1918 წლის 26 მაისი – „ურვა ქვეყანასა ზედა“ თუ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

624

1918 წლის 26 მაისს მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის თავზე საქართველოს ეროვნული დროშა აფრიალდა. 117 წლის შემდეგ ერმა მოიპოვა ნანატრი თავისუფლება, თუმცა როგორც თანამედროვე მწერალი აკა მორჩილაძე ამბობს: „შემოვიდნენ რუსები“ და იყო ომი, რომელმაც წაშალა რუკიდან დამოუკიდებელი საქართველო. ჯერ ხეირიანად არ იყო დატანილი რუკაზე და ეგრევე წაშალა, რადგან ქართველებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ჯერ ღვინო დაებინავებინათ და მერე მიეხედათ სამშობლოსთვის. ყველას არ ეხება, ვინც სამშობლოს მიხედვა გადაწყვიტა, ის ან შეაკვდა მტერს, ან სამშობლოდან გაასწრო“.

ალექსანდრე ყაზბეგმა სცადა ჩვენთვის თვალის ახელა. „ელგუჯას“ სახით ახალი მიმართულება მისცა ლიტერატურას, მან დიდი პოლიტიკური მამაცობაც გამოიჩინა, მოქალაქეობრივი სითამამე, და ის, რაც ილიამ და აკაკიმ გაბედეს და მხოლოდ სიმბოლოს სახით დაგვანახვეს, ყაზბეგმა თვალსაჩინო სურათებით დახატა: „დოკუმენტურად, მშვენიერი აღმტაცებელი ფერადებით დაგვისურათა ქართველი ერის მდგომარეობა… დაუფარავად აღწერა საქართველოს კოლონიური მდგომარეობა“ (კიტა აბაშიძე). ილიამ თავისი პროზაული ტექსტები ააგო რეალურ, ადამიანთა გარეგნულ პორტრეტებზე: რუსის პირდაუბანელი, თავდაუვარცხნელი და სქელკისერა „იამშჩიკის“ „ბრიყვი სახე, იმისი ოყრაყული სანახაობა, უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა““, აგრეთვე მთვრალი „განმანათლებელი“ „პოდპორუჩიკი“ ქმნის წარმოდგენას უცხოზე (რუსზე), რომლის ანტიპოდურ სახედ ნაწარმოებში ჩნდება ლელთ ღუნია – ქართველთა ნაციონალური ტიპის გამომხატველი პერსონაჟი. ამ კონტრასტულ სახეთა შორის დგას მგზავრის (თავად ავტორის) ფიგურა. მისი, რუსის ქულაჯაში გამოწყობილი ქართველის, სიტყვები – „თუმცა მე რუსული მაცვია, დამიჯერე, რომ გულით ქართველი ვარ“ , ეს ფრაზა ილიას თაობის, თერგდალეულთა, თვითიდენტიფიკაციის ფორმულადაც შეიძლება კლასიფიცირდეს.

დიდხანს იბრძოლა ილიამ; წერა, წერა და… როცა თავი მოაბეზრა ბრიყვებს, ესროლეს…

ილიას სიკვდილის შემდეგ საქართველომ დიდხანს იჩაქჩაქა რუსის პოვოსკით.

მიხეილ ჯავახიშვილმა „ლამბალო და ყაშა“ ჩვენთვის დაწერა, რომელშიც მძაფრად, მოურიდებლად, პირდაპირობით აჩვენა ჩრდილოელი დამპყრობის სახე. ყველაზე მეტად კი მას დაეჯერებოდა, რადგან მის ზურგზე გადაირა 1921-1924 წლის უბედურებებმა, რაც ჩრდილოელმა საქართველოში დაატრიალა.

1991 წლის 9 აპრილს კი მიიღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. „ცხოვრების ტკბილ საზიზღრობას შეგუებულმა, მორჩილმა, დიდი ხნის მიძინებულმა ადამიანებმა გავიღვიძეთ, ნელ-ნელა წინ წავიწიეთ, ბევრ რამეს მოვფინეთ ნათელი, დიდი ნაბიჯი გადავდგით ბოროტებიდან სიკეთისკენ, მაგრამ პრობლემა ისევე ბევრი გვაქვს, ისევ მრავლადაა ქართველი ერის წინაშე. ისევ უკან, ილიამდელ საქართველოში დავბრუნდით. ასე მგონია, თითქოს ჩვენ შორის ისევ დადის ქართლის ჭირის მოზარე დავით გურამიშვილი და ჩვენ გასაგონად იმეორებს:

„ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…“

მოგეხსენებათ, გურამიშვილის ეპოქაში ქართველთა ერთ -ერთი მთავარი უბედურების მიზეზი შინაური აშლილობა და გაუთავებელი შუღლი იყო: ,,ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კომბალი თავში დასცეს“. ძმათა შუღლმა და დაუნდობლობამ მძიმე შედეგი გამოიღო, „შეიქმნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა… ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა“… ავაზაკობა ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა.ვერ ვძლიეთ სიხარბეს… მე, პირადად, მეტიჩარა ქართველი მირჩევნია სხვა ერის უპატიოსნეს ადამიანს, მაგრამ ქართველებს   სინამდვილის მწარე სიმართლის გვეშინია და ფრთხილად ვუვლით გვერდს. რას იზამ, ჩვენ ცოტანი ვართ და ეს ალბათ, ფიზიოლოგიური შიშია, შიში იმისიც, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის, ძმაც კი ზურგს შეგაქცევს.   ადამიანებმა კარგად იციან, რომ ცხოვრება ნაზი ყვავილების ორანჟერეა როდია, რომ ისუნთქო, ინებივრო, მიიღო ყოველგვარი სიამოვნება და დატკბე. „ცოცხალი კუბოები“,   ასე უწოდა ზარატუსტრამ ასეთ ადამიანებს. ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ თავიანთი ადგილი მოიპოვონ და იმ თაროზე   ერთმანეთს მისხალიც არ დაუთმონ. შემდეგ იწყება გამარჯვების ეტლი და ტრიუმფი.   ხდება ატორღიალება ამ ბრძოლაში, ხდება შემთხვევითი გამარჯვება და ხდება გამარჯვების პოზიციის დაჭერა, რითიც ერთი მეორეს ართმევს მის მონაპოვარს.

არ არის იოლი კაცური გზით სიარული, არც არასდროს ყოფილა, მაგრამ უნდა შევიგნოთ, რომ „ფარვა სიავისა“ ფრიად საზიანო საქმეა და საერთო საქმეს ვნებს:

„მართალია მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,

მაგრამ ფარვა სიავისა, ქვეყანას არ მოუხდების.“

ნაკლოვანებების მხილება, დასაგმობის დაგმობა და ავის კიცხვა ყველაზე უებარი საშუალებაა მანკიერებათა აღმოსაფხვრელად. ნაკლის აღმოფხვრა შეუძლია მხოლოდ სათანადოდ მომზადებულ ღრმად განსწავლულ მომავალ თაობას, ვინაიდან: ,,თუ ცურვას არ ისწავლით, ვერ გახვალთ წყალთა ღრმათაო,“ – ისევ გვაფრთხილებს გურამიშვილი.

დღეს ასეთია ქვეყნის ხასიათი და მისი სულიერი კარდიოგრამა:

„შეიქმნა დიდი მტერობა,

თქმა ერთმანეთის ძვირისა,

ამპარტავნობა და შური,

ურცხვად გატეხა პირისა.“

ჩამოთვლილმა ცოდვებმა ერი დაიმონა და ქვეყანა დაღუპვის პირამდე მიიყვანა.

სწორედ უჩინო მტრის ძალისხმევით ჩადენილ ცოდვათა გამო ატყდება თავს განსაცდელი „ცოდვის სამეფოს“ – საქართველოს. უსჯულოების გამრავლების გამო უფალი გულისწყრომას მოავლენს: მიწისძვრა, სტიქიური უბედურებები, მოუსავლიანობა, შიმშილი, განადგურება ქართველთა ბიწიერ ცხოვრებას უკავშირდება:

„მათ ღმერთსა სცოდეს,

ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა.“

იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა გამოიჩინონ სულიერი მღვიძარება, გულისხმაყონ სასჯელი, შეინანონ ცოდვები, დაუბრუნდნენ „ვიწრო გზას სიცოცხლისაკენ“ და დაინახონ საუკუნო ცხოვრების შესაძლებლობა, ქართველები ამ ურთულეს გამოცდას ვერ აბარებენ. ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის დაუსრულებელ შეტაკებებს პოეტი ადარებს მამლების ძიძგილაობას, რითაც მარჯვედ სარგებლობდა კარს მომდგარი ათასი ჯურის მტერი და გადამთიელი. გურამიშვილი საქართველოს იმდროინდელი დაცემისა და უბედურების მიზეზად მარტო გარეშე მტრებს კი არ თვლის, არამედ – უმეტესად ქვეყნის მკვიდრთა სულიერ ნაკლოვანებებს. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ადამიანთა გულებში უკეთესი მომავლის იდეალი გამქრალა.“

არ მოვუსმინეთ მწერლებს და აფხაზეთი დავკარგეთ…

მე-20 საუკუნეში კი „ძმებმა აფსუებმა,   თვითსახელწოდებით აფხაზებმა, ვერ დააფასეს ჩვენი ძმობა და მეგობრობა. 1991 წლის 15 ივლისს მათ აშკარა ბოღმა და ზიზღი გადმოანთხიეს ქართველ ერს, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ჩასცხეს მახვილი. პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.

სამაჩაბლოშიც (ცხინვალის რეგიონში), 1992 წლის 14 ივლისს,.. რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ და ეს იმიტომ მოხდა, რომ არ ცერთ მწერალს არ მოვუსმინეთ, არც ყაზბეგს მოვუსმინეთ, არც ილიას, არც ნიკო ლორთქიფანიძეს, არც ჯავახიშვილს, არც მკვლევარ აკაკი ბაქრაძეს… „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“, ეს ანდერძი მე-20 საუკუნის საქართველოს ეკუთვნის. მოლოდინი მოლოდინად, სურვილი სურვილად, ოცნება ოცნებად დარჩა… ქარის მოტანილი დამოუკიდებლობა ისევ ქარმა წაიღო… ნიკო ლორთქიფანიძემ „შელოცვა რადიოთიში“ დაგვიხატა მძიმედ დატვირთულ ურემში გაბმული, ცალ-თვალზე ბრმა ცხენი („საქართველო“), რომელიც   სასოწარკვეთილებით უცქეროდა ქუჩიდან ქვაფენილზე გადმოსრიალებულს და ჭიშკარზე მიმდგარ ავტომობილს („ევროპას“).

იქნებ 21-ე საუკუნის მწერალს, ჩვენს თანამედროვე აკა მორჩილაძეს, მოვუსმინოთ, რომელიც გვირჩევს: ,,თუ ეძებთ თავისუფალ საქართველოს, იმის ამბავი ასე იწყება: ,,რომელმან შექმნა სამყარო…“ დღევანდელი „ვითომ თავისუფალი“ საქართველო კი, ჩემი აზრით, ასეთია:

„ზღვა-ზღვა მივცურავთ უაზროდ,

ნიჩბების მოუსმელადა,

არც რასა ვდარდობთ, უშტარი

ბედი გვყავს წანამძღვარადა,

გავალთ და დავიღუპებით,

არა ვიცით რა სწორადა.“

ლია გოგოხია

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

გამოყენებული ლიტერატურა: გრიგალაშვილი ნ. – „სკოლაში შესასწავლი მწერლები“, თბ., 2004; მორჩილაძე ა. – „ქართულის რვეულები“, თბ., 2014; ბაქრაძე ა., – „სკოლას“., თბ. 2013.

დატოვეთ კომენტარი