როგორ წარიმართება  ონლაინ თუ პირისპირ გაკვეთილები – ერთი სკოლის მაგალითი   

578

მშობლების საყურადღებოდ:

თუ თქვენი შვილი სწავლობს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში და არის პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების კატეგორიაში, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოთ და თქვენი შვილი საგაკვეთილო პროცესში სახლიდან ჩაერთოს. – ამ განცხადებით მიმართავს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მშობლებს და ურჩევს, ასეთი არჩევანის შემთხვევაში, განაცხადი გააკეთონ საიტზე – online.emis.ge.

ოფიციალური უწყებიდან დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, მას შემდეგ, რაც მინისტრმა ამ შესაძლებლობის შესახებ განცხადება გააკეთა, ვერ შევძელით.

როგორ მოხდება ონლაინ კლასების ორგანიზება, ვინ ასწავლის სახლში დარჩენილ ბავშვებს და როგორია სკოლის/მასწავლებლის მხრიდან მზაობა? აუნაზღაურდებათ თუ არა პედაგოგებს დისტანციური გაკვეთილები საათობრივად? შეძლებენ თუ არა მშობლები, სწავლის დაწყების შემდეგ, გადაწყვეტილების შეცვლას? – ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელზეც ოფციალური პასუხების მოპოვება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამიტომ, ერთი სკოლის მაგალითზე, შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ წარიმართება, ერთი და იმავე კლასში, ონლაინ და პირისპირ გაკვეთილები.

თბილისის 63-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მონიავა, ჩვენთან საუბრისას, ამბობს, რომ მისი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებმა ამ არჩევანის შესაძლებლობა გამოიყენეს და, დაახლოებით, 30%-მა გადაწყვიტა, რომ უმჯობესია შვილი სახლში დატოვოს და მასწავლებელმა მას დისტანციურად ჩაუტაროს გაკვეთილი.

 „I-VI კლასების ჩათვლით, სკოლაში სულ 17 კლასი ფუნქციონირებს, აქედან 5-ში მოსწავლეები სრულად დაესწრებიან გაკვეთილებს სკოლაში, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით ასეა. თუმცა, ეს შეიძლება ერთ კვირაში შეიცვალოს და ყველას მოუნდეს დისტანციურად სწავლება ან პირიქით, გადაწყვიტონ, რომ არანაირი პრობლემა არ არის და მობრუნდნენ საკლასო ოთახებში. შეზღუდულები არც ამაში არიან. დანარჩენი 12 კლასის მოსწავლეების ნაწილი სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ და ნაწილი – პირისპირ. მაგალითად, ერთი კლასი გვაქვს ისეთი, სადაც მხოლოდ სამი ბავშვი არ აპირებს სკოლაში მოსვლას და ეს იმას ნიშნავს, რომ 3 ბავშვისთვის ჩატარდება ონლაინ გაკვეთილები.

რეალურად კი, ნახევარზე მეტმა სკოლაში სიარული აირჩია და მხოლოდ მცირე ნაწილმა, ალბათ, 30%-მდე – ონლაინ სწავლება.“ – გვითხრა ნანა მონიავამ.

რაც შეეხება დისტანციური კლასების დაკომპლექტებას, 63-ე საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კლასები დაკომპლექტება ჩვეულებრივ, როგორც აქამდე იყო, უბრალოდ იმ მოსწავლეებს, ვინც დისტანცურად ისწავლიან, გაკვეთილები დილით ვერ ჩაუტარდებათ, ალბათ, უფრო პირველი საათის შემდეგ, რადგან ონლაინ გაკვეთილებსაც იგივე მასწავლებლები ჩაატარებენ, ვინც საკლასო ოთახებში ასწავლიან. „დისტანციურ გაკვეთილებს კონკრეტულად იმ კლასის მასწავლებელი ჩაატარებს, რომელშიც სწავლობს ბავშვი, რადგან ასეთი სწავლის რეჟიმში ის ისედაც სტრესშია და თუ კიდევ მასწავლებელს შევუცვლით, უფრო გავურთულებთ საქმეს.

 საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა მოუწევს სახელმწიფოს, მაგრამ რადგან ამისთვის მზაობა განაცხადა, ეს მისასალმებელია. თავისთავად, მასწავლებლებისთვის ეს დამატებითი შრომა იქნება, თუმცა, ანაზღაურებადი. პედაგოგი ცალკე ანაზღაურებას მიიღებს დისტანციურ გაკვეთლებში და ცალკე ანაზღაურებას – პირისპირ გაკვეთილებში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ბევრი მასწავლებელი კმაყოფილი იქნება ფინანსური თვალსაზრისით. ცხრილის თავიდან შედგენა მოგვიწია, რომ დამთხვევა არ მომხდარიყო პირისპირ და ონლაინ გაკვეთილების.

 მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებს სკოლიდან ჩაატრებენ თუ სახლიდან, ესეც მათი გადასაწყვეტია. სკოლა უზრუნველყოფს იმას, რომ, სურვილის შემთხვევაში, მათ სკოლიდან ჩაატარონ გაკვეთილები, მაგრამ თუ სახლიდან ურჩევნიათ, ამ შემთხვევაში, სახლიდან ჩაატარებენ. აქაც გააჩნია ცხრილს, თუმცა, მაქსიმალურად ვეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა მასწავლებლების დროის ფაქტორი და, რაც მთავარია, მოსწავლეების საჭიროებებზე მოგვერგო ისე, რომ არც ერთ მხარეს არ შექმნოდა პრობლემა.“

ნანა მონიავა ამბობს, რომ ცხრილის შედგენისას აუცილებლად გასათვალსიწინებელია ისიც, რომ ონლაინ სწავლების მსურველ მოსწავლეებს გაკვეთილებს შორის დიდი შუალედები არ ჰქონდეთ: „არ გვინდა, გაკვეთილებს შორის ორი-სამი საათი იყოს წყვეტა. მაგალითად, ერთ საგანში დილით ჩაუტარდეს გაკვეთილი, მეორე საგანაში – რამდენიმე საათის შემდეგ და ა.შ. როცა ბავშვი მობილიზებულია გაკვეთილისთვის, ასეთი შუალედები მის მოტივაციაზე ცუდად აისახება.“

 

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი