20 აპრილი, შაბათი, 2024

კოალიციის დატვირთული წელი და მიღწევები, რომელმაც ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას წარმატება მოუტანა

spot_img

„კოალიციამ – განათლება ყველასთვის“ 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და შეკრებილ საზოგადოებას ის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელზეც მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას.

„შევაჯამეთ საკმაოდ დატვირთული საქმიანობა, რომელიც კოალიციას 2018 წელს ჰქონდა. – ამბობს კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია. – რა გავაკეთეთ? პირველ რიგში, მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ ორგანიზაციას, მათ შორის მასწავლებელთა საგნობრივ ასოციაციებს. დიდ მიღწევად მიგვაჩნია, რომ წელს შეიქმნა ასოციაციის ტიპის ორგანიზაცია – „მშობლები განათლებისთვის“ და მას უკვე ორჯერ დავუჭირეთ მხარი და ძალიან გვიხარია, რომ ეს ორგანიზაცია მოძლიერდა და ფეხზე დადგა, ჩვენი მხარდაჭერის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. გარდა ამისა, ვმუშაობდით ადვოკატირების მიმართულებით და მთავარი ამ სფეროში დეცენტრალიზაციაა – იმ სერვისების დეცენტრალიზაცია, რომელსაც „მასწავლებლის სახლი“ ახორციელებს. ჩვენი სურვილია, ეს სერვისები გავიდეს გარეთ, მაგალითად, მასწავლებელთა ტრენინგები გარე აქტორებმა განახორციელონ. გვჯერა, რომ ამ პროცესებმა უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რამდენჯერმე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, მომავალშიც გაგრძელდება და სხვა ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

დეცენტრალიზაციის მეორე მიმართულება სისტემის დეცენტრალიზაციას ეხება. გვინდა, რომ ცენტრიდან ძალაუფლება რეგიონებზე გადანაწილდეს, გარკვეული უფლებამოსილებები მუნიციპალიტეტებს გადაეცეთ (მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა-ტრანსპორტირება გადაცემულია). ამ მიმართულების პილოტირებას უკვე მომავალი წლიდან ვიწყებთ, რეგიონული სამინისტროს პოლიტიკური ნებაა და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ.“

მასწავლებლების კუთხით განხორციელებულ მთავარ მიმართულებად   „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ ასახელებს და ამბობს, რომ წელს კონკურსი უფრო ორგანიზებულად ჩატარდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა

„ათეულთა კლუბი“, რომელშიც ჯილდოს წარმატებული ათეულების მასწავლებლები გაერთიანდნენ, მათ მომავალი წელსაც შეემატებიან სხვა გამარჯვებულებიც. ხელს ვუწყობთ მათ კოორდინირებას და გვინდა, რომ ფართო საზოგადოებაში გაიტანონ თავიანთი წარმატებული პრაქტიკა და მასწავლებელთა და მომავალ მასწავლებელთა უფრო ფართო აუდიტორიას გააცნონ. მაგალითად, მანანა კაპეტივაძემ, ცოტა ხნის წინ, ილიას უნივერსიტეტში ჩაატარა ტრენინგები   ინგლისური ენის მომავალ მასწავლებლებთან. მსმენელები აღფრთოვანებული იყვნენ და ამბობდნენ, ნეტავ, ასეთი ტრენინგები ხშირად ტარდებოდესო. ვცდილობთ, „ათეულის კლუბის“ წევრებმა სწორედ მსგავსი აქტივობები განახორციელონ. მათმა საქმიანობამ, გარკვეულწილად, ინსტიტუციური ხასიათი მიიღო, ერთმანეთთან თანამშრომლობენ, სკოლებში დადიან და გვჯერა, მომავალ წლებში, ეს ჯგუფი მთელი სისტემისთვის გახდება მოტორი.“

კოალიციის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო „მდგრადი განვითარების მიზნებზე“ მუშაობაა, თუმცა, როგორც გიორგი ჭანტურია ამბობს, ეს მიმართულება სპეციფიკურია და ძალიან ცოტა ორგანიზაცია მუშაობს დღეს საქართველოში. კოალიციას, წელს, ამ მხრივაც მნიშვნელოვანი მიღწევა აქვს – იმ ჯგუფის წევრია,   რომელიც ამ მიმართულებაზე მუშაობს და წელს თანათავმჯდომარის სტატუსიც მიიღო. „საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, რომ ის მიზნები, ინდიკატორები და ამოცანები, რაც მდგრადი განვითარების სტრატეგიაშია, ქართულ რეალობას იყოს მორგებული. “ – ამბობს კოალიციის დირექტორი.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც კოალიციამ სერიოზულად იმუშავა, სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომაა. „დღეს, საქართველოში, დაახლოებით, 2500-მდე განსხვავებული შესაძლებლობისა და საჭიროების მქონე კერძო და საჯარო სკოლაა. თუმცა, ყველა ცენტრალიზებულად იმართება და მათ ერთი და იმავე მოთხოვნებს ვუყენებთ. ჩვენი მიზანია სწორედ მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების დიფერენცირება. ჩვენი სურვილია, მაგალითად, სკოლას, რომელსაც, სასწავლო პროცესის თვალსაზრისით, ძალიან კარგად აქვს საქმე, მაგრამ შესყიდვების კუთხით უჭირს, მაღალი თავისუფლება ჰქონდეს სასწავლო პროცესის თვალსაზრისით, შესყიდვების ნაწილში კი – მაღალი რეგულირება. სხვადასხვა სფეროებში რეგულირება საჭიროებების მიხედვით უნდა მოხდეს და, რაც მთავარია, თავისუფლების მაღალი ხარისხიც შეუნარჩუნდეთ. ამ მიმართულებაზე სამუშაოდ, სამინისტროსთან ერთად, საკმაოდ მოცულობითი ჯგუფი შეიქმნა და მომავალი წლიდან დავიწყებთ პროექტის საპილოტე რეჟიმში გამოცდას. ჯერჯერობით, არ ვიცით, სკოლებს შერეულად შევარჩევთ თუ კონკრეტულ რეგიონებში. რაც მთავარია, სქემა, თუ რა პრინციის მიხედვით მოხდეს დიფერენცირება, უკვე შექმნილია. მის მიხედვით რეგულირება იქნება მაღალი, საშუალო და დაბალი. თითოეულ სკოლას განსხვავებული კრიტერიუმების მიხედვით მიენიჭება რეგულაციები და თავისუფლების ხარისხი. მაგალითად, თუ სკოლას დაბალი რეგულირება აქვს, შესაბამისად, მეტი თავისუფლება მიენიჭება და სამინისტრო თუ სხვა უწყებები, ამ შემთხვევაში, არ უნდა ჩაერიონ და სკოლას მეტი თავისუფლება უნდა მისცენ.“ – ამბობს გიორგი ჭანტურია.

როგორი იყო 2018 წელი, ზოგადად, ქართული საგნმანათლებლო სისტემისთვის? კოალიციის დირექტორის აზრით, ძალიან არეული წელი იყო, ისევე როგორც 2017: „ჯერჯერობით, მუშაობა ისევ სტრატეგიაზე მიდის, რომელიც რეალურად ჯერ არ არსებობს. მეტიც, ხედვის დონეზეც კი არ ვიცით, რამდენიმე წლის შემდეგ როგორ ხედავს სამინისტრო საკუთარ თავს. მართალია, მიმართულებები წარდგინეს,   თუმცა, იმდენად ზოგადად, რომ, პრინციპში, არაფრის მომცემია. 2018 წელს, ფუნდამენტური არაფერი მომხდარა, რამაც შეიძლება სისტემაში სერიოზული ცვლილება გამოიწვიოს. ერთადერთი შემიძლია დავასახელო დეცენტრალიზაციის პროცესის ღიად გამოცხადება. ჩვენთვის კი, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის“ ჩატარება და გლობალურ ეროვნულ ჯილდოზე ლადო აფხაზავას წარმატებაა. 2018 წელს მნიშვნელოვანი მეტი არაფერი მახსენდება.“

კოალიციის სამომავლო გეგმების შესახებ გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ მათი საქმიანობის პრიორიტეტად, ბუნებრივია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის გაგრძელება რჩება და მათი სურვილია, მომავალში, კონკურსმა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს და მესამე წელს ჯილდო გარკვეული სიახლეების მომტანიც გახდეს. სხვა მიმართულებებიდან ერთ-ერთ მსხვილ პრიორიტეტად განათლების სფეროს დეცენტრალიზაციის შემდგომი ხელშეწყობა რჩება. „ ბუნებრივია, გავაგრძელებთ სკოლების ინფრასტრუქტურის მართვის მუნიციპალიტეტებზე გადაცემის საკითხზე მუშაობას. ვიმუშავებთ, ასევე, მონიტორინგისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის მიმართულებითაც. მეორე პრიორიტეტული მიმართულება, ჩვენთვის, სკოლების მართვის პოლიტიკაში ცვლილებების ადვოკატირება იქნება. ვფიქრობთ, მიდგომა, რომელიც დღეს არის დამკვიდრებული – ყველა საჯარო სკოლის ერთიანი სტანდარტით მართვა – არ ამართლებს და ეს სფერო აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს   გარკვეულ ცვლილებებს. სამინისტროს ვთავაზობთ სკოლების მართვის დიფერენცირებულ პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, სკოლები განსხვავებული მიდგომებით იქნებიან მართული და იმედი გვაქვს, ამ მხრივ, გარკვეული პროგრესი გვექნება. ზოგადად, სკოლების ანგარიშვალდებულებისა და შეფასების მიმართულება უფრო ეფექტურად განვითარდება და 2019 წელი ქვეყნისთვის გარდამტეხი იქნება.“

ღონისძიების მეორე ნაწილი გლობალური ჯილდოს პირველ ქართველ მონაწილეს, ლადო აფხაზავას მიეძღვნა. საზეიმო მიღებაზე ქართველ მასწავლებელს კიდევ ერთხელ მიულოცეს დიდი წარმატება. „ჩვენი შეკრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყველასთვის სასიხარულო ამბავია – ლადო აფხაზავას წარმატება მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე. ეს ნამდვილად დიდი აღიარებაა, პირველ რიგში, ლადოსთვის, მაგრამ ასევე დიდი წარმატებაა ჩვენთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც, რადგან ლადოს წარმატება წაადგება როგორც ჯილდოს, ასევე მასწავლებლის პროფესიას საქართველოში.“ – განაცხადა ირინა ხანთაძემ.

ლადო აფხაზავამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ემოცია, რომელიც გლობალურ ჯილდოზე 50 მასწავლებელს შორის მოხვედრამ მოუტანა. „50 საუკეთესო მასწავლებელს შორის, ჩემი ფოტო რომ დავინახე, მივხვდი   რამდენ ადამიანს აუჩქარდა სიხარულით გული, უცებ დავინახე ირინა ხანთაძე, გიორგი ჭანტურია, მანანა რატიანი და ჟურის ის წევრები, რომლებიც ჩვენ გვაფასებდნენ – მათი გადაწყვეტილება ამ ყველაფრით იყო გამართლებული.“  

მან დიდი მადლობა გადაუხადა ყველას, განსაკუთრებით ჯილდოს დამაარსებელს – ირინა ხანთაძეს, რომელმაც შეძლო საქართველო, განათლების მიმართულებით, მსოფლიოს ნაწილად ექცია. ასევე, განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისადმი, რომელმაც შესაძლებლობა მისცა გადაერჩინა მისი ყოფილი მასწავლებელი და გაეხარებინა ის 8 ბიჭი, რომლებსაც შვილებად მოიხსენიებს. „ფონდმა და მასწავლებელთა ეროვნულმა ჯილდომ, 8 ისეთი ადამიანის გული ააჩქარა სიხარულით, რომლებიც ველოსიპედსა და სენსორულ ტელეფონებზე ოცნებობდნენ, მაგრამ მე შეძენას ვერ ვახერხებდი. დღეს კი, სწორედ ჯილდოს წყალობით, ეს ოცნება ახდენილი აქვთ. დიდი მადლობა ამისთვის“.  

ლადო აფხაზავამ საზოგადოებას ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმაც გააცნო – იწყებს საკუთარ კამპანიას და ფონდების მოძიებას „ათეულთა კლუბის“ გასაძლიერებლად, ბევრი კარგი საქმე რომ აკეთონ ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის – „დროა ჩვენც შევაშველოთ ხელი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ.“

ლალი ჯელაძე

     

      

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები