200-ლარიან კომპენსაციას 17 წლის ჩათვლით ბავშვებიც მიიღებენ

626

საქართველოს მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით,  ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აფართოებს და პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ამჯერად 200-ლარიან ფულად დახმარებას 17 წლამდე ბავშვები – სკოლის მოსწავლეები და ის სტუდენტებიც მიიღებენ, რომლებსაც თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსი აქვთ შეჩერებული ან სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან. პრემიერის განცხადებით, მთავრობის სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპის ძირითადი ობიექტი ახალგზრდობაა, რომ მათ განათლებას რისკები არ შეექმნას.

„ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ბავშვებს, 17 წლამდე, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება ბავშვებისა ეკონომიკურ კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყების პროცესში. ყველა საქართველოს მოქალაქე ბავშვი, 17 წლამდე, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად, კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისთვის.

ამის გარდა, ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის, სრულ ანაზღაურებას. და, ამასთან ერთად, ყველა სტუდენტი, 150 სოციალურ ქულამდე, რომელთაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც, სახელმწიფო დაუკომპენსირებს ერთი წლის, 2020-2021 სასწავლო წლის, სწავლის საფასურს. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.“– განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომპენსაციას აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი 15 სექტემბრამდე მიიღებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სპეციალური პორტალი მომავალ კვირაში გააქტიურდება, სადაც დოკუმენტაცია აიტვირთება, „დარწმუნებული ვართ, რომ სწავლის დაწყებამდე, 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, სრულად იქნება ანაზღაურებული ეს თანხები,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ დახმარება განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებზეა გათვლილი და ფიქრობს, რომ ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ უარი თქვან ამ დახმარებაზე, უარს იტყვიან.

17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს, იმის მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილი არის, 200 ლარი დაერიცხება. შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ამ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, უარს იტყვიან. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოეულ ბავშვზე. დღეს, საქართველოში, არის 880 ათასი ბავშვი, განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში, რომლებმაც ეკონომიკური კრიზისის დარტყმას უნდა გაუძლონ, ყველაფერთან ერთად ნორმალურ სასწავლო პროცესში შევიდნენ. დამანახეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტი სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, განათლება უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

დატოვეთ კომენტარი