28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

Tracking-ი მოსწავლეების წარმატების წინააღმდეგ

spot_img

დაჩი ტაბატაძე

მაკკლინტოკის საჯარო სკოლა, ტემპი, არიზონა

25 ივნისი, 2020 წელი.

მახსოვს 2018 წლის აგვისტო, როდესაც სწავლა დავიწყე ამერიკის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი შეფასებებით ვიყავი ჩასული, თანაც საერთაშორისო IB სკოლიდან, რომელიც ამერიკაში განსაკუთრებით დაფასებული და პრესტიჟულია, სკოლის ადმინისტრაციამ გვირჩია, თავიდან ე.წ. Regular კლასები ამეღო. როგორც მითხრეს, შემდეგ გადაწყვეტდნენ გადამიყვანდნენ თუ არა Honors ან Advanced Placement (AP)-ის, ანუ უფრო მაღალი დონის კლასებში. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩემი ნიშნებიდან გამომდინარე, სრულიად ვაკმაყოფილებდი მაღალი დონის კლასებში ჩარიცხვის მოთხოვნას, თუმცა რატომღაც სკოლის ადმინისტრაციამ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო.

თავიდანვე ვიცოდი, რომ Regular კლასებში დროებით ვიყავი და კარგად უნდა მესწავლა, რათა მასწავლებლების რეკომენდაცია მომეპოვებინა მაღალი დონის პროგრამაზე გადასასვლელად. თუმცა, Regular კლასებში ისეთი მდგომარეობა დამხვდა, სწავლის მოტივაციის შენარჩუნებაც კი რთული იყო, არათუ სწავლისა და განვითარების სრულფასოვან პროცესში ჩართვა. გაკვეთილები ძალიან მოსაწყენი და ქაოტური აღმოჩნდა, სასწავლო პროგრამა – ძალიან მარტივი, დავალებები – ძირითადად ფაქტობრივ შეკითხვებზე მოკლე პასუხები, მასწავლებელთა მოლოდინები და ენთუზიაზმი – ძალიან დაბალი, მოსწავლეთა მოტივაცია – გამქრალი, არანაირი სწავლის სურვილი. ერთი მიზანი ჰქონდათ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც – მინიმალური ნიშნები მიეღოთ და სკოლის დამთავრებისთვის საჭირო კრედიტები დაეგროვებინათ. ანუ ასეთი სკოლებია ამერიკაში? ვფიქრობდი ჩემთვის და ვცდილობდი, გავრკვეულიყავი სიტუაციაში.

არ ვიცი, როგორ გაგრძელდებოდა ჩემი სწავლა regular კლასებში, ვინ იცის, იქნებ სულაც დამეკარგა სწავლის სურვილი, რომ არა ჩემი საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის რჩევა. სწავლა დაახლოებით ორი ან სამი კვირის დაწყებული იყო, როდესაც დამიძახა და მითხრა, ძვირფასო დაში (ჩ-ს ნაცვლად რატომღაც შ-ს ამბობენ), ალბათ აჯობებს ჩემს საგანში Honors ან AP კლასებში გადახვიდეო. თან მირჩია, თუ სხვა საგნების მასწავლებლებს ჯერ არაფერი უთქვამთ, მათაც გაესაუბრეო. მეორე დღეს სკოლის მეათეკლასელების აკადემიურმა მრჩეველმაც დამიძახა თავის ოფისში. მომცა ფორმები, რომელიც ყველა მასწავლებელთან უნდა მიმეტანა. ამ ფორმებზე ხელმოწერით მათ უნდა გაეწიათ რეკომენდაცია Honors ან AP კლასებში გადასაყვანად.

მაშინ კიდევ უფრო კარგად გავერკვიე, თუ რეალურად რას ნიშნავდა Tracking სისტემა და რატომ ჰქონდა ასეთი დიდი მნიშვნელობა მას ბავშვების მომავლისთვის. ეს სისტემა ითვალისწინებს მოსწავლეების, ადრეული ასაკიდან, სამი დონის სასწავლო პროგრამაში გადანაწილებას – Regular, Honors და Advanced Placement (AP). შესაბამისად, სკოლა სამივე დონის პროგრამას, ანუ კლასებს სთავაზობს მოსწავლეებს.  ე.წ. Regular კლასები არის ყველაზე დაბალი დონის კლასები და მათ ძირითადად ის მოსწავლეები ირჩევენ, რომლებსაც უმაღლესში სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ. Honors და AP კლასები მაღალი დონის კლასებია, განსაკუთრებით – AP. ამიტომაცაა, რომ ის ბავშვები, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება, ძირითადად Honors და AP კლასების კომბინაციას არჩევენ. შესაბამისად, ამ მაღალი დონის კლასების A ნიშანიც მეტად ფასობს, ვიდრე Regular კლასში მიღებული იგივე ნიშანი. აღსანიშნავია, რომ სკოლის შიგნით არსებობს მოსწავლეთა რეიტინგი, მიღებული ნიშნების მიხედვით. რეიტინგზე გავლენას არა მხოლოდ ნიშნები, არამედ მოსწავლის კლასების, ანუ სასწავლო კურსების დონეებიც ახდენს. მოსწავლეთა რეიტინგს, თავის მხრივ, გავლენა აქვს უმაღლესში ჩარიცხვაზე.

ჩემმა ყველა მასწავლებელმა თანხმობა მომცა, მაღალი დონის კლასებში გადავსულიყავი, ანუ ყველას ხელმოწერა მივიღე იმ ჯადოსნურ ფურცელზე, რომელიც თურმე ჩემს ბედს იმაზე მეტად განსაზღვრავდა, ვიდრე ეს მაშინ წარმომედგინა. მხოლოდ ერთი გამონაკლისი აღმოჩნდა. ბიოლოგიის მასწავლებელმა ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ კვლავ Regular კლასში დავრჩებოდი და პროცესში დამაკვირდებოდა. ის წელი ისე დამთავრდა, Honors კლასში გადასვლის თანხმობაც კი არ მომცა, მოუხედავად იმისა, რომ მასთან მუდამ უმაღლესი შეფასება მქონდა. მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ გამაბრაზა და მგონი მის ჯინაზე ვსწავლობდი ბიოლოგიას და ვიღებდი მაღალ ნიშნებს, იმისთვის, რომ მეთერთმეტე კლასიდან მაინც დამეხსნა თავი Regular კლასიდან.

საბედნიეროდ, ბიოლოგიის მასწავლებლის, ჩემი აზრით, უსამართლო გადაწყვეტილება დიდად არ განვიცადე. ყველა სხვა საგანში Honors და AP დონის კლასებში აღმოვჩნდი, სადაც იმდენად განსხვავებული სიტუაცია იყო, რომ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ერთი და იმავე სკოლაში ხდებოდა. პირველი, რაც თვალში მომხვდა (და მანამდე ყურადღება არ მიმიქცევია) იყო მოსწავლეთა შემადგენლობა. Regular კლასებში თუ ძირითადად აფრო-ამერიკელი და ლათინო მოსწავლეები სწავლობდნენ, აქ ძირითადად თეთრკანიანი ბავშვები იყვნენ. ყველას ჰქონდა კარგად ჩამოყალიბებული მომავლის გეგმები. ამიტომ ყველა ძალიან მოტივირებული იყო. თუ Regular კლასებში დიდი დრო სწორედ ბავშვების დაწყნარებაზე მიდიოდა და ზოგჯერ ნახევარი კლასი გაკვეთილის მთელ დროს ადმინისტრაციის ოფისში ატარებდა, მაღალი დონის კლასებში მასწავლებელს დისციპლინაზე საუბარი საერთოდ არ სჭირდებოდათ. ყველა ჩართული იყო საინტერესო დისკუსიებში. ვინმე რამეს თუ ვერ გაიგებდა, სვამდნენ შეკითხვებს, გაკვეთილის შემდეგ ერთმანეთს ეხმარებოდნენ. სასწავლო პროგრამა გაცილებით დატვირთული და საინტერესო იყო, დავალებებიც მეტად მრავალფეროვანი. მასწავლებლებიც მეტად პოზიტიურები, მხიარულები, ჩვენს დახმარებაზე ორიენტირებულები. რაც მთავარია, ერთი და იგივე მასწავლებელიც კი სრულიად განსხვავებულად იქცეოდა და ასწავლიდა აქ. მოკლედ, ჩემი სასკოლო გამოცდილება სრულიად შეიცვალა, და აღარ ვბრაზობდი დედაჩემზე, რომლის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გამო ამერიკაში გადმობარგება მოგვიწია.

Regular კლასებში დიდხანს არ ვიყავი, მაგრამ მოვასწარი და რამდენიმე ბავშვს დავუმეგობრდი. რადგან გაკვეთილებზე ერთმანეთს ვეღარ ვნახულობდით, სკოლის დამთავრების შემდეგ სახლისკენ ერთად მივდიოდით. ერთი ასეთი დაბრუნების დროს ჩემს მეგობარს ვუთხარი, შენც გადმოდი ჩვენთან, სულ სხვა სიტუაციაა და ძალიან მოგეწონება მეთქი. შემომხედა და მითხრა, არაო, I am not smart enough-ო, ანუ არ ვარ საკმარისად ჭკვიანიო. თან თავიდანვე Regular კლასებში ვარ და ახლა როგორღა შევიცლიო. არადა, ჩემი აზრით, ჭკვიანიც იყო და კრეატიულიც. მაგრამ თვითონ არ ფიქრობდა ასე და ეს იყო პრობლემა.

იმ წელსვე ერთ-ერთ საგანში ვისწავლეთ ამერიკის განათლების ორი მთავარი საკანონმდებლო აქტის შესახებ: პრეზიდენტ ბუშის დროს მიღებული No Child Left Behind და ობამას პრეზიდენტობის დროს მიღებული Every Student Succeeds Act. ამ ორივე კანონის მთავარი იდეა არის, რომ არც ერთი ბავშვი არ უნდა ჩამორჩეს და ყველა უნდა იყოს წარმატებული. ფურცელზე კარგად წერია, კარგადაც ჟღერს, მაგრამ, როგორ შეიძლება ყველა ბავშვი იყოს წარმატებული, თუ თავიდანვე  სკოლები მათ გადაანაწილებენ ორ დიდ ჯგუფად – ერთნი, ვინც გააგრძელებენ სწავლას უმაღლესში და გახდებიან ადვოკატები, ექიმები, მასწავლებლები, ბიზნესმენები და ასე შემდეგ. მეორენი კი იმუშავებენ მაკდონალდსის მინიმალურ ხელფასზე. ეს გადანაწილება კიდევ უფრო საგანგაშო ხდება თუ შევხედავთ ამ ჯგუფების შემადგენლობას რასებისა და ოჯახების შესაძლებლობების მიხედვით.

ხშირად მეფიქრება ხოლმე ამერიკაში ჩემს პირველ მეგობარზე, რომელმაც მითხრა, საკმარისად ჭკვიანი არ ვარო. კიდევ რამდენი ბავშვი ფიქრობს ასე? მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არსებობს ერთი დონის კლასიდან მეორეში გადასვლის შესაძლებლობა, პრაქტიკულად ბევრისთვის ეს არაფერს ნიშნავს. ეს კი იმიტომ, რომ  მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კლასიდანვე უწყვეტენ ბედს ერთი ტესტის შედეგების თუ მასწავლებლის შეხედულების გამო. მერე ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენა შეუძლებელია, რადგან ბავშვები თვითონვე იჯერებენ, რომ საკმარისად ჭკვიანები არ არიან და დიდი მიზნების ნაცვლად ემზადებიან მაკდონალდსის მინიმალური ხელფასისთვის. არადა, ბუშის ინიციატივით მიღებული კანონი როგორ კარგად ჟღერს – „არც ერთი ბავშვი უკან“, ობამასი კიდევ უკეთესად – „ყველა ბავშვი წარმატებულია“. ნეტავ მართლა თუ სჯერა ვინმეს, რომ Regular კლასში გადამისამართებული ბავშვი არ „დარჩება უკან“ და იქნება წარმატებული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები