საჩხერის №2 საჯარო სკოლა საუკეთესო პრაქტიკას საერთაშორისო აუდიტორიას გაუზიარებს – მსოფლიოს განათლების კვირეული

1335
„ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ 100 სკოლის გამოცდილებას, რაც ხელს შეუწყობს განათლების მაღალი ხარისხის დამკვიდრებას“ – ეს არის მთავარი გზავნილი „მსოფლიოს განათლების კვირეულის“, რომელიც 2020 წლის 5-9 ოქტომბერს გაიმართება.
„T4 – მსოფლიოს განათლების კვირეული“ და მისი ხელმძღვანელი ვიკას პოტა, მსოფლიოში აღიარებული განათლების ლიდერი, ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა განათლების სფეროში, წელს პირველად, მოუყრის თავს ღონისძიებაზე წინასწარ შერჩეულ 100 სკოლას, მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც მთავარ აქცენტებს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანზე – „ხარისხიან განათლებაზე“ გააკეთებენ.
„მსოფლიოს განათლების კვირეული გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის ხარისხიანი განათლების მიღწევას ემსახურება. ჩვენ ასეთი კოლექტიური გამოცდილების გაზიარებით შევძლებთ დავაჩქაროთ, რომ თითოეული ბავშვისთვის უფრო ხარისხაინი განათლება იყოს ხელმისაწვდომი“- ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებგვერდზე.
მონაწილე სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, კვირეულის ფარგლებში, ონლაინ სივრცეში საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო აუდიტორიას გაუზიარონ. ასეულშია საჩხერის №2 საჯარო სკოლა, რომელიც ონლაინ სივრცეში პრეზენტაციას 8 ოქტომბერს, 16:00 სთ-ზე გამართავს. პრეზენტაციის სათაურია – „როგორ მოვახდინოთ სასკოლო კურიკულუმში ფორმალური, არაფორმალური და პროფესიული განათლების ინტეგრაცია.“

კონფერენციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც 5 ოქტომბრამდე დარეგისტრირდება.

რეგისტრაციის ლინკი https://www.eventbrite.dk/e/t4-world-education-week-tickets…

როგორ მოხვდა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის  მე-2 საჯარო სკოლა მსოფლიო კონფერნციის მონაწილეთა სიაში, რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწია სკოლას და რა თემებზე ისაუბრებენ ქართველი სპიკერები – ამის შესახებ გვესაუბრება სკოლის დირექტორი ლენა  გომართელი:

 

 

– პირველ რიგში, გილოცავთ კონფერენციის მონაწილე სკოლის სტატუსის მოპოვებას. რა გზა გაიარეთ შერჩევის ბოლო ეტაპამდე და რა გამოცდილება უნდა აჩვენოს საჩხერის №2 საჯარო სკოლამ მსოფლიო კოლეგებს?

– დიდ მადლობას გიხდით და გეტყვით, რომ ძალიან საამაყოა, როცა საბოლოო პასუხს იგებ, რომ შენი სკოლა იმ შერჩეული 100 სკოლიდან ერთ-ერთია, რომლებსაც გამოცდილების მსოფლიო მასტაბით გაზიარების შესაძლებლობა ეძლევათ.

რაც შეეხება კონკურსში ჩართვას, სკოლას საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს, რასაც, თუნდაც, ჩვენი ინგლისურის მასწავლებლის, მაია ტყემალაძის გასულ წელს მიღებული საერთაშორისო აღიარება მოწმობს – საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მან, გასულ წელს, მსოფლიოს საუკეთესო ინგლისურის მასწავლებლის კონკურსში მეორე ადგილი აიღო. მოკლედ, ჩვენ იმეილზე ხშირად მოგვდის შეტყობინებები კონკურსების შესახებ და სწორედ ასეთი შეტყობინება მოვიდა მსოფლიოს განათლების კვირეულის შესახებაც. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ უნდა შეერჩიათ 100 სკოლა. ბუნებრივია, შეტყობინებაში კონკრეტული თემები იყო ჩამოთვლილი, რომელიც შეიძლებოდა სკოლებს წარედგინათ: სასკოლო პროგრამების შექმნა, დასაქმების, მეწარმეობისა და ცხოვრებისეული უნარების ასამაღლებლად; ტექნოლოგიების გამოყენება; სწავლა-სწავლების პროცესში მეცნიერების ხელშეწყობა; ოჯახის და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება სასკოლო ცხოვრებაში და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

თუმცა, არჩევანის საშუალებაც გვქონდა, შეგვეძლო, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში, ის თემა წარგვედგინა, რომელშიც ჩავთვლიდით, რომ ექსპერტები ვიყავით. აპლიკაცია საკმაოდ რთულად შესავსები აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ შეზღუდული იყო სიტყვების რაოდენობა. ამიტომ, მოკლედ და მკაფიოდ უნდა ჩაგვეწერა ის ხუთი მიმართულება/საკითხი, რომელიც სკოლის საუკეთესო გამოცდილებად შეფასდებოდა.

– ჩამოგვითვალეთ საკითხები, რითაც 8 ოქტომბერს უნდა წარდგეთ ონლაინ კონფერენციაზე.

პირველი საკითხი და ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენი სკოლა აკეთებს და მიგვაჩნია, რომ კარგად გამოგვდის, არის უცხო ენის სწავლების გაძლიერება, კერძოდ, ინგლისურის. სკოლამ შექმნა საბაზო საფეხურზე ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებული კურიკულუმი, რომელიც ინგლისურენოვანი ლიტერატურის სწავლებას გულისხმობს. ამის გარდა, სკოლაში ჩამოვაყალიბეთ ინგლისურენოვანი დრამის კლუბი, ასევე, ინგლისურენოვანი საჯარო მეტყველებისა და შემოქმედებითი წერის კლუბი. მოკლედ, ფორმალური და არაფორმალური განათლება დავაკავშირეთ ერთმანეთს, რამაც ძალიან შეუწყო ხელი ინგლისურ ენაზე მეტყველების უნარების გაძლიერებას.

მეორე საკითხი პროფესიული სწავლებაა – როგორ დავნერგეთ სკოლაში, პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებები. მეცხრე-მეთორმეტეკლასელებს სულ შვიდი მიმართულებით ვასწავლით პროფესიებს. ასევე, ჩვენთან პროფესიულ განათლებას იღებენ საჩხერის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. სკოლაში ფუნქციონირებს როგორც მოსამზადებელი, ისე სასერტიფიკატო კურსები, ესენია: დურგლის ხელობა, კულინარიის, კონდიტერის, ექთნის, აიტი ტექნოლოგიების, ელექტრიკოსის და დიზაინერის. ამ პროგრამებს, ცხადია, პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით ვაკეთებთ. მართალია, ახლა სამინისტრო გვიფინანსებს, მაგრამ ვიდრე ამ დაფინანსებას მივიღებდით, სკოლამ მანამდე დაიწყო პროფესიული პროგრამების სწავლება. კერძოდ, კულინარიით დავიწყეთ 2016 წელს. ძალიან დიდი ინტერესი მოჰყვა ამ ინიციატივას. სხვათა შორის, ეს მიმართულება მშობლების მოხალისეობრივი ინიციატივების საფუძველზე წამოვიწყეთ – მშობლები ასწავლიდნენ შვილებს კულინარიას. შემდეგ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან გრანტი მოვიპოვეთ. მართლა გასაოცრად კარგი შედეგები მოჰყვა პროფესიული სწავლების შემოტანას სკოლაში. გაიზარდა ბავშვების ინტერესი და მოტივაცია, მშობლების ჩართულობა. შემდეგ, როცა სამინისტრომაც დაიწყო პროფესიული უნარების დანერგვის პროგრამის განხორციელება სკოლებში, ხუთ კოლეჯთან გავაფორმეთ მემორანდუმი და ახლა სკოლაში საკმაოდ კარგი პროფესიული პროგრამები გვაქვს. ასე გადავიქეცით ჰაბის სკოლის სტატუსის მქონე სკოლად, სადაც ნებისმიერ მოსწავლეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლიდან, შეუძლია ჩვენთან პროფესიული განათლებაც მიიღოს.

მესამე მიმართულებად ავიღეთ მშობელთა ჩართულობა – რას გულისხმობს ეს? სკოლაში ჩამოვაყალიბეთ „მშობელთა სკოლა“ და მშობლებს ტრენინგები შევთავაზეთ სხვადასხვა თემებზე. თემებსაც, ბუნებრივია, მათი საჭიროებების მიხედვით ვარჩევდით – მშობლებში გამოკითხვას ვატარებდით და მათ საჭიროებებს ვადგენდით. რა თემაც გამოიკვეთებოდა, შემდეგ ამ მიმართულებით ვატარებდით ტრენინგებს. რაც მთავარია, ყველაფერს მხოლოდ ჩვენი ძალებით ვაკეთებდით და არანაირი დაფინანსება არ გვქონდა ამ საქმეში. მიზანი იყო მშობლების უფრო მეტად გაცნობიერება ისეთ საკითხებში, როგორიც არის, მაგალითად, ბულინგი, კიბერბულინგი, კონფლიქტები, ძალადობა, ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები და ა.შ. ეს ყველაფერი შემდეგ, უკვე პანდემიის პერიოდში, ვებინარების სახით გადავიტანეთ.

მეოთხე თემა უშუალოდ მდგრადი განვითარების მიზნებია. 2015 წლიდან ვცდილობდით, სასკოლო კურიკულუმში ისეთი აქტივობები დაგვენერგა, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას შეუწყობდა ხელს – პერიოდულად სხვადასხვა მიზანზე ვმუშაობდით. მაგალითად, 2015 წელს, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, ჩავერთეთ განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ პროგრამაში – „მსოფლიოს მასშტაბური გაკვეთილი“. ერთ-ერთი თემა იყო გენდერი, ასევე ჯანსაღი ცხოვრება და ა.შ. იმდენად დიდ ინტერსს იწვევდა ეს თემები ბავშვებში, რომ საკლუბო ცხოვრებაშიც კი ჩავრთეთ მდგრადი განვითარების მიზნები. შემდეგ „ნიკო კეცხოველის პრემიაც“ შემოგვეშველა, რომელიც პირდაპირ მდგრადი განვითარების მიზნებზე იყო ორიენტირებული. ამის გარდა, დავწერეთ პროექტი მდგრადი განვითარების მიზნებზე და სამინისტრომ გამოგვიყო თანხა კონკრეტული აქტივობების განსახორციელებლად, ამას უფრო დიდბიუჯეტიანი (6-ათას ლარიანი) პროექტი მოჰყვა, რომელიც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაგვიფინანსა. მეორე გრანტი კონკრეტულად გოგონების ჩართულობას გულისხმობდა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და საბაზო საფეხურზე ჩამოყალიბებული გვქონდა გოგონების კლუბი. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, ჩავთვალეთ, რომ ამ მიმართულებით მართლაც ბევრი გამოცდილება და აქტივობა დაგვიგროვდა, ამიტომ მეოთხე პუნქტად სწორედ ეს თემა წარვადგინეთ.

მეხუთე და, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სტემის გაძლიერებაა – როგორ ვუწყობთ ხელს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ინჟინერიის გაძლიერებას სკოლაში. აქ, ჩვენ, აქცენტი ისეთ მიმართულებებზე გავაკეთეთ, როგორიცაა კლუბური მუშაობა სტემის გასაძლიერებლად – სკოლაში საბუნებისმეტყველო კლუბები ყველა საფეხურზე ჩამოყალიბდა. პანდემიის პერიოდში, ასევე, ოჯახის ექიმის კლუბი და საოჯახო ლაბორატორია ჩამოვაყალიბეთ. მიზანი იყო, გვეპოვა ის, რისი კეთებაც პანდემიის პერიოდში ბავშვებს მშობლებთან ერთად შეეძლოთ. დაწყებით საფეხურზე კი, მაიკრაფტის შემსწავლელი კლუბი შევქმენით. ასევე, სკოლაში ფუქნციონირებს რობოტიკის კლუბი (რომლის შესაქმნელად 10 000-ლარიანი გრანტი ამერიკის საელჩომ გადმოგვცა), ციფრული დიზაინის, ეკოკლუბი, ახალგაზრდა მეცნიერთა, ასტრონომიის და სახალისო მათემატიკის კლუბები. მოკლედ, მეხუთე საკითხის წარდგენისას, სწორედ ამ კლუბების მუშაობაზე გავაკეთეთ აქცენტი. ფაქტია, ჩვენი ხუთივე მიმართულება ძალიან მოიწონეს.

– როგორ გადაამოწმეს, რომ თქვენ ხუთივე მიმართულებით მართლა ექსპერტები ხართ და მსოფლიოს მასშტაბით უნდა გააცნონ თქვენი გამოცდილება კოლეგებს?

– რასაკვირველია, განაცხადის შევსების შემდეგ, ორგანიზატორები დაინტერესდნენ ამით. მეტიც, მათ ისიც აინტერესებდათ, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი მოსწავლეთა შედეგებზე, კონკრეტული მიღწევებით დაინტერესდნენ. ამიტომ ჩვენ ეს უნდა დაგვესაბუთებინა. მაგალითად, იმის დასადასტურებლად, თუ რატომ ვართ ექსპერტები, ის კონკრეტული მიღწევები ჩამოვთვალეთ, რაც ამ მიმართულებით გვქონდა – რამდენი მოსწავლე გვყავს ფლექსის პროგრამაში გამარჯვებული, რომელი გრანტები მოიპოვა ინგლისურის კათედრამ; რა მიღწევები გვაქვს სტემის მიმართულებით – „ლეონარდო და ვინჩის კონკურსში“; ჩვენი მოსწავლის წარმატება, ასევე, მისი მონაწილეობა არიზონას შტატში გამართულ კონკურსში.

შემდეგ მშობელთა ჩართულობის კუთხით მიღებული კონკრეტული შედეგები – რა ტრენინგებს ვატარებდით ამ მიმართულებით და რა წარმატება მოგვიტანა ამან, განსაკუთრებით ახალი სკოლის მოდელში; ასევე, პროფესიულმა განათლებამ რა შედეგები მოგვიტანა; როგორ გადაჭრა ისეთი საკითხები, როგორიც არის ნაკლებად მოტივირებული მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, როგორ დაიმსხვრა მამაკაცური პროფესიების გარშემო არსებული სტერეოტიპები, მაგალითად, როგორ ეუფლებოდნენ დურგლის ხელობას გოგონები ან ელექტროინჟინერიასა და აიტი სპეციალობას. ჩვენ ასევე გვქონდა ჩვენი მოსწავლეების საზაფხულო სამუშაოებზე დასაქმების რამდენიმე შემთხვევა. მაგალითად, მათ მუშაობა დაიწყეს სასტუმროებში, სასადილოებსა და რესტორნებში. კოლეჯები ისეთ სერტიფიკატებს გასცემენ, რომ სამსახურში მათ თავისუფლად იღებდნენ – ჩვენ ამის პრეცედენტები შევქმენით. ამის გარდა, დავასაბუთეთ ისიც, თუ როგორ ვუწყობთ ხელს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვას სკოლაში, მაგალითად, ეზოს გამწვანებით, გოგონების გაძლიერებით და ა.შ. აი, ეს ყველაფერი დავუსაბუთეთ. ცხადია, მოეწონათ. შემდეგი ეტაპისთვის ამ ყველაფრის ფოტომასალა მოითხოვეს. ბუნებრივია, ეს ფოტომასალა გვქონდა და გავაგზავნეთ. ასევე, წინასწარ მოითხოვეს, წარგვედგინა ვინ იქნებოდა კვირეულის ფარგლებში სპიკერი, ის მოკლე ტექსტიც კი, როგორი იქნება დირექტორის მისალმება – როგორ წარადგენს თავის სკოლას. მხოლოდ ამის შემდეგ დაგვიდასტურებდნენ საბოლოო პასუხს, მოხვდა თუ არა ჩვენი სკოლა კონფერენციის მონაწილე სკოლების სიაში.

ორგანიზატორებმა მესამე ეტაპზე გაგზავნილი დოკუმენტაციაც ძალიან მოიწონეს და 1 სექტემბერს საბოლოოდ გამოაცხადეს, რომ ჩვენ ვართ იმ სკოლებს შორის, რომლებიც მსოფლიო სკოლებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.

ჩვენი სკოლა პრეზენტაციას 8 ოქტომბერს გააკეთებს, ჩვენი დროით ოთხ საათზე. წარდგენილი გვყავს ასევე ის ადამიანი, ვისაც ტექნიკურად გადაამზადებენ ონლაინ, ჩაუტარებენ ტრენინგს, როგორ წარმართოს ჩვენი პრეზენტაცია.

ახლა 8 ოქტომბრისთვის ვემზადებით – ხუთი მიმართულება უნდა წარგვადგინოთ და ვისაუბროთ მოსწავლეებთან, მშობლებთან ერთად და მსოფლიოს ვანახოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენ მიერ შერჩეული მიმართულება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, კონკრეტულად კი, ხარისხიანი ხელმისაწვდომი განათლებისთვის, რაც ამ კონფერენციის მთავარი მიზანია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გახსნილია რეგისტრაციის ლინკი და, მინიმუმ, 1000 ადამიანი უნდა დარეგისტრირდეს ჩვენს პრეზენტაციაზე  – ეს ერთგვარი პირობაც კი იყო. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ოფიციალური წარდგენა და ამ ღონისძიებით გვინდა ვამცნოთ ჩვენს გულშემატკივრებს, რომ დარეგისტრირდნენ 5 ოქტომბრამდე ჩვენი სკოლის პრეზენტაციაზე, რადგან ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა.

– დაბოლოს, თქვენ ძალიან ბევრ პროექტსა და აქტივობაზე ისაუბრეთ, რომლებსაც სკოლაში ახორციელებთ. ეს ყველაფერი კი, თვალნათელს ხდის სკოლაში შექმნილ თანამშრომლობით კულტურას და იქ ჩამოყალიბებულ გუნდურ გარემოს. რას გვეტყვით თქვენი გუნდის შესახებ?   

– ყოველთვის მეკითხებიან, რას ნიშნავს კარგი ლიდერი? მეც ყოველთვის ვპასუხობ, რომ კარგი ლიდერი იმას ნიშნავს, რომ მას სკოლის შიგნით ჰყავს  ლიდერები. აი, ასეთები არიან ჩემი სკოლის მასწავლებლები. ინიციატივაც, უფრო ხშირად, მათგან მოდის ხოლმე, ვიდრე ჩემგან. მეც ყოველთვის ხელს ვუწყობ მათ ინიციატივებს და ვცდილობ,  განავითარონ და, ჩემი ხელშეწყობით, კიდევ უფრო უკეთესი გახადონ. ასე რომ, კლუბური მუშაობაა, პროექტი თუ სხვა აქტივობა, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. როცა ვიწყებთ რომელიმე პროგრამის/პროექტის განხორციელებას, პირველ რიგში, ვქმნით გუნდს, რომელიც უშუალოდ ამ მიმართულებაზე იმუშავებს.  ძალიან კარგად მაქვს  შესწავლილი ჩემი კოლეგების შესაძლებლობები და უნარები, ასე ვთქვათ, სკოლის ადამიანურ რესურსს  კარგად ვიცნობ. ვიცი, კონკრეტულ წამოწყებას რომელი კონკრეტული მასწავლებელი გაართმევს თავს, ვის აქვს ამ მიმართულებით ნამუშევარი და ა.შ. მთელი სკოლა ჩართულია პროექტებში იმ შესაძლებლობების მიხედვით, რაც თითოეულ მასწავლებელს და იმ 670 მოსწავლეს აქვს, რომელიც სკოლაში სწავლობს. აქედან გამომდინარე, გუნდური მუშაობით შედეგებიც არ აყოვნებს. ერთად ყველაფერი კარგად გამოგვდის.

ესაუბრა ლალი ჯელაძე 

დატოვეთ კომენტარი