მათ გარეშე ჩვენი ბავშვობაც არ იქნებოდა ასე ფერადი

483
მახსოვს, როგორ ველოდი ზაფხულს, დასვენებას, თავისუფლებას და თავგადასავლებს. დროს, როცა თითქმის ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, არავინ არაფერს გაძალებს, ჭკუასაც ნაკლებად გარიგებენ. დღეებიც გრძელია, უზუნველი და ფერადი. ზღვაც შენ გელოდება და მთაც, ტყეც და მდინარეც, დღეც და ღამეც. ზაფხულის მეგობრებიც ხომ სხვანაირად მხიარულები არიან, ზაფხულის თამაშებსაც სხვანაირი სილაღე და უდარდელობა ახლავს.
და საზაფხულო წიგნები?! თავად რომ ირჩევ და იმეგობრებ, ისინი ხომ სავალდებულო სახელმძღვანელოებს არ ჰგვანან, თითქოს მთელი წელი გველოდებიან, თავის დაუვიწყარი ამბებით, მხიარული და ფათერაკიანი თავგადასავლებით, რისი წყალობითაც ჩვენი სინამდვილეც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. რამდენი ოინი მისწავლია და გამომიყენებია ამ თავგადასავლების წყალობით. წიგნებიც გველოდებიან, რომ დაგვიმეგობრდნენ და მთელი ცხოვრება გვიმეგზურონ. არასდროს მიგვატოვებენ, ლხინშიც გაგვახსენებენ თავს და მძიმე დროსაც გაგვიწვდიან დახმარების ხელს.
მაშინ ამ ყველაფერს ვერ ვხვდებოდი, წლები რომ გავიდა მერე მივხვდი. რამდენი რამ გამაგებინეს ერთ წამში, ერთი გვერდით თუ წინადადებით, თან ისე უცბად, რის გაგებასაც წლები დასჭირდება და რატომ უნდა ველოდოთ წლები.
აი, ისევ დადგა ზაფხული. ყოველი ზაფხულის დამდეგს, განსაკუთრებით მინდება ჩემს ბავშვობაში დაბრუნება იმ ბედნიერ დღეებთან და წიგნებთან, ისინი ხომ ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ და მათ გარეშე ჩვენი ბავშვობაც არ იქნებოდა ასე ფერადი.
ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვა“, მარკ ტვენი და გურამ რჩეულიშვილი – ეს ის ნაწარმოები და მწერლები არიან, რომლებმაც მოზარდობისას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და გთხოვთ, რომ წაიკითხოთ.
გაგა ნახუცრიშვილი 

 

დატოვეთ კომენტარი