უმცროსების საჭადრაკო შემოდგომა

700

 

შემოდგომაა და ტრადიციულად აქტუალურია მოჭადრაკეთა   მსოფლიოს ჩემპიონატები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში – ნაწილი უკვე დასრულდა, ნაწილი კი ახლაც მიმდინარეობს, თუმცა შედეგი ერთია: ქართველები ყველგან დიდი წარმატებით გამოდიან.

საბერძნეთის ქალაქ პორტო კარასში დამთავრდა მსოფლიოს ჩემპიონატი 14, 16 და 18-წლამდე მოჭადრაკეთა შორის. იქ წარმატებით გამოვიდა ნიკოლოზ კაჭარავა 14-წლამდელთა შორის, 11 ტურის შემდეგ 9 ქულით პირველობა მან ესპანელ ოსტეო გინესთან ერთად გაინაწილა, თუმცა ბოლო ტური სკანდალურად წარიმართა და ჩვენმა დელეგაციამ ესპანელის პაექრობა გააპროტესტა კიდეც. საქმე ისაა, რომ გინესის მეტოქე კრაცევი აბსოლუტურად თანაბარ პოზიციაში უხეშად შეცდა და წააგო, რითაც ესპანელს თანალიდერობის შანსი შეუნარჩუნა. ჩვენები ეჭვობდნენ, რომ კრაცევი განგებ დამარცხდა და ამიტომ გააპროტესტეს პაექრობა, მაგრამ…

16-წლამდელებში მესამე ადგილზე გავიდა ნიკოლოზ პეტრიაშვილი, რომელიც ტურნირში 31 ნომრად იყო განთესილი, ახლა კი საერთაშორისო ოსტატის ნორმაც შეასრულა.

უმცროსი ასაკის ჭაბუკთა – 8, 10 და 12-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ახლა მიმდინარეობს ესპანეთის ქალაქ სანტიაგოში, სადაც ჩვენები თითქმის ყველა კატეგორიაში გამოდიან. მათგან ჯერჯერობით ყველაზე კარგად 8 წლის გოგონებში კესარია მგელაძე გამოდის, ვინც 7 ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერთა შორის იყო. სამწუხაროდ, მერვე ტურში მგელაძე დამარცხდა რუს ვერონიკა იუდინასთან და კვლავაც 6 ქულა დარჩა, ცხრილს კი სათავეში სწორედ იუდინა ჩაუდგა. ჩვენებური კოეფიციენტებით მე-7 ადგილზეა, მაგრამ 6 ქულა აქვს მეოთხეზე მყოფ ამერიკელ ეველინ ქიაოსაც. 13 ნოემბერს მგელაძე მორიგ შეხვედრას მონღოლ მუნკდემბერელ პაგამდულამთან ჩაატარებდა, ისიც 6-ქულიანთა შორისაა.

ამავე ასაკის ბიჭებში ბექა წვერავაც თამაშობს, თუმცა მის ანგარიშზე 8 ტურის შემდეგ 4 ქულაა.

8 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს 10-წლამდელ ბიჭებში დავით ნემსაძეს და ისიც ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერთა სამეულს, რომელშიც რუსი მაქსიმ ვოლკოვი, ჩინელი იუეჰენ ჯინი და ვიეტნამელი ან მინ დანი შედიან. აღსანიშნავია, რომ ბოლო, VIII ტურში რუსმა ფრედ ითამაშა, ჩინელმა და ვიეტნამელმა კი გაიმარჯვეს და სამხელისუფლებიანობაც ამის შემდეგ დამყარდა. რაც შეეხება ნემსაძეს, ამ ტურში მან რუსი რასულ რაზბადინოვი დაამარცხა და პოზიცია გაიმყარა, მორიგ შეხვედრას კი კანადელ ანტონ ათანასოვთან გამართავდა. იმავე ტურში ვოლკოვი ჩინელს ხვდებოდა, რაც ძალზე საყურადღებო პარტიაა.

ამავე ასაკში დავით ლომთაძისა და კახაბერ კიზირიას ანგარიშებზე ჯერჯერობით 4-4 ქულაა, ხოლო გოგოებში ანასტასია კირთაძეს 5, მარიამ გვათუას კი 4.5 ქულა აქვთ.

დაბოლოს, 12-წლამდელები, სადაც მონაწილე მხოლოდ გოგოებში გვყავს – 2 მოჭადრაკე. ბარბარე ცირეკიძეს 5 ქულა აქვს და ჯერ კიდევ ინარჩუნებს პრიზიორებში მოხვედრის შანსს, ანა მამარდაშვილის მონაგარი კი 4 ქულაა. ბოლო, მე-8 ტურში ცირეკიძემ უელსელ ჰიია რაის მოუგო, მამარდაშვილი კი სვენია ბუტენანდთან დამარცხდა. მორიგ ტურში ცირეკიძეს მეტოქედ სლოვაკი ვიქტორია ნადჟამოვა ჰყავდა, მამარდაშვილს – ამერიკელი ჯოი კაო.

ამ ასაკის ბიჭებში, 8 ტურის ქულათა მაქსიმუმით და უდანაკარგოდ, 8 ქულით, ინდოელი გუკეში ლიდერობს, რომელიც რეიტინგითაც პირველია.

ირაკლი თავაძე

დატოვეთ კომენტარი