2019 წლის გამოცდები დასრულდა

873

2019 წლის გამოცდები დასრულდა და გამოცდების მიმდინარეობას უწყებების ხელმძღვანელები  სპეციალური განცახდებითა და ბრიფნგით  აჯამებენ.

შფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ საგამოცდო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მეტიც, ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების ქცევა სამაგალითო იყო და აბიტურიენტებმა პერსონალისგან შენიშვნები თითქმის არ დაიმსახურეს. მინდა განსაკუთრებით გამოვყო აბიტურიენტები და მადლობა გადავუხადო მათ. მე ვიყავი 23-ვე საგამოცდო ცენტრში. დღეს ბათუმის საგამოცდო ცენტრში დავასრულეთ პროცესზე დაკვირვება და მინდა ვთქვა, რომ აბიტურიენტების ქცევა ამ გამოცდებზე იყო მართლაც სამაგალითო. თითქმის, ისინი არ იმსახურებდნენ შენიშვნებს პერსონალისგან. ეს არის ძალიან სასიხარულო ჩემთვის იმიტომ, რომ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდების შეგნება და პასუხისმგებლობის გრძნობა საკმაოდ მაღალია. მათ შესანიშნავად იციან თავიანთი უფლებები, მაგრამ ამავდროულად, იციან რა არის მათი მოვალეობებიც. ვფიქრობ, რომ ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ცოდნა, რომელიც მათ საგამოცდო პროცესში უნდა გამოავლინონ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

წლევანდელი გამოცდები, როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამორჩეული იყო დასწრების მაღალი დონის მაჩვენებლითაც, როგორც აბიტურიენტების, ისე მასწავლებლების მხრიდან –  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 95%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 82%. საერთო სამაგისტრო გამოცდასა და პედაგოგთა კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცხადებულ აპლიკანტთა სტატისტიკა მონაცემების დამუშავებისთანავე გამოქვეყნდება.

ცენტრის დირექტორმა მადლობა გადაუხადა გამოცდების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის აბიტურიენტებს, რომლებიც, მისი თქმით, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ.

2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

მიხეილ ბატიაშვილმა გამოცდების დასრულება სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა და აღნიშნა, რომ: 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩატარდა. მან  წარმატება უსურვა თითოეულ აპლიკანტს და მადლობა გადაუხადა ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებაში.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დაგვიანებებთან დაკავშირებით, წლევანდელ გამოცდებზე პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან გასულ წელთან შედარებით, დაგვიანებებმა იკლო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო კამპანიის შედეგია.

♦ ♦ ♦
შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა და სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური გაკეთდა იმისათვის, რომ აპლიკანტებისთვის გამოცდები კომფორტული გარემოში ჩატარებულიყო. გარდა იმისა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი აღჭურვილი იყო გაგრილების სისტემით, ადგილზე მუდმივად მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
წლევანდელ გამოცდებზე უპრეცედენტოდ დიდი – 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც გამოცდებზე დაახლოებით 95%, ხოლო საგრანტო კონკურსზე 82% გამოცხადდა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წელს საგამოცდო პროცესში ცვლილებები შევიდა – ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი მაინც ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.
უკვე დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი. 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება.

 

√ √ √ რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელს, რომელიც 2020 წლიდან შედის ძალაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება.

 

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი