გასულ კვირას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალური პროგრამის „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ ამოქმედება დააანონსა, რომელიც მასწავლებლობის მსურველებსა და მოქმედ პრაქტიკოს მასწავლებლებს საგნობრივ ჯგუფში ან მომიჯნავე საგნებში მოამზადებს, რათა მათ მცირეკონტინგენტიან სკოლებში ერთზე მეტი საგნის სწავლება შეძლონ. „ამ პროგრამის გავლით, საშუალებას ვაძლევთ ადამიანებს, რომ სრულიად ახლებურად გაიაზრონ მასწავლებლის პროფესია. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ახალი ტიპის მასწავლებელი“, — განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ, პროგრამის წარდგენისას.
რა არის „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ მთავარი მისია და რატომ დასჭირდა სისტემას „ახალი ტიპის მასწავლებლის“ მომზადება – ამის შესახებ დეტალურად საუბრობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი.
– რა არის პროგრამის მთავარი არსი?
– გამოცდილებამ და სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში არასრული დატვირთვის მქონე საგნების მიმართ ნაკლები ინტერესია. აქედან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება, პირს, რომელიც მცირეკონტინგენტიან სკოლაში მასწავლებლად წავა, რამდენიმე საგნის სწავლების შესაძლებლობა მივცეთ. განსაკუთრებით ეს მცირესაათიან საბუნებისმეტყველო საგნებს ეხება. თავისთავად, მცირეკონტინგენტიან სკოლებში, სადაც არ არის განაყოფები (პარალელური კლასები) და მხოლოდ ერთი კლასი ჰყავთ, მასწავლებელს შეიძლება მხოლოდ ცხრა საათი ჰქონდეს ან ნაკლები, მაგალითად, სამოქალაქო განათლების საგნის შემთხვევაში. ამიტომ მიზნად დავისახეთ, პირს, რომელიც შევა მცირეკონტინგენტიან სკოლაში მასწავლებლად, ჰქონდეს საშუალება, სრული განაკვეთით იმუშაოს და, ამასთანავე, მომიჯნავე დისციპლინებში აიღოს საათები — ამით მხოლოდ განაკვეთი კი არ შეივსოს, არამედ შეძლოს დამატებით არჩეული საგნის ხარისხიანად სწავლება. ამ მიზნით, ჩვენ წინსწრებით გავატარებთ კურსს ამ საგანში/საგნებში, შევახსენებთ ძირითად არსს, მივაწოდებთ მასალებს, რომ სკოლაში ბევრად უფრო ხარისხიანად დაიწყონ საგნების სწავლება. სკოლაში შესვლის შემდეგ კი, ისინი პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩაერთვებიან, რომელიც საშუალებას მისცემთ, მოკლე დროის განმავლობაში გახდნენ პროფესიონალები — შეძლონ ხარისხიანი სწავლება. ახალი პროგრამის ძირითადი მიზანიც სწორედ ეს არის, გავზარდოთ ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე.
– პროგრამით მასწავლებელს რამდენიმე საგნის სწავლების უფლება ეძლევა. შეძლებენ თუ არა ისინი კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე, ერთდროულად, რამდენიმე საგნის ჩაბარებას, რისი უფლებაც აქამდე არ ჰქონდათ, ანუ მომავალში შესაძლებელი იქნება ორ განსხვავებულ საგანზე ერთდროულად დარეგისტრირება?
– როცა გამოცდებზე ვსაუბრობთ, კომპეტენციის დადასტურება აპლიკანტს, წლის განმავლობაში, ისევ ერთ საგანში შეეძლება. რაც შეეხება რამდენიმე საგნის სწავლების უფლებას, მათ ამის უფლება ადრეც ჰქონდათ, თუ მასწავლებელი, საგნის ჯგუფის ფარგლებში, სერტიფიცირებული იყო. როდესაც მასწავლებლებს ამ თემაზე ვესაუბრებოდით, ამბობდნენ, რომ სხვა საგნის სწავლებისას ისინი საკუთარ კომპეტენციებში დარწმუნებულები არ იყვნენ და ამ მიმართულებით დახმარება სჭირდებოდათ. ამდენად, პირველი ამოცანა, რაც პროგრამამ მიზნად დაისახა, სწორედ მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის (რომლებსაც 100-მდე მოსწავლე ჰყავთ) ახალი კადრების მომზადებაა, რომლებიც კვალიფიციურად შეძლებენ ერთდროულად რამდენიმე საგნის სწავლებას, ყოველ შემთხვევაში, პირველ ჯერზე, მათ მივცემთ ძირითად საბაზისო ინფორმაციას/ცოდნას იმ საგნების შესახებ, რომელსაც მეორე საგნად აირჩევენ. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაში არის ის, რომ მოქმედმა მასწავლებლებმა, თუკი საათები გამოჩნდება, დაიმატონ ამ საგნის სწავლების უფლება. თუ მოქმედ მასწავლებელს პოტენციურად აქვს შესაძლებლობა, მომიჯნავე საგანი ასწავლოს, ის, რესურსცენტრის გავლით, დარეგისტრირდება პროგრამაზე და ჩვენ მას არჩეულ საგანში მოვამზადებთ. აქედან გამომდინარე, „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ ბენეფიციარი, ერთი მხრივ, ახალი კადრია, რომელიც დაინტერესებულია ასწავლოს მცირეკონტინგენტიან სკოლაში და მეორე მხრივ, ამავე სკოლის მასწავლებელი, რომელსაც, პროგრამის საშუალებით, უჩნდება შესაძლებლობა, გადაემზადოს მომიჯნავე საგანში და ასწავლოს. ეს მასწავლებელი არ უნდა იყოს პრაქტიკოსი, რომელსაც იანვრიდან სისტემიდან გასვლა უწევს. ამიტომ სკოლებმა რესურსცენტრებს, პროგრამაში მოსამზადებლად, ისეთი მასწავლებელი უნდა შესთავაზონ, რომელიც მომდევნო სემესტრისთვის ახერხებს სტატუსის ცვლილებას და, ამავდროულად, აქვს სხვა, მომიჯნავე საგნის სწავლების უნარი. სწორედ ამიტომ, მასწავლებლის მსურველები რეგისტრირდებიან ცენტრის საიტზე, „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ ბანერით ისინი შეძლებენ რეგისტრაციის გვერდზე გასვლას და დარეგისტრირებას შესაბამის პროგრამაზე, ხოლო დასარეგისტრირებელი მასწავლებლების შესახებ ინფორმაციას რესურსცენტრები მოგვაწვდიან.
– საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლობის მსურველი კურსის გავლის საფუძველზე დასაქმდება თუ უნდა დაელოდოს ზაფხულის გამოცდას და დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია?
– კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მასწავლებელს აქამდეც ჰქონდა უფლება, ესწავლებინა საგნობრივი ჯგუფის ფარგლებში. მაგალითად, ისტორიკოსს შეეძლო გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლებაც, გეოგრაფიის პედაგოგს — სამოქალაქო განათლების და ისტორიის საგნის და ა.შ. თუმცა, უფლების გარდა, ახლა მათ სხვა შესაძლებლობას ვთავაზობთ — საბაზისო ცოდნას, რომ საგანი ხარისხიანად ასწავლონ. სკოლას თამამად შეუძლია ეროვნული სკოლის კურსდამთავრებული პოტენციური მასწავლებელი უკვე მეორე საგნის მასწავლებლადაც აიყვანოს და, ასევე, მოქმედ პედაგოგებს სრულ განაკვეთზე მუშაობის საშუალებაც მისცეს, რაც, თავისთავად, პედაგოგის ანაზღაურებასაც გაზრდის.
აღრევა რომ არ მოხდეს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს პროგრამა არ არის ყველა მასწავლებლისთვის, გათვლილია მხოლოდ მცირეკონტინგენტიანი სკოლების მასწავლებლებზე, რომელთაც, იანვრიდან, ვაკანსიების გამოჩენის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, მომიჯნავე საგნების სწავლებით შეივსონ საათობრივი დატვირთვა.
– რომელ საგნებში შეუძლიათ მომზადება?
– რეგისტრაციაში მითითებული გვაქვს მომიჯნავე საგნების დაჯგუფება. მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს ფიზიკა და ისტ, ფიზიკოსს კი — მათემატიკა და ისტ, ქიმიკოს — ბიოლოგია, გეოგრაფს ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ვასწავლით და ა.შ. ეს არის მომიჯნავე საგნები, რომელთა სწავლებას ერთ-ერთი კონკრეტული საგნის კომპეტენტური მასწავლებელი შეძლებს, რადგან ამ საგნებს ბევრი აქვთ საერთო.
– დაეხმარება თუ არა კურსის გავლა იმ პირებს, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა უნდა ჩააბარონ, ანუ ამზადებს თუ არა „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ გამოცდებისთვის?
– ამ შემთხვევაში, ნაკლებად ვამზადებთ მასწავლებლებს კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდებისთვის. კონკრეტული პროგრამის მიზანი არ არის, მომავალში მასწავლებლებმა გამოცდები ჩააბარონ. თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც საგნის კურსს გაივლიან, მეტი შანსი ექნებათ, წარმატებით დაადასტურონ საგნის კომპეტენცია. კომპეტენციის დასადასტურებელი საგნის გამოცდისთვის ტრენინგები ცენტრმა ყველა გამოცდაზე დარეგისტრირებულ მასწავლებელს შესთავაზა.
– რას სთავაზობს „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ახალ კადრებს — მასწავლებლობის მსურველებს?
– რა თქმა უნდა, ახალი კადრი ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა. დეკემბერში საპენსიო ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყება და, სავარაუდოდ, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლები ამ შეთავაზებით ისარგებლებენ. შესაბამისად, მათ ადგილებზე გამოცხადდება ვაკანსიები. ამიტომ, ბუნებრივია, სისტემას დასჭირდება ახალი კადრები, რომლებიც მოკლე პერიოდში, სწორედ ამ სკოლებში შეძლებენ გადამზადებას და შემდეგ დასაქმებას. მცირეკონტინგენტიანი სკოლები მიზნობრივად იმიტომ ავარჩიეთ, რომ წინა ვაკანსიების გამოცხადებისას სერიოზული პრობლემა სწორედ ამ სკოლებში დავინახეთ. ქალაქებში, პირიქით, ძალიან მაღალკონკურენტუნარიანი გარემო იყო — მაგალითად, თბილისში 180 კანდიდატიც კი იყო ერთ ვაკანსიაზე. ასეთი კონკურსის პირობებში გარედან ჩარევა, რასაკვირველია, მიზანშეწონილი არ არის, სკოლები თავად შეძლებენ კადრების გადარჩევას. მაგრამ მცირეკონტინგენტიანი სკოლების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე იყო შემთხვევები, როცა არამც თუ კონკურენტუნარიანი გარემო, კანდიდატებიც კი არ გამოჩნდნენ. ამიტომ სკოლამ გამოთავისუფლებულ ადგილზე კადრის აყვანა ვერ შეძლო. სწორედ ამ სკოლებს გვინდა დავეხმაროთ, მოვამზადოთ ადამიანები, რომლებიც მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემენ.
თუმცა, ახალი კადრებისთვის შეთავაზებული კურსი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულფასოვანი მასწავლებლები გახდნენ. მათ ამის შემდეგაც დასჭირდებათ პროფესიული განვითარება, შესაბამისად, საბაზისო კურსის გავლის შემდეგ, როცა იანვრიდან სკოლაში დასაქმდებიან, მათი პროფესიული განვითარება მაძიებლის პროგრამაში ჩართვით გაგრძელდება. მათი ვალდებულებაა, მაძიებლის პროგრამით განსაზღვრული კურსი წარმატებით დაძლიონ და ბოლოს დაადასტურონ საგნის კომპეტენცია (თუკი არ აქვთ დადასტურებული). მხოლოდ ამის შემდეგ გახდებიან უფროსი მასწავლებლები და სისტემაში კუთვნილ ადგილს იპოვიან.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც, ვფიქრობ, მცირეკონტინგენტიანი სკოლის მომავალ მასწავლებლებს დააინტერესებთ, არის ის, რომ მათ ექნებათ დანამატი, რათა გავზარდოთ ადამიანების ინტერესი წავიდნენ რაიონების სკოლებში მასწავლებლებად. მაძიებლის მცირე ხელფასით ვერ დავაინტერესებთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელს უნდა მოშორდნენ.
– რა წინაპირობა აქვს პროგრამაში ჩართვას — ვის შეუძლია გახდეს „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ მსმენელი?
– მოდელირებული და დათვლილია, სად შეიძლება გაჩნდეს პოტენციური ვაკანსია. რომელი მასწავლებელი მიდის სკოლიდან, ამის შესახებ ადმინისტრაციას უკვე აქვს ინფორმაცია, შესაბამისად, მიზნობრივად, კონკრეტული სკოლისთვის კონკრეტულ საგანში მოვამზადებთ კადრს. სკოლის მიერ გამოცხადებული საგნების ჩამონათვალი შემთხვევითი სულაც არ არის. ესაა მოდელირებული საგნების მასწავლებლების საჭიროება, რომელიც იანვრიდან გაჩნდება.
– რა უნდა გაითვალისწინოს აპლიკანტმა დარეგისტრირებისას?
– რეგისტრაციის დროს აპლიკანტი ირჩევს იმ რაიონს, სადაც სურს დასაქმება, ასევე უთითებს მეორე ადგილს, სადაც სურს მოსამზადებელი კურსის გავლა. თუმცა, შეიძლება დასაქმებისა და მომზადების ადგილი სრულიად განსხვავებული იყოს. მაგალითად, შეიძლება მასწავლებლად სვანეთში წასვლას ვგეგმავდე, მაგრამ თბილისში ვცხოვრობდე და გადამზადებაც აქ მერჩივნოს, სხვას შეიძლება ურჩევნია ზუგდიდში გადამზადდეს, მაგრამ ფშავში წასვლას გეგმავდეს სამუშაოდ. შემდგომ განაწილება რეგისტრაციის დროს მითითებული ადგილის მიხედვით იქნება განსაზღვრული. ლიმიტირებულია ადგილები, რაიონები, სკოლები და საგნები, რადგან პროგრამა მიზანმიმართულად კონკრეტული სკოლებისთვის ამზადებს კონკრეტული საგნის მასწავლებლობის მსურველებს – ინფორმაცია სკოლებისგან გამოვითხოვეთ და სწორედ ამას ეფუძნება ადგილისა და რაოდენობის სიზუსტეც.
– რამდენი ადამიანის მომზადებაზეა გათვლილი პროგრამა?
– პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ 2000 ადამიანის გადამზადებას. რამდენიმე დღეა, რაც რეგისტრაცია გამოვაცხადეთ და უკვე ძალიან ბევრი აპლიკანტი დარეგისტრირდა — 1490-მდე. ამ სიებს, რა თქმა უნდა, გადავხედავთ, რომ მათ შორის არ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ვერ ჩაერთვებიან პროგრამაში. თუ აპლიკანტებს გავლილი აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტი, რომელშიც შეძლეს 40-დან 60-მდე ზღვრის გადალახვა, არ მოუწევთ პროგრამის პრეტესტის გავლა, დანარჩენებს, ვისაც ჩაბარებული არ აქვთ საგნობრივი გამოცდა, მინიმალური 40-პროცენტიანი ბარიერის გადალახვით, აუცილებლად მოუწევთ პროგრამაში ჩასართავად ტესტის ჩაბარება, რადგან პროგრამაზე შემოსვლისთვის ერთ საგანში უნდა დაადასტურონ კომპეტენცია იმისთვის, რომ სხვა საგნებში მომზადების საშუალება მივცეთ. ეს იქნება „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ მოხვედრის წინაპირობა. რაც შეეხება ტესტირებას (ჩვენ მიერ რესურსცენტრებთან ერთობლივად იქნება ორგანიზებული), დარეგისტრირებული აპლიკანტები, რომლებსაც არა აქვთ ჩაბარებული ტესტი, გაივლიან ტესტირებას, წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, ისინი ასევე გასაუბრების გავლის შედეგად ჩაირიცხებიან.
ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ მინიმალური ცოდნა კონკრეტულ საგანში, რომელსაც კურსის ფარგლებში კიდევ უფრო გავზრდით როგორც თეორიული ნაწილით, ისე პრაქტიკით.
– „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ერთჯერადი ინიციატივა იქნება თუ პირველი ეტაპის შემდეგ ისევ გაგრძელდება?
– როგორც გითხარით, იანვრისთვის, ჩვენ გვჭირდება ზუსტად ის რაოდენობა, რომლის გადამზადებასაც ამ ეტაპზე ვგეგმავთ. შემდეგ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, როგორი მოდელირებაც გვექნება სექტემბერისთვის. თუმცა, სისტემაში კვლავ რჩებიან მასწავლებლები, რომლებიც ორ საგანს ასწავლიან და სათანადო კვალიფიკაცია არ აქვთ მეორე საგანში. ასე რომ, ხარისხიანი განათლების მიზნებიდან გამომდინარე, მათი მომზადების საჭიროება მაინც გვექნება, ამ ფუნქციას კი, თავისთავად, ისევ ეროვნული სკოლა შეასრულებს.
– როგორ განისაზღვრა კურსის ხანგრძლივობა და შეფასება?
– კურსის ხანგრძლივობა საგნების სპეციფიკიდან გამომდინარეობს. მაგალითად, დაწყებითის შემთხვევაში, სამ დამოუკიდებელ საგანში – ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – მოგვიწევს მასწავლებლის მომზადება. ამ შემთხვევაში, თითოეული კურსი 30 საკონტაქტო საათისგან შედგება – სულ 90-საათიანი კურსია, გეოგრაფიის საგანში – 30-საათიანი კურსი გვაქვს, რომელსაც სამოქალაქო განათლების 15-საათიანი კურსი დაემატება. ეს იქნება განსხვავებული საათების რაოდენობა საგნების სპეციფიკიდან გამომდინარე. აპლიკანტი ამის ნახვას რეგისტრაციის ბმულზე შეძლებს თითოეული კურსის ქვეშ. საათების რაოდენობა ექსპერტებმა იმის მიხედვით დაადგინეს, რაც სჭირდება კადრს საბაზისო მინიმალური ცოდნის მისაღებად/შესახსენებლად. ვფიქრობთ, დეკემბრის ბოლომდე შევძლებთ მათ მომზადებას.
რა თქმა უნდა, კურსს აქვს შეფასების სქემა – მსმენელი რას აკეთებს, როგორ აკეთებს, რამდენად ემზადება სესიიდან სესიამდე, რამდენად კარგად ართმევს თავს იმ პრაქტიკულ მოთხოვნებს, რაც პროგრამაშია ჩადებული. პრაქტიკის გავლას მსმენელები, ყოველკვირეულად, უშუალოდ სკოლაში შეძლებენ. კვირაში ერთი დღე ისინი, გამოცდილ მასწავლებელთან ერთად, დააკვირდებიან მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს, კლასის მართვას, გაკვეთილის დაგეგმვას, მოსწავლის შეფასებას და ა.შ. მასწავლებლობის მსურველი პრაქტიკაში აკვირდება საგაკვეთილო პროცესს, რაც მას მომავალში გაუადვილებს სკოლაში მუშაობას.
ამ კომბინაციით დადგინდება, წარმატებით გაივლის თუ არა კურსს მსმენელი და მიიღებს თუ არა ამის დამადასტურებელ სერტიფიკატს. იანვარში, არდადეგების დასრულების შემდეგ, ისინი მზად უნდა იყვნენ სკოლებში შესასვლელად.
საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს ვუყენებთ – მოსამზადებელი კურსი არ გულისხმობს მხოლოდ ლექციის ტიპის საკონტაქტო საათებს, გვექნება ინტერაქტივიც და უკუკავშირიც, რადგან ჩვენი მთავარი მიზანია, კლასში ისეთი მასწავლებლები შევიყვანოთ, რომლებშიც დარწმუნებული ვიქნებით, რომ გამართულად შეძლებენ სწავლებას – წარუმატებლების ადგილი სკოლაში არ არის.
– ვის ანდობთ ასეთი კადრების მომზადებას – ვინ იქნებიან ტრენერები?
– „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ კურსებს წარუძღვებიან ჩვენი გამოცდილი ტრენერები, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში თანამშრომლობენ ცენტრთან. ესენი არიან სხვადასხვა საგანში ძალიან კომპეტენტური კადრები, ხშირ შემთხვევაში, საგნის მასწავლებლები, რომლებსაც, ასევე, გავლილი აქვთ ტრენერთა მომზადების სპეციალური პროგრამა. ისინი ჩავლენ და ასწავლიან იმ რაიონებსა და ქალაქებში, რომელშიც დაგეგმილია პროგრამის ამოქმედება. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ადამიანებს შეიძლება ვანდოთ ახალი კადრების მომზადება.
– დაბოლოს, გააგრძელებს თუ არა ცენტრი მასწავლებელთა ტრადიციულ ტრენინგებს, თუ ამასაც ეროვნული სკოლა ჩაანაცვლებს?
– სამომავლოდ ცენტრს აქვს სიახლე, რაც გულისხმობს სხვა ორგანიზაციების შემოყვანას მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესში, შესაბამისი წესი ერთი კვირაა რაც დამტკიცდა, ამ სიახლეზე მომავალში გვექნება საუბარი. ამ ეტაპზე კი, პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს ვთავაზობთ. ეს ტრენინგები ახლაც მიმდინარეობს და, ბუნებრივია, ნოემბრის გამოცდებამდე გაგრძელდება. ამასთანავე, რამდენიმე მოდულზე გამოცხადებული გვაქვს ტრენინგი, რომელსაც ასევე გავაგრძელებთ. „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ ამ ტრენინგებს, განსხვავებული მიზნიდან გამომდინარე, ვერ ჩაანაცვლებს — მიმდინარე ტრენინგების მიზანი გამოცდისთვის მომზადება და მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარებაა, ხოლო სკოლის მიზანი მასწავლებლობის მსურველების სპეციალური კურსით მომზადებაა, რომლის შედეგადაც, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები, მცირეკონტინგენტიან სკოლებში, რამდენიმე საგნის სწავლებას შეძლებენ, ანუ ამ პროგრამების მიზანიც განსხვავებულია და სამიზნე აუდიტორიაც.
ესაუბრა ლალი ჯელაძე