ბოლონიის პროცესის ეგიდით საქართველოს უმაღლესი განათლების უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა

788

 

3-4 დეკემბერს, თბილისში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ბოლონიის იმპლემენტაციის საკოორდინაციო ჯგუფის (BICG) გადაწყვეტილებით,   უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის (QA) ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.

აღნიშნულ ჯგუფში წარმოდგენილია ევროპის 45 ქვეყანა, თანათავმჯდომარეები არიან: საქართველო, ბელგია და კვიპროსი.

გარდა ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნებისა, ექსპერტთა ჯგუფში გაერთიანებულია ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფით დაინტერესებული ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: ევროკომისია, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაცია (ENQA), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრი (EQAR), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), ევროპის უმაღლესი განათლების ინსტიტუციების ასოციაცია (EURASHE), ევროპის სტუდენტთა გაერთიანება (ESU) და სხვ.

შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებები და ექსპერტთა ჯგუფების სტრუქტურის შექმნა, ბოლონიის იმპლემენტაციის 2018 წლის ანგარიშის და ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორების მიმოხილვა, სამოქმედო გეგმების შედგენა წევრი ქვეყნებისთვის, ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო გეგმის შემუშავება და სხვ.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სამდივნოს, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) წევრი ქვეყნებისა და სხვა დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დატოვეთ კომენტარი