სამინისტრო რეფორმის აქტიური ფაზის დასაწყისს აანონსებს

987

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებისთვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს. უხლოეს დღეებში, რეფორმის კონკრეტულ დეტალებს საზოგადოებას თავად მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გააცნობს, რომელის თქმითაც, ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს და მიზანს საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს თუ რა გაკეთდა ბოლო თვეების განმავლობაში.

„რეფორმის ყველა მიმართულებაზე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. რეფორმათა პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებზეა ორიენტირებული და თითოეულ მათგანზე სამინისტრო საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში, მიაწვდის“ – განაცხადა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

განათლების ახალი მოდელი მოიცავს როგორც სკოლამდელ და ზოგად განათლებას, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციას და ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებას, ეროვნულ გამოცდებს, ხარისხის უზრუნველყოფას უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, პროფესიულ განათლებას, მეცნიერებას, განათლების კლასტერებს და ა.შ.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სკოლამდელი განათლების მთავარი მიმართულება პიროვნული განვითარების ფუნდამენტი იქნება. ამავდროულად, გულისხმობს ხელმისაწვდომობის ზრდას, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვას, პედაგოგების გადამზადებასა და დამხმარე ელექტრონული რესურსების შექმნას მშობლებისათვის. სკოლამდელი განათლების სტანდარტი ეტაპობრივად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაინერგება.

► ზოგადი განათლების კუთხით, დაინერგება სკოლის ახალი მოდელი, რომლის მთავარი ამოცანა მოსწავლეების კომპლექსური აზროვნების განვითარება იქნება. ახალი მოდელი ითვალისწინებს აგრეთვე სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს, განახლებულ ინფრასტრუქტურას და ა.შ.

► პროფესიული განათლების მიმართულებით დაინერგება სწრაფი, დასაქმების მოქნილი მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება, რეგიონულ განვითარებაზე და სწრაფ დასაქმებაზე.

► უმაღლესი განათლების კუთხით, მთავარი ამოცანა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრაცია და განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, ამასთან უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შექმნა იქნება.

► განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეცნიერთა და ზოგადად, სამეცნიერო მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა, რათა გახდეს ერთიანი ევროპული სამეცნიერო სივრცის ნაწილი.

მინისტრის თქმით, განათლების რეფორმა ყველა მიმართულებისათვის კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს და ის განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.

დატოვეთ კომენტარი