2019 წელს განათლების სისტემაში უპრეცედენტოდ ბევრი რეფორმა დაანონსდა, მათგან ნაწილი დაიწყო, ნაწილი, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ვერ მოესწრო. ჩვენს რესპონდენტებს ვთხოვეთ, შეეფასებინათ მიმდინარე წელი განათლების სისტემაში.
⇒ შალვა ტაბატაძე, CCIIR-ის ხელმძღვანელი, განათლების ექსპერტი:
2019 წელი ჩვეულებრივი, რუტინული წელია, დატვირთული რაღაც ინიციატივებით, რომელთაგან ნაწილი კარგია, ნაწილი კი, უბრალოდ, პიარზე გათვლილი. რეალურად რაიმე გარღვევა 2019-ში განათლების სისტემაში არ გვქონია. შესაბამისად, ვიტყვი, რომ ამ წელმა სისტემას არაფერი განსაკუთრებული არ შესძინა, გარდა ზოგიერთი ინიციატივისა, რომელიც დაიწყო, თუმცა, რამდენად ექნება მას პოზიტიური გაგრძელება და რა შედეგები მოჰყვება, მაინცდამაინც არ ჩანს. გარღვევის თვალსაზრისით სარეფორმო წინადადებები არ ყოფილა, უბრალოდ, წელს იყო უფრო მეტი ინიციატივა, ვიდრე სხვა წლებში.
⇒ თამარ მოსიაშვილი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, განათლების სპეციალისტი:
2019 წლის მნიშვნელოვან მოვლენად განათლების სისტემის დაფინანსების ზრდა მგონია. კარგი გადაწყვეტილება იყო საგამოცდო რეფორმა, CAT-ის გამოცდების გაუქმება და ეროვნული გამოცდების რაოდენობის შემცირება, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა, სკოლაში ახალი კადრის დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდა.
თუმცა, კვლავ პრობლემურია განათლების სისტემის ,,განთავისუფლების“ საკითხი. 10 წელი ხდება, რაც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ ცენტრალიზებული მართვის ეფექტურობას, თითქმის ყოველწლიურად ვიგებთ ახალი ინიციატივების შესახებ, რომელიც ზარზეიმით წარედგინება საზოგადოებას. ყოველწლიურად, შეფასების გარეშე, იხურება ძველი ინიციატივები. თუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების უკიდურესად რეგულირებული და ცენტრალიზებული სქემა იყო განვითარების მაშველი რგოლი, ახლა „ახალი სკოლის მოდელმა შეითავსა“ მაშველი რგოლის ფუნქცია.
სისტემის განვითარების საფუძველი კი თავისუფლება და დეცენტრალიზაციაა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დემოკრატიული ქვეყნის აშენება გვინდა, ბოლო 10 წელია ამას გვიმტკიცებენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი მინისტრები.
⇒ ბერიკა შუკაკიძე, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი:
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მასწავლებლის პროფესიაში განხორციელდა რეფორმა, რომლის შედეგადაც მომსვლელიც კმაყოფილი იყო და წამსვლელიც – პრაქტიკოსმა პენსიონერმა პედაგოგებმა ისარგებლეს დამსახურებული ჯილდოთი და ახალბედებს კი, პროფესიაში შესვლის საშუალება მიეცათ.
⇒ გიორგი ჭანტურია, განათლების კოალიციის დირექტორი:
მიუხედავად რამდენიმე პოზიტიური ცვლილებისა, ჩემთვის კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ განათლება არ არის ქვეყნის პრიორიტეტი და, სამწუხაროდ, ისევ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად გამოიყენება. არასაახალწლოა, მაგრამ სისტემას შიგნიდან რომ შევხედოთ, ვითარება ძალიან სევდიანია… მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ამ მოჯადოებულ წრეს მაინც გავარღვევთ!
⇒ ეკატერინე წულუკიძე, ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
ზოგადი სურათით თუ ვიმსჯელებ, წლევანდელი წელი ცოტა არეულ-დარეული წელი მგონია სისტემისთვის. თუნდაც სქემის არსებული სახით მოულოდნელი შეწყვეტა, რამაც ბევრი მასწავლებელი დატოვა საფრთხის წინაშე, რომ განათლების სისტემის მიღმა დარჩეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ სისტემის ბრალია, რადგან როცა სისტემა 5 წელს გაძლევს იმისთვის, რომ გაიუმჯობესო შენი კარიერა და იზრუნო პროფესიულ განვითარებაზე, კი არ უნდა მოდუნდე, პირიქით, უნდა გააქტიურდე. სამწუხაროდ, მასწავლებლების ნაწილი ბოლოს გააქტიურდა და ახლა ზოგი ახერხებს სტატუსის მოპოვებას, ნაწილი კი ვეღარ ასწრებს.
ვფიქრობ, ეს უარყოფითად აისახა, განსაკუთრებით, მაღალმთიანი რეგიონების სკოლებზე, ისევე როგორც საპენსიო რეფორმა. ბევრი მასწავლებელი გავიდა სკოლებიდან და მათი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა, არ აღმოჩნდა საკმარისი რესურსი მაღალმთიანი რეგიონების სკოლებისთვის. კადრების სკოლაში შემოყვანისას ბევრი რამ არ გაითვალისწინეს. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რა უწერიათ დიპლომში, მაგრამ რა გამოცდილება აქვთ და რამდენად იცავენ მასწავლებლის სტანდარტს და ეთიკას, ეს არ გაითვალისწინეს. კონკრეტული რეალობიდან გამომდინარე, სკოლები დადგნენ ამ პრობლემის წინაშე.
2019 წელს განხორციელებული ცვლილებებიდან ვეთანხმები CAT-ის გამოცდების გაუქმებას, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მართლაც არაფრის მომცემი იყო. ასევე, მომწონს
განათლების დაფინანსების ზრდა, რომელიც მთავრობამ დააანონსა, მაგრამ ვნახოთ რეალურად რა იქნება. საერთო ჯამში, 2019 წელი კიდევ ერთი საცდელი წელი აღმოჩნდა. თუმცა, წინგადადგმული ნაბიჯებიც გვაქვს, თუნდაც, ეროვნული სკოლის გახსნა. კარგია, მივხვდით, რომ პედაგოგებს ადგილზე სჭირდებათ გადამზადება და მხარდაჭერა. სკოლა თუ ბოლომდე გაამართლებს, ძალიან კარგი იქნება. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ 2019 წელი ცდების ეტაპი იყო განათლების სისტემაში და არა რაიმე კონკრეტული შედეგების მომტანი.
⇒ ლეილა ქოჩორაშვილი, ყვარლის №2 საჯარო სკოლის დირექტორი:
ვფიქრობ, წლევანდელი წელი სისტემისთვის მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ სკოლაში დასაქმდნენ ახალგაზრდა პედაგოგები, რომლებსაც ცოდნაც აქვთ, სწავლების თანამედროვე მეთოდებსაც ფლობენ, მაგრამ აქამდე არ ჰქონდათ სკოლაში შესვლის შესაძლებლობა. ახლა მათ საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მიეცათ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ დამსახურებული პედაგოგები ღირსეულად წავიდნენ პენსიაზე. მნიშვნელოვანია ანაზღაურების ზრდის თვალსაზრისით და კიდევ ისიც, რომ წელს გაიზარდა მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ტექპერსონალის ანაზღაურებაც.
კიდევ ერთი რამ, მართალია, ეს ჩემს სკოლას არ შეეხებია, მაგრამ ჩემს რაიონში სამი სკოლაა ჩართული „ახალი სკოლის მოდელში“. ძალიან კარგი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვას სკოლებში.
⇒ თერეზა ჩიფჩიანი, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
2019 წელი განათლების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან ბევრი დროული და საჭირო ცვლილება განხორციელდა. ყოველთვის პრობლემური იყო ახალგაზრდა კადრების დასაქმება, რაც ძალიან წარმატებით განხორციელდა წელს, ასევე მნიშვნელოვანი იყო პენსიონერი მასწავლებლების ღირსეულად, ნებაყოფლობით გაცილება სისტემიდან. ასეთი რამ, ალბათ, არავის არ ახსოვს. ასევე შემიძლია დავასახელო გამოცდების მიმართულებით გატარებული რეფორმა როგორც მისაღები, ისე სკოლის გამოსაშვები გამოცდების. ეს ცვლილებები იყო გარდაუვალი, რადგან ამას ითხოვს დღევანდელი რეალობა.
რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების შემოყვანა სკოლაში. ბევრი ახალგაზრდა ამთავრებდა უმაღლეს სასწავლებელს, ბრუნდებოდა რეგიონში, მაგრამ დასაქმების შანსი იყო ძალიან მცირე. რეგიონის სკოლებისთვის საკადრო პოლიტიკა ყოველთვის რთული იყო და მუდმივად კადრების დეფიციტი გვაქვს, მიუხედავად ამისა, ახალგაზრდების დასაქმება, მაინც პრობლემურია. წელს ძალიან ბევრი ახალგაზრდა განათლებული, მოტივირებული კადრი შემოვიდა სკოლებში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია 2019 წელს განათლების სისტემაში.
⇒ ბარბარე მახარაძე, ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე:
ვფიქრობ, რომ წელს განათლებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა – ცვლილებები შევიდა ეროვნულ გამოცდებში და გაუქმდა CAT-ის გამოცდები. ეროვნულ გამოცდებში განხორციელებული ცვლილებით, აბიტურიენტს საშუალება მიეცა, ფაკულტეტების მიხედვით აირჩიოს საგნის ჩაბარება. მაგალითად, სამედიცინოზე გეოგრაფიის საგნით ვეღარავინ ჩააბარებს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. იქ მხოლოდ ის ბავშვები მოხვდებიან, რომლებსაც ქიმიის ან ბიოლოგიის საკმარისი ცოდნა აქვთ. უნარების გამოცდა მხოლოდ იმ პროგრამებზე დარჩა, სადაც მართლა საჭიროა. მოკლედ, მინდა ვთქვა ის, რომ ყველაფერი ისე გადანაწილდა, რომ შემთხვევით მოხვედრა გამოირიცხება და ჩააბარებენ ის აბიტურიენტები, რომლებიც კარგად იქნებიან მომზადებული მიმართულებების მიხედვით.
რაც შეეხება CAT-ის გამოცდებს, გაორებული შეფასება მაქვს – მოსწავლეებისთვის კარგი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ ნაკლები დატვირთვა ჰქონდათ, თუმცა, მიმაჩნია, რომ მაინც საჭიროა იმის შეჯამება, რა გაიარე 12 წლის განმავლობაში სკოლაში, მაგრამ, არა CAT-ის გამოცდის ფორმით. ამ გამოცდის მიზანს ვერ ვხვდებოდი იმიტომ, რომ რეალურად მართლა არაფერს გაძლევდა. თუ ნიშნებს რაიმე გავლენა ექნება შემდეგ მისაღებ გამოცდებზე, მაშინ აზრი ექნებოდა ამ გამოცდას. ბევრად უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ ბავშვებიც. მე პირადად, CAT-ის ფორმატს შევცვლიდი, თუმცა ბოლომდე არ გავაუქმებდი.
ზოგადად ვერ შევაფასებ როგორია ჩვენი სკოლები, მაგრამ ჩემი სკოლის მაგალითზე გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს და მომწონს იმიტომ, რომ აქ თითოეულ მოსწავლეს შეუძლია თავის გამოხატვა. სკოლა მხოლოდ განათლების მიღების ადგილი არ არის, სადაც კარგ ან ცუდ ნიშნებს იღებ, სკოლამ ცხოვრებისთვის უნდა მოგამზადოს. ჩვენს სკოლაში იმდენი კლასგარეშე აქტივობა ტარდება, თუნდაც პროექტები, რომ შეგვიძლია ყოველი სტანდარტული დღე გავამრავალფეროვნოთ, მე ჩემს სკოლაში ამითაც ვიღებ სიამოვნებას, არ გვაქვს რუტინული ცხოვრება – წავედი სკოლაში, დავესწარი გაკვეთლებს, ჩავაბარე დავალებები და დავბრუნდი სახლში. ვფიქრობ, ყველა სკოლა ასეთი უნდა იყოს, მან უნდა მოგამზადოს ცხოვრებისთვის. ნიშნების დაწერა კი, ამას ვერ აკეთებს. აქტივობები ავითარებს ლიდერულ თვისებებს, რაც მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.
ლალი ჯელაძე