COVID-19-ის პანდემიის ფარგლებში მშობლების მხარდაჭერის ახალი პროექტი დაიწყო

246

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული იზოლაციით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზიანის შემცირება და მშობლებსა და ბავშვებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება – ამ თემას ეხება გაეროს ბავშვთა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ახალი ინიციატივა.

პროექტი მიზნად ისახავს მშობლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც დაეხმარება მათ, გააუმჯობესონ შვილებთან კომუნიკაცია და დაეხმარონ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული სტრესის დაძლევაში.

🟪 პროექტის ფარგლებში, სოციალურ ქსელებში არსებულ მშობელთა ჯგუფებსა და ფორუმებში, გაიმართება ონლაინ დისკუსიები. მშობლების მიერ გამოვლენილი პრობლემური საკითხების საპასუხოდ, სპეციალისტები ელექტრონულ რეკომენდაციებს მოამზადებენ. ბავშვთა ფსიქოლოგები ჩაატარებენ ვებინარებს თემაზე – მშობლებისა და შვილების კომუნიკაცია სტრესულ გარემოში; ინტერნეტ უსაფრთხოების სპეციალისტები კი, ინტერაქციულ ვებინარზე, ონლაინ სივრცეში ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ვებინარებზე დაყრდნობით, მომზადდება საინფორმაციო მასალა, მათ შორის, ვიდეო ბლოგები, რომლებიც სოციალურ ქსელ ფეისბუკში არსებულ მშობელთა ჯგუფებსა და გვერდებზე გავრცელდება.
🟪 ოთხთვიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობებში ჩართულები იქნებიან როგორც დედები, ასევე მამები.
🟪 კორონავირუსის პანდემიის გამო ბავშვებისა და მათი მშობლების მნიშვნელოვანი ნაწილი უდიდესი გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდა. იზოლაციის პირობებში, მაღალი სტრესის ფონზე, მშობლებმა ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის პედაგოგების როლები მოირგეს. დროის დეფიციტის, გაზრდილი პასუხისმგებლობების თუ სხვა პრობლემების გამო, მშობელთა ნაწილი ამ გამოწვევას წარმატებით ვერ გაუმკლავდა.
🟪 პანდემიის პერიოდში სახლებში ჩაკეტილი ბავშვები კიდევ უფრო დამოკიდებული გახდნენ ინტერნეტ თამაშებსა და სოციალურ ქსელებზე, რასაც მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის გართულება, კონფლიქტების გახშირება და ურთიერთობების   გაუარესება მოჰყვა. ასევე, გაიზარდა ონლაინ სივრცეში ბავშვთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები.

დატოვეთ კომენტარი