Open Edx-ის ქართული პლატფორმა იწყებს ფუნქციონირებას

547

გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც საქართველოში იქმნება, მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე ოფიციალურად ამოქმედდება. MIT და Harvard-ის მიერ შექმნილ Open Edx-ზე, რომელსაც Stanford, Berckley და სხვა მოწინავე უნივერსიტეტები იყენებენ, ახლა უკვე საქართველოში შექმნილი გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა დაშენდება. Edx-ს ანვითარებენ Google, IBM, Microsoft და სხვა მეგაკორპორაციები და მას მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Open Edx-ის ახალი ქართული პლატფორმა, ქართულენოვანი მასალით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მალე გახდება. Edx-ისგან განსხვავებით, ქართული პლატფორმა უფრო ფართო ფორმატისაა და მასზე განთავსებული მასალა წარმოდგენილი იქნება ვიდეოგაკვეთილებისა და ლექციების, რიდერების, პრეზენტაციების, სამეცნიერო პუბლიკაციებისა და მონოგრაფიების, სტატიების, პოდკასტების და სხვა სახით. მასალაზე იქნება ღია წვდომა და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მისთვის სასურველ სფეროში გაიაროს ონლაინ პროგრამები, ჰიბრიდული პროგრამები, თვითგანვითარების პროგრამები, ინსტრუქტორის მიერ გამართული პროგრამები ან/და სასერტიფიკატო პროგრამები. საგანმანათლებლო მასალა შექმნილი იქნება როგორც კლასიკური სწავლების, ასევე თანამედროვე ტელესაკომუნიკაციო და მულტიმედია ტექნოლოგიების შესაძლებლობების სრული გამოყენებით.

პლატფორმაზე მასალას წარადგენენ როგორც ქართველი, ასვე უცხოელი მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მაღალი, საერთაშორისო დონის კვლევებში. ამ მიზნით, პორტალთან აქტიურად ითანამშრომლებენ უცხოეთში მომუშავე ქართველი  მეცნიერები. პლატფორმა აგრეთვე გამოიყენებს პარტნიორების მიერ ქართულ ენაზე უკვე თარგმნილ  და ადაპტირებულ პროდუქტებს (ფილმებს, გადაცემებს, საჯარო ლექციებს და ა.შ.) და სხვადასხვა დარგის სამეცნიერო პოპულარულ და შემეცნებით ლიტერატურას, ასევე შეიქმნება ახალი მიზნობრივი პროდუქტები, მიმართული სხვადასხვა მოთხოვნილების და დონის აუდიტორიისთვის.

Open Edx-ის ქართული პლატფორმის სამეცნიერო საბჭო, რომელიც საერთაშორისო უმაღლესი დონის მეცნიერებით დაკომპლექტდება,  განსაზღვრას პლატფორმის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოლიტიკას, თემატიკას და სტანდარტს.

პროექტის პარტნიორები არიან: ბიზნესის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი და BTU AI, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პალიტრა ჯგუფი და გამომცემლობა პალიტრა L, კომპანია სილქნეტი და სილქ TV, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვ.

„Covid-19-ის პანდემიის გავრცელებამ, ხაზგასმით გამოკვეთა ელექტრონული სწავლების ინდუსტრიის სწრაფი განვითარების საჭიროება და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. პროექტის მიზანია, ინტერნეტსივრცეში ერთიანი ქართული საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, რომელიც გააერთიანებს მაღალი ხარსხის საგანმანათლებლო კონტენტს და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.“ – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი, BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

დატოვეთ კომენტარი