DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

375

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ონლაინ ცერემონია გაიმართა. 2020 წლის სტიპენდიებზე განაცხადი 329 პირმა გააკეთა, მათგან 28 შეირჩა. გამარჯვებულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, პოსტდოქტორანტები და აკადემიური პერსონალი.

დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მონაწილეობდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი. ცერემონიალს, ასევე, ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გებჰარდ როილი.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის განათლების ყველა საფეხურის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების საქმეში. აღნიშნა, რომ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD), ისევე როგორც სხვა გერმანულ ორგანიზაციებთან, პარტნიორობა პროდუქტიული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენს. მისი თქმით, წარმატებული თანამშრომლობა არსებობს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. საქართველოში მეცნიერების განვითარებისთვის სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის თანამშრომლობას ერთობლივი პროექტების შემუშავების საქმეში კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა – მიუხედავად პანდემიისა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო და თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა, თქვენ შეძელით ამ წარმატების მიღწევა და მოიპოვეთ შესაძლებლობა, განაგრძოთ სწავლა და გაიუმჯობესოთ გერმანული ენის ცოდნა მდიდარი აკადემიური ისტორიის მქონე ქვეყანაში. გარდა ამისა, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ცოდნით წვლილი შეიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ!“

დატოვეთ კომენტარი