, მისი ფლობა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია – საკუთარი იდენტობა ცალკეულ ერთან გიქმნის მარადიულობის, ღირებულების შეგრძნებას. შენ ხარ შენი ეთნოსის ნაწილი, იაზრებ ამ ეთნოსის კულტურულ ღირებულებებს და ამ გადასახედიდან უფრო ნათლად აღიქვამ სხვების განსხვავებულობას.

„იზოლაციაში გაზრდილ ინდივიდებს არ ჰქონდათ საკუთარი თავის განსხვავებულობის განცდა და საკუთარ თავს გარემოდან ვერ გამოყოფდნენ. ისინი ვერ ხვდებოდნენ, თუ ვის უყურებდნენ სარკეში“ (Gallup, 1977).

თუმცა, ეთნიკური იდენტობა ნელ-ნელა იკარგება. ეთნიკურ იდენტობას კულტურული იდენტობაც შეადგენს, დღეს კი ნაციონალური კულტურების ისტორია, ფოლკლორი, ეთნოგრაფია, ხელოვნება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ფარდებს მიღმაა. გლობალიზაცია, პოპკულტურა და მასკულტურა იკავებს სივრცეს.

რამდენად კარგია ეს ან რამდენად ცუდი, საკამათოა. არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიოში იდენტობების მოშლა და ერთ ენაზე, ერთ რელიგიასა და კულტურაზე ეთნოსების დაყვანა ცხოვრებას გაამარტივებს, საზღვრები მოიშლება და აღარ ექნება ადგილი ეთნიკურ კონფლიქტებს. დღეს კი, არაერთი ეთნიკური უმცირესობა აძლიერებს თვითგამორკვევისა და თავისუფლების ძიების პროცესს (ბასკები, კატალონიელები, კოსოვოელი ალბანელები, ჩეჩნები, ხორვატები, ბოსნიელები, მაკედონიელები და ა.შ.).

მეორე მოსაზრების მიხედვით, ეთნიკური მრავალფეროვნება ქმნის მსოფლიოს საინტერესოს.

დღეს ჩემი ეთნიკურობა ჩემი იდენტობის ერთ-ერთი ატრიბუტია. მე არ ვარ მხოლოდ სქესით, ასაკით, პროფესიით ან სახელითა და გვარით განპირობებული, არამედ – ჩემი ეროვნებით. რაც უფრო იზრდება მსოფლიოს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობების მასშტაბები, მით უფრო მეტი ატრიბუტია საჭირო იმის განსასაზღვრად – ვინ ხარ შენ და რა ქცევას უნდა ელოდნენ შენგან. სწორედ ასეთი ატრიბუტია ეთნიკური იდენტობა, რომელიც ჩვენს პიროვნებას დამატებით „ბეიჯს“ ანიჭებს.

ნატალია აბესაძე

ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

დატოვეთ კომენტარი