13 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა, საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციის „მერსი ქორპსი“ მხარდაჭერით, აგროჟურნალისტიკისა და აგროგანათლების საერთაშორისო კონფერენციას ონლაინ რეჟიმში უმასპინძლა. მასში მონაწილეობდნენ სამეზობლო აგროგილდიის წარმომადგენლები როგორც საქართველოდან, ისე უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ასევე, ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ დასავლელი კოლეგები შვეიცარიიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
შეხვედრაზე, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, რის საფუძველზეც ფორუმისადმი ინტერესი მაღალი იყო. მონაწილეთა თქმით, პანდემიით გამოწვეული ონლაინ ფორმატის მიუხედავად, კონფერენციის მუშაობა საქმიანად წარიმართა. პლენარული პანელის შემდეგ, მუშაობა სექციებში გაგრძელდა, სექციები კი თემატურად იყო დაყოფილი. გამომსვლელებმა აგროჟურნალისტიკის სწავლების მიზნებსა და აგროგანათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და აგროკონფერენციის სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ნათია კუპრაშვილმა აღნიშნა, კონფერენციის მოხსენებები როგორც კვლევითი, ისე პრაქტიკული ანალიზის ნაწილში, ძალიან მაღალ დონეს აჩვენებდა. მისივე თქმით, კონფერენციაზე წარმოდგენილი თემებით შეიქმნა ზოგადი სურათი, თუ რა ხდება აგრომიმართულებით რეგიონში.
„აღნიშნული კონფერენცია, თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით, ძალიან მაღალი დონის იყო. ის ფაქტი, რომ ფორუმი წარმატებით შედგა, არა მხოლოდ საკუთრივ აგროჟურნალისტიკის, არამედ მთლიანად დარგის განვითარებისთვის წინგადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეიძლება, ჩაითვალოს. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მსჯელობასა და, საერთო პროექტების კუთხით, პრაქტიკულ მუშაობას უფრო დიდ შედეგებზე გავყავართ, ვიდრე მხოლოდ სამეცნიერო მიზნებია. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც თავის სახელს ზედმიწევნით ამართლებს, გამოვცემთ ჩვენს პრაქტიკულ და სამეცნიერო შრომებს“, – აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.
კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჭალაგანიძის თქმით, დარგის ექსპერტებმა, მათ შორის აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, კონფერენციის მუშაობას მაღალი შეფასება მისცეს.
„საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც 13 აპრილს ჩატარდა, აგროკომუნიკაციების დარგის განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მყარი ნაბიჯია. მოხარული ვართ, რომ კონფერენციის თემატიკით დაინტერესდნენ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, არამედ საზღვარგარეთელი კოლეგებიც. ჩვენ ვგეგმავთ, მიღებული მოხსენებები კრებულად გამოვცეთ, რათა დარგით დაინტერესებულ მკითხველს კიდევ ერთი სასარგებლო დოკუმენტი შევთავაზოთ“, – აღნიშნა ნინო ჭალაგანიძემ.
ALCP-ის (Alliances Caucasus Programme) ჯგუფის ხელმძღვანელმა, ელენ ბრედბერმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება ინტერპერსონალურ გარემოში შეხვედრა და აგრომიმართულების განვითარებისათვის სამომავლო გეგმების დასახვა. მისი თქმით, კონფერენციაზე გაჟღერებული მესიჯები ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო. ვიდეოსიუჟეტში ბრედბერიმ აგროჟურნალისტიკის მიმართულებით განხორციელებულ საგულისხმო პროექტებზეც ისაუბრა: 2017 წლიდან, აგროჟურნალისტიკის განვითარებისათვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური მუშაობა დაიწყო; 2018 წელს ჩართულობა რეგიონული მასშტაბით გაიზარდა; 2019 წელს კი „კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის“ ხუთენოვანი სახელმძღვანელო გამოიცა. როგორც ბრედბერმა აღნიშნა, აგროჟურნალისტიკის კურსი წარმატებით დაინერგა საქართველოს მედიასკოლებში.
საერთო ჯამში, აგროკონფერენცია რამდენიმე ძირითად მიზანს ემსახურებოდა: კავკასიის რეგიონში აგროკომუნიკაციების განვითარების წახალისებას, აგროჟურნალისტიკის სწავლებაში თანამედროვე მეთოდების დამკვიდრებას, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების უმაღლეს სკოლებს შორის ერთიანი აკადემიური გარემოს ხელშეწყობას.
სოსო გაზდელიანი,
სალომე შალიკაშვილი