70 ქულიანი აბიტურიენტი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს

704

ანამარია ქორიძე –  აბიტურიენტი, რომელმაც  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მაქსიმალური (70) ქულა აიღო 

ამ გამოცდისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებოდი

ამ გამოცდისთვის ბოლო ერთი წელი კი არა მთელი ცხოვრება ვემზადებოდი, იმიტომ, რომ ქართულს სკოლაში 12 წლის განმავლობაში ვსწავლობთ, თან ვფიქრობ, რომ ეს არ არის გამოცდა, რომელიც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში უნდა მოვამზადოთ ინტენსიურად რეპეტიტორთან და ისე ჩავაბაროთ. პირველ რიგში, სკოლამ უნდა მოგცეს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა. მე  გამიმართლა და ეს შესაძლებლობა მართლაც მომცა ჩემმა სკოლამ და ქართულის მასწავლებელმა. 21-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და ქართულს მასწავლიდა არაჩვეულებრივი მასწავლებელი, მაკო ბრეგვაძე –  გრამატიკასაც ძალიან კარგად გვასწავლიდა და   ტექსტზე მუშაობასაც. ყველნაირად ცდილობდა, რომ ჩვენთვის ლიტერატურა შეყვარებინა. ეს მართლაც არაჩვეულებრივად გამაოუვიდა, რადგან მთელი კლასი გიჟდებოდა ისე უყვარდა ლიტერატურაც და გრამატიკაც. ვფიქრობ, მართლაც არაჩვეულებრივი შანსი მომეცა იმით, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა, რაც მთავარია, იმის საშუალება მქონდა, რომ ქართულში მომზადება მხოლოდ ერთ წელში არ ჩამეტია. სამწუხაროდ, ისეთი განათლების სისტემა გვაქვს, რომ ყველას  არ ეძლევა ასეთი შანსი – ვიღაცას არ ხვდება კარგი მასწავლებელი, ვიღაც კარგ სკოლაში ვერ სწავლობს, თუმცა, რასაკვირველია, ასეთი დაყოფა პირობითია.

უცვლელია სპეციალობა  – შეიცვალა უნივერსიტეტი

მე ავირჩიე ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი, სპეციალობის არჩევა პირველი კურსის შემდეგ ხდება, გადაწყევტილი მქონდა ლიტერატურათმცოდეობის არჩევა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ილიას უნივერსიტეტში აღარ ვისწავლი, რადგან  გერმანიიდან მომივიდა პასუხი, რომ იქ ერთ-ერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა მიმიღო. რასაკვირველია, სპეციალობა იქაც ლიტერატურათმცოდეობაა. რადგან პასუხი გვიან მივიღე, გადავწყვიტე გამოცდებზე მაინც გავსულიყავი, რადგან ვიფიქრე, რომ ჩემი შრომა წყალში არ ჩამეყარა.

ლიტერატურა მნიშვნელობას არასდროს დაკარგავს – უცვლელი რჩება  ის გრძნობები და ღირებულებები რაზეც წერდნენ და წერენ

პირველ რიგში, რატომაც მიყვარს ლიტერატურა არის ის, რომ სწორად შერჩეული ლიტერატურის კითხვა გაგრძნობინებს, რომ მარტო არ ხარ. ის რასაც შენ განიცდი და გრძნობ მანამდეც განუცდიათ, უგრძვნიათ და დაუწერიათ. ვფიქრობ, ლიტერატურა ხშირად ბევრი რამისგან თავისდაღწევის  საუკეთესო საშუალებაა. მართალია, ეს, გარკვეულწილად, პრობლემისგან გაქცევაცაა, მაგრამ არა ისე, რომ მას აღარ მიუბრუნდე. პირიქით, შემდეგ ამ პრობლემას უფრო მარტივად უყურებ და, შესაბამისად, მისი გადაჭრაც გიადვილდება.

გარდა ამისა, ლიტერატურა კულტურის ნაწილია და ის პერსპექტიულ ჭრილში უნდა განიხილო. სულ რომ არ შეიქმნას ახალი, უკვე შექმნილი ლიტერატურა მნიშვნელობას არასდროს დაკარგავს, რადგან არის რაღაცეები, რაც უცვლელი რჩება – ის გრძნობები და ღირებულებები რაზეც წერდნენ და წერენ. ამიტომ ვფიქრობ, თუ ადამიანს უყვარს ლიტერატურა და არ იფიქრებს იმაზე, რომ მისი პროფესია გაყიდვადი და მაღალ ანაზღურებადი არ იქნება, მასთან შეჭიდება არ შეშინდება.

საყვარელი მწერალი

ცხოვრების ეტაპებიდან გამომდინარე იცვლება საყვარელი მწერლებიც. გარდა ამისა, ვცდილობ, წიგნების კითხვა უფრო ქრონოლოგიურად დავალაგო მწერლებისა და ეპოქების მიხედვით. ამიტომ, ერთ საყვარელ მწერალს ვერ დაგისახელებთ. თუ მკითხავთ, მაგალითად, რომელია ჩემი საყვარელი ამერიკელი მწერალი, ამაზე გიპასუხებთ, მაგრამ ზოგადი პასუხი არ მაქვს, რადგან ერთი საყვარელი მწერალი არ მყავს.

ლიტერატურული გმირი

ამაზე დავფიქრდები… ქართული ლიტერატურული გმირებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვანი და გარდამტეხია მინდია „გველისმჭამელიდან“. იმის გარდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და ღირებულებებზეა ნაწარმოები, რაღაცნაირად მე ამ ლიტერატურულ გმირში ვაჟას ვხედავ. როცა შეგიძლია შენი საყვარელი მწერალი ამოიცნო პერსონაჟში ეს ძალიან საინტერესო შეგრძნებაა. ეს შეგრძნების დონეზე, ყველაზე ახლოს კი პატარა ანამარიასთვის პეპი იყო, იმიტომ, რომ ეს ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი იყო, თან პირველი წიგნი, რომელიც  დღემდე რაღაცნაირად სულიერ კავშირშია. რაც შეეხება ახლანდელ ანამარიას, ჩემი საყვარელი პერსონაჟია პოლ ოსტერის „ილუზიების წიგნიდან“ დევიდ ზიმერი.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი