22 ნოემბერი, პარასკევი, 2024

მაძიებელის გზა უფროს მასწავლებლობამდე

spot_img

 

მასწავლებლობით დაინტერესებული პირებისთვის პროფესიაში შესვლის  კიდევ ერთი გზა  გაჩნდა – მასწავლებლობის მაძიებელთა პროგრამა მსურველებს,  რომელთაც საგანის ან საგნობრივი ჯგუფის, მინიმუმ, ბაკალავრის ხარისხი აქვთ,     შესაძლებლობას აძლევს,  სკოლაში მუშაობა მაძიებლის სტატუსით დაიწყონ  და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად,  პარალელურად, დისტანციურად გაიარონ აკადემიური სწავლების კურსი.
მაძიებელთა შესარჩევ კონკურსს – გასაუბრებას სკოლები უახლოეს დღეებში დაიწყებენ. დეტალებზე გვესაუბრება პროგრამის მენეჯერი ნინო ბერიკაშვილი.

რას გულისხმობს მაძიებლის პროგრამა

მაძიებლის პროგრამა დაეხმარება ყველა მსურველს, რომ გაუადვილდეს პროფესიაში შესვლა. პროგრამის ბენეფიციარები არიან ის მოქმედი მასწავლებლები, რომლებიც დასაქმებული არიან ზოგადსაგნამანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ არ არიან ჩართული სქემაში და, შესაბამისად,  არ აქვთ სქემით მინიჭებული არც ერთი სტატუსი. ასეთი მასწავლებლები უკვე იწოდებიან მაძიებლებად.

ასევე, მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხი საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით  და დიპლომით არ უდასტურდება მასწავლებლის კვალიფიკაცია.

ასეთი ადამიანებისთვის მაძიებლის პროგრამაში ჩართვა მოხდება მას შემდეგ, რაც სკოლა კონკურსის საფუძველზე აიყვანს და დაასაქმებს სკოლაში –  გაუფორმებს მაძიებლის ხელშეკრულებას. მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება მასწავლებლობის მაძიებლის ჩართვა დისტანციურ პროგრამაში.

მინდა მცირე განმარტება გვაკეთო გარდამავალ დებულებასთან დაკავშირებით, რომელიც  თან ახლავს მასწავლებლობის მაძიებელთა  რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს. გარდამავალ დებულებაში წერია, რომ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ,  2023 წლამდე, მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ  ბაკალავრის ხარისხი და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა. ამ პირებისთვის ვალდებულებას წარმოადგენს სკოლაში მაძიებლად დასაქმებამდე იმ საგნის გამოცდის ჩაბარება, რომლის სწავლებაც სურთ სკოლაში. მაგრამ, ახალა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ამის უფლება არ გავქვს ვიდრე კანონში ცვლილება არ შევა.

როგორ ირჩევს სკოლა მაძიებელს – გზა კონკურსამდე

კონკურსამდე მაძიებელმა უნდა გაიაროს ონლაინრეგისტრაცია teacherjobs.ge ან pedagogi.ge-ზე.  რეგისტრაციის გავლისას მაძიებელი პირი ავსებს პროფილს, შეჰყავს პერსონალური ინფორმაცია, მონიშნავს სასურველ რაიონს, სკოლას და ასევე საგანს,  რომლის სწავლებაც სურს და ტვირთავს მოთხოვნილ დოკუმენტაციას. როდესაც სკოლა გამოაცხადებს ამ საგანში ან საგნებში ვაკანსიას, აპლიკანს თავისსავე პროფილში, „სასურველ ვაკანსიებში“ გამოუჩნდება აღნიშნული ვაკანსია. მაძიებელი აგზავნის მოთხოვნას და, თავისთავად,  სკოლაც ამ ყველაფერს ხედავს ელექტრონულად. თუ პირი აკმაყოფილებს მასწავლებლობის მაძიებლის მოთხოვნებს და დოკუმენტები სრულყოფილად აქვს ატვირთული, მაშინ სკოლას შეუძლია მასწავლებლობის მაძიებელს  გაუფორმოს ხელშეკრულება  და დაასაქმოს სკოლაში. ამის შემდეგ კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მაძიებელ პირს რთავს პროგრამაში.

კიდევ  ერთხელ განვმარტავ, რომ პირი ჯერ საქმდება სკოლაში როგორც მასწავლებლობის მაძიებელი და შემდეგ ერთვება  მაძიებლის პროგრამაში. ის ვალდებულია ჩაერთოს კურსში და შესაძლებლობა აქვს  წინასწარ აირჩიოს გრაფიკიც – გრძელვადიანი კურსის გავლა სურს თუ ინტენსიური- მოკლევადიანის. გრძელვადიანი კურსი მაქისმუმ ორწლიანია, ხოლო ინტენსიური კურსი – 4 თვიანი.

პროგრამა ხორციელდება დისტანციურად (ონლაინ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პარალელურად. მასწავლებლობის მაძიებელი მუშაობს სკოლაში, სადაც გადის პრაქტიკულ კურსს და, პარალელურად, დისტანციურად –  პროგრამის აკადემიურ ნაწილს. კურსის შემადგენლობას/ შინაარსს წინასწარ ადგენს მასწავლებლის სახლი, ახალა სწორედ ამ პროცესში ვართ.

მაძიებელს აკადემიური კურსის დროს ეძლევა პრაქტიკაში აუცილებლად განსახორციელებელი დავალებები. მარტივად რომ ვთქვათ, ის ამ დავალებებს, მუშაობის პროცესში, თავის საკლასო ოთახში ახორციელებს. მაძიებლის საქმიანობას ფასილიტაცის უწევს ტუტორი. ტუტორი შეიძლება იყოს იმავე სკოლაში დასაქმებული უფროსი, წამყავი ან მენტორი მასწავლებელი, რომელსაც, ბუნებრივია, მასზე მეტი გამოცდილება აქვს. მაძიებლისათვის ტუტორს ასახელებს სკოლა.

მაძიებელი ⇒ ჩვეულებრივი მასწავლებელი 

მაძიებელი გეგმავს და ატარებს გაკვეთილებს, მონაწილეობას იღებს სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებებში. ესწრება და აკვირდება ტუტორს. ისინი ერთად აანალიზებენ ჩატარებულ გაკვეთილებს.

ტუტორი ⇒ მაძიებლის ფასილიტატორი

ტუტორი კონსულტაციას უწევს მაძიებელს, აძლევს სათანადო რჩევებს, უზიარებს პროფესიულ გამოცდილებას. რომ შევაჯამოთ ტუტორი ფასილიტაციას უწევს მაძიებლის პრაქტიკული საქმიანობას მაძიებლობის პერიოდში. ამ პროცესში ჩართულია სკოლის დირექტორიც. ვინაიდან პრაქტიკული კურსი სკოლაში ხორციელდება, მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორმა მაქსიმალურად შექმნას პრცესის ხელშემწყობი პირობები. გარკვეულწილად, ამაზეც იქნება დამოკიდებული რამდენად ნაყოფიერად და საინტერესოდ გაივლიან მაძიებლები ამ გზას.

ვინ ან  როგორ აფასებს მაძიებლის განვლილ გზას

მაძიებლის პროგრამა  შედგება ორი ნაწილისგან –  აკადემიური და პრაქტიკული კურსებისაგან. აკადემიური კურსის შედეგებს, მის დაძლევა/ვერ დაძლევას თვითონ პროგრამა დაითვლის, ხოლო პრაქტიკულ კურსის შეფასება მაძიებლის პროფესიული საქაღალდის მიხედვით ხორციელდება. რადგან მაძიებელს აკადემიური კურსის დროს ეძლევა დავალებები პრაქტიკაში შესასრულებლად, აუცილებელია,  დამადასტურებელი დოკუმენტაცია განთავსდეს პორტფოლიოში. სწორედ პორტფოლიოს მიხედვით მოხდება პრაქტიკული კურსის დაძლევის აღიარება.

გარდა აკადემიური და პრაქტიკული კურსისა, მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია, მაძიებლობის პერიოდში, ჩააბაროს საგნობრივი გამოცდა.

რას მოიცავს აკადემიური კურსი?

აკადემიური კურსის დროს მაძიებელს შესასრულებელი ექნება სხვადასხვა ტიპის დავალებები. ეს იქნება თვით რეგულირებადი კურსი მრავალფეროვანი და თანამედროვე მეთოდიკის შესაბამისი დავალებებით, საკითხავი მასალით, ლექციებით, რაც დაეხმარება მას პედაგოგიკის ნაწილის შესწავლაში.

მაძიებლის ხელფასი

რა თქმა უნდა, მაძიებლის საქმიანობა იქნება ანაზღაურებადი. მისი ხელფასი გათანაბრებულია პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასთან და მას  ვერ ექნება ის დანამატები, რომლითაც უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლები სარგებლობენ.

უპირატესობა – მაძიებლის პროგრამა 60-კრედიტიანის პირისპირ

უპირატესობა გამომდინარეობს საჭიროებიდან, ამიტომ მე შემიძლია ეს პროგრამები მხოლოდ ერთამანეთს შევადარო.

√60-კრდერიტიანი არის საუნივერსიტეტო პროგრამა და მისი არჩევის შემთხვევაში  პირი დადის უნივერსიტეტში, ესწრება ლექციებს. ამასთან ერთად, ერთწლიანი პროგრამის განმავლობაში, სკოლაში გადის პრაქტიკას. ამ ყველაფრის წინაპირობა კი საგნის  გამოცდის ჩაბარებაა. მხოლოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეძლებს ის სკოლაში უფროს მასწავლებლად შესვლას.

√მაძიებლის შემთხვევაში პირი ჯერ შედის სკოლაში და მუშაობის პარალელურად,  მისივე შერჩეული გრაფიკით, გადის დისტანციურ კურსს. არ მოეთხოვება გამოცდის ჩაბარება წინაპირობად და ძალიან კარგია იმ რეგიონებსა და რაიონებში მცხოვრები მასწავლებლობის მსურველებისთვის,  სადაც არ არის 60-კრედიტიანი კურსის ხელმისაწვდომობა.

ეს გახლავთ ძირითადი განსხვავებები ამ ორ პროგრამას შორის, არჩევანი კი პირმა მისივე საჭიროებიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს.

როდის შეიძლება დარეგისტრირდეს მაძიებელი?

მაძიებელი მასწავლებელი შეიძლება დარეგისტრირდეს ნებისმიერ დროს, ხოლო როცა სკოლას გაუჩნდება საჭიროება/ვაკანსია და გადაწყვეტს, რომ აიყვანოს კადრი,  მაძიებელს შეუძლია გამოეხმაუროს ვაკანსიას.

მაძიებელობის მსურველთა რაოდენობა

ქალაქის სკოლებისათვის ვაკანსიები გამოცხადებულია 22 აგვისტოდან, 31 აგვისტოს ჩათვლით,  ხოლო, სოფლებისა და დაბების სკოლებისათვის – 22 აგვისტოდან, 3 სექტემბრის ჩათვლით.  დღეის მონაცემებით, უკვე ძალიან ბევრი მაძიებელი დარეგისტრირდა ვაკანსიების ვებგვერდზე.

სასიამოვნოა, რომ ბევრი ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც სკოლაში სურს დასაქმება, ბევრი კარგი ახალგაზრდა დარეგისტრირდა, ვისაც მოუნდა სკოლაში შევიდეს მაძიებელად. ვნახოთ, რა სურათი გამოიკეთება, გასაუბრება  სკოლებში  1 სექტემბრიდან იწყება.

მთავარი გზავნილი მაძიებლისთვის

მაძიებელსა და სტატუსის მქონე მასწავლებლებს კონკურსში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა აქვთ. არასწორია ინფორმაცია – თუ სკოლის ვაკანსიას გამოეხმაურება  უფროსი ან წამყვანი მასწავლებელი ის მაძიებელს აღარ დაიბარებს გასაუბრებაზე. დარწმუნებით მინდა გითხრათ, თუ რეგისტრაციის დროს მაძიებლის მიერ შევსებული პროფილი სრულლყოფილია, ატვირთულია მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მას თანაბარი შანსი ექნება მის სტატუსიან პრეტენდენტებთან. გადაწყვეტილების მიღება კი კონკურსის მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე მოხდება.

მაძიებლობის პროგრამის აუცილებლობა და მისი პოზიტიური მხარეები

მაძიებლობის პროგრამა საშუალებას იძლევა განათლების სისტემაში დასაქმდნენ ახალგაზრდა მოტივირებული კადრები, რომელთა პროფესიაში შემოსვლას აუცილებლად ექნება პოზიტიური ეფექტი. ასევე, პროგრამა დაგვეხმარება იმ შესაძლო დეფიციტების შევსებაში, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საპენსიო ასაკის პედაგოგების სკოლიდან გასვლამ. სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ პროგრამის ამოქმედება. ასევე, პროგრამის პოზიტიური მხარეა მაძიებლის პროფესიული ცოდნის ხელშეწყობა და განვითარება, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვა და სასკოლო გარემოსთან ადაპტირება.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

 

 

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები