ქართველი მოსწავლეების წარმატება მათემატიკის მერვე საერთაშორისო ოლიმპიადაზე

801

კიევში დასრულდა ევროპის გოგონათა მათემატიკის მერვე საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელშიც მსოფლიოს 49 ქვეყანა (მათ შორის აშშ, იაპონია, ბრაზილია, ავსტრალია და სხვ.) მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული, საკუთარი შედეგი გააუმჯობესა და, ისტორიაში პირველად, ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა: 1 ოქრო, 2 ვერცხლის მედალი და 1 საპატიო სიგელი; გუნდურ ჩათვლაში, ევროპის ქვეყნებს შორის, მე-8 ადგილზე გავიდა, ხოლო საერთო ჩათვლაში მე-11 იყო. ოქროს მედალი ანა ონოფრიშვილიმა მოიპოვა, თამარ კორკოტაშვილმა და მარიამ ივარდავამ – ვერცხლის, ხოლო ქეთი სულამანიძე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. საპატიო სიგელის მფლობელი გახდა, ასევე, ანა-მარია მექერიშვილი, რომელიც ჰოლანდიის გუნდის სახელით მონაწილეობდა.

გოგონათა ევროპის ოლიმპიადას მათემატიკაში, 2021 წელს, საქართველო, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. წელს ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა უკრაინა იყო და სწორედ კიევში გახდა ცნობილი, თუ სად ჩატარდებოდა ოლიმპიადა მომდევნო ორ წელიწადში. უნივერსიტეტის რექტორატის ინიციატივას, უმასპინძლონ ამ უდიდეს ფორუმს, ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, მსგავსი დონის და მასშტაბის მათემატიკური ფორუმი (ოლიმპიადა, შეჯიბრი) ჩვენთან არ გამართულა.

ნაკრები გუნდის ოლიმპიადაზე მონაწილეობა დაფინანსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ,,საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები“, ქვეპროგრამის ფარგლებში.

საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს.

დატოვეთ კომენტარი