დამატებითი ადგილები – პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი გრძელდება

589

➡ 2020-2021 სასწავლო წლისათვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველკლასელთა მისაღებად განსაზღვრონ დამატებითი ადგილები. რეგისტრაციის III ეტაპზე, 2020-2021 სასწავლო წლისთვის მისაღები კონტინგენტის ოდენობა 80-მდე საჯარო სკოლაში გაიზრდება, კერძოდ: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთისა და ხაშურის საჯარო სკოლებში. ინფორმაცია თავისუფალი ადგილების შესახებ ხელმისაწვდომი ხდება 22 ივნისს, ვებგვერდზე: catalog.edu.ge. დამატებით ადგილებზე რეგისტრაციის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება, 23 ივნისის 12:00 საათიდან, სარეგისტრაციო ბმულის registration.emis.ge-ს საშუალებით.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლებში პირველკლასელთათვის განსაზღვრული ადგილები, საქართველოს მასშტაბით,  ბევრად აღემატებოდა დასარეგისტრირებელთა რაოდენობას. ამის მიუხედავად, ზოგიერთ საჯარო სკოლაში ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებისთანავე ამოიწურა მისაღები ლიმიტი.

აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებმა გაითვალისწინეს მოქალაქეების მოთხოვნა და სამინისტროსთან შეთანხმებით, არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაზარდეს მისაღები ადგილების რაოდენობა. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეებს, 23-დან 25 ივნისის ჩათვლით, შესაძლებლობა ექნებათ, დაარეგისტრირონ პირველკლასელები დამატებულ თავისუფალ ადგილებზე.

მე-3 ეტაპზე, 25 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირებული მოსწავლეების დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 5 ივლისი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის  წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, განახორციელონ პირველკლასელთა რეგისტრაცია, დარჩენილ თავისუფალ ან გამოთავისუფლებულ ადგილებზე,  მე-4 ეტაპზეც. აღნიშნულ ეტაპზე რეგისტრაციის თხოვნით უნდა მიმართონ საჯარო სკოლების ადმინისტრაციას.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

➡ სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.

➡ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.

➡ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

✔ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს; კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

✔ მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: http://mes.gov.ge/s/DpHE2

 

დატოვეთ კომენტარი