4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია

spot_img

2020 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყება. „ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ გამოყოფილი გრანტის (200 000 ევრო) ფარგლებში, სრულად განახლდება და გამაგრდება მუზეუმის შენობა, საძირკველში ჩადგება გრუნტის წყლების სადრენაჟო სისტემები, რეაბილიტირდება შენობის ექსტერიერი და ინტერიერი, მოეწყობა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საქმიანობისთვის, დამატებით, გამოიყოფა 50 000 ევრო, რომელიც მუზეოგრაფიის გათანამედროვებას და მუზეუმის მიერ  საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამების განვითარებას მოხმარდება. შედეგად, მუზეუმს საშუალება ექნება, ჩაერთოს ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის ტურისტული განვითარების გეგმაში, გააღრმაოს თანამშრობლობა მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმების საერთაშორისო ქსელთან და გაუზიაროს გამოცდილება რეგიონის ფრანკოფონულ ქალაქებს.

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია 3 წელი გაგრძელდება, მას თბილისის განვითარების ფონდი წესების სრული დაცვით განახორციელებს.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 1887 წელს დაარსდა და ერთერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს.

მუზეუმს უნიკალური ბიბლიოთეკა აქვს, სადაც დაცულია XVIII-XIX საუკუნეების საბუნებისმეტყველო თემატიკის უნიკალური წიგნები რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

? აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,  თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდს“, „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციასა“ და სსიპ „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს“ შორის გაფორმდა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები