25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სქემის ნაცვლად „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, კანონში ცვლილებისთანავე, სახელი გადაერქმევა და ის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის სახელით იფუნქციონირებს. რამ განაპირობა და რას დაეფუძნა სქემაში ასეთი რადიკალური ცვლილებები? მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აცხადებს, რომ ცვლილებები იმ მიგნებებს დაეფუძნა, რომლებიც კვლევების შედეგად მიიღეს. „პირველი სწორი ნაბიჯი, რაც რეფორმის გუნდმა გადადგა (ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მეც ამ გუნდის წევრი ვარ), შეფასდა   არსებული მდგომარეობა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით. ჩვენ შემდგომი საქმიანობა, ანუ რეფორმის დაგეგმვა სწორედ ამ შეფასების ანალიზს დავუკავშირეთ. დამოუკიდებლად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ჩაატარა ფოკუსჯგუფები. დაახლოებით, 17 ფოკუსჯგუფი ჩავატარეთ თბილისსა და რეგიონებში – შევხვდით პედაგოგებსა და დიერქტორებს, განათლების ექსპერტებს და მათთან საუბრის შედეგად გამოიკვეთა ის აუცილებლობები, რის შეცვლასაც ვაპირებთ.“ – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

 

კვლევების შედეგად კი, როგორც ცენტრის დირექტორი ამბობს, ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა ძალიან მაღალი დონის ბიუროკრატია. სამწუხაროდ, პედაგოგების უმეტესობამ, საბუთების ატვირთვასა თუ თვითშეფასების დაწერაში დაიხმარა კოლეგები. „დაუდასტურებელი ინფორმაციით ამაში გასამრჯელოსაც იღებდნენ ჯგუფები, ეს ინფორმაცია ფეისბუქზე ვრცელდებოდა, თუმცა, ბუნებრივია ამას ვერ დავადასტურებ, – ამბობს ბერიკა შუკაკიძე. მისივე თქმით, საბუთომანიამ მასწავლებელი მოწყვიტა საკლასო ოთახს და გაკვეთილისთვის განკუთვნილი ისედაც მცირე დრო და მთელი ყურადღება მნიშვნელოვანი საქმიანობიდან საბუთების შევსება-ატვირთვა-გამოგზავნაზე გადაიტანა, შემდეგ ცალკე   ცენტრი იყო დაკავებული ამის შეფასებით. რეფორმის ფარგლებში კი, პრობლემასთან შებრძოლება ბიუროკრატიის მინიმალურ დონეზე დაყვანით იგეგმება.

„რა თქმა უნდა, შემცირდება ბიუროკრატია, რადგან გაუქმდა თვითშეფასების კითხვარი, რომელიც, რეალობამ აჩვენა, რომ არაეფექტური იყო. თუმცა, პედაგოგებს, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ, შეუძლიათ, ნებაყოფლობით შეავსონ და გამოაგზავნონ ცენტრში. ჩვენც დავეხმარებით, რომ ისინი უკეთესი პედაგოგები გახდნენ.“ – ამბობს ბერიკა შუკაკიძე.

რაც შეეხება ვადებს, როდის მოხდება ცვლილებების სრულად გატარება, ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ: „არასწორი ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელებში, თითქოს, ჩვენ პენსიაში გაშვებას ვუპირებთ პედაგოგებს და ახლავე ვიწყებთ მოქმედებას. ჩვენთვის უზენაესია კანონი და მას ვერც ჩემი და ვერც ჩემი ზემდგომის გადაწყვეტილება ვერ შეცვლის. კანონი ამბობს, 2019 წლის სექტემბრამდე, არსებული სქემა ძალაშია, მოქმედია და ძალადაკარგულად ვერ გამოცხადდება. ამიტომ, პედაგოგები ყველა იმ აქტივობის გაგრძელებას შეძლებენ, რაც დაგეგმილი იყო სქემის მიხედვით და ვინც საჭირო კრედიტების რაოდენობას დააგროვებს, სტატუსსაც შეიცვლის. მათ არ შეეშლებათ ხელი ამ საქმიანობის განხორციელებაში. რაც შეეხება სტატუსის შენარჩუნებას, წინა მინისტრის დაპირება იყო, რომ მათ სტატუსს საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება მასწავლებლის პროფესიული განვითარება შეჩერდეს. ეს იმდენად ცვალებადი სფეროა, რომ მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ეცნობოდეს სიახლეებს. ეს პროცესი რომ არ შეჩერდეს, ამიტომ ვიფიქრეთ ასეთი რამ – ადამიანებს, რომლებსაც სტატუსისი შესაცვლელად საჭირო კრედიტების რაოდენობა არ აქვთ დაგროვილი, მივცემთ საშუალებას, პროფესიული განვითარების გზით შეინარჩუნონ სტატუსი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მასწავლებლებმა, რომლებმაც ვერ დააგროვეს საკმარისი კრედიტების რაოდენობა, სკოლა გადაწყვეტს თუ რა მიმართულებით სჭირდებათ პროფესიული განვითარება. პირობითად, პედაგოგს პრობლემა აქვს კლასის მართვაში ან მას სურს გახდეს უკეთესი ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენი ცენტრი ან გარე პროვაიდერი უზრუნველყოფს მისთვის ტერნინგსერვისს.   ტრენინგის წარმატებით გავლა საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს. რეფორმის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება და მიზანი იქნება, როგორმე სკოლა ისე გავაძლიეროთ, რომ თვითონ შეძლოს საკუთარი თავის მართვა, რადგან შეუძლებელია უზნაძის №92-დან 2083 ინსტიტუცია – სკოლა მართო ეფექტურად, ეს მინისტრმაც აღნიშნა თავის გამოსვლაში. სკოლებმა უნდა ისწავლონ და ჩვენ უნდა მივეხმაროთ იმაში, რომ დამოუკიდებლად მართონ სასწავლო პროცესი.“- განაცხადა ცენტრის დირექტორმა.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები