26 აპრილი, პარასკევი, 2024

90 %-ზე მეტ შემთხვევაში აბიტურიენტებს მხოლოდ სამი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ

spot_img
მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება. ცვლილებების მოტივად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ორ ფაქტორს ასახელებს: გამოცდების რაოდენობის შემცირებასა და დამატებითი საგნის რელევანტურად ჩაბარებას. ცვლილების თანახმად, წელს აბიტურიენტები ორ საგანს – ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა,   ყველა პროგრამაზე ერთნაირად ჩააბარებენ, ხოლო მესამე საგანს აირჩევენ იმის მიხედვით, თუ რომელ მიმართულებაზე აბარებენ – ტექნიკური და საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარული. პირველი შემთხვევისას მათ უნდა ჩააბარონ მათემატიკა, მეორე მიმართულების შემთხვევაში კი ისტორია. მაგრამ, რიგ შემთხვევაში, აბიტურიენტს არჩევანის შესაძლებლობა ეძლევა ისტორიასა და მათემატიკას შორის. მაგალითად, ბიზნესის პროგრამაზე.

⇒ რაც შეეხება იმას, ყველა უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს თუ არა სამ გამოცდაზე მეტს, სოფო გორგოძე ამბობს, რომ: „უნივერსიტეტებს მიეცა უფლებამოსილება, სურვილის შემთხვევაში, კიდევ ერთი გამოცდა დაამატონ. მაგალითად, გეოგრაფიის პროგრამაზე დაამატოს გეოგრაფიის გამოცდა, რადგან ეს ყველაზე რელევანტურია. ამატებდნენ თუ არა უმაღლესები მეოთხე გამოცდას, ამის შესახებ პირველადი ინფორმაცია, აბიტურიენტებს, სექტემბერში მივაწოდეთ. საბოლოო პასუხს კი თებერვალში მიიღებენ.   მაგრამ, რადგან ჩვენ უკვე მივიღეთ ეს მონაცემები და ახლა ვამუშავებთ, წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ცოტა შემთხვევაში დააწესეს უნივერსიტეტებმა მეოთხე გამოცდა. მაგალითად, სამართლის პროგრამაზე, რიგ შემთხვევებში, დამატებით მეოთხე საგნად დაწესებულია სამოქალაქო განათლება, ლიტერატურა ან ზოგადი უნარები. ასევე, მაგალითად, ჯიპას მედიახელოვნებისა და აუდიოვიზუალური ხელოვნების პროგრამებზე, დაწესებული აქვს დამატებით ხელოვნების საგნის ჩაბარება. თუმცა, გავიმეორებ, რომ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევებია, 90 %-ზე მეტ შემთხვევაში აბიტურიენტებს მხოლოდ სამი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ოღონდ ეს არ ეხება სამედიცინო უნივერსიტეტის პროგრამებს, რადგან, აქ მიდგომა განსხვავებულია და ოთხი სავალდებულო გამოცდა დაწესდა. იმ ორი სავალდებულო საგნის გარდა, რომელიც ყველა პროგრამაზე ერთი და იგივეა – ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენები- მესამე სავალდებულო საგნად შემოდის ბიოლოგია, ხოლო მეოთხე სავალდებულო საგანი აბიტურიენტებმა შეუძლიათ სამი საგნიდან აირჩიონ – ფიზიკა, ქიმია, ან მათემატიკა. “

ცნობილია, რომ წელს გარკვეული ცვლილებები განხორციელდა საგნის ტესტებში, თუმცა, არა რადიკალური. ინფორმაცია ამის შესახებ   ცენტრის ვებგვერდზე უკვე განთავსებულია და ცენტრის ხელმძღვანელი ურჩევს აბიტურიენტებს გაეცნონ ამ ინფორმაციას, მოუწოდებს მათ აქტიურად გამოიყენონ ნაეკის ფეისბუქ გვერდიც, რადგან იქ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

სოფო გორგოძის განცხადებით, რადიკალური ცვლილებები წელს არც შეფასების კრიტერიუმებში იგეგმება, უბრალოდ, როცა ტესტში რაიმე ცვლილება შევა, ის ავტომატურად აისახება ხოლმე შეფასების კრიტერიუმებზეც.

⇒ რაც შეეხება რეგისტრაციას, ძირითადი ცვლილება ამ მიმართულებით ისაა, რომ წელს ცნობარი მხოლოდ ელექტრონული სახით გამოქვეყნდება. „ეს არჩევანი იმიტომ გავაკეთეთ, რომ ცვლილებებს ონლაინრეჟიმში უფრო მარტივად განვახორციელებთ. მაგალითად, ხშირად ვიდრე რეგისტრაცია დამთავრდებოდა, ზოგიერთ უნივერსიტეტის ან პროგრამას ეცვლებოდა სტატუსი, ვსაუბრობ აკრედიტაცია/ავტორიზაციაზე. ახლა   შეგვიძლია ეს ცვლილებები ონლაინ ცნობარში მაშინვე ავსახოთ.“ – ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.

⇒ თვის ბოლოს კი გამოცდებისა და შეფასების ცენტრი, ტრადიციულად, ღია კარის დღეებს დაიწყებს. ოთხშაბათობით აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა მივიდნენ ცენტრში და სპეციალისტებისგან მიიღონ პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე. სოფო გორგოძე ამბობს, რომ: „ამის გარდა, ვგეგმავთ თვითონაც წავიდეთ მათთან მთელი საქართველოს მასშტაბით. როგორც შარშან, ისე წელსაც აუცილებლად მოვივლით მთელ საქართველოს და ყველა აბიტურიენტს დეტალურად გავაცნობთ საჭირო ინფორმაციას. ეს ვიზიტები თებერვლიდან დაიწყება და ორი თვე გასტანს.

წელს, აბიტურიენტების ყველაზე ხშირად დასმული კითხვები, გამოცდების ახალ მოდელს უკავშირდება. რატომღაც აბიტურიენტები წინა წლის გამოცდილებას ითვალისწინებენ და მეოთხე გამოცდისთვის მაინც ემზადებიან, როგორც ჩანს ავტომატურად. ამიტომ მინდა იცოდნენ, რომ მეოთხე გამოცდა, უმეტეს შემთხვევაში, საჭირო აღარ არის. როგორც გითხარით, მხოლოდ სამართლის, საეთაშორისო ურთიერთობების და ხელოვნების პროგრამები ირჩევენ მეოთხე გამოცდას, მეტი პრინციპში, არც მახსენდება, შეიძლება ერთი ორი იყოს კიდევ. ასე რომ ძალიან მცირე შემთხვევაშია ოთხი გამოცდა სავალდებულო.“

არის თუ არა გამოცდების ასეთი სახით ჩატარება საბოლოო ვარიანტი, შეიცვლება თუ საგნების ჩამონათვალი 2021 წლისთვის? ამის შესახებ სოფო გორგოძე ამბობს, რომ, როგორც წესი მეოთხე გამოცდა ყოველ წელს იცვლებოდა მანამდეც, იმიტომ, რომ უნივერსიტეტები წარმოადგენდნენ რომელ საგანს ირჩევენ. რაც შეეხება მთლიანად მოდელს, ეს რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. „ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, მაგრამ პოლიტიკის განმსაზღრელი სამინისტროა. თუ რაიმე ცვლილება განხორციელდება,   მაქსიმალურად ვეცდებით მათთან ერთად, რომ ეს იყოს უკეთესობისკენ მიმართული ცვლილება და არა უარესობისკენ.“- აცხადებს სოფო გორგოძე.

⇒ მისივე თქმით, რეგისტრაცია, დაახლოებით, მარტის პირველ კვირას დაიწყება, შეიძლება ეს იყოს 4-5 მარტი და რადგან რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპიანია ის ერთ თვეზე მეტხანს გასტანს.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები