„ახალი სკოლის მოდელი“ თანამედროვე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში

2501

ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკა დობორჯგინიძემ და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების ექსპერტმა, სანდრო ასათიანმა წარადგინეს.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რეფორმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 50 სკოლაში განახლდება კომპიუტერული კლასები და აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. „დეტალურ გეგმაში საუბარია იმაზე, სკოლებში რა ინფრასტრუქტურული განახლება მოხდება ტექნოლოგიების მიმართულებით, ინტერნეტის დაფარვა და ა.შ. მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი საინფორმაციო ტექნოლოგიების შეტანაა. ბავშვები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა ჩაერთონ პროგრამირებისა და ტექნოლოგიების ნაწილში, რადგან მათი განვითარებისთვის ტექნოლოგიები და ინოვაციები უმნიშვნელოვანესია “ – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

სასწავლო პროცესში ციფრულ ინსტრუმენტებს ცოდნის შეძენის, ინფორმაციის შენახვისა და გაცვლის მიზნით გამოიყენებენ. ამასთან, რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მასწავლებლები თავადაც შექმნიან ელექტრონულ სასწავლო რესურსებს და კოლეგებს გაუზიარებენ.

განათლების რეფორმის ფარგლებში Microsoft-თან და ტალინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სასწავლო პროცესში ციფრული საგანმანათლებლო რესურსები დაინერგება. სამინისტრომ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად, 2019 წლიდან საპილოტე სკოლებში დაიწყო სასწავლო პროცესში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებში აპრობირებული პროგრამების დანერგვა, რის შედეგადაც, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეები დაეუფლებიან კომპიუტერული მეცნიერების საწყისებს. რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებულად გამახვილდება ყურადღება ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებზე, როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებლებში, ასევე მშობლებში.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, იგეგმება არსებული ელექტრონული რესურსების, მათ შორის, ვებგვერდის el.ge-ის განვითარება. პორტალზე თავს მოიყრის სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები: ელექტრონული წიგნები, ვიდეო და ფოტო მასალა და სხვ.

სასწავლო პროცესში კი დაგეგმილია „სთრიმინგ გაკვეთილების დაინერგვა“ – სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს: „საუბრები მომავალზე“, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეებში კრიტიკული და ალგორითმული აზროვნების განვითარებასა და სწავლის პროცესში კრეატიულობის ამაღლებაზე, მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე.

სკოლებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან, დაწყებით კლასებში, კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ ახალი სახელმძღვანელო შემოვა და 50 საპილოტე სკოლაში გამოიცდება. საუბარია შვედური სახელმძღვანელოების სერიის „გამარჯობა რუბის“ შესახებ, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის, ნიუ-იორკის სკოლების მე-5 კლასამდე სწორედ ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიან.

„გამარჯობა რუბის“ პირველი და მეორე ნაწილი უკვე ითარგმნა ქართულ ენაზე და დაიბეჭდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში. მალე იგი ხელმისაწვდომი გახდება ქართველი მოსწავლეებისთვის.

რადგან ტექნოლოგოების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან, სახელმძღვანელო სექტემბრიდან საპილოტე სკოლებში, გადამზადებულ   პედაგოგებთან ერთად, შევა.

ჩამოთვლილი პროექტებიდან ზოგიერთი პირველი თებერვლიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება, ხოლო 2022 წლისთვის კი ყველა წარმოდგენილი პროექტი დასრულდება.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი