29 მარტი, პარასკევი, 2024

გაკვეთილი ცოცხალი პროცესია და დისტანციური სწავლება მას ვერ ჩაანაცვლებს

spot_img

✅ როგორ მიმდინარეობს დისტანციური სწავლება კარანტინის რეჟიმში მყოფ მარნეულის რაიონის სკოლებში  – მოვუსმინოთ პედაგოგებს.

ქამრან აფანდიევი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მოლაოღლის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

საქართველოში, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა დაიხურა და დაიწყო პროცესი დისტანციურ სწავლებაზე გადასასვლელად. რა თქმა უნდა, მოლაოღლის საჯარო სკოლაც ჩაერთო დისტანიურ სწავლებაში, მასწავლებელთა უმეტესობა იყენებს Microsoft Teams-ის პროგრამას. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა პროგრამაზე წვდომა, მოსწავლეების დარეგისტრირება, პროგრამის ფუნქციებში გარკვევა და შემდეგ, მოსწავლეების და მშობლების ჩაბმა ამ პროცესში. ზოგმა მალევე აითვისა,ზოგს დღემდე სჭირდება დახმარება, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც მშობლების გარეშე ვერ ახერხებენ დისტანციურ სწავლებაში ჩართვას. თუმცა, ეს რთული ეტაპი გადავლახეთ და ამჟამად, სასწავლო პროცესში 50-მდე მოსწავლე და 25 მასწავლებელია ჩართული. გაკვეთილები ტარდება ყველა საგანში. ვისაც უწყვეტი ინტერნეტი არ აქვს, მობილური ინტერნეტით და მოდემის საშუალებით ახერხებს საგაკვეთილო პროცესში ჩართვას.

დისტანციურ სწავლებაში ჩართვა განსაკუთრებით გაუჭირდათ ასაკოვან მასწავლებლებს, რომლებიც კარგად ვერ ფლობენ კომპიუტერს და ინტერნეტს. თუმცა ისინიც ცდილობენ, მოერგონ ამ სიტუაციას და სისტემის დაუფლებას შვილიშვილების, შვილების დახმარებით ცდილობენ, რათა შეძლებისდაგვარად ჩაატარონ გაკვეთილები. მათ, ვინც ვერ მოახერხა Microsoft Teams-ში მუშაობა, whatsapp-ის და viber-ის საშუალებით მაინც ახერხებს სწავლის პროცესში ჩართვას.

დისტანციური სწავლების დროს მასწავლებლები ჩვეულებრივ გეგმავენ გაკვეთილებს, მოსწავლეებს აძლევენ დავალებებს, იღებენ უკუკავშირს. მაგრამ არის ხარვეზებიც: მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა ინტერნეტი ძალიან სუსტია, წყდება ხმა, კარგად არ ჩანს გამოსახულება. მოსწავლეები ვერ იგებენ რა დავალება აქვთ შესასრულებელი, ამიტომ,  ხანდახან, გვიწევს მობილურით დაკავშირება მოსწავლეებთან და დავალების დამატებით ახსნა.

დისტანციური სწვლების პარალელურად, მოსწავლეები უყურებენ  „ტელესკოლას“. მათ, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ და ვერ ახერხებენ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას, პროექტის „ტელესკოლა“ გაკვეთილების მოსმენა  და სწავლა ეხმარებათ, რომ სასწავლო პროცესს არ ჩამორჩნენ.

სალომე ქირია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის პროექტისარაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერადამხმარე მასწავლებელი

მსოფლიოში არსებულმა რეალობამ, ახალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა,  საკლასო ოთახიდან სპონტანურად გადავინაცვლეთ დისტანციურ რეჟიმზე, ზოგადად, საკლასო ოთახში კლასს სჭირდება მართვა და ამის გადატანა მოგვიხდა ვირტუალურ სივრცეში, რაც მეტად რთულია. თავდაპირველად, გაგვიჭირდა მოსწავლეთა დარეგისტრირება და პროგრამის ფუნქციებში გარკვევა, რამაც ბევრი დრო წაიღო. არაქართულენოვან სკოლებში კი, ეს ყველაფერი მეტად შრომატევადია, არის სოფლები, სადაც საერთოდ არ იჭერს ინტერნეტს, არის ოჯახები, სადაც არა აქვთ ტელეფონი და მოსწავლეები, ძალაუნებურად, რჩებიან განათლების მიღების გარეშე, რაც ჩვენთვის ძალიან გულსატკენია. რა თქმა უნდა, იმ მოსწავლეებთან, რომლებიც საერთოდ ვერ ერთვებიან დისტანციური სწავლების პროცესში, დამატებით მუშაობას ვგეგმავთ,  თუმცა,  ვფიქრობ, როცა მოსწავლეებს ახალ გამოწვევას ვთავაზობთ, უნდა ვეცადოთ, ყველა თანაბარ სიტუაციაში იყოს. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, გარკვეული მიზეზების გამო, ეს სრულად ვერ ხერხდება, რაც მოსწავლეებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

ზუსტ ციფრებს, თუ რამდენი მოსწავლე და მასწავლებელია ჩართული, არაქართულენოვან სკოლებში დისტანციურ სწავლებაში, ვერ დავასახელებ, თუმცა, მოსწავლეთა ნახევარი, ან ზოგჯერ ნახევარზე მეტი, საგაკვეთილო პროცესში ერთვება. რაც შეეხება ადგილობრივ პედაგოგებს, ყველანაირად ცდილობენ, ფეხი აუწყონ ამ რეალობას. მე ადგილობრივ პედაგოგთან ერთად ვატარებ გაკვეთილს, რადგან დახმარე მასწავლებელი ვარ, ამიტომ ჩვენ ჯერ ერთმანეთში ვგეგმავთ რა და როგორ გავაკეთოთ, ვის რა გზით დავუკავშირდეთ. თავდაპირველად, მოსწავლეთა ნახევარს მე ვურეკავდი, ნახევარს – ის, რადგან დროში ვერ ვეტეოდით, თუმცა ეს ქაოსი ნელ-ნელა დალაგდა და ვცდილობთ, ერთობლივად გავუმკლავდეთ პროცესებს.

არ შემიძლია არ შევეხო მშობლების თემას, რომლებიც აქტიურად ცდილობენ მხარი დაგვიჭირონ, რაც ჩვენს საქმეს უფრო მეტად წინ სწევს. მშობლების თანადგომა ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა. პირადად მე, პატარებთან მიწევს მუშაობა და მშობლების დახმარებით ვცდილობ, ისინი აქტიურად ჩავრთო პროცესში. თვითონაც დაინტერესებული არიან, მათთან ერთად ესწრებიან ამ პროცესს და დადებითი მხარე ამ ყველაფერს ის აქვს, რომ მშობელთა ჩართულობა ნიშნავს მათ მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში. მესმის, რომ მოსწავლეებისთვის რთულია კომპიუტერთან ან ტელეფონთან ჯდომა, იღლებიან, ზოგისთვის დისკომფორტია, თუმცა, ერთობლივად ეს გზაც უნდა გადავლახოთ, რომ მივაღწიოთ გარკვეულ შედეგს.

ძირითად პრობლემას წარმოადგენს გადატვირთული ინტერნეტი, ხან ხმა წყდება, ხან გამოსახულება, არის ოჯახები, სადაც არა აქვთ ინტერნეტი ან ზოგს ტელეფონიც კი არ აქვს, არის ოჯახები სადაც და-ძმას მხოლოდ ერთი ტელეფონი აქვთ, როცა ძმასთან ვრეკავ, დას უტარდება სხვა გაკვეთილი და ა.შ. მოკლედ, ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ნერვებს, გამძლეობას და დიდ პასუხსიმგებლობას. ვიყენებ ყველა გზას მათთან დასაკავშირებლად, ზოგს ტელეფონზე ვურეკავ, ზოგს – ვაცაფში, ზოგს სოციალურ ქსელში ვაწვდი მასალას. რაც ყველაზე მეტად უჭირთ მშობლებს, პედაგოგებს, ეს არის, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილების არქონა. მშობლები, რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, უჭირთ გაერკვიონ სიტუაციაში, უამრავმა ტექნიკურმა და მატერიალურმა პრობლემამ იჩინა თავი. თუმცა, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი, ამავდროულად, დიდი გამოცდილებაა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემთვის, მთავარია ამ პროცესში მოსწავლეების აქტიურად ჩართვა ისე, რომ მათთვის ეს არის იყოს მტკივნეული ან დაღლილობის მიზეზი, მით უმეტეს, როცა პატარებთან ვმუშაობ, ამიტომ ვცდილობ, ისეთი დავალებები მივცე, რაც თამაშით სწავლებას ემსახურება. მათ ეს პროცესი მოსწონთ, თან სწავლობენ და თან საქმეს აკეთებენ.

იმედი მაქვს, სკოლის კედლებს მალე დავუბრუნდებით. რა თქმა უნდა, სწავლის პროცესში ურთიერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ყველა ჩემს კოლეგას გამძლეობას და სულიერ სიმხნევეს ვუსურვებ.

ზვიად ფიფია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ ექსტრემალურ პირობებში მოგვიწია, ამისთვის მზად არ იყვნენ არც მასწავლებლები, არც მოსწავლეები და მშობლები. ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას მომზადება და გარკვეული დრო დასჭირდა. პედაგოგების მონდომებამ გამოიწვია ის, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი არ ჩავარდა. დისტანციურ სწავლებას განვითარებულ ქვეყნებშიც აქვს პრობლემები და, ბუნებრივია, ჩვენთანაც იქნებოდა, მაგრამ ჩემი კოლეგებიც და მეც ვცდილობთ, ყველანაირი საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით მივაწოდოთ საკითხები.

პირველ, მეხუთე, მერვე და მეათეკლასელებთან ვატარებ გაკვეთილებს. გაკვეთილი ცოცხალი პროცესია და დისტანციური სწავლება მას ვერ ჩაანაცვლებს. ვცდილობ, შევქმნა ისეთი საგანმანათლებლო რესურსები, მოსწავლეთა ინტერესი რომ გამოიწვიოს. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. მახარებს მშობლების აქტიურობა, ბავშვებთან ერთად ესწრებიან გაკვეთილებს. გული მწყდება, მოსწავლეთა ნაწილი საგაკვეთილო პროცესების მიღმა რომ დარჩა. შექმნილ ვითარებაში ჩემი სკოლის მოსწავლეები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. ინტერნეტის, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის არქონა, ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, დაბალი მოტივაცია – აი, ის პრობლემებია, რომელიც გამოიკვეთა დისტანციური სწავლების დროს. იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მე წარმოვადგენ, ყოველწლიურად, გვქონდა საზაფხულო სკოლები. წელსაც თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საზაფხულო სკოლა ამოქმედდეს, შევეცდებით, სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს ავუნაზღაუროთ გაცდენილი გაკვეთილები.

მობილურ ოპერატორებს შეუძლიათ სპეციალური პაკეტის შეთავაზება მოწყვლადი ჯგუფებისთვის. განათლების სამინისტრო კი, იმედია, გაითვალისწინებს ამ ახალ გამოწვევას და ახალი სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების ელემენტებს შეიტანს საჯარო სკოლებში.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები