29 დეკემბრამდე, VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესი სრულად ელექტრონული ფორმით წარიმართება

2222

2020 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით განხორციელდება – I-VI კლასების მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის – სრულად ელექტრონული ფორმით.

დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 სექტემბრის N820596 ბრძანებაში „2020-2021 სასწავლო წელს ქალაქების თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთის, ქობულეთისა და ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“  შესული ცვლილების საფუძველზე განისაზღვრა. კერძოდ:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2020-2021 სასწავლო წელს ქალაქების თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, სასწავლო პროცესი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, წარმართონ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით – I-VI კლასის მოსწავლეებისთვის დასწრებით სწავლების ფორმით, ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის სრულად ელექტრონული ფორმით;“; გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 , 12 , 13 და 14 პუნქტები:

„11. ამ ბრძანების პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სსიპ ქალაქ თბილისის N69, N143, N154, N174, N2, N76, N145, N157, N168, N172, N179, სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N163 და სსიპ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლებზე – 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 05 ოქტომბრამდე, ხოლო სსიპ ქალაქ თბილისის №26 საჯარო სკოლაზე – 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 07 ოქტომბრამდე; ბ) სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლაზე – 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 05 ოქტომბრამდე, სსიპ ქალაქ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაზე – 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 ოქტომბრამდე, სსიპ ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლაზე – 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 20 ოქტომბრამდე; გ) სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაზე – 2020 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 12 ოქტომბრამდე, ხოლო სსიპ ქალაქ ზუგდიდის N3 საჯარო სკოლაზე, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის N1 საჯარო სკოლაზე, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაზე, სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის საჯარო სკოლაზე – 2020 წლის 4 ოქტომბრამდე;

12. ამ ბრძანების 11 პუნქტით გათვალისწინებულმა სკოლებმა, ამ ბრძანების 11 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში, სასწავლო პროცესი განახორციელონ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით;

13. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებენ ქალაქებში – გორში და ფოთში, სასწავლო პროცესი 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან განაგრძონ არადისტანციურ რეჟიმში;

14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან წარიმართოს დისტანციურ რეჟიმში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებამდე;“

დატოვეთ კომენტარი