18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კონკურსის ათი საუკეთესო მასწავლებელი

spot_img

წლევანდელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეული  გამორჩეული ფორმატით გამოცხადდა ისევე, როგორც დაიწყო – კონკურსის ათი საუკეთესო მასწავლებელი სკოლის ლიდერობის კონკურსის ფინალისტებმა –  გამორჩეულმა ლიდერებმა დაასახელეს. განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, ეცადნენ, მაქსიმალურად მწყობრად ჩაეტარებინათ საკონკურსო შერჩევა, არ დაერღვიათ დრო და ფორმატი. ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ამ ურთულესმა პერიოდმა, უმეტესწილად, სწორედ მასწავლებლების ზურგზე გადაიარა. მათ ძალიან დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდათ ამ თვეების განმავლობაში. ამიტომ, ვალდებულები ვართ, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არც კონკურსს და არც მის მონაწილეებს არაფერი დავაკლოთ. პირიქით, სასურველია, უფრო საინტერესო გავხადოთ წლევანდელი წელი მასწავლებლებისთვის.“

რაც შეხება წლევანდელ ათეულს, ირინა ხანთაძე ხაზს უსვამს იმას, რომ ძალიან საინტერესო შემადგენლობაა, მრავალფეროვნებაა როგორც გეოგრაფიული, ისე საგნობრივი თვალსაზრისით, თუმცა, მისივე თქმით, ეს თავისთავად მოხდა, მიზანმიმართულად არ გაკეთებულა.

ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს და გამრავალფეროვნდეს შერჩევის პროცესი. ამ მიმართულებით, წელსაც სცადეს გარკვეული ცვლილებების შეტანა და, მცირე ექსპერიმენტის სახით, შუალედური ინტერვიუ დაამატეს. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი ჩანართი, კიდევ ერთი დამატებითი ეტაპი ჟიურისთვისაც და აპლიკანტებისთვისაც. მომავალ წელს კი, სხვა სიახლეებსაც იხილავთ, თუმცა, ამაზე წინასწარ საუბარი გამიჭირდება, ვიმსჯელებთ რა სიახლეები შეიძლება შევიდეს კონკურსის ფორმატში. ერთი რამ კი ფაქტია, სიახლეების დრო მოვიდა.

წელს კონკურსის მეოთხე სეზონია და ამ გამოცდილებამ საკმაოდ ბევრ რამ გვაჩვენა. გვინდა, მეტი შესაძლებლობები გავაჩინოთ კონკურსში მონაწილე იმ საინტერესო აპლიკანტებისთვის, რომლებიც ათეულში და ხუთეულში ვერ მოხვდებიან. ერთ-ერთი სიახლე, რომელზეც აუცილებლად ვიფიქრებთ, სწორედ ეს მიმართულება იქნება. გვინდა, მათი ჩართულობის შესაძლებლობები გავზარდოთ, მივცეთ უკუკავშირი, წავახალისოთ იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მეტად შეძლონ. ძალიან ბევრი პედაგოგი, რომელიც კონკურში მონაწილეობს, მართლაც გამორჩეული და საინტერესოა.უბრალოდ, კონკურსია და ჟიურის გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება უწევს აუცილებლად. ამიტომ გვინდა, მათთვისაც შევქმნათ შესაძლებლობები, რომ კონკურსის ფარგლებში გამოავლინონ თავი და ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ჯილდოსთან ერთად.֧“ – ამბობს ირინა ხანთაძე.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლისთვის, ყოველწლიურად, სპეციალური პრიზი გაიცემა, 10 ათასი ლარის ოდენობით.  გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, უკვე რამდენიმე წელია, მხარს უჭერს განათლების კოალიციის საქმიანობას. გვიხარია, რომ წლიდან წლამდე იზრდება საზოგადოების ინტერესი და კონკურსის მიმართ ნდობა. ჩვენ, ყოველწლიურად, ვზრდით პროექტის დაფინანსებას და მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს სხვა არაერთი მხარდამჭერი ორგანიზაციაც ემატება. მიგვაჩნია, რომ სწორედ მსგავსი პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერით, ერთობლივად შევძლებთ, სისტემური გარდატეხა შევიტანოთ განათლების სფეროში და ხელი შევუწყოთ განათლებული და წარმატებული თაობის აღზრდას, რაც დღეს დიდწილად სწორედ წარმატებული მასწავლებლის დახმარებით მიიღწევა,“ – განაცხადა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

რაც შეეხება კონკურსის შემდგომ ეტაპებს, საუკეთესო ხუთეულის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალი 5 ოქტომბერს იგეგმება. კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, ცერემონიის ფორმატის შესახებ მოგვიანებით შევიტყობთ, თუმცა, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ეს ცერემონია რომ გამორჩეული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება, ამას კონკურსის ორგანიზატორები ახლავე გვპირდებიან.

„ნელ-ნელა საზოგადოებას გავაცნობთ წლევანდელი ათეულის მასწავლებლებს და დაინახავთ, რაოდენ საინტერესო პიროვნებები არიან და ვფიქრობ, ათეულთა კლუბსაც ძალიან ძვირფასი შენაძენი ექნება მათი სახით“ – აცხადებს ირინა ხანთაძე.

✔️ წარმოგიდგენთ საუკეთესო ათეულს

 

ციცინო გობაძე, წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, არ ველოდი, რადგან არ ვთვლი, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ. როდესაც ჩემი სახელი და გვარი გავიგონე, ემოციისგან გავშრი, არ დავიჯერე და როცა დასრულდა გამოცხადება, გადავახვიე, ვნახე, ნამდვილად მე ვიყავი თუ არა, ეს იყო უდიდესი ბედნიერება! კონკურსში მონაწილეობა ჩემი კოლეგებისა და შვილების რჩევით მივიღე. მინდა, ყველა მასწავლებელს ვუთხრა, რომ თუ უყვართ თავიანთი პროფესია და საქმე, აუცილებლად შეავსონ განაცხადი, რადგან ეს არის პროექტი, რომელიც არა მარტო კონკრეტული მასწავლებლის, არამედ, პირველ რიგში, მოსწავლეების, სკოლის, კოლეგების სტიმულია, ამიტომ უნდა სცადონ ბედი. ჩემი პირველი გამარჯვება იყო პროექტშიმასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ”, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა.

მასწავლებლისთვის მთავარია, არ გაჩერდეს, იყოს შრომისმოყვარე, შეძლოს მოსწავლის თვალით შეხედოს სამყაროს.

მადლობა მინდა ვუთხრა მასწავლებლის სახლს და ჟიურის წევრებს ნდობისათვის.  ამ კონკურსმა დამანახა, რომ შრომა არ დარჩება დაფასებისა და აღიარების გარეშე,  აღიარებამ კი მეტი პასუხისმგებლობა დამაკისრა არა მარტო ჩემი სკოლისა და მოსწავლეების, არამედ მთელი ქართული განათლების სისტემის, საზოგადოების წინაშე. ახლა გაცილებით მეტი უნდა გავაკეთო. ვხედავ, ფინალისტი მასწავლებლები როგორი აქტიურები არიან, ვეცდები, მეც ღირსეულად დავიმკვიდრო ადგილი მათ შორის.

 

ელზა ხარშილაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი

 

 

 

ეს იყო ზღვა ემოცია, რომელმაც ცრემლების გარეშე ვერ ჩაიარა, ვერც ჩემს ოჯახში და ვერც სამეგობრო წრეში. შეუძლებელია იმ ბედნიერების გადმოცემა, რასაც განვიცდიდი. მოულოდნელობა, სიხარული. ვაღიარებ, არ ველოდი. კიდევ  უფრო ძლიერი იყო ეს ემოცია, რადგან მე წარმადგინა ჩემმა გამზრდელმა  მასწავლებელმა, ჩემმა კოლეგამ და ჩემმა ხელმძღვანელმა. მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ სწორედ ინა ბიწაძემ წარმადგინა საზოგადოების წინაშე. ეს უდიდესი პატივია ჩემთვის.  სწორედ მან დამარწმუნა, რომ უნდა მიმეღო მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, ეს ადამიანები თავდახრილები შრომობენ და აკეთებენ თავიანთ საქმეს უხმაუროდ. მათ გვერდით საჭიროა ადამიანი, ვინც უბიძგებს, რომ გამოშალონ და გამოააშკარაონ საკუთარი შესაძლებლობები. ასეთია „ჩემი“ დირექტორი. ის მართლაც რომ საუკეთესო ლიდერია.

ეროვნული ჯილდოს კონკურსი მასწავლებლისთვის მისი შრომის დაფასებაა, პროფესიის აღიარება. მეტი რა გაახარებს ადამიანის გულს, ვიდრე მისი შრომის დაფასებაა.  მოტივაციას გვიქმნის მასწავლებლებს. ეს ნაბიჯი უკვე დიდი გამარჯვებაა ჩემთვის.  ერთგვარად დეტექტორის ფუნქცია შეიძინა ათეულში მოხვედრამ, ანუ სწორი გზით მივდივარ ჩემს პროფესიაში, სწორად ვვითარდები ჩემს მოსწავლეებთან ერთად. ათეულის წევრობა ეს უკვე უდიდესი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე. ამ მიღწევას მოფრთხილება სჭირდება. აუცილებლად გაზრდის პასუხისმგებლობას პროფესიისადმი, უფრო მეტი მომეთხოვება, ვიდრე აქამდე. მე უკვე ვირწმუე სკუთარი თავის, უფრო მეტი სითამამით მოვკიდებ ხელს ახალ იდეებს და პროექტებს.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ კონკურსში მონაწილეობა ჩემი დირექტორის ინიციატივა იყო. ალბათ ბევრი წელი დამჭირდებოდა იმისათვის, რომ ჩემით გამებედა ამ კონკურსში მონაწილეობა. შევეწინააღმდეგე კიდეც, მაგრამ მან დამარწუნა, რომ ეს იქნებოდა ჩემი პროფესიული ზრდისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, გავეცნობოდი ფართო საზოგადოებას. მე, ამ კონკურსის ფარგლებში, დავინახე შანსი, ამესრულებინა ჩემი უდიდესი სურვილი – მოვიპოვო ჩემი სკოლისთვის დამოუკიდებელი ენერგოსადგური. ჩვენი მაღალმთიანი სოფლისთვის ეს ძალიან დიდ შესაძლებლობებს გადაგვიშლის.

მასწავლებლის პროფესიისთვის მთავარია საკუთარი საქმის სიყვარული, ზოგადად ყველა პროფესიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შრომისმოყვარეობა, შენი პროფესიისა და ბავშვების სიყვარული, სიახლეებისადმი მუდმივი მზაობა, პროფესიულ წინსვლაზე გამუდმებით ზრუნვა: ეს ყველაფერი არის ის, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიაში.

ბავშვობიდან ასე ვფიქრობდი და აზრი არ შემცვლია, რომ მასწავლებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია პროფესიათა შორის. მასწავლებლის ხელშია არა მხოლოდ საკუთარი მომავალი, არამედ მომავალი თაობის აღზრდა-განათლება. როდესაც კლასში ახალგაზრდებს ვუყურებ, ჩვენი ქვეყნის მომავალს ვხედავ. ისინი არიან ის ადამიანები, ვინც ხვალ ქვეყნის სათავეში მოვლენ. როგორ შეიძლება მათ მოაკლო ყურადღება, როგორ შეიძლება მათთან დრო უქმად გაფლანგო. ჩვენ მათ უნდა გავატანოთ სიყვარული, ჩავუნერგოთ ფასეულობები, მოვამზადოთ დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის. მათ უნდა შეძლონ ჩვენი ქვეყნის მომავალის სიყვარულით შენება, ეს ჩვენზე დიდად არის დამოკიდებული.

 

ივანე დიდებელი, ორბეთის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „ახალი თაობის“ ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

 

ჩემი, როგორც მასწავლებლის, დებიუტი შედგა 2012-ში.  რვაწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის/გამოცდილების ფონზე, თამამად ვამბობ, რომ არასოდეს მქონია ამბიცია, ვყოფილიყავი საუკეთესო ჩემს კოლეგებთან მიმართებაში. უბრალოდ, ვფიქრობ, ჩემს საქმეს ღირსეულად ვემსახურები და მთავარიც სწორედ ესაა. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი, მიმაჩნია, რომ უწყვეტი პროფესიული განვითარების მიღებით წინ და სწორ გზაზე მივდივარ.

ბევრ განსხვავებულ სფეროში მიღებული სამუშაო გამოცდილების შედარება მასწავლებლის პროფესიასთან მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს უკანასკნელი გაცილებით რთული და, ამავდროულად, საინტერესოა. საინტერესოსთან ერთად, სახალისოც, რადგან, როდესაც თავს აღმოაჩენ იქ, სადაც ყველაზე მეტად გსიამოვნებს და გიხარია, ნამდვილად იქნები ბედნიერი. ბედნიერება კი წარმატების საწინდარია.

სასიამოვნო განცდაა, როდესაც გულწრფელად ზრუნავ მომავალი თაობის, აღსაზრდელების განვითარებაზე, ცოდნის გადაცემაზე, ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე. ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ხედავ, რომ შენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი თავის მიზანს აღწევს.

ათი წლის წინ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ სფეროსთან რაიმე შეხება მექნებოდა. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ასობით მოსწავლის მასწავლებელი გავხდებოდი და მათ გულწრფელ სიყვარულს მოვიპოვებდი. ახლა რომ მკითხონ, თუ სად ვხედავ ჩემს თავს მომავალი ათი წლის განმავლობაში, ზუსტი პასუხი, ალბათ, არ მექნება, თუმცა, ვიცი, რომ იმ საქმის გარეშე, რომელსაც ახლა ვემსახურები, ძალიან გამიჭირდებოდა არსებობა.

საზოგადოებრივი აღიარების მოპოვება არც თუ ისე ადვილია და განსაკუთრებით მაშინ წარმოადგენს დიდ სირთულეს, თუ მასწავლებელი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში) თავის პროფესიაში არც თუ ისე წარმატებულია.

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წელს ორმა სკოლამ წარმადგინა. ნამდვილად უდიდესი პატივია, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია აფასებს შენს შრომას და ცდილობს, ხელი შეგიწყოს პროფესიულ განვითარებაში. მე კი ყოველთვის ვცდილობ და ვეცდები, გავაკეთო იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ამას ჩემი საქმიანობა მავალდებულებს და გაწეული შრომით, ყველა კმაყოფილი და მადლიერი დავტოვო.

ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რას შეცვლიდა ჩემი გამარჯვება ამ კონკურსში და როგორ გამოვიყენებდი გამარჯვებულის სტატუსს.

პროექტში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, საკუთარ თავთან და მოსწავლეებთან, კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ კონკრეტული საქმის სიყვარულით კეთება და პატიოსანი შრომა ყოველთვის ადეკვატურად ფასდება. ეს, გარკვეულწილად, გულისხმობს პროფესიის პოპულარიზაციას იმ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც ახლახან აიღეს თავზე (ან ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება) ეს უდიდესი პასუხისმგებლობა.

მსურს, ჩემი მოტივაცია და შრომისმოყვარეობა იყოს მისაბაძი და გადამდები ბევრი სხვა ადამიანისთვის.

საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, ვიტყვი, რომ სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი და ინოვაციური მეთოდების აქტიურად გამოყენების გარეშე, ვერ ვიქნებოდი ისეთი წარმატებული, როგორიც ახლა ვარ. არც ჩემი გაკვეთილი იქნებოდა იმდენად საინტერესო, როგორიც ახლაა. ვერც იმ დოზით მოვიპოვებდი მოსწავლეთა მხარდაჭერასა და სიყვარულს, როგორიც ახლა მაქვს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა (საუკეთესო შემთხვევაში – ფინალისტობა, გამარჯვება) უდიდეს პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, რაც გულისხმობს იმას, რომ გეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი თავი გააცნო ფართო საზოგადოებას, გაუზიარო საკუთარი გამოცდილება, წარმატება და მოიპოვო მათი მხარდაჭერა, აღიარება.

ნათელა დავითაია, სენაკის მუნიციპალიტეტის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი

 

 

ეროვნული ჯილდოს კონკურსზე დირექტორმა წარმადგინა, რამაც ჩემი პროტესტი გამოიწვია, რადგან ვთვლიდი, რომ ჯერ არ ვიყავი მზად ამისთვის. თუმცა, ამ ნდობას ზურგს ვერ ვაქცევდი და აპლიკაციაც შევავსე. ყოველი ეტაპის გადალახვას გამარჯვებად ვთვლიდი, ხოლო ათეულის წევრობა მაინც წარმოუდგენელი მიმაჩნდა. ამიტომ, სრული სიმშვიდით ვადევნებდი თვალს გადაცემას, ჩემს მეგობრებთან ერთად. ჩემი გვარის გაგონება დაუჯერებელი იყო, ემოცია მქონდა ენით გამოუთქმელი – გაურკვევლობა, სიხარული, მოულოდნელობა და ოდნავ შიშიც კი, რადგან ვთვლი, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ეროვნული ჯილდოს კონკურსი მასწავლებლისთვის არის პროექტი, რომელიც თითოეულ მასწავლებელს უჩენს სტიმულს, გახდეს ბევრად უკეთესი. მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.  მე მიყვარს ჩემი პროფესია  და  ვფიქრობ, ჩემთვის ეროვნული ჯილდო თვითრეალიზაციის სტიმულატორი იქნება.  ჩავთვლი, რომ ჩემი მეთოდები და მიდგომები სწავლა/სწავლებაში ეფექტურია და დაფასდა.

ასევე, სტიმული იქნება მოსწავლეებისთვისაც, რადგან ცნობადობა მოგვცემს საშუალებას, პროექტები ფართო საზოგადოებას წარვუდგინოთ და გამოცდილება გავუზიაროთ, რაც ბადებს იმის განცდას, რომ ვიღაცას სჭირდები. შევიძენთ ბევრ ახალ მეგობარს, ხოლო მეტი ნაცნობობა მეტ გამოცდილებას ნიშნავს.

ვფიქრობ, ათეულის წევრობა ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ განვითარებას, მოხდება გამოცდილების გაზიარება, რაც სასიკეთოა ნებისმიერი მასწავლებლისთვის.

ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და გაასმაგებული შეგრძნება იმისა, რომ არ უნდა გაჩერდე. არ მექნება იმის საშუალება, რომ მოვდუნდე, რადგან ჩემი საქმიანობა აღიარეს, მოიწონეს და „ვალდებული“ ვარ მოსწავლეების და კოლეგების წინაშე.

როდესაც გადაწყვეტ მასწავლებლობას, უნდა გააცნობიერო, რომ საქმე გაქვს ბავშვებთან, პატარა ადამიანებთან, რომელთაც ძალიან ბევრი რამ აქვთ სასწავლი, ასათვისებელი, შესაცნობი და როგორც მასწავლებელს, არ გაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ამიტომ, ვფიქრობ, მხოლოდ პროფესიონალიზმი, საგნის ბრწყინვალედ ცოდნა საკმარისი არ არის გახდე ის, ვისაც უპირობოდ ენდობა მოსწავლე.

მასწავლებელს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს  მოზარდებთან ურთიერთობა, მათთან ერთად სირთულეების გადალახვა, ზრუნვა ერთმანეთზე. ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება ამ ურთიერთობების შედეგი. მოსწავლეებში აღმოჩენილი „ნაკლოვანებები“, მათი პრობლემების გათავისება  და ერთად, სიყვარულით ბრძოლა ამის წინააღმდეგ.

ამ პროფესიის ხიბლიც სწორედ ამაშია. მასწავლებლისთვის მთავარია ნდობა მოსწავლეების მხრიდან, რომელსაც თავისთავად ახლავს სიყვარული და პატივისცემა. ასეთ შემთხვევაში, შედეგიც სახეზეა.

 

სალომე გოჩოლეიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო-არქევანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი

 

 

თავიდან ერთი ჩვეულებრივი, ყოველდღიური საზრუნავით სავსე დღე იყო. აფთიაქის, ბანკისა და მარკეტების რიგებში მყოფს სულ მეფიქრებოდა კონკურსის შედეგებზე. როდესაც პირდაპირ ეთერში, გამარჯვებულთა შორის, ჩემი სახელი გამოაცხადეს, სიხარულისგან თვალები ცრემლით ამევსო. მაშინ გავიაზრე სრულად, რას გულისხმობდა ფრაზა – „სიხარულისგან ფრთები შემესხა“. ენერგიისა და მოტივაციის მოზღვავება ვიგრძენი. გარშემო ყველაფერი გაფერადდა და გახალისდა. პირველ რიგში, მასწავლებლის პროფესიის დაფასებაა. აღნიშნულ კონკურსს უდიდესი წვლილი შეაქვს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის საქმეში. თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მისი პროფესიის პრესტიჟულობა და საზოგადოებრივი აღიარება. ასევე, ამ მართლაც პრესტიჟული კონკურსის ფარგლებში, საუკეთესო მასწავლებელთა გუნდის გამოვლენა პროფესიული სტანდარტის მაღალ თამასას დააწესებს, რაც სასიკეთოდ წაადგება, ქვეყნის მასშტაბით, მასწავლებლის ხარისხის გაუმჯობესების საქმეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო-არქევანს არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რაიონული და საგანმანათლებლო ცენტრიდან მოშორებით. სოფელში არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი. სოფლის მოსახლეობა არ გამოირჩევა ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობით. შესაბამისად, ქვემო-არქევანში მცხოვრები ჩემი მოსწავლეებისთვის შეზღუდულია გარე სამყაროსთან ურთიერთობების შესაძლებლობები. ათეულის კლუბის წევრობა მომიტანს  აღიარებას და დამაკავშირებს, ქვეყნის მასშტაბით, საუკეთესო მასწავლებლების გუნდთან. ამგვარად, გაიზრდება შესაძლებლობები, მოვიწვიოთ სტუმრები, განვახორციელოთ ახალი პროექტები. ერთი სიტყვით, მომეცემა საშუალება, ახალი ფერები შევიტანო არქევანელი ბავშვების ერთფეროვან, რუტინულ დღეებში.

სოფიო გოგოხია, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

5 ივნისს 13 საათზე რომ უნდა გამოცხადებულიყო ათეულში გასულთა სახელები, „იმედის“ ტელეეთერით, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით. 2019-2020 სასწავლო წელს მე-7 კლასის დამრიგებელი ვიყავი, უკვე მერვეკლასელები არიან, სწორედ მათთან ერთად ვიყავი მდინარე ხობისწყლის ნაპირზე და ერთად მოვუსმინეთ, როგორ გამოაცხადა ქალბატონმა მარინა ისკაკოვამ, რომ სსიპ აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის კიდევ ერთი მასწავლებელია ათეულში. ორმაგად ბედნიერი ვიყავი, რომ დამასახელეს და მოსწავლეებს რომ ასე უხაროდათ. მათი ეს სიხარული უკვე არის ჩემთვის დიდი ჯილდო.

წლის საუკეთესოთა ათეულში მოხვედრა დიდი პატივია, მოტივაციაა მუშაობის მეტი ხალისითა და ენთუზიაზმით გასაგრძელებლად. ჩვენს სკოლას აქვს დიდი პრობლემა, არ გვაქვს საკუთარი შენობა, კერძო საკუთრებაში არსებულ საბავშვო ბაღის ძველ შენობაში ვართ შეკედლებულები და მინდა, ამის შეცვლაში მივიღო აქტიური მონაწილეობა. სკოლაში, წლებია, გვაქვს კინოკლუბი „დუბლი“ , რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს და გვინდა, ვიბრძოლოთ მუნიციპალური კინოდარბაზისათვის, რომელიც იქნება თავისუფალი სივრცე, ჩატარდება კინოჩვენებები, გაიმართება სხვადასხვა სახის შეკრებები. ბევრი რამ გვჭირდება მუნიციპალიტეტში და მინდა, მეც შევიტანო წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ამ პასუხისმგებლობას ზრდის მასწავლებელთა ათეულში მოხვედრა.

თეონა შერაზადიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

სკოლაში ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოვხვდი. სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებული რუტინული საქმით ვიყავი დაკავებული. ვიცოდი, ათეული უნდა დაესახელებინათ და გადავწყვიტე, მღელვარების დასაძლევად, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. ის იყო, სრული კონცენტრაცია მოვახერხე და ტელეფონის ზარიც გაისმა, მეგობარმა დამირეკა… უდიდესი სიხარული იყო, ემოციის შეკავება – წარმოუდგენელი. მოდიოდნენ კოლეგები, მილოცავდნენ, სოციალური დისტანციის დაცვა არ გაგვხსენებია…

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსმა ჩვენს პროფესიას თითქოს ახალი სიცოცხლე აჩუქა, გაცილებით პრესტიჟული და სასურველი გახადა მასწავლებლობა. გარდა ამისა,  საკუთარი პროფესიული საქმიანობის შეფასების საშუალებაც მოგვცა. როცა საკონკურსო აპლიკაციას ვავსებდი, ვფიქრობდი, რომ კონკურსის შეფასების კრიტერიუმები არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია საკუთარი პრაქტიკის გასაანალიზებლად. კონკურსში მონაწილეობა ერთგვარი რეფლექსიაა მასწავლებლისთვის და აჩვენებს, რას აკეთებს კარგად და რა უნდა გააკეთოს  შედეგების გასაუმჯობესებლად. ათეულში მოხვედრა უკვე ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მიდიხარ და  ეს უდიდესი სიხარულია.

რას შეცვლის ეს კონკურსი ჩემს პრაქტიკაში? უპირველესად, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი მოსწავლეების, კოლეგების წინაშე და მიხარია, რომ ეს ახალი გამოწვევა პროფესიულ ზრდაშიც დამეხმარება. ახალი შესაძლებლობები ყოველთვის განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ნებისმიერ პროფესიას და ინტერესსა და მოტივაციას ზრდის.

მარინე ფორჩხიძე, რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

 

როცა ათეულში ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, ეს იყო დიდი სიხარული და შემდეგ კიდევ უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობა მოსწავლეების, სკოლის, მშობლების, საზოგადოებისა და მთლიანად საქართველოს მიმართ.

ეს ნიშნავს ახალ გზებს, ახალ შესაძლებლობებს, ახალ შანსებს, მეტის შექმნისა და გაზიარების საშუალებას.

ჩემი სწავლების სტილითა დ მეთოდებით შემეძლება, ბევრი რამ სასიკეთოდ შევცვალო განათლებაში, გამოცდილების გაზიარების, ახალი და საინტერესო პროექტების  წამოწყების და განხორციელების საშუალება მომეცემა. ამისთვის მჭირდება განხორციელების მეტი არეალი.

მე ვარ ადამიანი, რომელიც შემოქმედებითობითა და ინოვაციითაა სავსე. ჯერ კიდევ 2013 წელს, გავხდი e-Pals სასწავლო პლატფორმის წევრი, რომელიც საქართველოში არ გამოიყენებოდა და რომლის ფარგლებშიც,  ჩემი მოსწავლეები, უცხო ქვეყნის თანატოლებთან ერთად, მუშაობდნენ სასწავლო პროექტებზე. ამჟამად e-Twinning-ის აქტიური წევრი გახლავართ. ყოველდღიური ტრადიციული გაკვეთილების სანაცვლოდ,  ინგლისურს ვასწავლი მინი-სპექტაკლების, ტელეშოუებისა და როლური თამაშების დადგმით. მოსწავლეებთან ერთად, ვმუშაობ ციფრულ გამოცემებზე და სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებ ისეთ სასწავლო Web.2.0, როგორებიცაა: Joomag, Flipsnack, Storyjumper, Linoit და მრავალი სხვ. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც უსასყიდლოდ მართავს საზაფხულო სკოლებს, სასკოლო კლუბებს და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის უფასო სწავლების კურსს, ყოველგვარი დაფინანსებისა და პრემიის გარეშე იმიტომ, რომ ეს კამპანია გადამდები იყოს სხვა სკოლებისთვის, მასწავლებლებიც შემომიერთდნენ და განათლების ქველმოქმედება გადამდები გახდეს.

 

ანა კინწურაშვილი, თბილისის კერძო სკოლა „ქორალის მათემატიკის მასწავლებელი

 

 

 

ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია საქმიანობის დაფასება და აღიარება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გუნდს ამ კონკურსის ჩატარებისთვის, იმისთვის, რომ მასწავლებლებს შესაძლებლობას გვაძლევენ, გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. თითოეულ მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს. ჩემთვის დიდი პატივია, ამ ღირსეულ ადამიანებთან ერთად, ვიყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2020 წლის ათეულის კლუბის წევრი. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მივიღე უამრავი მილოცვა ნაცნობებისა თუ უცნობებისგან, კოლეგებისგან, მშობლებისგან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ენით აღუწერელია ის სიხარული და სითბო, რომელსაც ჩემი პატარა მეგობრებისგან, ჩემი მოსწავლეებისგან ვგრძობ; ამ კონკურსზე სწორედ ჩემმა მეათეკლასელებმა წარმადგინეს, ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ ეს ნდობა და იმედები არ გავუცრუო.

ჩემი პროფესიული გამოცდილება მხოლოდ 6 წელს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი; ჩემი პროფესია მაძლევს თვითრეალიზაციისა და განვითარების საშუალებას, ვსწავლობ ჩემი მოსწავლეებისა და კოლეგებისგან, ვასწავლი და ვვითარდები. ვფიქრობ, რომ ამ კონკურსმა კიდევ უფრო გაზარდა ჩემი მოტივაცია. ბედნიერებაა, გავიცნო ჩემი კოლეგები მთელი საქართველოდან, მათი სახით შევიძინო მეგობრები, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ერთად დავგეგმოთ აქტივობები. სტატუსს აუცილებლად გამოვიყენებ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისათვის. ერთ მასწავლებელს აქვს ძალა, თავისი მოსწავლეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, მისცეს ცოდნა და შთააგონოს, რომ განათლება თავისუფლებაა. ჩემი საქმიანობით სწორედ ამას ვცდილობ.

 

მარინე ვართუმაშვილი, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი

 

 

 

ათეულში მოხვედრა ძალიან გამიხარდა, გამიხარდა იმიტომ, რომ ჩემთან ერთად ბევრმა ადამიანმა გაიხარა – მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებამ, ოჯახის წვერებმა, ჩემმა რეგიონმა. თავიდან დაძაბული ვუსმენდი, მინდოდა, რომ მეც ვყოფილიყავი ათეულში და გავიხარე.

ეროვნული ჯილდოს კონკურსი მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის, რადგან ხელს უწყობს პროფესიის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა კადრების სკოლაში მოზიდვას.  ვფიქრობ, ჩემი კოლეგებისთვისაც სტიმულის მიმცემი იქნება.

ეს კონკურსი ბევრ რამეს შეცვლის ჩემს საქმინობაში, გაზრდის პასუხისმგებლობას იმისას, რომ ამ სტატუსის მატარებელი მასწავლებელი ასმაგად  აქტიური გახდეს და მისი მოსწავლეები – კიდევ უფრო წარმატებულები. ასევე აქტიურად უნდა გავუზიარო  მიღწევები სასკოლო საზოგადოებას – გავუზიარო გამოცდილება, რაც ჩემი პედაგოგად საქმიანობის განმავლობაში დავაგროვე. ვფიქრობ, ამით სხვასაც მივცემ წარმატებების ბიძგს.

კონკურსში მონაწილეობა ბოლო წუთს გადავწყვიტე, რადგან ჩავთვალე, რომ ვაკმაყოფილებდი იმ კრიტერიუმებს, რასაც კონკურსი ითვალისწინებს. თან მინდოდა, რომ ჩემი სკოლა, ჩემი რეგიონი თავისი აქტიურობით წარმომეჩინა, ყველას გაეგო, რომ შიდა ქართლის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, ბევრ მნიშვნელოვან და წარმატებულ გარემოსდაცვით პროექტებს ახორციელებს და არა მარტო გარემოსდაცვითი მიმართულებით.

მასწავლებლის პროფესიაში მთავარი პროფესიის სიყვარულია, სიყვარულს და სტიმულს კი მოსწავლეები მაძლევენ. თუ გიყვარს შენი საქმე და გიყვარს მოსწავლეები, აუცილებლად წაარმატებული მასწავლებელი იქნები. აუცილებელია მაღალი ინსტიტუციების მხარდაჭერაც, განათლება ხომ ნებისმერი ქვეყნისთვის პრიორიტეტული  უნდა იყოს.

მოამზადა ლალი ჯელაძემ 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები