მასწავლებელი ჩიბათიდან გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორისაა

1436

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა. მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მიზანი, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყველაზე გამორჩეული, შთამაგონებელი და მონდომებული მასწავლებლის პოვნაა, რომელიც ჯილდოდ მილიონ დოლარს მიიღებს. წელს პირველად, ასეთ მასწავლებელთა შორის ჯილდოს ადმინისტრაციამ ქართველი მასწავლებელი დაასახელა ჩიბათიდან, რომელმაც ქართულ საზოგადოებას ძალიან ბევრი აქტივობით დაამახსოვრა თავი.

 

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის და 2012 წლიდან მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. მისი მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რომ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. ლადო მასწავლებელი სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას და აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან არა მხოლოდ საკუთარ სკოლაში, არამედ მთლიანად რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით.

ლადო აფხაზავა: „სიტყვები არ მყოფნის ემოციის გამოსახატავად. წინასწარ მოლოდინი არ შევიქმენი და თავი არ დავიღალე, მაგრამ დღეს, როცა ეს ამბავი შემატყობინეს, დავიბენი კიდევაც და, რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. მარტო იმიტომ კი არა, რომ გლობალური ჯილდოს 50 ფინალისტ მასწავლებელს შორის დამასახელეს, არამედ იმიტომაც, რომ ჩემს უკან ჟიურის 17 წევრი დგას, რომელმაც შარშან ძალიან დიდი მისია დამაკისრა და დიდი ნდობაც გამომიცხადა. მათი ნაშრომი რომ დაფასდა და ნდობა გავამართლე, ყველაზე მეტად ეს მახარებს.

სოციალურ ქსელში აიტვირთა ვიდეო, თუ როგორ გამოხატეს სკოლაში მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ჩემი წარმატება. იქ ერთი „ჩემი ბიჭი“ ჩანს, როგორ მეხუტება გულში – ეს ლევანია, ჩემი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარი, რომელსაც ჩემს შვილად მოვიხსენიებ, ბევრი სირთულე დავძლიეთ ერთად და მახარებს, რომ დღეს ის კარგადაა.  

2017 წლის საუკეთესო მასწავლებელი რომ გავხდი, მაშინ ვთქვი, მე აუცილებლად ვეტყვი მსოფლიოს ქართველი მასწავლებლის სათქმელს და ძალიან მიხარია, ამის შესაძლებლობა რეალურად რომ მომეცა – მართლაც მთელი ქვეყნის პედაგოგების სათქმელს ვიტყვი. შეიძლება ვერ გავიმარჯვო, მაგრამ იმისთვის ვიბრძოლებ, ათეულში მაინც მოვხვდე და საქართველო ძალიან ბევრ პედაგოგს გავაცნო მსოფლიოში.

 ჩემი მთავარი სათქმელი მსოფლიოს გლობალურ ჯილდოზე ის იქნება, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელი გვყავს, უბრალოდ, მე – ლადო აფხაზავამ აპლიკაციის სწორად შევსება და სწორი აქცენტების გაკეთება შევძელი. ვიტყვი ჩვენი მასწავლებლების გულის წუხილსაც, გასაჭირსაც, იმ სირთულეებზეც ვისაუბრებ, რის წინაშეც ქართველი მასწავლებლები ვდგავართ. მართლა გავაგებინებ მსოფლიოს, რომ საქართველოში მასწავლებლის პროფესიას ბევრი ღირსეული ადამიანი ემსახურება. რა თქმა უნდა, დახმარება გვჭირდება, მაგრამ ისე არ ვართ, რომ ჩვენ სხვისი დახმარება არ შეგვეძლოს. ამის დასტურად, თუნდაც, 2017 წლის ეროვნული ჯილდოს ათეულის დასახელებაც საკმარისია.

 ზოგადად, გლობალური ჯილდოს მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. ამ კამპანიის შედეგია საქართველოში ეროვნული ჯილდოს დაარსებაც და ის გამოძახილი, რაც ჯილდოს მოჰყვა. ვიდეო, რომელიც დღეს აიტვირთა, მართლა გულწრფელი მოლოცვა და ემოციაა ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეების მხრიდან. მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახეს, რომ მასწავლებლობა მეტად მნიშვნელოვანი პროფესიაა და იყო წარმატებული მსოფლიოს მასშტაბით ამ პროფესიითაც შესაძლებელია. დღეს ჩიბათის სკოლაში რომ მოხვიდეთ და მოსწავლეებს ჰკითხოთ * რა პროფესიას აირჩევენ, ყველა გეტყვით, რომ მასწავლებლობას. როცა სკოლის მოსწავლეების უმრავლესობა ამბობს, რომ მასწავლებლობა სურს, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. კიდევ უფრო მახარებს ის ფაქტი, რომ ამაში მეც შევიტანე მოკრძალებული წვლილი. თუნდაც ორი-სამი წლის წინ, მოსწავლეებით გადაჭედილ დარბაზში რომ დაგესვათ კითხვა: ვის სურს მასწავლებლობა? შეიძლება არც ერთს არ გამოეთქვა ამის სურვილი. კარგია, რომ ეს თემა დაიძრა და ახალგაზრდებს მოტივაცია გაუჩნდათ გახდნენ მასწავლებლები. ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის „კოალიცია * განათლება ყველასათვის“ და განსაკუთრებული დამსახურება * ირინა ხანთაძეს. მან გვაქცია მსოფლიოს ნაწილად. შარშან, როცა გლობალურ ფორუმზე ვიყავი, დავინახე, როგორ იბრძოდა ქალბატონი ირინა იმისთვის, რომ საქართველოც ყოფილიყო მსოფლიოს ნაწილი. მან ეს მოახერხა და თან ძალიან კარგად. წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიალს გლობალური ჯილდოს ადმინისტრაციის წარმომადგენელი სტუმრობდა, რომელიც გაოცებული დარჩა ცერემონიალით და იმ მიდგომით, რაც ქვეყნის წლის საუკეთესო მასწავლებლის არჩევას ახლდა თან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კოალიციას ამისთვის.“

ირინა ხანთაძე, „კოალოცია – განათლება ყველასათვის“ თავმჯდომარე : „ვულოცავთ ლადოს ამ წარმატებას და ძალიან გვიხარია, რომ გლობალური ჯილდოს ფინალში ქართველი მასწავლებელი პირველად არის წარმოდგენილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ლადოსთვის (ეს მისი პირადი წარმატებაა), მაგრამ ვფიქრობ, მთლიანად ქვეყნის მასწავლებლებისთვის. დიდი სტიმულია მათთვის, როცა ქართველ კოლეგას მსოფლიოს საუკეთესო 50 მასწავლებელთა ჩამონათვალში ნახავენ. ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც, ფინალში საქართველოს სახელი რომ გაჟღერდება, რაც აქამდე არ მომხდარა. წელს 40-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი. თავისთავად, ეს იქნება გარკვეული მოტივაცია ყველასთვის, ვინც ვცდილობთ, მასწავლებლის პროფესიას გავუწიოთ პოპულარიზაცია.

 ლადო შარშანაც მონაწილეობდა და წელსაც, მოხვდა ფინალში. ესეც მისი ხასიათია. მიუხედავად იმისა, რომ შარშან ვერ მოხვდა ყურადღების ცენტრში, ფარ-ხმალი არ დაყარა და წელს ისევ მიიღო მონაწილეობა, ასპარეზობა გააგრძელა და შედეგსაც ხედავთ. წარდგენის ტექსტში ლადოს ახასიათებენ, როგორც ბავშვის უფლებებისთვის მებრძოლ ადამიანს, რომელიც იბრძვის ცვლილებებისთვის და გარდაქმნებისთვის განათლების სფეროში, ეფექტურად ეხმარება ბავშვებს სასოფლო გარემოში, რომ სასიცოხლო უნარებს დაეუფლონ და აქტიური მოქალაქეები გახდნენ.

 მეორე წელია, რაც ჩვენი ქვეყანა გლობალურ ჯილდოს შეუერთდა. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით, რომ ქართველი მასწავლებელი გლობალური ჯილდოს ყურადღების ქვეშ მოექცა. ბუნებრივია, იმედი გვქონდა, სხვა შემთხვევაში, ალბათ, მონაწილეობასაც არ მივიღებდით. თუმცა, ისეთი კონკურენციის პირობებში, სადაც ათიათასობით მასწავლებელს შეაქვს განაცხადი, მაინც არის იმის ალბათობა რომ წარმატებას ვერ მიაღწიო. მონაწილეობას ინდივიდები იღებენ და არა ქვეყნები, აქედან გამომდინარე, შეიძლება ერთი ქვეყნიდან რამდენიმე აპლიკანტმა შეავსოს განაცხადი. ფინალშიც არის წარმოდგენილი ერთი ქვეყნიდან რამდენიმე   მასწავლებელი – ბრაზილიიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან. ეს უფრო ინდივიდების კონკურსია, ვიდრე ქვეყნების. ზუსტი მონაცემი, რამდენი აპლიკანტი მონაწილეობს, გლობალურ ჯილდოს არ გაუმჟღავნებია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი – ათიათასობით.“

ფინალამდე, რომელიც მარტის შუა რიცხვებში, ტრადიციულად, დუბაიში გაიმართება, საუკეთესო ათეული უნდა გამოცხადდეს. როგორც კოალიციაში გვითხრეს, ათეულის გამოცხადების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ – თებერვლის ბოლოს. წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მასწავლებელს და ველოდებით ლადო აფხაზავას ათეულში მოხვედრას.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი