19 აპრილი, პარასკევი, 2024

ქვეყნის რჩეული პედაგოგები გაციფრებული სწავლების შესახებ

spot_img

ონლაინ სწავლება უკვე გარკვეულ ფაზაშია და მცირე შუალედური ანალიზის გაკეთებაც შესაძლებელია. რა შესაძლებლობები და რა გამოწვევები გაჩნდა ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში? გაციფრებული სწავლების ორთვიანი პერიოდის შეფასება ვთხოვეთ ქვეყნის რჩეულ პედაგოგებს: ლადო აფხაზავას, მანანა კაპეტივაძეს და გიორგი ჭაუჭიძეს. ჩვენი რესპონდენტები გულღიად საუბრობენ იმ გამოწვევაზე, რაც სისტემაში კრიზისულ პერიოდში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა, თვალს არ ხუჭავენ სიკეთეზეც, რომელიც შეიძლება კარგ შესაძლებლობად აქციონ და, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, გვიყვებიან თავიანთ ღვაწლზეც, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობაში უდიდეს როლს თამაშობს – მათთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი მოსწავლე დარჩება განათლების მიღმა – ყველა ერთნაირად საზრუნავია.  

ლადო აფხაზავა

ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

 

✅ დისტანციური სწავლება ცოტა გვიან დავიწყე, თიმსშიც გვიან შევედი. კოლეგები ატარებდენენ გაკვეთილებს, მაგრამ მხოლოდ სამი თუ ოთხი ბავშვი ესწრებოდა გაკვეთილს, მე ასე არ მინდოდა. თან იქ, სადაც გამოწვევა დგას, მხოლოდ შენით და შენი მოსწავლეებით არ უნდა შემოიფარგლო. მოკლედ, მე კი ჩავატარებდი გაკვეთილებს და დაესწრებოდა ის, ვინც შეძლებდა – 5-6 მოსწავლე, მაგრამ იმ ბავშვებმა რა დააშავეს, ვისაც ხელმოკლეობის გამო ეს შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ამიტომ, მასობრივი რომ გამხდარიყო განათლების ხელმისაწვდომობა, ძალიან ბევრი ვინმე შევაწუხე ამისთვის. მაქსიმალურად შევეცადე, რაც შეიძლება ბევრი მოსწავლისთვის ყოფილიყო   ონლაინ გაკვეთილები ხელმისაწვდომი ჩემს რაიონში, ახლაც გამუდმებით ვეძებ სპონსორებს, არ ვჩერდები, სასწავლო წლის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო რჩება, შესაბამისად, ბავშვებს ინტერნეტი სჭირდებათ.

✅ დავიწყე თანხების მოძიება და როცა ინტერნეტი უფრო მეტი მოსწავლისთვის გავხადე ხელმისაწვდომი, მხოლოდ მაშინ დავიწყე ონლაინ გაკვეთილების ჩატარება – შემოუერთდა 15, 20, 23 მოსწავლე, ეს უკვე სულ სხვაა. თავიდანვე მიზნად დავისახე, მხოლოდ ჩიბათის სკოლის მოსწავლეებზე კი არ მეზრუნა, არამედ ლანჩუთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს დავხმარებოდი.

თავისთავად, ჩემი მოსწავლეების ბედი განსაკუთრებულად მაღელვებს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რომელი მოსწავლე დარჩება განათლების მიღმა – ყველა მოსწავლეზე ერთნაირად შემტკივა გული.

პირიქით, უფრო მეტადაც კი ვნერვიულობდი იმ ბავშვებზე, ვისაც განათლების შესაძლებლობა თუნდაც იმის გამო არ ექნებოდათ, რომ მათზე არავინ იზრუნა. ამიტომ აქტიურად ვითანამშრომლე სოციალურ სამსახურთან. ლანჩხუთს არაჩვეულებრივი სოციალური მუშაკი ჰყავს, ნინო ჩხარტიშვილი და სწორედ ნინომ მოგვაწოდა იმ ბავშვების სია (ყველა ქეისი კონფიდენციალურია), რომლებსაც ამ ეტაპზე სჭირდებოდათ ჩვენი დახმარება. მიუხედავად ამისა, ჩვენ 405 მოსწავლეზე ავედით – პირველ ეტაპზე, სწორედ ამდენ მოსწავლეს დავუფინანსეთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სრულად რამდენიმეთვიანი ინტერნეტი.

✅ ყველაზე მეტად ჩემმა „ცელქობამ“ იმუშავა –   ორგანიზაციებს მოსვენება არ მივეცი, მინდოდა, მოსწავლეებისთის ინტერნეტპაკეტი შეეძინათ. გამომივიდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 220 მოსწავლეს ჩაურიცხა 19-ლარიანი ულიმიტო ინტერნეტი. ამას მოჰყვა სხვა ორგანიზაციებისა თუ   კერძო პირების თანადგომაც და პირველ ეტაპზე, დღემდე, შევძელით 405 მოსწავლის ინტერნეტით ორი თვით უზრუნველყოფა, ხოლო მეორე ეტაპზე 320 მოსწავლეზე ავედით. თუმცა, ეს ციფრი საბოლოო არ არის, უახლოეს პერიოდში კიდევ 34 მოსწავლე დაემატება და იმედია, არც ამით დასრულდება, რადგან, ვფიქრობ, რომ კეთილ ადამიანებს რა დალევს. როგორც გითხარით, პირველ ეტაპზე, მხარში დაგვიდგა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თუმცა, ამ დღეებში, ჩვენი გასაჭირი კიდევ ერთმა უნივერსიტეტმა მიიტანა გულთან და 50 მოსწავლეს ინტერნეტი ახლა კავკასიის უნივერსიტეტმა შეუძინა, ბატონი კახა შენგელია თავად გვესტუმრა ჩიბათში. ასევე ძალიან მიხარია, რომ გვერდში დამიდგნენ ჩემი ყოფილი მასწავლებლებიც, მათ შორის,   ჩემი ფიზიკის მასწავლებელი ანზორ დობორჯგინიძე; ყოფილი მოსწავლე მარიამ ხანთაძე და ადამიანები, რომლებისთვისაც   გურული ბავშვების განათლების ხელმისაწვდომობა მნიშნელოვანი აღმოჩნდა – ზაზა ფუტკარაძე (საფრანგეთში მცხოვრები ქართველი), ვაჩე თავდიშვილი და კიდევ ბევრი კეთილი ადამიანი, რომელთა სახელებს, მათივე თხოვნით, არ ვასახელებ. თავიდან, როცა „ხმაური“ დავიწყე და ამ ციფრებზე ვერც ვიფიქრებდი, უბრალოდ, მინდოდა, ამით საზოგადოების ყურადღება მიმექცია და მათთვის მეთქვა, რომ დაგვიდექით გვერდში, ნუ დავტოვებთ ბავშვებს განათლების მიღმა. მიხარია, ამ ხმაურმა შედეგი რომ გამოიღო და გამოძახილი ჰპოვა ამ კეთილი ადამიანების სახით.

✅ ერთია მოაგვარო ტექნიკური პრობლემები, მაგრამ ასევე უმნიშვნელოვანესია, ონლაინ გაკვეთილები გახადო ძალიან საინტერესო, რადგან აქტივობებს მიჩვეულ ბავშვებთან მდორე გაკვეთილებით ვერაფერს გახდები. ამიტომ, ახლა უარესი გვაქვს. ერთი გაკვეთლის მაგალითს მოგიყვებით:

მოსწავლეებს უნდა ავუხსნა, მაგალითად, მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდა, მაგრამ რთულია მშრალი ტექსტით ისე დააინტერესო ისინი, რომ მოგისმინონ. ამიტომ, ასეთი რამ მოვიფიქრე: რობინზონ კრუზოს ფილმი დავჭერი მონაკვეთებად და, პატარ-პატარა ვიდეოების ინტეგრირებით, შევეცადე მასლოუს პირამიდის საფეხურების მნიშვნელობის ახსნა. გაჭრა! ფილმის დასაწყისი – სცენა, როცა რობინზონ კრუზო გადარჩა და ზღვიდან ამოდის – ეს მომენტი ვაჩვენე ბავშვებს და ვკითხე: აბა, შეხედეთ, ახლა ამ მდგომარეობაში მყოფ რობინზონ კრუზოს რა მოთხოვნილებები ექნება? დაღლილია და ძლივს მოაღწია კუნძულამდე, კარგად იფიქრეთ. კითხვა დასრულებული არ მაქვს, რომ ერთვებიან აქტივობაში და იწყებენ იმ მოთხოვნილებების ჩამოთვლას, რაც შეიძლება რობინზონ კრუზოს ჰქონდეს – დაძინება მოუნდება, საჭმელი უნდა ჭამოს, დაისვენოს, წამოწვება და ფეხებს ზემოთ ასწევს, დაისვენებს, წყალს დალევს… შემდეგ ისევ კითხვის დასმით, ისევ მათი პასუხებით მივდივართ დასკვნამდე, თუ რა არის ის მოთხოვნილება, როცა უნდა დაიძინო, ჭამო, დაისვენო და ა.შ. ანუ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ფიზიოლოგიური მოთოვნილებაა და მასლოუს პირამიდის პირველი საფეხური სწორედ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, რომლის ვერდაკმაყოფილების გარეშე ადამიანი წინ ვერ წავა. ამის შემდეგ, უკვე გადავდივართ მეორე საფეხურზე – უსაფრთხოებაზე და ისევ რობინზონ კრუზოს მაგალითით ვცდილობთ, ყველამ ერთად ამოვხსნათ, რატომ გაიკეთა მან მაღალ ხეზე სახლი, ანუ თავშესაფარი. ძალიან კარგ პასუხებს ვიღებ მათგან: მხეცებმა რომ არ დაგლიჯონ, იმიტომ, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, იმიტომ, რომ… ვხვდები, რომ ფიქრობენ, მთელი გულით არიან ჩართული პროცესში. მოკლედ, უსაფრთხოების თემასაც კარგად გავდივართ და შემდეგ, მესამე საფეხურზე – სიყვარულზე გადავდივართ და ა.შ. ამასთან ერთად, იმდენი ვილაპარაკეთ მთავარ გმირზე, რომ იმას, ვისაც წაკითხული არ აქვს ეს ნაწარმოები, მოუნდა რობინზონ კრუზოს წაკითხვა. წიგნის კითხვის სურვილი თავისთავად ჩნდება და ეს ძალიან მახარებს. ეს მაგალითი იმისთვის მოგიყევით, რომ უკეთ ამეხსნა, რა ტიპის გაკვეთილებია საჭირო ონლაინ სწავლებისთვის, თორემ ლექციურ სახეს თუ მივცემთ, 15 წუთში ჩავარაკრაკებთ და ნაკლებადაც დავიღლებით, მაგრამ ბავშვმა რა გაიგო? ამაზე შემიძლია გიპასუხოთ, რომ შეიძლება ვერც ვერაფერი. ონლაინ გაკვეთილმა უნდა გააოცოს ბავშვი და ისე ჩაითრიოს, რომ შემდეგ გაკვეთილს მოუთმენლად დაელოდოს და შემოსვლა არ დაეზაროს.

✅  იცით ონლაინ გაკვეთილები კიდევ რატომ მომწონს? მშობლების გამო, ძალიან მომწონს მშობლებიც რომ გვიახლოვდებიან ონლაინ ჩართვებისას, ბებია-ბაბუებიც კი. საოცრად მახალისებს, ბებიები რომ მეუბნებიან – „ერთი წუთით, გარეთ ვიყავი გასული და დაიწყე თავიდან, რა ქნა იმ კაცმა, რაი ქნა?“   ეს იმდენად სახალისოა და ისეთი საყვარლები არიან, რომ ვერ გადმოგცემთ. თუ მოხდა და გაკვეთილზე ჩართვა დამაგვიანდა, ამას არ მაპატიებენ, მაგალითად, ერთ-ერთმა მოსწავლემ, ამას წინათ, დამირეკა და მითხრა: ლადო მასწავლებელო, კეთილი ინებეთ, დროზე დალიეთ ყავა და დროზე შემოდით გაკვეთილზეო. სულ ხუთი წუთი დავაგვიანე. იმდენად საყვარელია ეს ბავშვი, ვერ მოითმინა, ეჩქარებოდა გაკვეთილზე ჩემი გამოჩენა, ალბათ, რაღაც საინტერესოს ელის ჩემგან და უნდა, სახლში ყოფნის დრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ აქციოს. ყველა მასწავლებელი უნდა იყოს მოწადინებული, რომ გაკვეთილები მოსწავლისთვის სასურველ დროდ აქციოს, მრავალფეროვნებით კი, ბავშვებს დროის შეგრძნება დააკარგინოს.

✅ ონლაინ სწავლება მაინც ცოდნაზეა დამყარებული, ამიტომ ვერც ამ პერიოდში შევძელი დამატებითი პროექტების გარეშე და მე და ჩემმა მოსწავლეებმა გავაკეთეთ ასეთი ონლაინ პროექტი – დავაფესვიანეთ კოლხური ბზა და უკვე 400 ნერგი გვაქვს თავმოყრილი სკოლაში. აქტიური მშობლები შვილების გამოყვანილ ნერგებს ერთ ადგილზე გვიტოვებენ, შემდეგ სკოლაში მიგვაქვს, იქ, საგანგებოდ, დარაჯს ვაბარებთ, რომელიც ყოველდღე რწყავს. როგორც კი ეს სიტუაცია ჩაივლის, ჩვენ ერთად დავრგავთ კოლხურ ბზას სკოლის ეზოშიც და სხვა ოგანიზაციებშიც, მაგალითად, დაგეგმილი გვაქვს, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გავაშენოთ გადაშენების პირას მისული უნიკალური კოლხური ბზის ხეივანი. მჯერა, ეს დროც მალე დადგება.

✅ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ მაწავლებელს სრული კომპეტენცია არ გააჩნდა ონლაინ სწავლებისთვის, 90-მა პროცენტმა მაინც გაართვა თავი. ჩვენთან ასაკოვანი მასწავლებლებიც არიან და მათ, რასაკვირველია, თავიდან გაუჭირდათ, თუმცა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობისა და მონდომების ხარჯზე, ბევრ ახალგაზრდაზე უკეთ შეძლეს ეს ყველაფერი.

ერთხელ ჩვენს ჯგუფში დავწერე, რომ არ არის სირცხვილი იმის სწავლა, რაც არ ვიცით, რომ ხშირად ბავშვებმა უკეთ იციან ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, ამიტომ, მოდით, ბავშვებსაც დავეკითხოთ. არც ის დამიმალია, რომ პირველად თიმსში ჩემმა მოსწავლემ ჩამრთო, მისგან მივიღე რჩევები. ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, ვისწავლოთ, ვეცადოთ და გამოგვივიდეს. მიზნის მისაღწევად ასეთი გზების გამოყენებაც შეიძლება. ამიტომ, კოლეგებო, არ შეგრცხვეთ ერთმანეთისგან სწავლა და მოსწავლისგან რჩევების მიღება. დავალება როგორ დამემატებინა თიმსში ესეც ჩემმა მოსწავლემ მასწავლა და ვუთხარი, რომ ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის. ამით ჩემს მოსწავლეებს თანამშრომლობის კულტურასაც ვაჩვევ და იმასაც, რომ მოსწავლე და მასწავლებელი სასწავლო პროცესში ერთმანეთისგან სწავლობენ, ერთმანეთს უზიარებენ. რაც მთავარია, უფროსი თაობაც და ახალგაზრდებიც გაგებით მოეკიდნენ ამ ყველაფერს და ერთად, რაღაცნაირად შევძელით ამ გლობალურ გამოწვევაში ჩვენი ადგილის პოვნა.

✅ ამდენად, ჩვენს რეგიონში ონლაინ სწავლება ერთმანეთის მხარდაჭერით მიდის. როგორც გითხარით, პირველ რიგში, ეს თანამშრომლობაა მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის და, რასაკვირველია, არც კი განვიხილავ იმას, რომ ასეთი დიდი შრომა ვინმემ წყალში ჩაგვიყაროს და სემესტრი არ ჩაგვითვალონ. მეტიც, რა კომპეტნციაშიც უჭირდა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს, ის კომპეტენციებიც კი დავძლიეთ, მარტო ამისთვის უნდა ჩაითვალოს   სემესტრი და მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის მონაპოვარი – ონლაინ სწავლება აუცილებლად კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს და განვითარდეს მომავალში.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხარდაჭერას, ვისურვებდი, რომ განათლების სამინისტრომ წინასწარ გათვალოს ხოლმე ის შესაძლო გამოწვევები, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს, ერთ მშვენიერ დღეს, სისტემა – ცოტა ადრე რომ დაგვეწყო ონლაინ სწავლებაზე ფიქრი, გაცილებით უფრო ადეკვატურად და იოლად გავართმევდით თავს ამ გამოწვევას, თუნდაც, როგორც ეს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლეს. სამინისტროს მხრიდან მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ მოსწავლეებს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მხოლოდ კერძო ინიციატივების ამარა არ უნდა ტოვებდეს მათ.   ჩვეულებრივმა, რიგითმა მასწავლებლებმა შევძელით ორგანზაციებთან მსგავსი თანამშრომლობა და მოვიპოვეთ დაფინანსება, ხომ წარმოგიდგენიათ, განათლების სამინისტროს რამდენად იოლად შეუძლია ამის მოგვარება

 

მანანა კაპეტივაძე

ბაღდათის №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

ონლაინ სწავლებაზე ძალიან მალე გადავედით და მეცადინეობა ზუმის აპლიკაციით დავიწყეთ, ამიტომ ახლაც ზუმით ვაგრძელებ, რადგან თიმსზე გადასვლა ისევ თავიდან შექმნიდა გარკვეულ დაბრკოლებებს ახალი პლატფორმის შესწავლისას. სიმართლე გითხრათ, ახლა ამის დრო აღარ არის, თან ზუმი გაცილებით მარტივია, ვიდრე თიმსი. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა არ გამჭირვებია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ 2005 წლიდან მოყოლებული, სასწავლო პროცესის დროს, სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად კომპიუტერს მუდმივად ვიყენებ, როგორც რესურსს, მაგრამ სრულად ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ, ცხადია, სირთულეები შექმნა, რადგან არც მოსწავლეებს (განსაკუთრებით დაწყებით კლასებში) და არც მშობლებს სათანადო უნარები არ აღმოაჩნდათ, რომ დამოუკიდებლად გამკლავებოდნენ სირთლეებს. ამიტომ, მოსწავლეებთანსაკმაოდ ბევრი მუშაობა დამჭირდა იმ აუცილებელი ისტ უნარების მოკლე დროში გასავითარებლად, რასაც ონლაინ გაკვეთლებში ჩართვა და დავალებების შესრულება მოითხოვს. თუმცა, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდა მშობლებში ისტ უნარების განვითარებას. მშობლის გარეშე კი, ცხადია, დაწყებით საფეხურზე, ონლაინ სწავლების სრულფასოვნად წარმართვას ვერ შევძლებთ. მშობლების უმეტესობა, ძირითადად, ფეისბუქის მომხმარებელია, ამიტომ, თუნდაც ვორდის ფაილში მუშაობა ან რაიმეს ჩამოტვირთვა, გახსნა და ა.შ. მათთვის რთული აღმოჩნდა. აქვე დავამატებ – მშობლებთან საკომუნიკაციოდ, ელემენტარულად,   ელფოსტის გამოყენებაც კი სირთულეს წარმოადგენს.

✅ მივხვდი, რომ პირველ რიგში, აუცილებელი იყო მშობლის მომზადება ონლაინ სწალებისთვის და შემდეგ უშუალოდ პროცესზე გადართვა. მშობლებთან მომიწია ინდივიდუალურად   მუშაობა – ვასწავლიდი როგორ გადმოეწერათ ზუმი, როგორ დაეყენებინათ, როგორ ჩართულიყვნენ გაკვეთილში და ა.შ. ამ კუთხით, რამდენიმე კოლეგასაც დავეხმარე ( აქ იყო დაფის გაზიარების გაცნობა) და გაოცებული ვარ მათი მონდომებით. ის მასწავლებლებიც კი, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ შეხება ტექნოლოგიებთან, ისე აქტიურად მიჰყვებიან პროცესებს, რომ მართლა აღფრთოვანებული ვარ მათი დამოკიდებულებით.

გაკვეთილებზე მშობლების ჩართულობაზე როცა ვსაუბრობ, ცხადია, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მშობლებს ვგულისხმობ, მაღალი საფეხურის მოსწავლეებს მშობლების დახმარება აღარ სჭირდებათ, რადგან დამოუკიდებლად ართმევენ თავს. მოკლედ, როცა მშობლებში ეს პრობლემები დავძლიეთ, ონლაინ სწავლებამაც უფრო გამართული სახე მიიღო. თუმცა, ბავშვებთან ძალიან სერიოზული სამუშაო გვაქვს – გასავითარებელია კომპიუტერული უნარები. მართალია, მათთვის კომპიუტერი და, ზოგადად, ციფრული ტექნოლოგიები სულაც არ არის უცხო, მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო მეტად თამაშებზე არიან მიჯაჭვულები. როგორც კი სასწავლო პროგრამებზე უწევთ გადართვა, მაგალითად, ვიდეო პრეზენტაციის გაკეთება ან პოსტერის შექმნა, აქ უკვე პრობლემები ექმნებათ – დახმარების გარეშე ამის კეთება უჭირთ. ამიტომ, როცა ასეთ დავალებას ვაძლევ, ჯერ იმის შესახებ ვატარებ გაკვეთილს და დეტალურად ვხსნი რომელ პროგრამაში რა და როგორ გამოიყენონ. მხოლოდ ამის შემდეგ ქმნიან დამოუკიდებლად. ამიტომ, იმ პერიოდში, როცა სკოლებში პირისპირ სწავლებაზე გადავალთ, მოსწავლეთა ციფრული წიგნიერების განვითარებაზე სერიოზული მუშაობა მოგვიწევს.

✅ ვფიქრობ, დისტანციურმა სწავლებამ პოზიტივიც მოიტანა, რადგან ბავშვები უფრო მეტად არიან მოტივირებული აკეთონ ისეთი ტიპის დავალებები, რომელიც სწავლების/შექმნის პროცესს ძალიან საინტერესოს ხდის – მოსწონთ, როცა თავად უნდა მოიძიონ რამე და ისე გააკეთონ. ამ დროს მაქსიმალურად არიან ჩართულები. თავისით კეთება ძალიან ხიბლავთ. როცა მარტო გრამატიკულ დავალებებს აძლევ და მართლწერის წესებს ასწავლი, ბუნებრივია, სწყინდებათ. იგივე იყო სკოლაში, თუ პროექტზე ვმუშაობდით, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები, მეტად მოსწონდათ. ამიტომ ვიმეორებ, როცა დავუბრუნდებით ჩვეულებრივ სწავლებას, ონლაინ გაკვეთლების რაღაც ელემენტები უნდა დავტოვოთ, რადგან ეს მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო პროცესია, მოსწონთ და, ამასთან ერთად, ტექნოლოგიებისა და პროგრესის ეპოქაში ამის საჭიროებაც დიდია.

ვისურვებდი, რომ სკოლებში დაინერგოს ციფრული განათლება და მისი ხარისხიანი უზრუნველყოფა.

✅ კარგია, რომ არ დაგვავალდებულეს მასწავლებლები, თიმსში გვემუშავა თუ ზუმში…. არჩევანის თავისუფლება გვაქვს, რაც საქმეს აიოლებს – სამუშაოდ იმ პლატფორმას ვირჩევთ, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომია. მასწავლებლები ყველა ღონეს ვხმარობთ, მოსწავლეებამდე მივიტანოთ ის მასალა, ინსტრუქციები თუ რესურსები, რომლებიც მოსწავლეებისთვის შევქმენით ნებისმიერი ხერხით, იქნება ეს მესინჯერი, ფეისბუქჯგუფები თუ ტელეფონი.

✅ ონლაინ სწავლება რაღაც ფაზაში უკვე შევიდა, მაგრამ ცოტა ბუნდოვანია შეფასების სისტემა. ჩემი აზრით, აქ მეტი სიცხადეა საჭირო, მით უმეტეს, როცა სასწავლო წლის დასასრულამდე დიდი დრო აღარ დარჩა. არადა, ჩვენ არც კი ვიცით ზუსტად როგორ უნდა დავასრულოთ სემესტრი/სასწავლო წელი. ვიცით, რომ მოსწავლე, რომელიც ონლაინ გაკვეთილებს ესწრება და ყოველდღე იხარჯება, განმავითარებელი შეფასებით უნდა შევაფასოთ, მაგრამ არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ შეფასდება მოსწავლე, რომელიც საერთოდ არ ესწრება გაკვეთილებს. აქ, სიცხადესთან ერთად, მე პირადად, ვისურვებდი მათ გამიჯვნას ერთმანეთისგან, ისევ და ისევ მოსწავლეთა ინტერესების დაცვის მიზნით. აუცილებელია, იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც არ გვესწრებიან გაკვეთლებზე, არ გვისმენენ და დავალებებს არ ასრულებენ, შევიმუშაოთ თუნდაც დამატებითი პროგრამები – ცალკე ვამეცადინოთ, თუნდაც საზაფხულო სკოლის ვარიანტი რომ შევქმნათ ან სექტემბერში, როცა სკოლაში სწავლა განახლდება. მთავარია, სასწავლო პროგრამიდან გამოტოვებული მონაკვეთი გავატაროთ. სხვაგვარად, ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლე, თუ ის სასწავლო პროგრამას სრულად არ გაივლის, თორემ, იმის ილუზია, ბუნებრივია, არ მაქვს, რომ მას, ვინც ახლა არ ერთვება ონლაინ გაკვეთილებში, მოგვიანებით გაუჩნდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და დიდი ხალისით ჩაერთვებიან დამატებით მეცადინეობაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, არ დავტოვოთ ეს მოსწავლეები განათლების მიღმა, არც თავი მოვიტყუოთ და არც ისინი მოვატყუოთ, რომ მხოლოდ კლასიდან კალასში გადაყვანაა სკოლის ფუნქცია.

✅ როგორ უნდა დავასრულოთ სასწავლო წელი? ეს ჯერ არავინ იცის, რადგან ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ სამინისტროსგან არ გვაქვს. ბუნებრივია, კოლეგები ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ ამაზე, მაგრამ, საბოლოო გადაწყვეტილებას ოფიციალური უწყებისგან ველით.

გიორგი ჭაუჭიძე:

მარნეულის №2 საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მასწავლებელი

✅ დისტანციურ სწავლებაზე მოულოდენლად გადასვლამ წარმოაჩინა ის პრობლემები, რომლებიც დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემას აქვს. ამ პრობლემებს ხატოვნად გადმოვცემდი ერთი წინადადებით: „მოსწავლემ მასწავლებელს ხმა გაუთიშა“ (აქ იმას არ ვგულისხმობ, სათანადოდ დაორგანიზებულ ონლაინ გაკვეთილში მოსწავლეს რომ შეგვიძლია შევუზღუდოთ სხვისთვის ხმის გათიშვის ფუნქცია, ხატოვნად ვამბობ-მეთქი).

რას ვგულისხმობ სისტემის პრობლემებში? მწვავედ გამოჩნდა სისტემის დერეგულაციის აუცილებლობა. ამას ადასტურებს ის, რომ საოცრად ეფექტურად უმკლავდებიან სიტუაციას კერძო სკოლები, სადაც სწავლების ხარისხიც და მოსწავლეთა ჩართულობაც მაღალ დონეზეა. სახელმწიფოს მიერ მონოპოლიზებულმა სისტემამ კი ისიც ვერ მოახერხა, რომ მის მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოების pdf ვერსიები შეეთავაზებინა მასწავლებლისთვის.

✅ ჩვენ არ ვღალატობთ ტრადიციას და საკუთარი არსებობის გამართლებას ფაფხურით (მოჩვენებითი საქმის კეთება) ვცდილობთ. თუკი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში, იმდენი კვლევა დაიწერა, რამდენიც მსოფლიოში არ დაწერილა,

ამჟამად ისეთი პირი უჩანს, რომ ონლაინ ვებინარებითა და ონლაინ სემინარებით დავამყარებთ რეკორდებს.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფო, განსაკუთრებით ახლა, უნდა მოუფრთხილდეს ფინანსებს და მოერიდოს არამიზნობრივ ხარჯებს, მით უმეტეს, მოსწავლეების ხელმისაწვდომობის გაზრდის საბაბით. არამიზნობრივად მიმაჩნია ნებისმიერი ლარი, თუკი ის კონკრეტული მოსწავლისკენ არაა მიმართული.

✅ ჩემს საქმიანობას რაც შეეხება, პირადად მე, კმაყოფილი ვარ ჩემი მოსწავლეების ჩართულობის როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლით. ვამზადებ რესურსებს, რომლებსაც სხვა მასწავლებლებსაც ვუზიარებ. მაგალითად, სულ ახლახან დავამზადე და ჩემს იუთუბარხზე გავაზიარე „ჭკვიანი ყვავი ყოშიმო“, რომელშიც წარმოდგენილია წერითი უნარის განვითარებისთვის შექმნილი რესურსი და, რაც მთავარია, მოცემულია რეკომენდაციები, როგორ დავამზადოთ მსგავსი მასალები.

✅ მიხარია, რომ მსგავს რესურსებს უშურველად აზიარებენ ჩემი კოლეგებიც, ყოველგვარი ცენტრალიზებული ორგანიზებისა და სახსრების ხარჯვის გარეშე. ძალიან მიხარია… ვისურვებდი, ამ მიმართულებით უფრო მეტად ეაქტიურათ კერძო სკოლებსაც, რადგან რესურსული მრავალფეროვნება ის წამალია, რომელიც ხარისხობრივად აამაღლებს ჩვენს შედეგებს.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები