20 აპრილი, შაბათი, 2024

√ ინტერვიუ სალომე ჩარკვიანთან – ჩატარდება თუ არა ზაფხულში გამოცდა სპეცმასწავლებლებისთვის და იგეგმება თუ არა მათი ხელფასების ზრდა?

spot_img

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, განათლების სამინისტრომ, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველებისთვის,ზაფხულში ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისთვის, რეგისტრაცია გამოაცხადა. დაპირების მიუხედავად,  იმედგაცრუებული დარჩნენ სპეციალური მასწავლებლები. ბუნებრივია, ამან კიდევ ერთხელ გამოიწვია მათი გულისწყრომა, სოციალურ ქსელში გაფიცვასაც კი აანონსებდნენ… ნაწილი, სავარაუდოდ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდა იმის შესახებ, რომ მართალია, გამოცდა არ დაინიშნა, მაგრამ სპეციალური მასწავლებლის სახელფასო ზრდა იგეგმებაო… მოკლედ, გაურკვევლობაში მყოფი სპეცმასწავლებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ვცადეთ გაგვერკვია – ჩატარდება თუ არა წელს გამოცდა სპეცმასწავლებლებისთვის და იგეგმება თუ არა ხელფასების ზრდა? როგორც ირკვევა, ამჯერადაც, ისინი კიდევ ერთხელ უნდა ენდონ სიტყვაზე ამ სფეროს კომპეტენტურ ადამიანებს – საქმე არც თუ ისე ცუდადაა.

როდის დამტკიცდება სპეცმასწავლებლის სქემა? როდის დაინიშნება მათთვის გამოცდა? ვინ გახდება უფროსი სპეციალური მასწავლებელი და როდის გაეზრდებათ სპეცმასწავლებლებს ხელფასი? – ამ კითხვებზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გვიპასუხებს:

√ რა ეტაპზეა ახლა სპეცმასწავლებლის სქემა და ჩატარდება თუ არა ზაფხულში სპეცმასწავლებლებისთვის გამოცდა?

სქემაზე მუშაობა დასრულებულია და დასამტკიცებლად არის გადაცემული, ასევე, უნდა დამტკიცდეს სტანდარტიც. გამოცდის დასანიშნად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. რადგან ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვართ, სავარაუდოდ, ალბათ, ეს მინისტრის ბრძანების დონეზე მოხდება. ბრძანების დამტკიცებისთანავე, ნაეკი შეძლებს დადოს პროგრამა, რომელიც, პრინციპში, უკვე დიდი ხანია, გამზადებული აქვს. როგორც კი პროგრამა დაიდება, სპეცმასწავლებლებისთვის ცალკე გამოცხადდება რეგისტრაციაც და დაორგანიზდება გამოცდა. სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით გამოცდის კონკრეტული თარიღი, თუმცა, შემიძლია გითხრათ, როცა მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდები ჩატარდება, სპეცმასწავლებლის გამოცდაც იმ პერიოდში მოიაზრება.

√ რამდენსაფეხურიანია სქემა და შეძლებენ თუ არა მასწავლებლები, გამოცდის გარეშე, რომელიმე საფეხურზე გადასვლას?

ამ ეტაპზე, სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა სამსაფეხურიანია – პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი, ჯერჯერობით არ გვეყოლება მენტორი.

სქემის დამტკიცებისთანავე პრაქტიკოსის სტატუსი მიენიჭება სისტემაში მოქმედ ყველა სპეცმასწავლებელს, ხოლო უფროსი მასწავლებელი ავტომატურად გახდება სპეციალური განათლების მაგისტრის მქონე სპეცმასწავლებელი, დანარჩენი პრაქტიკოსები კი, სტატუსის ამაღლებას, გამოცდის ჩაბარებით შეძლებენ. რაც შეეხება წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას, წამყვანის გამოცდა მომავალ წელს იგეგმება და მას, თავისთავად, უფროსი მასწავლებლები ჩააბარებენ.

√ რამდენ გამოცდის ჩაბარება მოუწევს სპეცმასწავლებელს?

სპეცმასწავლებელს მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, ვინაიდან ის საგანს არ ასწავლის, შესაბამისად, იქნება სპეციალური განათლების გამოცდა – საგამოცდო ტესტები ნაეკმა ჩვენ მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მოამზადა.

√ ხელფასის მატებაზე რას გვეტყვით – მართალია თუ არა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელფასი ეზრდებათ?

სამწუხაროდ, ახლა არ ვართ იმ ეტაპზე, რომ ხელფასები გაიზარდოს, კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა ძალიან ბევრ რამეს შეუქმნა პრობლემა და ბევრი რამ გადავადდა კიდეც. მათ შორის, სქემაც, რომელიც, რომ არა ეს პროცესები, უკვე დამტკიცებული იქნებოდა. რაც შეეხება სპეცმასწავლებლის ხელფასის მატებას, განვმარტავ, რომ ის აუცილებლად მიბმული იქნება სქემაზე, მომზადდება შესაბამისი ბრძანება სპეცმასწავლებლის დაფინანსების შესახებ.   როგორც იცით, ახლა ყველა მასწავლებელს სტანდარტული ანაზღაურება აქვს, მინისტრის მოადგილის დაკვეთა კი, ასეთია: შეიცვალოს არსებული წესი და ანაზღაურება იყოს ინდივიდუალიზირებული. თუმცა, როგორც გითხარით ჯერ შეცვლილი არაფერი არ არის, ეს პროცესიც დაწყებული იყო, მაგრამ განვითარებული მოვლენების გამო, სამწუხაროდ, შეჩერდა. იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და ამ მიმართულებით დაწყებული პროცესებიც დასრულდება, შესაბამისად, სქემის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული ბრძანებაც გვექნება.

√ სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩაბარების უფლება, მოქმედი მასწავლებლების გარდა, ექნებათ თუ არა მსურველებს და რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაწესდა მათთვის? იქნება თუ არა მათთვის განსხვავებული ბარიერი?

დიახ, რასაკვირველია, გამოცდის ჩაბარების უფლება მიეცემათ მსურველებსაც, მაგრამ ექნებათ თუ არა განსხვავებული ბარიერი, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული. სავარაუდოდ, განსხვავებული ბარიერი არ დაწესდება, არც 1-4 კრედიტი იქნება, როგორც ახლა  აქვთ მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდებზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნად კი, სპეცმასწავლებლობის მსურველებისთვის, ამჟამად მასწავლებლის კვალიფიკაციაა. თუმცა, ზოგადი განათლების შესახებ კანონში უნდა აისახოს ცვლილება, რაც საშუალებას მისცემს სხვა პროფესიის ადამიანებს, სურვილის შემთხვევაში, შემოვიდნენ პროფესიაში.

√ დაბოლოს, ბევრი გვყავს სისტემაში მაგისტრის ხარისხის მქონე სპეცმასწავლებელი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც გამოცდის გარეშე, სქემის ამოქმედებისთანავე, გახდებიან უფროსი სპეციალური მასწავლებლები?

ზუსტი რიცხვი არ ვიცი, მაგრამ ასეთი მასწავლებელი ძალიან ცოტაა.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები