25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სქემაში განხორციელებული ცვლილებები მასწავლებლებს ბიუროკრატიისგან ათავისუფლებს

spot_img

განათლების სამინისტრომ დაგეგმილი და განხორციელებული ძირეული რეფორმების განხილვა დაიწყო.

„ორი კვირის განმავლობაში ვისაუბრებთ სექტემბერში დაანონსებულ რეფორმაზე, იმ პრიორიტეტებზე, რომლებზე აქამდეც გვქონდა საუბარი. ეს ორი კვირა შეგვიძლია ერთ-ერთ გარდამავალ ეტაპად ჩავთვალოთ. ყველაფერი იწყება დღეიდან“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მისივე განცხადებით აღნიშნული რეფორმები განათლების სისტემის 10 მოდულს შეეხება. დაანონსებული ორკვირიანი შეხვედრების პირველი დღე სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ჩატარებული სამუშაოებისა და დაგეგმილი სიახლეების გააცნობას დაეთმო. მომდევნო დღეებში, შემდეგ პანელებს წარადგენენ: ინფრასტრუქტურული პროექტები; ინოვაცია და ტექნოლოგიები; ეროვნული გამოცდები; ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში; უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი; პროფესიული განათლება; მეცნიერება; განათლების კლასტერები​.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ მასწავლებელთა პროფესიული სქემის პრეზენტაციაზე იმ ძირითად ცვლილებებზე ისაუბრა, რისი განხორციელებაც იგეგმება. ცვლილებების დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება ეტაპობრივად მიიღებს.

  • გაუქმდება კრედიტქულების დაგროვების სისტემა და განისაზღვრება გარდამავალი ეტაპი

„როგორც ვიცით, არსებობს მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისა და შენარჩუნების სისტემები, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ 2018-19 სასწავლო წლის ბოლომდე, ის ადამიანები, ვისაც დაწყებული აქვთ ეს პროცესი, არ შევაფერხოთ. ისინი გაგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. მასწავლებლის სასტუსის შენარჩუნებისათვის მათ 31 დეკემბრამდე განვუსაზღვრავთ ვადას, რომ პროფესიული განვითარება განახორციელონ. ეს მოხდება, ძირითადად, ტრენინგზე დასწრებით და ამის გეგმასაც მოგაწვდით დაწვრილებით. ასე რომ, მათ შეეზლებათ მშვიდად, წყნარად განაგრძონ საქმიანობა სკოლებში.“ – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

 

მიხეილ ბატიაშვილი: „ეს არ იყო ჩვენი ცალსახა გადაწყვეტილება, ის ეყრდნობა კვლევებს, რომლებსაც ვახორციელებდით ამ ხნის განმავლობაში. რადგან ჩვენი პრიორიტეტი მოსწავლე და მისი განვითარებაა, პედაგოგი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. დღევანდელი სისტემით კი, მასწავლებელი კრედიტქულების დაგროვებაზე უფრო მეტს ზრუნავს. მას ამისთვის ბიუროკრატიული ბარიერები შევუქმენით. კრედიტქულებზე ზრუნვაში კი, იკარგება ბავშვი, სასწავლო პროცესი და აქცენტი რეალურად ბიუროკრატიულ პროცესებზე გადადის. პედაგოგს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ყურადღება საგაკვეთილო პროცესიდან ვირტუალური ქულების დაგროვებაზე არ გადაიტანოს, თუმცა, შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება პედაგოგი, რომელიც აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში და რომელსაც შევუქმნით შესაბამის პირობებს (მათ შორის ეკონომიკურსაც), მათ შორის ნაკლები ბიურიკრატისა და მეტი შემოქმედებითი აქტიურობისათვის. ცვლილების პირველი ნაწილი, როგორც ვთქვით, ეტაპობრივად განხორციელდება, რომ უკვე ჩართულ ადამიანებ არ დაეკარგოთ გაწეული შრომა. გრძელვადიანი ორიენტირი კი ბავშვისკენ, პედაგოგისკენ და საგაკვეთილო პროცესისკენ უნდა ავიღოთ და არა დოკუმენტომანიისკენ. ამიტომ, ცვლილება, რომელიც კრედიტქულების გაუქმებას გულისხმობს, მიმართულია იმისკენ, რომ პედაგოგს, რაც შეიძლება გავუმარტივოთ ცხოვრება და სამუშაოდ შესაბამისი პირობები შევუქმნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მივიღებთ იმ ძლიერ, დამოუკიდებელ სკოლას, რომელზეც ვსაუბრობთ.“

  • გაუქმდება თვითშეფასების კითხვარისა და პორტფოლიოს ატვირთვის ვალდებულება.

 

ბერიკა შუკაკიძე: „როგორც კვლევებმა გვაჩვენა, პედაგოგების უმეტესობა თვითშეფასების კითხვარს სხვებს ავსებინებდა და ამაში გარკვეულ გასამრჯელოსაც კი იღებდნენ ადამიანები. ამიტომ ჩვენ არ გვჭირდება ისეთი დოკუმენტების წარმოება, რომელსაც არანაირი ეფექტი არ აქვს საკლასო ოთახში. მთელი გუნდი ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაეთმოს ბავშვს და ნაკლები – საბუთების შეგროვებასა და ატვირთვას. თუმცა, თვითშეფასებისთვის შესაძლებელია მასწავლებელმა მოითხოვოს კითხვარის შევსება და პორტფოლის ატვირთვა. ცენტრი მზად არის დაეხმაროს მათ. თუმცა, ვიმეორებ ამას ოფიციალური სახე აღარ ექნება.“

  • მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, პირველ ეტაპზე, იქნება საკვალიფიკაციო გამოცდა

 

ბერიკა შუკაკიძე: „გამოცდა არის ყველაზე სანდო მექანიზმი, რომლითაც მასწავლებელი ადასტურებს კვალიფიკაციას. არის ასეთი იდეა და ეს ბატონ მიხეილს ეკუთვნის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ( ეს ლადო აფხაზავას შემთხვევამ გააქტიურა) არაფრით ჩამოუვარდება მენტორ მასწავლებელს მის მიერ განხორციელებული საქმიანობით. ამიტომ ლადოს და მისნაირ მასწავლებლებს, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება, გავიდნენ გამოცდაზე და თუ სურვილი ექნებათ, მენტორის გამოცდაც კი ჩააბარონ. რასაკვირველია, გამოცდა ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იქნება. მაგალითად, სტემ-ის საგნებში ეს გამოცდები შეიძლება ლაბორატორიებში ჩაუტარდეთ, რომელსაც ჩვენი ცენტრის წარმომადგენლები და სხვა ექსპერტები დაესწრებიან. გვინდა, გამოცდა მხოლოდ გამოცდისთვის კი არ იყოს, არამედ მოგვცეს საშუალება, დავადგინოთ მასწავლებლის კვალიფიკაცია.“

 

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენი ხედვით, ყველა პედაგოგს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნიდან და უნარებიდან გამომდინარე, მიიღოს ნებისმიერი სტატუსი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ადამიანებს, ვინც ამას იმსახურებს წლების განმავლობაში, არ უნდა სჭირდებოდეთ ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა უმაღლესი სტატუსის მოსაპოვებლად. ლადო აფხაზავა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ამის და მჯერა, რომ ბევრი ასეთი მასწავლებელი გვყავს. სისტემამ, უნდა მისცეს მათ, ნებისმიერ დონეზე გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა. უმთავრესია, ეს გამოცდა შეესაბამებოდეს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რომელსაც რეფორმის ფარგლებში ვაყენებთ. პედაგოგმა წლები ფუჭად კი არ უნდა დახარჯოს, არამედ მოსწავლის ცოდნისა და განათლების ხარისხის ამაღლებას მოახმაროს.“

  • ახალგაზრდა კადრების პროფესიაში შესვლის გზები, რაც შეიძლება, უფრო მეტად უნდა გამარტივდეს და ეფექტური გახდეს

 

„ პროფესიაში, რაც შეიძლება, მეტი ახალი კადრის უნდა მოვიზიდოთ. შესაძლებელია, ძალიან კარგ ფიზიკოს ახალგაზრდას, იმის გამო, რომ დიპლომში პედაგოგის კვალიფიკაცია არ უწერია, უარი უთხრას სკოლამ მუშაობის დაწყებაზე. ამით მას ხელოვნურ ბარიერს ვუქმნით. რასაკვირველია, ეს არასწორი მიდგომაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა,   საბუნებისმეტყველო საგნებში, სკოლებში კადრების დეფიციტია.“ – ამბობს ბერიკა შუკაკიძე.

მიხეილ ბატიაშვილი: „სერიოზული მსჯელობა გვექნება, როგორ გავამარტივოთ არსებული ბარიერები, თუმცა, ეს არ მოხდება ხარისხის ხარჯზე. დროც და შრომაც ერთადერთ მიზანს – ხარისხს – უნდა ემსახურებოდეს. მნიშვნელოვანია როგორ გავამარტივოთ ბიუროკრატია, რომ ხელი არ შეშალოს სკოლებში ახალი პედაგოგების შემოსვლას. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელთაც დღეს არ აქვთ პედაგოგის სტატუსი, მაგრამ აქვთ მაღალი ცოდნა ქიმიის, ფიზიკის თუ სხვა დისციპლინაში. ასეთი კადრები სკოლებში საკმაოდ დიდი დეფიციტია. რაც მეტ ბარიერს შევქმნით, მით უფრო დავაგვიანებთ მათ სკოლაში შეყვანას, რამდენი წელი უნდა ველოდოთ? დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს, ყოველი წუთი, საათი და დღე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცვლილებებისთვის. ამიტომ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გატარდება, სწორედ ახალგაზრდების ხელშეწყობა იქნება – რაც შეიძლება სწრაფად და მინიმალური ბიურიკრატიით მივცეთ შესაძლებლობა, მოხვდნენ მასწავლებლის პროფესიაში. მით უმეტეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში, სადაც, გარკვეულ დისციპლინებში, კადრების დიდი დეფიციტი გვაქვს.

ცვლილების ეს ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ბევრ კითხვას აჩენდეს, მაგრამ, როგორც ვახსენეთ, ერთად ვიმუშავებთ და გადავწყვეტთ, რა ფორმით განხორციელდეს ეს პროცესი, როგორი იქნება გამოცდების სისტემა ან პროფესიაში შესვლისთვის რა კურსებს შევთავაზებთ ახალგაზრდებს პედაგოგიკასა თუ სხვა სფეროებში.“  

 

  • გაზაფხულიდან პროფესიული განვითარების ტრენინგების სერვისების დეცენტრალიზაცია მოხდება.

ბერიკა შუკაკიძე: „აქამდე სახელმწიფო უზრუნველყოფდა სერვისს და უამრავ თანხას ხარჯავდა. თუმცა, შესაძლებელია ის ვერ გატოლებოდა, მაგალითად, ბრიტანეთის საბჭოს მიერ ჩატარებულნ ტრენინგებს. ამიტომ, ჩვენ გავხსნით კარს და შემოვუშვებთ, რაც შეიძლება მეტ დონორს, მეტ საერთაშორისო ორგანიზაციას. თუმცა, რასაკვირველია, ამ პროცესს ჩვენ შევაფასებთ. მოხარული ვიქნები, თუ ბრიტანეთის საბჭო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინგლისურის პედაგოგებისთვის ჩაატარებს ტრენინგებს. სახელმწიფოსთვის კარგი იქნება,თუკი ტრენინგები იქნება უფასო და მაღალხარისხიანი. ამით ისარგებლებს მასწავლებელი და, რაც მთავარია, ისარგებლებს ბავშვი. პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართება, საერთაშრისო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართლობით გამოირიცხება სუბიექტივიზმი. ყველა დაინტერესებულ მხარეს, უნივერსიტეტებს, არასამთავრობოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ – მობრძანდით, გაიარეთ რეგისტრაცია და ჩაატარეთ ჩვენი მასწავლებლებისათვის ტრენინგები.“

მიხეილ ბატიაშვილი: „პედაგოგების გადამზადებას ცენტრალიზებულად ვახდენდით, თუმცა, შესაძლოა მათ სულაც არ სჭირდებოდათ გადამზადება. ამის განსაზღვრა საჭიროების მიხედვით კი არა, ცენტრალიზებულად ხდებოდა. ამიტომ წელს სკოლები თავად გამოავლენენ პედაგოგების საჭიროებებს, რის მიხედვითაც გადამზადდებიან ისინი.

 ჩვენი სისტემა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, უზრუნველყოფს მათი ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ეს ყველაზე სწორი მოდელია და გვჯერა, რომ სკოლის საჭიროების მიხედვით მუშაობა რამდენჯერმე გაზრდის როგორც პედაგოგების კვალიფიკაციას, ისე სწავლების ხარისხს.“

 

  • ნკლუზიური განათლება – სპეცმასწავლებლებისთვის შემოღებული იქნება სხვაგვარი შეფასების სისტემა

ბერიკა შუკაკიძე: „ჩვენი ცენტრისა და, ზოგადად, სახელმწიფოს ხედვაა, მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ ინკლუზიური განათლების მიმართ, მეტი ფინანსური თუ ადამიანური რესურსი გადავისროლოთ ამ მიმართულებით, რადგან დღეს წარმოუდგენელია ცივილიზებული ქვეყანა ამ კომპონენტის გაძლიერების გარეშე. ამისთვის სამინისტროსაც და ცენტრსაც საკმარისად კვალიფიციური კადრი ჰყავს, რომ ამ მძიმე დავალებას გაართვან თავი. რესურსსკოლების სპეცმასწავლებლებისთვის და, ასევე, დანარჩენი სპეცმასწავლებლებისთვის შემოღებული იქნება სხვაგვარი შეფასების სისტემა. ეს იქნება ზუსტი რეფლექსია მათ საჭიროებებზე და ისინი არ იქნებიან განხილული ყველა მასწავლებელთან ერთად. ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით მათ, რომ უფრო ეფექტურად იმუშაონ სსსმ ბავშვებთან.

 რეფორმის პირველ ეტაპზე სკოლას გაძლიერებაში დავეხმარებით, ხოლო მეორე ეტაპზე ველოდებით, რომ   სკოლები თავიანთ თავს მიხედავენ.   თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლის ველზე მივატოვებთ. მუდმივად ვიქნებით მზად მათ დასახმარებლად. შეუძლებელია, დღეს ერთი საჭიროება დავადგინოთ და 2083 სკოლაზე გავავრცელოთ, უმჯობესია, სკოლებმა თავად თქვან, რა საჭიროებები აქვთ და ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ, ამ საჭიროების მიღწევაზე მოვემსახურებით. მოდელი, რომელსაც სამომავლოდ დავამკვიდრებთ, არის ის, რომ სკოლაში შევქმნათ საშუალო რგოლის მენეჯმენტი. დღეს გვაქვს სკოლის დირექცია და გვყავს მასწავლებლები, ამიტომ, უნდა გავაჩინოთ რგოლი, რომელიც დაეხმარება დირექციასაც, მასწავლებელსაც და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება სასწავლო პროცესზე, საბოლოო ჯამში კი, მოგებული დარჩება ბავშვი.“

 

მიხეილ ბატიაშვილი: „პირველ ეტაპზე, ვინარჩუნებთ მასწავლებელთა შეფასების ცენტრალიზებულ წესს. ეს იქნება გარდამავალი ეტაპი. გრძელვადიანად მისი შემფასებელი მხოლოდ მცირე ნაწილით იქნება ცენტრალური ხელისუფლება,   ძირითადად მას სკოლა შეაფასებს, რადგან სკოლაზე კარგად არავინ იცის რა კვალიფიკაციას იმსახურებს მასწავლებელი, გადამზადების რა პროგრამები უნდა გაიაროს. სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, კი იქნება დამხმარე იმისთვის, რომ სკოლამ წარმატებას მიაღწიოს. სიმართლე რომ გითხრათ, ახალს არაფერს ვიგონებთ, რადგან ასეთი სკოლების გარკვეული რაოდენობა უკვე გვაქვს, მაგალითად, რატომ არის კომაროვის სკოლა ძლიერი? იმიტომ, რომ თვითმყოფადი, დამოუკიდებელი ძლიერი სკოლაა და არა იმიტომ, რომ სისტემაა კარგი. კომაროვის, ვეკუას და სხვა წარმატებული სკოლები ავტონომიურად, სწორი სისტემით მუშაობენ, ორიენტირებული არიან შედეგებსა და მოსწავლის განვითარებაზე. სწორედ ამას ვამბობთ, რომ ასეთი მოდელები მაქსიმალურად განვავრცოთ საქართველოს სკოლებში.“

 

ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები