20 აპრილი, შაბათი, 2024

შეცვლილი დაპირება – 100-ლარი 150-ის ნაცვლად ⇒ 2021 წლის ბიუჯეტში ასახული მასწავლებლის სახელფასო ზრდა

spot_img

1 ოქტომბერს, პარლამენტში, 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია შევიდა,  რომლის მიხედვით, 32 005.6 მლნ ლარიდან უდიდესი ნაწილი, კერძოდ, 25 078.7 მლნ ლარი სახელმწიფო საგარეო ვალი იქნება, ხოლო 6 926.9 მლნ ლარი – საშინაო ვალი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მთავრობამ მოიწონა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, თუმცა, ეს პირველადი ვერსიაა და, რა თქმა უნდა, მოხდება მისი მნიშვნელოვანი გადამუშავება. მოგეხსენებათ, Covid 19-ის პანდემიის გამო, გაურკვევლობა, ჯერჯერობით, ძალიან ბევრია. თუმცა, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ ბიუჯეტი პარლამენტში უკვე წარვადგინეთ. დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ეკონომიკურ პარამეტრებს: 2020 წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება 4.9%, თუმცა, 2021 წელს უკვე დავუბრუნდებით 5%-იანი ზრდის ნიშნულს. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე 4%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო მომავალ წელს – 3%-იან მიზნობრივ ინფლაციასთან ახლოს. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც ერთერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, 2021 წელს, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 5,1% გვექნება“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, 2021 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ის ვალდებულებებია ასახული, რაც სახელმწიფოს აქვს აღებული, კერძოდ:  ბიუჯეტში გათვალისწინებულია, პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივა, გათვალისწინებულია, ასევე, სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, სრული დაფინანსება 2021 წლის განმავლობაში მოხდება. 2021 წელს ასევე სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასები“.

 ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ბიუჯეტის შეფასებისას, იმ დანაპირების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ახალ ბიუჯეტში შეიცვლა. კერძოდ,  პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პედაგოგებისთვის ხელფასი, წლის ბოლომდე, 150 ლარით უნდა გაზრდილიყო.  ამ დანაპირების სისრულეში მოყვანის შესახებ საუბრობდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, რომელიც აცხადებდა, რომ  მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა არსებული გეგმის მიხედვით გაგრძელდებოდა და ისინი 150 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებდნენ. ჯერჯერობით,  იმის შესახებ, თუ რატომ შეიცვალა მომავალი წლის ბიუჯეტში დანაპირები, რატომ გადაუხვია მთავრობამ და სამინისტრომ გეგმას, განმარტება არავის გაუკეთებია. შევიტყვეთ მხოლოდ ის, რომ 2021 წელს მასწავლებლებს ხელფასები, დაგეგმილი 150 ლარის ნაცვლად, 100 ლარით გაეზრდებათ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას, აღნიშნა, რომ  პირველად ვერსიაში, პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ხარჯები ჯერჯერობით, არ არის ასახული: პანდემიის წინააღმდეგ ღონისძიებების ნაწილი, ჯერჯერობით, ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არისარც ჯანდაცვის და არც სოციალური და ეკონომიკის მხარდაჭერის მიმართულებით, ვინაიდან ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია გაურკვევლობა. ვფიქრობთ, ოქტომბრის თვე და ნოემბრის შუა პერიოდი მოგვცემს იმის ანალიზის საფუძველს, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ 2021 წლის ბიუჯეტში და საბოლოო ვარიანტში ეს ყველაფერი აისახება. კერძოდ, ჯანდაცვის ნაწილში მნიშვნელოვანი იქნება რა ინფორმაცია იარსებებს ვაქცინაზე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინის შეძენის თუ ისევ ტესტირებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაძლოა ორივე მათგანი იქნეს გასათვალისწინებელი. ასევე, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, როგორი იქნება ეკონომიკური მოლოდინები მსოფლიო მასშტაბით. ოქტომბერში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიურ შეხვედრაში, სადაც გამოქვეყნება მსოფლიო ეკონომიკის განახლებული პროგნოზები. სწორედ ამის მიხედვით, გვექნება უფრო სწორი ანალიზისა და სწორი დაგეგმვის საფუძველი იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის დახმარება დასჭირდება ეკონომიკას. რა უნდა გააკეთოს ბიუჯეტმაუფრო სწრაფ აღდგენაში უნდა დაეხმაროს ეკონომიკას თუ გაგრძელდეს მხარდაჭერის მიმართულებით ღონისძიებები. ასევე, სოციალური კუთხით, ჩვენ ვნახავთ თუ რა საჭიროებები დადგება, ბუნებრივია, ის პაკეტები, რაც წელს გვქონდა, ყველა ვერ გაგრძელდება, თუმცა ეფექტურობიდან გამომდინარე, ზოგიერთ მათგანზე შესაძლოა კიდევ მივიღოთ გაგრძელების გადაწყვეტილება. ამას გვიჩვენებს მსჯელობა, ანალიზი, თუ რა პროცესები შეიძლება წარიმართოს 2021 წლის განმავლობაში და იმის მიხედვით მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირება,“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს დაფინანსებას,  მომავალი წლის ბიუჯეტში  1 738.1 მლნ ლარი განისაზღვრა, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებაზე 199.2 მლნ ლარით მეტია.

ბიუჯეტის მიხედვით განათლების, მეცნიერებისა კულტურის და სპორტის სამინისტრო აღნიშნულ თანხებს შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე დახარჯავს:

⇒ სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 007.5 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია

100.7 მლნ ლარით; მათ შორის გათვალისწინებულია:

√  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით, 2021 წლის იანვრიდან;

√ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – 9.3 მლნ ლარამდე;

√  უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 18.2 მლნ ლარამდე;

√  წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება – 885.0 მლნ ლარი;

√  განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა – 240.0 მლნ ლარი;

√ მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 26.3 მლნ ლარი;

√  საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 23.6 მლნ ლარამდე;

√ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ – 33.0 მლნ ლარი და სხვ.;

⇒ პროფესიული განათლება – 52.5 მლნ ლარი;

⇒ უმაღლესი განათლება – 147.2 მლნ ლარი;

⇒  მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 65.5 მლნ ლარი;

⇒ ინკლუზიური განათლება – 23.7 მლნ ლარი;

⇒ ინფრასტრუქტურის განვითარება – 125.8 მლნ ლარი. მათ შორის:

√ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 54.0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად, გათვალისწინებულია 220 მლნ ლარამდე);

√  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 18.0 მლნ ლარი;

√ უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 5.0 მლნ ლარი;

√ კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა – 8.0 მლნ ლარი.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები