3000-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოთქვა გარე დაკვირვების სურვილი – რა დეტალები უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა გარე დაკვირვების დოკუმენტაციის ატვირთვისას

1578

5 ოქტომბერს დასრულდა გარე დაკვირვების რუბრიკაზე რეგისტრაცია და, არსებული მონაცემებით, 3000-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოთქვა გარე დაკვირვების სურვილი. გაკვეთილის ჩატარების პერიოდი უკვე აისახა მასწავლებლებთან.

როგორც ცნობილია, წელს პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო, მასწავლებელთა სახლმა, გაზაფხულზე, გარე დაკვირვების პროცესი გადაავადა და მოამზადა ონლაინ დაკვირვების რუბრიკა. აქედან გამომდინარე, მასწავლებლებს დააკვირდებიან დისტანციურად და პირისპირ. პროცესი მთელი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდება და რუბრიკა იმის მიხედვით განხორციელდება, რა სიტუაციაც იქნება კონკრეტულ სკოლაში.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გარე დაკვირვებისა და დისტანციური დაკვირვების შეფასების რუბრიკები გამოაქვეყნა. დოკუმენტების თანახმად, გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩასატარებლად, მასწავლებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია eschool-ში და შესაბამისი თანამიმდევრობით წარმოადგინოს გარე დაკვირვების წესის მიხედვით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. მასწავლებლის შეფასება ხორციელდება: ა) გაკვეთილის შეფასების სქემით, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასებისას და ბ) მასწავლებლის რეფლექსიის შეფასების საფუძველზე.

➡️ განისაზღვრა მაქსიმალური და დადებითი შეფასების მოსაპოვებლად საჭირო ქულები. გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 36. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 27 ქულას.

➡️ სპორტის გაკვეთილის შეფასების მაქსიმალური ქულაა 32. გაკვეთილი დადებითად შეფასებულად ჩაითვლება, თუ ის დააგროვებს ქულათა ჯამური რაოდენობის 75%-ს, ანუ მინიმუმ 24 ქულას.

➡️ დაწყებით საფეხურზე უმაღლეს შეფასებას იმსახურებს იმ ელემენტების გამოვლენაც, რომელთა მიხედვითაც ჩანს, რომ კლასში შექმნილია განწყობა, მოსწავლეებიც ჩაერთონ შინაარსის განმარტებაში, მიზნის დაზუსტებაში. იმ შემთხვევაში, თუ კლასში არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე, მაშინ მათთვის შემუშავებული ინსტრუქციებიც იგულისხმება.

დისტანციური გარე დაკვირვების რუბრიკის მიხედვით რამდემინე მიმართულება გამოიკვეთა:

  1. ვირტუალური სასწავლო პლატფორმის გამოყენება – ვირტუალური სასწავლო პლატფორმის შესაბამისი უნარ-ჩვევების დემონსტრირება; კიბერჰიგიენის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ონლაინეთიკისა და მედიაწიგნიერების ძირითადი პრინციპების დაცვა.
  2. პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირება – ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი ვირტუალური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა; მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს ფორმირება; განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა; კულტურული, რელიგიური, ეროვნული და სხვა მრავალფეროვნების აღიარება და მასთან დაკავშირებული აქტივობების წახალისება; ვირტუალური სასწავლო პროცესის მართვა,  მოსწავლეთა მხრიდან ვირტუალურ სივრცეში ქცევის წესების ცოდნა და მათი დაცვა; ვირტუალური სასწავლო გარემოსთვის შესაბამისი ქცევის მართვის სტრატეგიების გამოყენება; ონლაინპლატფორმის სპეციფიკის გათვალისწინებით მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფა საგაკვეთილო პროცესში; ონლაინგაკვეთილისათვის განკუთვნილი დროის რაციონალურად მართვა.
  3. ონლაინფორმატის რელევანტური სწავლება და შეფასება – სწავლება სამიზნე ცნების/ცნებების და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების შესაბამისი აქტივობებისა და სტრატეგიების გამოყენება; მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და არსებული გამოცდილების გათვალისწინება; დიფერენცირებული სწავლების ძირითადი პრინციპების დაცვა; მაღალი სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარების ხელშემწყობი მიდგომების გამოყენება; მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარება და სწავლის ეფექტური სტრატეგიების დაუფლების ხელშეწყობა; მოსწავლეთა ონლაინშეფასების ობიექტური, სანდო, გამჭვირვალე და ვალიდური სისტემის უზრუნველყოფა; თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების სტიმულირებისა და მათში სწავლის მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობი შეფასების გამოყენება.
  4. სასწავლო რესურსების გამოყენება – დისტანციური სწავლებისთვის რელევანტური და საგაკვეთილო მიზნის შესაბამისი სასწავლო რესურსების გამოყენება; მოსწავლეთა ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისი რესურსების გამოყენება.
  5. ონლაინკომუნიკაცია – ეფექტიანი ვერბალური, არავერბალური და წერილობითი კომუნიკაციის გამოყენება; უკუკავშირის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენება; კრიტიკული შენიშვნების კორექტულად და ეფექტიანად მიწოდება; ეფექტიანი ინსტრუქციების მიწოდება;
  6. რეფლექსია – ჩატარებულ გაკვეთილზე  გაკვეთილისთვის დაგეგმილი აქტივობების, მეთოდების/სტრატეგიების მიზნობრიობის დასაბუთება მისაღწევ შედეგებთან მიმართებით;  ჩატარებულ გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობების და გამოყენებული მეთოდების/სტრატეგიების გაანალიზება და ობიექტურად შეფასება გაკვეთილის გეგმასთან და განზრახულ შედეგებთან მიმართებით; ჩატარებული გაკვეთილის კრიტიკულად შეფასება – მისი ძლიერი და ნაკლოვანი მხარეების/ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი გამოსწორების გზების პოვნა და სხვ.
შენიშვნა:
  1. სწავლების ფორმის გაუთვალისწინებელი ცვლილების შემთხვევაში, მასწავლებლის მომართვის საფუძველზე, შეიცვლება გარე დაკვირვების პერიოდი გონივრული ვადით, რათა შეძლონ სწავლების ახალ ფორმატთან ადაპტირება;
  2. დისტანციური გაკვეთილის მიმდინარეობისას წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში (მაგ. ელექტროენერგიის გათიშვა, ინტერნეტის შეწყვეტა და სხვ.),  ხარვეზის გამოსწორებისათვის დახარჯული დრო მასწავლებელს ჩაეთვლება საპატიოდ და ხარვეზის გამოსწორებისთანავე მიეცემა გაკვეთილის გაგრძელების საშუალება. საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელთან შეთანხმებით, შესაძლებელი იქნება გაკვეთილის გადადება.
  3. დისტანციურ გაკვეთილს შესაძლებელია, არ ესწრებოდეს კონკრეტულ კლასში სიით განსაზღვრულ მოსწავლეთა სრული რაოდენობა.
  4. მასწავლებელმა, დისტანციური გაკვეთილის ჩატარებისთვის, ელექტრონული პლატფორმა მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფის და საგანმანათლებლო მიზნების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს.

გარე და დისტანციური დაკვირვების შეფასების რუბრიკები იხილეთ ბმულზე

⬇️⬇️⬇️

დისტანციური გარე დაკვირვების რუბრიკა

გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკა

რა დეტალები უნდა გაითვალიწინონ მასწავლებლებმა გარე დაკვირვების დოკუმენტაციის ატვირთვისას

🟧 მასწავლებლებმა გაკვეთილის გეგმა უნდა ატვირთონ  ხუთი სამუშაო დღით ადრე, მათ შორის გეგმების ატვირთვა შესაძლებელია  შაბათ-კვირასაც.
🟧 ბუნებრივია, პედაგოგებს გაკვეთილის გეგმის ატვირთვა ახლა იმის მიხედვით მოუწევთ, თუ რა ტიპის გაკვეთილებს ატარებენ მოცემულ პერიოდში – ისინი, ვისაც დისტანციური სწავლება უწევთ, დისტანციური გაკვეთილის გეგმას ატვირთავენ, ხოლო ვინც საკლასო ოთახში ატარებენ გაკვეთილს – შესაბამისი გეგმის.
🟧 მთავარ დეტალებს შორის გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაკვეთილი გაიწეროს იმ დროის მიხედვით, რა ხანგრძლივობის გაკვეთილებსაც ატარებს მასწავლებელი სკოლაში.
🟧 რაც შეეხება ფორმატს, გეგმები უნდა იყოს pdf ფორმატში ატვირთული –  დასკანერებული თუ პირდაპირ pdf- ში გადაყვანილი, სავალდებულო არ არის ხელმოწერა. მთავარია, იყოს მიმდევრობით ჩასატარებელი 5  გაკვეთილის გეგმა, შესაძლებელია ხუთივე გეგმის როგორც ერთ ფაილად, ისე ცალ-ცალკე ატვირთვა.
🟧 გაკვეთილის გეგმები იწერება გაკვეთილის გეგმის ფორმის მიხედვით –   აუცილებელია მოთხოვნილი კრიტერიუმების შევსება.
🟧 მნიშვნელობა არ აქვს შრიფტის ზომას და  გვერდების რაოდენობას. მთავარია,  მოცულობის გათვალისწინება – არ უნდა იყოს 25 მეგაბაიტზე მეტი, რომ სისტემამ მიიმაგროს ფაილი. ასევე, სავალდებულო არ არის დანართების მიმაგრება, მთავარია, აღწერილი იყოს ის რესურსები, რომლებსაც მასწავლებელი გამოიყენებს. რაც შეეხება თარიღს, შეიძლება მითითებული იყოს გაკვეთილის ჩატარების ან ატვირთვის თარიღი.
🟧 აუცილებელია თუ არა, გაკვეთილის ჩატარებისას, სახელმძღვანელოს მიყოლა ან შეიძლება თუ არა სხვა სახელმძღვანელოს გამოყენება და ა.შ.  – ამ კითხვებზე პასუხი ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია,  გარე დაკვირვების წესი განსხვავებულს არაფერს ითხოვს.
🟧  მასწავლებლებს, რომლებიც გარე დაკვირვების გაკვეთილებს პირისპირ ჩაატარებენ, აუცილებლად მოეთხოვებათ კორონავირუსით  გამოწვეულ ინფექციასთან (Covid-19) დაკავშირებული,  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის განსაზღვრული ზოგადი რეკომენდაციების დაცვა.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი