საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის გრიფირების კონკურსი გამოცხადდა

716

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი გამოაცხადა. მიმდინარე წელს VII კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყება, მომდევნო წლებში კი კონკურსი სხვა კლასებსაც შეეხება: 2019 წელს – VIII და IX კლასებს, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, კონკურსი საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე გამოცხადდება.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ, სპეციალურ ბრიფინგზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ახალი კონკურსის პირობები, პროცესის დასაწყისშივე, ცხადი და მკაფიო იქნება ყველასთვის და ადგილი არ ექნება გზადაგზა განხორციელებულ არსებითი ხასიათის ცვლილებებს. გამომცემლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ კი, დამტკიცდება რეცენზირების წესი, ასევე, შეფასების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტორებისთვის მკაფიო გახდეს ეს მოთხოვნები სახელმძღვანელოების მომზადებისთვის. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფაზე; პირველ რიგში, უფრო მეტი დრო მიეცემათ გამომცემლებს სახელმძღვანელოების წერისთვის – მხოლოდ VII კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი; გარდა ამისა, მეტი დრო დაიხარჯება თავად ავტორების მომზადებაზე: სახელმძღვანელოების ავტორებისთვის ჩატარდება ინტენსიური საგნობრივი კონსულტაციები, რომლებიც უკავშირდება თავად საგნის სტანდარტის გააზრებას, ასევე, შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებას. შეხვედრებს ექნება ყოველკვირეული სახე; სამინისტროს გარდა, თემატურ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების წერის პროცესში ავტორებისთვის არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი,“ – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

გრიფირების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა:

* შინაარსობრივი კრიტერიუმები რაოდენობრივად შემცირდა, გახდა უფრო მოქნილი, მკაფიო და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებული;

* ხარისხისა და ფასის კორელაცია – სახელმძღვანელოების ხარისხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საბოლოო ქულის გაანგარიშებაში დაგეგმილია შემცირდეს ფასის წონა, ხოლო შინაარსის ხარისხის წონა კი გაიზარდოს. წინა გრიფირების დროს შეფარდება იყო – 70% (შინაარსი) და 30%(ფასი), ამჟამად პროპორცია ხარისხზე ორიენტირებული იქნება, კერძოდ,   90% – შინაარსის წონა, ხოლო 10% – ფასი;

* რეცენზენტების შერჩევა – წინა გრიფირებისგან განსხვავებით, შემფასებლების შერჩევის პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე. სახელმძღვანელოებს შეაფასებს არა დამატებითი კომისია, არამედ გამსწორებელთა მხოლოდ ერთი ჯგუფი.

სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდება: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

 

დატოვეთ კომენტარი