15 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

ადამიანის უფლებები ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში

spot_img

ნინო შუბითიძე

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა  და ლიტერატურის მასწავლებელ

 

წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს  სკოლის როლის გამოკვეთას ადამიანის უფლებების ჩამოყალიბების პროცესში. იგი, თავისი არსით, სასწავლო ფუნქციასთან ერთად, ამღზრდელობითსაც ასრულებს. ამ მნიშვნელოვან საკითხში ერთ-ერთი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებების დაცვას.

უძველესი დროიდან მოყოლებული, განსაკუთრებით კი დღეს, 21-ე საუკუნეში, უმთავრეს ღირებულებად იქცა ადამიანი. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოც სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. ვფიქრობთ, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა სკოლის პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს და ვინ შეძლებს ამას ყველაზე უკეთ, თუ არა დამრიგებელი და საგნის მასწავლებელი, რომლებსაც შეუძლიათ, ნებისმიერი მასალა ფუნდამენტურ უფლებებს დაუკავშირონ.

დღეისათვის არსებობს უამრავი დოკუმენტი, რომელიც ადამიანისა და ბავშვთა უფლებებს არეგულირებს, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს „ბავშვთა უფლებების კონვენციას“, რომელიც 1989 წელს შეიქმნა, ეროვნულ დონეზე კი – კონსტიტუცია, რომელშიც ყველა ჭრილშია განხილული უფლებები.

სასკოლო საზოგადოებას ხშირად უჩნდება კითხვა, რატომ წარმოადგენს აღნიშნული მიმართულება ყველა საგნის პრიორიტეტს და არა მხოლოდ სამოქალაქო განათლების. დღეისათვის ყველა თანხმდება, რომ ადამიანის უფლებების ჭრილში, ჰუმანიტარული საგნების გვერდით, ამაყად დგას ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნებიც, რადგან შეიცვალა უფლებრივი გაგება და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლების დაცვა ყველა სფეროს მოიცავს.

სკოლაში არსებული რესურსის გათვალისწინებით მასწავლებელს, დამრიგებელსა და სკოლის დირექციას შეუძლია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა, რათა დაწყებითი კლასებიდანვე იქნეს ჩაყრილი ფუნდამენტი. აღნიშნულ პროცესში ორი ძირითადი მიმართულების გამოყოფაა შესაძლებელი – ფორმალური და არაფორმალური განათლება.

აღნიშნულ სტატიაში მოკლედ ვისაუბრებთ, როგორ ნაწილდება ადამიანის უფლებები მოცემულ კლასიფიკაციაში. უპირველესად, განვიხილოთ ფორმალური განათლება. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანის უფლებები არ არის განყენებული ცნება და იგი არსებობს ყველგან, მაგალითად, მათემატიკისთვის ეს არის უფლება, შევძლო სამართლიანად სარგებლის მიღება, რაც შესაძელებელია სხვადასხვა საგნობრივი ცნების ფარგლებში დამუშავდეს. ჰუმანიტარული მეცნიერების ფარგლებში, მეტად თვალსაჩინოა ადამიანის უფლებები. თუ განვიხილავთ ქართულ ლიტერატურას, დავინახავთ, რომ ნებისმიერი ტექსტი სწორედ აღნიშნულ თემას ეხმიანება. მაგალითისათვის ავიღოთ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“, რომელიც მრავალი კუთხით შეიძლება დავუკავშიროთ ადამიანის უფლებებს.

კომპლექსური დავალების გარდა, მასწავლებელს აქვს რესურსი, შექმნას სასკოლო პროექტები, რომელიც, ცნებების დამუშავებასთან ერთად, ადამიანის უფლებებზე იქნება მიმართული.

ადამიანის უფლებების მუშაობის ჭრილში, განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს არაფორმალური განათლება, რადგან, ამ შემთხვევაში, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უფრო მეტი თავისუფლება აქვთ და ამასთან, აღნიშნული მიმართულებები გამოირჩევა მდგადობით.

არაფორმალური განათლების კუთხით შესაძლებელია კლუბების დაარსება, რომელთა სამუშაო მიმართულებაც სწორედ ეს უკანასკნელი იქნება. რაც შეეხება სადამრიგებლო პროექტებს, ამ შემთხვევაში, დასაშვებია ნებისმიერი თემის განხილვა აღნიშნული საკითხის ჭრილში და მინი-პროექტების განხორციელება – დემოკრატიული კომპეტენციები, ადამიანის უფლებები ციფრულ სამყაროში, მოზარდთა ჯანმრთელობის უფლებები და ა.შ. როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში, დამრიგებელს სრული თავისუფლება აქვს.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებებზე მუშაობა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სასკოლო საზოგადოებისთვის, მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ეს პროცესები სწორედ სასკოლო სივრციდან უნდა იღებდეს სათავეს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები