naec-ისგან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კონსულტაციებს ონლაინრეჟიმში მიიღებენ

744

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის კონსულტაციებს ონლაინრეჟიმში გამართავს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. კონსულტაციები შეეხება რეგისტრაციის პროცესსა და საგამოცდო პროცედურებს.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

⇒ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული   წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
⇒ ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
⇒ მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.
თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის. პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე:  online.naec.ge

დატოვეთ კომენტარი